„თამაში“ „თამაშის“ გარეშე
სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის
„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში
.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.
ლაშა ჩხარტიშვილი
„თამაში“ „თამაშის“ გარეშე
დავით დოიაშვილმა ბათუმის დრამატულ თეატრში პაოლო ჯენოვეზეს გახმაურებული იტალიური ფილმის „იდეალური უცნობების“ სცენარის მოტივებზე კომედიის ელემენტებით გაჯერებული დრამა სახელწოდებით „თამაში“ დადგა. რეჟისორისთვის ეს პირველი შემოქმედებითი შეხვედრაა ბათუმის დრამატული თეატრის დასთან და აქვე უნდა ითქვას, რომ საკმაოდ ნაყოფიერიც და წარმატებულიც. ნაყოფიერი იმიტომ, რომ ბათუმის თეატრის რეპერტუარში გაჩნდა სპექტაკლი, რომელიც დადგმის კულტურით, ესთეტიკით, მხატვრული ხარისხით საგრძნობლად განსხვავდება რეპერტუარში არსებული სხვა სპექტაკლებისგან (ეს არ ნიშნავს, რომ ბათუმის თეატრის რეპერტუარში არსებული რამდენიმე სპექტაკლი მხატვრული ხარისხით ჩამოუვარდება „თამაშს“). წარმატებული კი იმიტომ, რომ თეატრის სალაროსთან გამოიკრა აბრა წარწერით: „ყველა ბილეთი გაყიდულია“.
- რამ განაპირობა საპრემიერო ანშლაგები (თანაც ისეთ ქალაქში, სადაც მაყურებლის მობილიზება ჭირს და ანშლაგები იშვიათი მოვლენაა)?
- სპექტაკლში დასმულმა პრობლემატიკამ და ამ პრობლემების თანამედროვე სათეატრო ენითა თუ ხერხებით მაყურებლამდე სიზუსტით მიტანამ, დადგმის მხატვრულმა ხარისხმა და ესთეტიკამ, სამსახიობო ანსამბლმა, დახვეწილმა მხატვრულმა გაფორმებამ, სპექტაკლის ფორმატმა, რომელიც აიძულებს (ზოგჯერ ძალადობრივადაც კი) მაყურებელს მუდმივად ჩართული იყოს წარმოდგენის პროცესში. ამის მიღწევა კი მარტივი არ არის. ჩვენს თანამედროვეობაში „მაყურებლის ჩართულობა“ შემოქმედებითი ჯგუფისგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს. დამდგმელი ჯგუფი კი მსახიობებთან ერთად, ამ მისიას წარმატებით ართმევს თავს, თანაც არტისტული სილაღითა და სიმსუბუქით, მაყურებლისთვის შეუმჩნევლად, რადგან ისინი სპექტაკლის მსვლელობისას, მაყურებელთან ურთიერთობისას ხშირად აღწევენ სცენურ გულწრფელობას, უშუალობას...
დავით დოიაშვილი ის რეჟისორია, რომელიც კარგად გრძნობს მაყურებლის გულისცემას, სურვილებს, თვალს ადევნებს პუბლიკის ურთიერთობას თანამედროვე თეატრთან. შესაბამისად, რეჟისორი საზოგადოების თეატრში მოსაზიდად მის საკუთრებაში არსებული შემოქმედებითი რესურსის მთელ არსენალს იყენებს, რაც არა მხოლოდ ეფექტური ვიზუალური სამყაროს შექმნაში და დამაინტრიგებელ შინაარსში ვლინდება, არამედ ტექნიკური პროგრესის თეატრში აქტიურ გამოყენება-დანერგვაში (რომელსაც ევროპელი კრიტიკოსები „ვიზუალურ ემოციურობას“ უწოდებენ) და სიუჟეტის მსვლელობის აჩქარებული დინამიკაში (მოვლენათა რიგის სწრაფი მონაცვლეობა და მუდმივი ინტრიგა). შესაბამისად, მივიღეთ ისეთი მხატვრული პროდუქტი, რომელიც თითქოს არ ჰგავს ბათუმის თეატრის სპექტაკლს (განსხვავებული ესთეტიკის გამო) და ხელახლა „აღმოვაჩინეთ“ ნაცნობი მსახიობები, დავინახეთ მათი შემოქმედების სხვა რაკურსიც და შესაძლებლობაც. ამ სპექტაკლმა აჩვენა ისიც, რომ ბათუმის თეატრის მსახიობებს შეუძლიათ განსხვავებული ხელწერისა და მსოფლმხედველობის რეჟისორთან მუშაობა ისე, რომ ეს იქცეს ბუნებრივ, ორგანულ პროცესად. სწორედ ასეთი ნაწარმოები აღმოჩნდა „თამაში“.
