top of page

თავის ოთახში გამოჯანმრთელდა „ვანიკოც“

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

თავის ოთახში გამოჯანმრთელდა „ვანიკოც“

ელენე შალუტაშვილი

თავის ოთახში გამოჯანმრთელდა ,,ვანიკოც“

  

საქართველოს თოჯინების სახელმწიფო თეატრების გაერთიანებამ გაზარდა ახალგაზრდა რეჟისორების ინტერესი თოჯინური თეატრის მიმართ. ვფიქრობ, არაა შემთხვევითი მოვლენა, რომ ამ უახლესი შემოქმედებითი ტალღის უპირობო ლიდერი სპექტაკლი: ,, ვანო და ნიკო“, სწორედ რეჟისორ გია კიტიას სტუდენტმა - მარიამ სიხარულიძემ დადგა. ბატონი გია კიტია დიდი ხნის მანძილზე იყო მოზარდ მაყურებელთა თეატრის მთავარი რეჟისორი. მცირეწლოვან მაყურებელთან ურთიერთობა, ზღაპრისა თუ იგავის ფენომენი ვფიქრობ არ უნდა ყოფილიყო უცხო, სწორედ გია კიტიას სტუდენტისათვის. ვინაიდან ,,ვანო და ნიკო“ მარიამ სიხარულიძის პირველი თოჯინური სპექტაკლია, მიუხედავად უკვე მიღებული ცოდნისა, მისთვის, როგორც დებიუტანტისთვის ამ სივრცეში აუცილებელი იყო ისეთი გამოცდილების მქონე ადამიანთან თანამშრომლობა, რომელიც მის იდეათა მატარებელს სწორ ლიანდაგზე დააყენებდა. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მის მუშაობას უშუალოდ მხატვარ - ვახტანგ ქორიძესთან. სწორედ მას ეკუთვნის იდეა - თითების თეატრის პრინციპი სპექტაკლის ერთ - ერთ უმთავრეს ელემენტად ქცეულიყო. სცენოგრაფია რეჟისურას შეერწყა, ისევე როგორც მუსიკას (კომპოზიტორი და მუსიკალური გამფორმებელი - ნინო სიხარულიძე) განათება და მსახიობთა თამაში. ამ სპექტაკლის ყველაზე დიდ ღირსებად, ჰარმონიულობას მივიჩნევ. მასში ყველაფერი ერთმანეთსგან გამომდინარეობს. უდიდესი წარმატებაა, როდესაც სპექტაკლს შემოქმედებითი გუნდის თითოეული წევრის როგორც ინდივიდუალური, ასევე გუნდური მუშაობა ეტყობა. მუსიკისა და მხატვრობის თანხვედრა, იმავე აქცენტების დასმა, როგორსაც რეჟისორი მსახიობებთან ერთად სვამს, განაპირობებს მისი სხვადასხვა ელემენტებისგან შემდგარ მთლიანობას, რაც პასუხობს თეატრის, როგორც სინთეზური ხელოვნების პრინციპს.

  

ჩემი სუბიექტური დაკვირვებით დამწყები რეჟისორები უფრო მეტად უცხოურ ნაწარმოებებს ირჩევენ, ვიდრე ქართულს. ვფიქრობ, ეს საკმაოდ ყურადსაღები პრობლემაა, რომელიც აუცილებლად უნდა იქცეს თეატრმცოდნეების / თეატროლოგების კვლევის საგნად. ამ პრობლემის გადაჭრა კი ცალსახად გულისხმობს დაიდგას მეტი ქართულ მოტივებზე. დღეს სწორედ იმ ეპოქაში ვცხოვრობთ, როდესაც ეროვნული იდენტობის მიმართ მეტია გაუცხოება, ვიდრე საერთაშორისო მოვლენებისა თუ ტენდენციებისა. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრების წესს, რომელიც ხელოვანებისა და მაყურებლის ცნობიერებაზე ისახება. უფრო და უფრო იკიდებს ფეხს ის მოსაზრება, რომ ოკუპირებულ ქვეყანაში თეატრი და ხელოვნების ნებისმიერი დარგი პოლიტიკური უნდა იყოს. მე კი ვთვლი, რომ ქართული ნაწარმოების სცენური ვერსიით მოზარდ მაყურებელში ამაღლებული გრძნობებისა და ემოციების გამოწვევა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სცენაზე ბარიკადების აღმართვა და საინფორმაციო სიუჟეტების დუბლიკაცია. თეატრში მსგავსი პოლიტიკის გატარებით ღვივდება მომავალი თაობის ინტერესი ქართული ლიტერატურის ღირებულებებისა და ფასეულობების მიმართ, რაც ვფიქრობ საკმაოდ დადებით გავლენას იქონიებს მათ პატრიოტულ და მოქალაქეობრივ სულისკვეთებაზე. ქართული კულტურის უნიკალობაზე საუბარი სწორედ ხელოვნების გზით უფრო და უფრო მნიშვნელოვანი და მეტიც - აუცილებელიც ხდება. და მე არ მგონია შემთხვევითი, რომ კონკრეტული თემატიკის მიმართ ასეთი ღიაობა სწორედ დიდი ტრადიციების მქონე ქალაქმა - ქუთაისმა გამოიჩინა.

