
თბილისური ბროწეულები - მზერის მიღმა დარჩენილი თეატრალური დღესასწაული
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

ტატო ჩანგელია
თბილისური ბროწეულები - მზერის მიღმა დარჩენილი თეატრალური დღესასწაული
სანდრო ახმეტელის თეატრმა რამდენიმე თვის წინ უმასპინძლა საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს - თბილისური ბროწეულები, რომელიც ჩემი დათქმით, მიუხედავად იქ წარმოდგენილი დადგმების ხარისხისა თეატრალური საზოგადოების მზერის მიღმა დარჩა. 2024 წელს ფესტივალი შემოფარგლული იყო მონოსპექტაკლებითა და კამერული დადგმებით, ასევე შემოგვთავაზეს გამოფენა და პიესის კითხვა. ორგანიზატორები იმას ამბობენ, რომ მომავალ წელს თეატრსა და სახვით ხელოვნებას კინო დაემატება, თანაც ამბავი ხომ ისაა, რომ ეს ფესტივალი, (სახელიც მარტივად ამხელს) დიდი თბილისელი რეჟისორის სერგო ფარაჯანოვის სახელს ატარებს და მის ხსოვნას ეძღვნება.
საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობას 12 ქვეყნის წარმომადგენელი იღებდა, რომელთა კვეთამაც 5 დღის განმავლობაში, არა მხოლოდ სხვადასხვა კულტურული ტრადიციის თეატრალური ხედვა და იდენტობა წარმოაჩინა, არამედ ერთგვარი ინტელექტუალური და ესთეტიკური დიალოგის სივრცე შექმნა. ფესტივალი, როგორც უკვე ვთქვით ფარაჯანოვის სახელს ატარებს, ლოგოც შესაბამისია - ბროწეულის ორნამენტი, თემატიკა კი კონცეპტუალურად გაწერილი ასე: არც ფარაჯანოვის მიმართ პატივისცემა იკარგება და დოგმატურად, არც მის გარშემო ტრიალებს ფესტივალი. პირველივე დღეს, ფესტივალი სწორედ სერგო ფარაჯანოვის მოტივებით შექმნილმა გამოფენამ გახსნა, ებრაელი მხატვრის პოლინა ჩიჟევსკაიას სერიით - „ფრესკები ფარაჯანოვს“. მას პორტუგალიური დასის წარმოდგენა მოყვა რეჟისორზე, შემდეგ კი ახმეტელის თეატრის ნამუშევარი, ასევე ფარაჯანოვის მოტივებით. სხვა დღეებში კი თემები განსხვავებული და საინტერესო იყო, აქ შევხვდებოდით, მუსიკალურ წარმოდგენებსაც, მკაცრ პოლიტიკურ ტექსტებსაც, ფემინისტურ მანიფესტებსაც და სხვა.
მოცემულ ტექსტში მე ვისაუბრებ რამდენიმე წარმოდგენის შესახებ, რომელიც ჩემი მოცალეობის შესაბამისად ვნახე, და გარკვეული სახის შთაბეჭდილება მოახდინა. თუმცა, იქამდე, მოკლედ კიდევ ერთხელ შევეხები თეატრალური საზოგადოების გარკვეულ გულგრილობას, რომელსაც მაინც და მაინც, ცენტრალური უბნებისკენ უყვარს თავის განიავება. ჩრდილში მოხვედრილმა ფესტივალმა ვფიქრობ საკუთარი სინათლე იპოვა, თუმცა პარალელურად კი, სოციოლოგიური თვალსაზრისით გააჩინა ბევრი საინტერესო კითხვა: რატომ არ იქცევს სათანადო ყურადღებას ისეთი მოვლენები, რომლებიც საერთაშორისო თეატრალურ სივრცეში გაცილებით უფრო ფართო გამოხმაურებას იმსახურებს? ვინ აწესებს ტერიტორიებზე ბატონობას? ვინ ქმნის კულტურულ ველს, და ვინ ნაღმავს მას? არის ეს სისტემური პრობლეა? მედიაციის ნაკლებობაა? მოკლედ, როგორც ერთ ლექსშია, ბევრი კითხვაა მოგროვილი, რომელსაც პასუხები სჭირდება, თუმცა ეს კითხვები იქით იყოს, მიუხედავად ყველაფრისა „თბილისური ბროწეულები“ იმ მცირერიცხოვან ფესტივალთა შორისაა, რომელიც არა მხოლდო სცენურ ფრომებს, არამედ თეატრის, როგორც ინტიმური გამოცილების მნიშვნელობას წარმოაჩენს. მისი არსი არა ხმაურში, არამედ მყუდრო ინტენსივობაშია, რომელიც მაყურებელთან უშუალო და ღრმა კავშირს ამყარებს.