პაოლო ჯენოვეზეს ფილმში „იდეალური უცნობები“ უახლოესი მეგობრები თამაშით ერთმანეთს ააშკარავებენ, მაგრამ ერთმანეთს არ კარგავენ (არც მეგობრები და არც თამაშის მსხვერპლნი). დავით დოიაშვილის „თამაშში“ კი მთავარი გმირი (სპექტაკლში ყველა მთავარი გმირია) ევა (მსახიობი მაია ცეცხლაძე) სხვათა გამოაშკარავებას, მათი ურთიერთობების დანგრევას ახერხებს ისე, რომ თავად სუფთად გამოძვრეს. ბათუმის თეატრის დარბაზში მსხდომი მაყურებელი მალე სპექტაკლის მოქმედი გმირების ევასა და როკოს ოჯახში თავს სტუმრებად გრძნობენ. რეჟისორი მიმართავს შემხებლობით ინტერაქტივს, როცა მსახიობები უშუალო კომუნიკაციაში შედიან მაყურებელთან (ისინი ხან ბუშტებს გვაბერვინებენ, ხან რეკვიზიტს გვაჭერინებენ ხელში). ინტერაქტივის ასეთი ფორმა დავით დოიაშვილის ადრეულ (პანდემიამდე) სპექტაკლებში (თითქმის) არ გვხდება, ეს მისი პანდემიის პერიოდის ერთგვარი ამოჩემება, ან ძიებაა, ექსპერიმენტია, რომელმაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ვფიქრობ, ვერ იმუშავა, რადგან მაყურებელს ხელში შეგვრჩა (ლამის იძულებით) გაბერილი ბუშტები, რომელმაც ფუნქცია დაკარგა. მაგრამ სპექტაკლში მიზანსცენები ისეა აგებული, რომ მაყურებელი სიუჟეტს ვერ წყდება, ხიბლავს მსახიობთა თამაშის სტილი, რომელიც ბუნებრიობით ხასიათდება და გარემო, რომელშიც მოქმედება ვითარდება. შესაბამისად, ირიბი ინტერაქტივი უფრო „მუშაობს“, ვიდრე შემხებლობითი.