  

ერლომ ახვლედიანის კონკრეტულ, ერთ ჟანრში მოქცევა ძალიან რთულია. მის საზომად არც მაგიური რეალიზმი და არც ნეოსიმბოლიზმი გამოდგება. იგი იმდენად უნიკალურია, რომ ცალკეულ - ,,ერლომისეულ“ სამყაროს ქმნის. ინსცენირების ავტორი თავად რეჟისორია. ასეთი ჩარევისას, როდესაც თუნდაც პროლოგი და ეპილოგი იცვლება, ტექსტი ავტორისეულ ვერსიაზე მეტად რეჟისორულ ჩანაფიქრს ემსგავსება, რაც ამბავს პირვანდელ სახეს უცვლის. კონკრეტულ შემთხვევაში ამ პრობლემას არ ვაწყდებით. მკაფიოა რეჟისორის დამოკიდებულება უშუალოდ ავტორის მიმართ. სპექტაკლში არ მეგულება პასაჟი, რომელიც მოწყვეტილია ,,ერლომისეულ“ სამყაროს. შესაბამისად რომ სწორედ ამან განაპირობა მისი ჟანრული მთლიანობაც.

  

,,ვანო და ნიკო“ იწყება აბზაცით: ,,მას შემდეგ, რაც ბაბუაჩემი აღარ არის, არავინ მიყვება ტკბილ ქართულ ზღაპრებს. ამიტომ მე უკვე რამდენი წელია, ძილისწინა ოცნებითა და წარმოდგენებით ვინაზღაურებ ამ დანაკლისს. გავა დრო და დღისაგან გამოყოლილ ფიქრებში ჩამეძინება.“ ნაწარმოები ერთი ადამიანის უძილო ფიქრით იწყება და ვითარდება სიკეთისა და ბოროტების მეტაფორა - ვანოსა და ნიკოს ამბით. მოთხრობაში - ,,კოღო ქალაქში“ ახვლედიანი წერს: ,,როგორც ვუკვირდები, ადამიანი თავის თავში ერთი არ არის, ორია. შესაძლოა, სამიც არის და თუ სამი არის - და ეს დამტკიცებულია, მაშასადამე ადამიანი არის უამრავი. ორი რომ არის ეს დანამდვილებით ვიცი...“. რეჟისორული მიგნება სწორედ ზემოთქმულ მოსაზრებას იზიარებს. ერთი ადამიანი - ვანიკო (აბელ სოსელია) თავის თავში ორია - იგი ვანოცაა და ნიკოც. კრიზისულ ვითარებებში ვანო და ნიკო ერთად ვერ არსებობენ. ვინაიდან ვანო ბრიყვია, მას გარეთ გასვლა სურს, ხოლო ვინაიდან ნიკო (ბაქარ დეისაძე) ჭკვიანია, იგი სახლიდან არ გადის. ვანიკო ,,ნიკოვდება“, იზოლირდება გარე სამყაროსგან და აქ იწყება მისი მოგზაურობა საკუთარ ქვეცნობიერში. ,,ყველაზე რეალურია მოგზაურობა საკუთარ თავში. დანარჩენი მოგზაურობანი მხოლოდ ილუზიაა, მაგრამ როდესაც კარგად ჩაუკვირდები, გამოირკვევა რომ საკუთარ თავშიც არ მოგზაურობ, მხოლოდ ერთ ადგილზე დგახარ და თავად სამყარო შემოდის შენში“. სპექტაკლის სწორედ ამ ნაწილში - შვიდ სიზმარში ყველაფერს ვაწყდებით: სიკეთესა და ბოროტებას, სიყვარულსა და სიძულვილს. ეს ურთიერთსაწინააღმდეგო მოვლენები თითოეულ ადამიანში ბუდობს. შვიდი სიზმარი - სიმბოლო სამყაროს შექმნისა, ადამიანის ქვეცნობიერი კი სამყაროს ანარეკლი. ვანიკოს მოგზაურობა მახსენებს ანიმაციას: ,,ზღარბი ნისლში“. ნისლი იქაც ქვეცნობიერის მეტაფორას წარმოადგენს. უკან დაბრუნებული ზღარბის ირგვლივ სამყარო იგივეა, მაგრამ თავად ზღარბია ნისლში მოხვედრის შემდეგ შეცვლილი. ვანიკოს მოგზაურობაც ისახავს ამოცანას - შეიცნოს თავი თვისი.