ფარაჯანოვი სცენაზე - პორტუგალიური დასის თბილისური წარმოდგენა
პორტუგალიური დასის მიერ წარმოდგენილი სპექტაკლი ერთგვარ თეატრალურ ხარკს წარმოადგენდა სერგო ფარაჯანოვის პიროვნებისა და შემოქმედებისადმი. თუ კი ფესტივალი, თავისი კონცეფციით, რეჟისორის სახელთან ორგანულად იყო დაკავშირებული, ეს გახსნითი სპექტაკლი სწორედ ფარაჯანოვის სამყაროს თეატრალური ინტერპრეტაცია გახლდათ - ინტენსიური, ვიზუალურად მდიდარი და სენსიტიური.
სცენაზე შექმნილმა სურათებმა, ფარაჯანოვის/თბილისური ესთეტიკის ოსტატურად გადმოცემულმა ელემენტებმა - ბროწეულის სიმბოლომ, წიგნების ქარმა, ფერადოვანი დეკორაციით გაჯერებულმა სივრცემ, სპარტულმა ხალიჩამ - შეძლო, მაყურებელი იმ რეალობაში გადაეყვანა, სადაც ფარაჯანოვი თავად ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს პორტუგალიელი შემსრულებლების ნამუშევარი გახლდათ, მათ მოახერხეს და გეოგრაფიული თუ კულტურული სხვაობების მიუხედავად, სამხრეთ კავკასიური მხატვრული ტრადიციის წიაღში შემოეღწიათ.
ეს მულტიმედიური სპექტაკლი „ფარაჯანოვი, სიცოცხლის დღესასწაული“ მოიცავდა თეატრს, კინოს, ვიზუალურ ხელოვნებასა და პერფორმანს. სცენაზე ერთი მსახიობი სერჟიო ნოვო განასახიერებდა ფარაჯანოვს, მის ცხოვრებასა და შემოქმედებით პერიპეტიებს, და შედიოდა უშუალო დიალოგში სცენაზე გაშლილ პროექციაში, სადაც გამოხატული იყო კადრები ფარაჯანოვის არქივიდან და სპეციალურად შექმნილი მხატვრული ვიდეო ნამუშევარი.
წარმოდგენის ემოციური ფონი ტრაგიკული პერსონის ნარატივს მიჰყვება, რომელიც საკუთარი დროის წინააღმდეგობას უპირისპირდებოდა, ხელოვნების თავისუფლებისთვის იბრძოდა და, ამავდროულად, მისი ცხოვრება თავადვე გადაიქცა თეატრალურ ჟესტად. ამ გზით, პორტუგალიური დასის სპექტაკლი არ ყოფილა მხოლოდ ფარაჯანოვის თხრობა - ფარაჯანოვის ენითა და სტილით შექმნილი ცოცხალი სახე, რომელიც სწორედ იქ, თბილისში, მის ქალაქში გაცოცხლდა.