სპექტაკლში მოქმედება სამ სივრცეში მიმდინარეობს. ჯერ ავანსცენაზე, შემდეგ მაყურებელთა დარბაზში და შემდეგ მაყურებელი სცენაზეც გადაინაცვლებს, საგანგებოდ მოწყობილ ამფითეატრში. მასპინძლების - ევასა (მაია ცეცხლაძის) და როკოს (ზაალ გოგუაძე) ბინაში ხან აივანზე აღმოვჩნდებით, ხანაც მთავარ ოთახში, რომელიც შემოსაზღვრულია გისოსებით. ეს ერთგვარი ჩაკეტილი სივრცეა, სადაც ყველა შებოჭილი (მასპინძელიც და სტუმრებიც) და დაძაბულია, რადგან ყველა ატარებს რაღაც საიდუმლოს, რომელსაც უახლოეს მეგობრებსაც კი არ უმხელენ. აივანზე კი ვიგებთ ბევრ სიმართლეს, იქ სპექტაკლის მოქმედი გმირები უფრო გულწრფელები და გახსნილები არიან. სცენოგრაფია, რომელიც მხატვარმა გოგლა გოგიბერიძემ შექმნა, ერთდროულად თანამედროვე ბინას მოგაგონებთ, მაგრამ მხატვარი არ ქმნის ყოფით გარემოს, პირიქით ყველაფერი მხატვრულია, უტრირებული, მეტაფორული, სიმბოლურიც კი ისე, როგორც კოსტიუმები (კოსტიუმების ავტორები ნინო და გოგლა გოგიბერიძეები), რომელიც ერთ, აგურისფერშია გადაწყვეტილი. აგურისფერი დომინანტობს სცენოგრაფიაშიც. ამ სამყაროს ერთფეროვნება პერსონაჟთა შინაგანი სამყაროს ერთფეროვნებაზე, მათ თანაფარდობაზე მიუთითებს, მხოლოდ ევასა და როკოს თინეიჯერი ქალიშვილი სოფია (ქეთა ბარამიძე) განსხვავებული სტილის კოსტიუმსა და ფერშია (შავში) გადაწყვეტილი. მაგრამ მისი სამოსი დროებით არის გამორჩეული სხვა დანარჩენისგან, რადგან ფინალში ქეთა ბარამიძის სოფი მშობლებისა და მათი მეგობრების მსგავსად აგურისფერი კოსტიუმით ტოვებს სახლს. ეს სცენური მეტაფორა, რომ მომავალი თაობაც ისეთივეა, როგორც მისი მშობლების, ცოტა არ იყოს ტრივიალურია, პრიმიტივიზმამდე დასული, მაგრამ იმ კატეგორიის მაყურებლისთვის, რომელიც თეატრში გასართობად მიდის, მარტივი სავარჯიშოა ტვინისთვის, რომელიც ბედნიერია იმით, რომ ეს და სხვა მეტაფორები, რომელიც რეჟისორმა ჩაიფიქრა, ამოხსნა. რეჟისორიც ერთგვარ კომპრომისზე მიდის მაყურებელთან, რადგან კარგად იცნობს მას და ემორჩილება ბაზრის მოთხოვნებს, თანაც ახერხებს იმას, რომ ეს მხატვრული ხარისხის კლების ხარჯზე არ მოხდეს. რეჟისორი დავით დოიაშვილი არ არის ეგოისტი არტისტებთან, ის ასპარეზს მსახიობებსაც უთმობს, ამიტომაც სპექტაკლში თანაბრადაა თვალში საცემი რეჟისურაც და მსახიობთა ნამუშევარიც.
სასიამოვნო მოულოდნელობა იყო ნაცნობი და მაყურებლისთვის მსახიობების განსხვავებულ ამპლუაში ხილვა, სადაც თამაშის სტილი და მანერა უახლოვდება რეალისტურ გამომსახველობით ხერხებს, ყოველგვარი პოეტურობის, სცენური რომანტიზმის და პათეტიკურობის გარეშე. აღსანიშნავია ისიც, რომ დავით დოიაშვილმა სპექტაკლში „თამაში“ თავი მოუყარა ბათუმის თეატრის საუკეთესო მსახიობთა ნაწილს, რომლებიც მაყურებელს განსხვავებული რაკურსით წარუდგინა. აქვე აღვნიშნავ, რომ წარმოდგენის წარმატებულობა აქტიორულმა ანსამბლურობამაც განაპირობა. ანსამბლურობა იგრძნობა არა მხოლოდ შემოქმედებითი ჯგუფის ერთ ენაზე ამეტყველებაში, არამედ მიზანსცენებშიც, მათ დახვეწილ და ზუსტ მოძრაობაში, სადაც ყველაფერი ზომიერების ფარგლებში თავსდება. ამაზე ქორეოგრაფმა კოტე ფურცელაძემ იმუშავა, რომელიც რეჟისორისა და მხატვრის მსგავსად ესთეტია. ის, რეჟისორთან ერთად, ფაქტობრივად ხატავს მიზანსცენებს, რომლითაც ეწყობა სპექტაკლის მოვლენათა რიგი, ამუშავებს თითოეულ დეტალს და ქმნის ვიზუალს, რომელსაც ესთეტიკური ღირებულება აქვს. მსახიობთა თითოეული მოძრაობა მათი ქმედების, ხასიათის ადეკვატურია.