  

სპექტაკლის დასკვნითი ნაწილი ვანიკოს ,,გამოჯანმრთელებაზეა“. ახლადგამოღვიძებული საკუთარ თავთან მოდის ჰარმონიაში. იგი აცნობიერებს, რომ ქვეყანაზე კიდე ბევრ ადამიანს შეჰპარვია გულში დარდი და ჭმუნვა: ,,თუ შენ გულწრფელად შეიგნე ის, რომ არ ხარ გამორჩეული, ეს ერთი გამარჯვებაა... შენს საკუთარ თავს შეიძლება საბოლოო გამარჯვებაც კი მოუტანო.“ და ვანიკოც ამ გზით მოიპოვებს: ,,სიმდაბლითა სიმაღლეს და სიგლახაკითა სიმდიდრეს“. მისი ოთახიდან გაღწევა კი ისევ ერლომის სიტყვებს მახსენებს: ,,ახლა მე გავაღწევ ამ ოთახიდან, გადავეშვები ამ მკვდარ სამყაროში და გავაცოცხლებ მას“. საბოლოოდ ,,თავის ოთახში გამოჯანმრთელდა ,,ვანიკოც“:. ნაწარმოების დედანი სრულდება წინადადებით: ,,ბოლოს ორივე გავანოვდნენ“. თუ დავუკვირდებით, ერლომ ახვლედიანის ნაწარმოებებს ამოვიკითხავთ მის დამოკიდებულებას სიკვდილის მიმართ. იგი ალბათ ერთ-ერთი გამორჩეულად მორწმუნე ავტორია. მრჩება შთაბეჭდილება, რომ მისთვის არ არსებობს სიკვდილი, არსებობს მხოლოდ გარდაცვალება. არაერთხელ მოგვისმენია, როგორ ქადაგებენ მამები, რომ გარდაცვალება მორწმუნე ადამიანისთვის ყველაზე დიდი შვება და ბედნიერებაა, ვინაიდან იქ არ არსებობს: ,,ჭირი, მწუხარება, ურვა და სულთქმა“, არამედ არსებობს ,,სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი“. ორივეს გავანოვებით ვფიქრობ, ავტორი სხვა განზომილებაში - მარადიულ სიკეთესა და სიყვარულში გადასვლას, გარდაცვალებას გულისხმობს. სპექტაკლში კი რჩება ვანოც, ნიკოცა და ლურჯთვალა იაც. მაგრამ თავად ვანიკომ იცვალა ფერი, დარჩა აქ - მიწიერ სამყაროში და ,,ავადმყოფობის შემდეგ კიდე უფრო ჯანმრთელი ხდება“. 

  

სპექტაკლი ტექნიკური თვალსაზრისით რთული შესასრულებელია, მასში არაა გამოყენებული თეჯირი. მსახიობების: თინათინ ნემსაძის, ჯანეტ ქობულაძის, აბელ სოსელიას, ბაქარ დეისაძის, ზაზა იოსებაშვილისა და გიორგი ქართველიშვილის ერთ ზედმეტ მოძრაობას შეუძლია მთელი მიზანსცენა ჩააგდოს. უნდა აღინიშნოს, რომ ისინი თოჯინების თეატრის მსახიობები არიან. თითების თეატრის პრინციპი აბელ სოსელიას, ბაქარ დეისაძესა და ჯანეტ ქობულაძისთვის ახალი გამოწვევა იყო. ხანგრძლივმა რეპეტიციებმა შედეგი გამოიღო და მსახიობებიც ძალიან დაიხვეწნენ. შთამბეჭდავია მათი ანსამბლურობა. ჰარმონიულობას, რომელიც ზემოთ აღვნიშნე, სწორედ მათი დაუღალავი შრომა განაპირობებს. მოხიბლული ვარ თითოეული მათგანის საქმისადმი უპირობო სიყვარულითა და ახლის შექმნისა თუ შეცნობის მზაობით. აღსანიშნავია ქუთაისის თოჯინების თეატრის ტექნიკური პერსონალის პროფესიონალიზმიც რომელსაც ეკა სირაძე ხელმძღვანელობს: რეჟისორის თანაშემწე - მარინა გაგოშიძე, ლიტ. ნაწილი - ლეილა ნესოშვილი, სცენის მემონტაჟეები - რომეო ჩახუნაშვილი, არჩილ კოსტანაშვილი და ზურა კუპრაშვილი, განათება - გიორგი ბაზანდარაშვილი, ვიდეო ტრანსლაცია - დავით კვირილაშვილი, ხმის ოპერატორები - ია ინაშვილი და ბელა ბობოხიძე. სწორედ ამ ადამიანებმა განაპირობეს, რომ შემოქმედებითი პროცესი შედგა და საშემსრულებლო გუნდს მისცეს საშუალება თავიანთი ფანტაზიის იალქნები გაეშალათ.

  

იმედს ვიტოვებ, რომ ეს კეთილშობილი სპექტაკლი, რომელიც ასე დაემსგავსა თავად ,,ვანო და ნიკოს“ ავტორის - ერლომ ახლვედიანის სამყაროს, განაგრძობს სიცოცხლეს, რადგან ,,თუ თეატრი არაა სულის განმწმენდი, გამაკეთილშობილებელი, მაშინ რა საჭიროა იგი?..“ (მიხეილ თუმანიშვილი).

bottom of page