ცოდვილი წმინდანი - ქალის მონოლოგი ლიეტუვიდან
ფესტივალის ერთ-ერთი გამორჩეული და შთამბეჭდავი წარმოდგენა იყო ლიეტუვური პროდაქშენის მონოსპექტაკლი „ცოდვილი წმინდანი“, რომელიც ვიდმანტე იასუკაიტიტეს რომანის „მარიამ ეგვიპტელი“ მიხედვით დაიდგა. ეს სპექტაკლი არა მხოლოდ პიროვნული და სულიერი განწმენდის გზას ასახავს, არამედ თანამედროვე ქალის ტრავმებს, ექსპლუატაციის, ძალადობისა და სიყვარულის მარადიულ ძიებას უკავშირებს.
სპექტაკლის ცენტრალური ფიგურა, მეხუთე საუკუნის წმინდანად შერაცხული მარიამ ეგვიპტელი, უდაბნოში ხეტიალის მეტაფორით გვიყვება პატიების, სინანულისა და საკუთარი სხეულის და სულის აღქმის რთულ გზას. მისი ამბავი თანამედროვე ქალის ისტორიასთან მძაფრ პარალელებს ავლებს - ძალადობა, საზოგადოების მიერ დაკისრებული ტვირთი და წმინდა სიყვარულის ძიება აქ არა მხოლოდ ისტორიული დონი, არამედ მუდმივი და აქტუალური დრამაა.
მთავარ როლს ასრულებს ეგლე იაკაიტე, რომლის ინტერპრეტაცია სხვადასხვა ემოციურ, ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ფაზებს შორის ოსტატურად მერყეობს. მისი დრამატურგიული ცვალებადობა, თხრობის ტექნიკა და რიტმიკა მაყურებელს ემოციის დინებაში იზიდავს და სრულიად ატყვევებს. მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლი ლიეტუვურ ენაზე მიმდინარეობდა, (და დინამიკაში ინგლისური ტიტრებისთვის თვალის მიდევნება რთული იყო, თან ერთი წამით არ გინდა მოწყდე მსახიობს, მის მიმიკას) იაკაიტეს ჟესტების, სხეულის ენისა და მეტყველების თამაში საკმარისი აღმოჩნდა იმ განცდის გადმოსაცემად, რომელსაც შინაარსობრივი ფლობა არ სჭირდება.
იაკაიტეს მიერ შექმნილი მარიამი არა უბრალოდ „კარიკატურული მთვრალია“, რომელიც ეიფორიულ ან ქაოტურ მდგომარეობაში იმყოფება, არამედ ბიომექანიკური არსებაა - მისი სხეული თავადვე ხდება თხრობის ნაწილი, რომელიც ცხოვრებისეული ძალადობის, ექსპლუატაციისა და გარემო პირობების გავლენით იძულებით ქმნის მკაფიოდ გააზრებულ, გათვლილ ქმედებებს.
„ცოდვილი წმინდანი“ ერთდროულად ისტორიული და დროის მიღმა არსებული ნარატივია — მარიამ ეგვიპტელის ცხოვრება, რომელიც საუკუნეების წინ აღიწერა, დღესაც თანამედროვე ქალის სულიერ და სოციალურ ბრძოლას ეხმიანება, ხოლო სცენაზე შექმნილი ინტენსიური თეატრალური განსახიერება ამ გზას კიდევ უფრო პირადულსა და მძაფრს ხდის.
დასავლეთის ექსპრესი – გლობალიზაციის გროტესკი
„თბილისური ბროწეულების“ ფესტივალზე ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი პოლიტიკური განცხადება მატეი ვიშნეკის „Occident Express Ro“-მ გააკეთა. ალენ ტიმარის მიერ დადგმული სპექტაკლი ბრეხტიანული სტილის მკაფიო ნიმუში იყო, სადაც სამი მსახიობი – კეტელინ შტეფან მინდრუ, კლარა პოპადიუკი და რეზვან ბენუტი – მრავალი პერსონაჟის როლში გვევლინებოდნენ. ისინი გარდაიქმნებოდნენ დასავლეთისკენ გაქცევის მოლოდინით შეპყრობილ ადამიანებად, რომლებიც საკუთარი ისტორიის დავიწყებას ცდილობენ, მაგრამ ბოლომდე ვერ ახერხებენ მასთან განშორებას.