სპექტკალის სიუჟეტში მთავარ ინტრიგას, რომელზედაც მოვლენათა ციკლია ასხმული მაია ცეცხლაძის გმირი ევა აგდებს. მსახიობი მაია ცეცხლაძე უტრირების გარეშე, დახვეწილი, არისტოკრატული მანერით ხატავს ევას პერსონაჟს, რომელიც ქმნის ყველაზე უწყინარი და სუფთა სინდისის მქონე ქალის, დედის, მეგობრის იმიჯს. სინამდვილეში კი, ის აწყობს პროვოკაციას, რომელზედაც არა მხოლოდ მისი სავარაუდო სამიზნე წყვილი ბიანკა (თათია თათარაშვილი) და ლუკა (მამუკა მანჯგალაძე) წამოეგებიან, არამედ სხვებიც. მაია ცეცხლაძის გმირიც „ცოდვილია“, მაგრამ ის (სხვა პერსონაჟებთან შედარებით) მარტივად გამოძვრება მისსავე მოწყობილი ინტრიგიდან. მსახიობი ამას თითქოს შეუმჩნევლად აკეთებს, მაგრამ მაყურებელს თვალსაწიერიდან არ ეპარება მისი მიმიკა, ინტონაცია, ქმედებები, შინაგანი სულიერი დუღილი, დამოკიდებულება სხვა პერსონაჟების მიმართ. ამ ყველაფერს მსახიობი მიმიკითა და ჟესტიკულაციით ხატავს. მაია ცცხლაძის ევა ირონიულია სხვათა მიმართ, რითაც ცდილობს თავისი უპირატესობის დამტკიცებას და ამით საკუთარი სისუსტეების გადაფარვას.
ზაალ გოგუაძეც (როკო) განსხვავებულ ამპლუაში და ესთეტიკაში იხილა მაყურებელმა. მსახიობი დაცლილია ყოველგვარი თეატრალობისაგან, განსაკუთრებით რეალიზმის და სცენური გულწრფელობის სიმაღლეს ის შვილთან სოფისთან (ქეთა ბარამიძე) სატელეფონო საუბრისას აღწევს. ეს ეპიზოდი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანია სპექტაკლშიც და მსახიობის შემოქმედებით ბიოგრაფიაში, სადაც სცენაზე დომინირებს მართალი და გულწრფელი სიტყვა, ზუსტი ინტონაცია და შეფასება მოვლენის მიმართ.
გროტესკული პერსონაჟია ელე, რომელსაც მსახიობი ანიკო ცეცხლაძე ასრულებს, რომელსაც საკმაო გამოცდილება აქვს სპექტაკლში ისე თამაშის, რომ ის თამაშად არ აღიქმებოდეს. აქ კი ის, უჩვეულო ამპლუაში ვიხილეთ. ანიკო ცეცხლაძის ელე გროტესკული პერსონაჟია, უტრირებული ინტონაციითა და ქმედებებით, მაგრამ რეალური, მისი პროტოტიპები მრავლად მოიპოვებიან ჩვენს გარშემო. ანიკო ცეცხლაძე ოსტატურად ახერხებს დახატოს სასოწარკვეთილი ქალის ტრაგიკული სახე, კომიკური პერსონაჟი ფინალში ტრაგიკულ გმირად გადაიქცევა, რომელიც ახერხებს მისი სულიერი მდგომარეობა მაყურებლამდე ზუსტად მიიტანოს და მასში თანაგრძნობა გამოიწვიოს. საფინალო ეპიზოდში, როცა გაუბედურებული ელე მაგიდის ქვეშ შეძვრება და იწყებს გაანალიზებას მომხდარის, მსახიობს თითქოს ავიწყდება ელე და ის სულ სხვა პერსონაჟად გადაიქცევა, ჩვენს წინ სულ სხვა ტიპაჟია.