პიესა ასახავს აღმოსავლეთ ევროპის შიდაკონფლიქტს – მერყეობას წარსულსა და მომავალს, ძველ იდენტობასა და ახალ, ხელოვნურად შექმნილ რეალობას შორის. ვიშნეკი მიგრაციის, იდენტობისა და კაპიტალისტური რეალიზმის კრიტიკას გვთავაზობს – მის სამყაროში „სასწაულებრივი“ დასავლეთი არ არის ხსნა, არამედ მხოლოდ ახალი ილუზია, რომლისკენაც ადამიანები გაურკვეველი იმედით მიემართებიან.
სპექტაკლში გროტესკი მთავარ თეატრალურ ხერხად გვევლინება. მსახიობები განზრახ გადამეტებულ სახეებს ქმნიან, მათ მოძრაობებსა და პლასტიკას კი არა ფსიქოლოგიური სიღრმე, არამედ ბრეხტიანული გაუცხოება ახასიათებს – ისინი მაყურებელს მუდმივად ახსენებენ, რომ სცენაზე ხილული რეალობა მხოლოდ სიმულაციაა. ეს პოლიტიკური თეატრია მისი არსით, სადაც კომიკური და სევდიანი ერთდროულად იკვეთება, ილუზიებისა და ხანმოკლე ბედნიერების სამყაროს პარალელურად კი მუდმივად ისმის ფუნდამენტური კითხვა: რისგან ვცდილობთ გაქცევას?
რუმინეთის გეოპოლიტიკური ბედი და მისი მსგავსება საქართველოსთან, კიდევ უფრო მძაფრს ხდიდა სპექტაკლის მესიჯს თბილისელი მაყურებლისთვის. ერთ დროს სოციალისტური ბლოკის ნაწილი, ახლა კი კაპიტალისტური სამყაროს მოლოდინში დარჩენილი საზოგადოება – ორივე ქვეყნისთვის ეს გარდამავალი მდგომარეობა ერთნაირად მტკივნეული აღმოჩნდა.
მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლი კამერული ფორმატით იყო შექმნილი, მასშტაბური პოლიტიკური და ფილოსოფიური თემები მას ბევრად უფრო დიდხნიანი გავლენის მქონე ნამუშევრად აქცევდა. სცენოგრაფ სებასტიან რატიუს მიერ შექმნილი ვიზუალური სივრცე მინიმალისტური იყო, მაგრამ სიმბოლურად დატვირთული – სცენა აღმოსავლეთ-დასავლეთის გზაგასაყარზე მოხვედრილი ადამიანების ფსიქიკურ სივრცედ იქცა.
„Occident Express Ro“ კაპიტალისტური რეალიზმის კრიტიკას ეძღვნებოდა – იმ მოჩვენებით თავისუფლებას, რომელსაც დასავლეთისკენ გაქცევა ჰპირდება იმ ადამიანებს, რომლებიც ისტორიულად სხვის დაწესებულ საზღვრებში ცხოვრობდნენ.
ეს არის ამბავი გეოპოლიტიკური უწესრიგობის შესახებ, რომლის მთავარი საიდუმლო ბანალურობაშია სამყაროს შესახებ: რომ სამყარო იყოფა სხვადასხვა სამყაროებად.
საერთაშორისო ფესტივალის სიმდიდრე იმაში მდგომარეობს, რომ გაჩვენოს სხვა ქვეყნის თეატრალური ტენდენციები, შექმნას კულტურული და ინტელექტუალური დიალოგი. ეს კი გრძელვადიანი და მნიშვნელოვანი პროცესია, რომელიც დროთა განმავლობაში უნდა განხორციელდეს. ამრიგად ფსონების დადება მოცემულ ფესტივალზე - შესაძლებელია.