გამორჩეული მხატვრული სახე შექმნა დათო ჯაყელმა, რომელიც ლეოს როლს ასრულებს. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ახალგაზრდა კაცი ერთ საღამოს მრავალ განსაცდელში აღმოჩნდება. ამ განსაცდელებს მსახიობი ზომიერი ემოციურობით უმკლავდება. მსახიობი ავლენს გმირის შინაგან სამყაროში ღრმად წვდომის და მისი ანალიზის უნარს, რომელსაც მწირი გამომსახველობითი საშუალებებით გადმოსცემს. განსაკუთრებით საინტერესო, ემოციური და შთამბეჭდავიც კი, არის მის მიერ შესრულებული ის ეპიზოდი, როცა იგი პეპეს ადგილას აღმოჩნდება. ის საკუთარ სხეულსა და გონებაში გაატარებს იმას, რაც შესაძლოა პეპემ გამოიაროს მას შემდეგ, რაც მისი სექსუალური ორიენტაცია გაცხადდება. ამ რთულად შესასრულებელ ეპიზოდს დათო ჯაყელი ოსტატურად ასრულებს, რომელიც ზედმიწევნით ავთენტურია და მყარ ლოგიკას დაფუძნებული. მსახიობს ერთდროულად უწევს მისთვის ახალი, თანაც შოკისმომგვრელი ინფორმაციის გადამუშავება და მეგობრებთან იმის მტკიცება, რომ ის გეი არ არის. მსახიობი ამ რთულ ეპიზოდს წარმატებით ართმევს თავს და ამტკიცებს, რომ მას რთული მხატვრული ამოცანების აგდაჭრა შეუძლია.
მიამიტი, გულუბრყვილო და ზედმეტად (გამაღიზიანებლადაც კი) პოზიტიური პერსონაჟია ბიანკა, რომლის როლსაც თათია თათარაშვილი ასრულებს. მსახიობი ხატავს ტიპაჟს, რომელიც იოლად ენდობა ყველას. შემდეგ, ეტაპობრივად ხედავს გარშემო ყველაფერს, მაგრამ ნანახს ყურადღებას არ აქცევს, ამით მას არ სურს დაიჯეროს, შეაფასოს ნანახი, მიაქციოს გარკვეულ დეტალებს ყურადღება, მაგრამ როცა მომხდარი მოვლენების ლოგიკურად დალაგებას იწყებს, არც ისე შტერი და მიამიტი აღმოჩნდება, როგორც ეს მაყურებელს ჰგონია დასაწყისში. მსახიობი ახერხებს გვიჩვენოს ბიანკას შინაგანი ტრაგიზმი, სულის სიღრმეში დატრიალებული ქარიშხალი, იმედგაცრუება და სასოწარაკვეთა, რწმენის დაკარგვა და ფასეულობების ფეხქვეშ გათელვა. მომხდარის გაცნობიერებისას, მსახიობი თითქმის უსიტყვოდ, მხოლოდ რამდენიმე ფრაზით, რომელსაც რუტინულად რამდენჯერმე იმეორებს მონოტონურად, გვიჩვენებს მომავალზე და გარემოზე შეყვარებული ადამიანის დაცემას, სულიერ განადგურებას. შეუძლებელია არ თანაუგრძნოს მას ყველაზე გულცივმა მაყურებელმაც კი. მაგიდაზე ისტერიკისას აღმოჩენილი თათია თათარაშვილის ბიანკა დუმს, აფრქვევს გულწრფელ ცრემლს და აანალიზებს, აცნობიერებს მომხდარს - ორმაგ ღალატს. სპექტაკლში ერთ-ერთი ყველაზე ჰიპერაქტიული პერსონაჟი ფაქტობრივად ძეგლად იქცევა. მსახიობი მისი პერსონაჟის ყველაზე ტრაგიკულ ეპიზოდს ზომიერი ემოციურობით და სცენური გულწრფელობით ხატავს. ეს ბალანსი კი მაყურებელზე ემოციურად საგრძნობლად ზემოქმედებს.
უპასუხისმგებლო, ემოციურ და იმპულსურ პერსონაჟს ხატავს მამუკა მანჯგალაძე. ლუკა ის ახალგაზრდა კაცია, რომელიც, როგორც აღმოჩნდება, სამ „ფრონტზე იღწვის“ ქალთა გულების მოსანადირებლად. მას ყოფნის თავხედობა, რომ იქვე, ახლო-მახლო ეფლირტაოს და მოეხვიოს ევას და არ მოერიდოს მეგობრებთან მოჭარბებული ვნება გამოხატოს ბიანკას მიმართ. მამუკა მანჯგალაძის გმირი ტიპაჟური კაცია, რომელსაც შეუძლია რამდენიმე ქალი ერთდროულად უყვარდეს. მსახიობის სცენური მომხიბვლელობა და მოძრაობა აბნევს მასზე უკიდეგანოდ შეყვარებულ ორ ქალს. უცნაური კი ისაა, რომ მამუკა მანჯგალაძე - ლუკა მაყურებელში არ ბადებს აგრესიას, მიუხედავად იმისა, რომ ის ტიპური ნაძირალაა.
ტიტე კომახიძემ, რომელიც სპექტაკლში პეპეს როლს ასრულებს, კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის ნამდვილი მსახიობია და პროფესიონალია, რომელიც ყოველთვის ღრმად იაზრებს და სწავლობს პერსონაჟს, რომლის ნიღაბსაც ის ირგებს. ტიტე კომახიძის პეპე ერთი ჩვეულებრივი, უწყინარი, მეგობრებისთვის საყვარელი და პატივსაცემი კაცია, რომელიც დიდ საიდუმლოს ატარებს, არავის უმხელს მის სექსუალურ ორიენტაციას, რადგან იცის რა გარემოში ცხოვრობს და როგორ აღიქვამენ ამ მოცემულობას მისი გარშემომყოფები. მსახიობი ფაქტობრივად უსიტყვოდ, ერთ ეპიზოდში გამოხატავს ზოგადად გეების ტანჯვას ჰომოფობიურ საზოგადოებაში. მაშინ, როცა მის ნაცვლად, აგრესიის მოგერიება ლეოს უწევს, მაყურებლის ყურადღება ტიტე კომახიძის პეპეს მიმართ არის მიპყრობილი, რომელიც ჩუმად, თავისთვის ზის და ნერვიულად ფრცქვნის ფორთოხალს. მსახიობი (რომელიც მრავალ სახასიათო როლში გვინახავს) ამ ეპიზოდში აღწევს ტრაგიზმის განსაკუთრებულ ხარისხს, თანაც ისე, რომ არაფერი თქვას, ლაპარაკობს მისი სახე, რომელიც მეტყველია, შინაგანი განცდითა და ჟესტიკულაციით მდიდარი...
რამდენიმე საათში სრულდება ევას შემოთავაზებული თამაში, რომელიც ანგრევს ფასადურ მეგობრობასა და სიყვარულს, ურთიერთობებს, რომელშიც ჩართული მსახიობები თითქოს არაფერს „თამაშობენ“, ისინი ბუნებრივები, ლაღები და გულწრფელები არიან. მსახიობებისთვის ასე რთულად მიღწევადი სცენური უშუალობის ეს ხარისხი არის სპექტაკლის ერთ-ერთი მთავარი ღირსება - როცა მსახიობის თამაში იმდენად დაცლილია სცენური სიყალბისგან, რომ მაყურებლისთვის თამაშად არ აღიქმება. ამიტომაც ერთგულებს მაყურებელი მათ ბოლომდე და ერთი წუთითაც არ დუნდება და გაფაციცებით ადევნებს თვალს წარმოდგენას და სცენაზე გათამაშებულ იუმორით შეფერილ დრამატულ ამბავს.