თეატრალური სეზონის მოლოდინში
გუბაზ მეგრელიძე
თეატრალური სეზონის მოლოდინში
დღევანდელი კულტურული ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მოვლენა გახდა საქართველოს პარლამენტის დადგენილება განათლებისა და კულტურის სამინისტროთა კვლავ გამოცალკევების შესახებ. 2018 წელს ეს ორი სამინისტრო ყოვლად გაუაზრებლად, პროფესიონალთა კონსულტაციების უგულებელყოფით გაერთიანდა. მოტივი თანხების დაზოგვა გახლდათ, მაგრამ შემდგომში პარლამენტის წევრები მიხვდნენ (ან მიახვედრეს), რომ ეს გაერთიანება შეცდომა ოყო. ამჯერად სამინისტროს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ეწოდა. დასახელებიდან გაქრა მნიშვნელოვანი კომპონენტი _ ძეგლთა დაცვა. პარლამენტარები შეცდომას ვერ ახლა ასცდნენ. უნდა იყოს ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო. შეიძლება ახალგაზრდობას მინისტრი ჰყავდეს? შეიძლება უფროსი თაობაც `განაწყენდეს,” ჩვენც გვინდა სამინისტროო... მაშინ რაღა ვქნათ?! ახალგაზრდობა ხომ რომელიმე დარგი არ არის და იგი საზოგადოების ნაწილია, რომლის დარგობრივად დაყოფაც ყოვლად წარმოუდგენელია. აი, რა მოჰყვება არაკომპეტენტურობასა და უვიცობას. სამწუხაროდ, პარლემენტში ამ საკითხზე ერთი დეპუტატიც არ დაფქირებულა (მსგავსი შეცდომა უნდა გამოსწორდეს. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისადმი და ნაცმოძრაობის ხელისუფლების დროს ჩამორთმეული სამეცნიერო ინსტიტუტები უკანვე უნდა დაუბრუნდეს). იმედია, კულტურის ახალი მინისტრი ხელოვნების მოღვაწეებს შეხვდება და შეცდომების ასაცილებლად, მათთან ერთად განსაზღვრავს კულტურის პოლიტიკას.
`რა გითხრათ, რით გახაროთ” ილიას ეს უკვდავი სიტყვები, სამწუხაროდ, დღესაც აქტუალურია. თუ ერის მამა ქვეყნის აწმყოსა და მომავალზე მსჯელობდა, ამჟამად ქართული ხელოვნების მდგომარეობა გვაფიქრებს. მსოფლიო პანდემიის გამო გასული თეატრალური სეზონი არ შედგა. შეიქმნა უჩვეულო სიტუაცია. მოულოდნელად გაჩერდა თეატრები, შეჩერდა გამოფენებისა და ლიტერატურულ-მუსიკალური საღამოების მოწყობა. მოგეხსენებათ, მაყურებლის გარეშე ხელოვნება წარმოუდგენელია. მართალია, მხატვარსა და კომპოზიტორს დამოუკიდებლადაც შეუძლია ნაწარმოებების შექმნა, მაგრამ საზოგადოების შეფასების გარეშე მათ დანიშნულება ეკარგება. გასათვაისწინებელია ის მნიშვნელოვანი გარემოება, რომ ყველა რეგულაციის დაცვით ღონისიება 3 საათს არ უნდა აღემატებოდეს.
თავიდანვე თეატრებში დაბნეულობაც გაჩნდა, ვინაიდან შემდგომი განვითარების პერსპექტივა არ ჩანდა. მოიხსნა სპექტაკლები და რეპეტიციები, რის გამოც მსახიობები უფუნქციოდ დარჩნენ. გარკვეულმა ნაწილმა სოციალურ ქსელში დაიწყეო მხატვრული კითხვა, მაგრამ ეს ხელოვანის შემოქმედებას სრულყოფილად ვერ ასახავს. მდგომარეობის გამოსასწორებლად თეატრების ხელმძღვანელებმა დაიწყეს სპექტაკლების რეტროსპექტიული ვიდეოჩვენებები. ერთი მხრივ, შესაძლბელი გახდა მთლიანი სარეპერტუარო და საარქივო სპექტაკლების ნახვა, მაგრამ ამავე დროს თავი იჩინა სხვა პრობლემამ: ჩანაწერების უმრავლესობა უხარისხოდ და არაპროფესიონალურად იყო გადაღებული. აქედან გამომდინარე, სამომავლოდ, აუცილებელია მაღალხარისხოვანი ჩანაწერების გაკეთება, რისთვისაც სათანადო თანხებია მოსაძიებელი.
მოგვიანებით გაჩნდა ღია სივრცეში სცენის მოწყობის იდეა, რაც ქუთაისის თეატრის ეზოში განხორციელდა. (`მწვანე თეატრი”) შეზღუდული მასშტაბით, გარე სივრცეში ჩატარდა ფოთის რეგიონალური და რუსთავის კომედიის ფესტივალები. საინტერესო აღმოჩნდა ნოქალაქევში სოხუმის თეატრის მიერ `მთვარის მოტაცების” ჩვენება, სადაც ციხე-გალავანი ორგანულად შეერწყა ნაწარმოების ისტორიულ გარემოს. კომედიის ფესტივალის ჩასატარებლად რუსთავის თეატრის ეზოში თეატრალური სცენა და 150 კაციანი სივრცე მოეწყო, რაც თეატრს შემოქმედებითი მრავალფეროვნებისთვის გამოადგება.
საქართველოს თეატრალური საზოგადოების ინიციატივით გაჩნდა რადიო თეატრის აღდგენის იდეა და ოზურგეთის თეატრში ხმის ჩამწერი სტუდია გაკეთდა.
შექმნილი რთული ვითარების მიუხედავად, თეატრალური დასები მსახიობთა მცირე შემადგენლობით და ონლაინ-რეპეტიციებით განაგრძობდნენ მუშაობას. ამიტომაც ამა წლის აპრილიდან სეზონის დაწყებას თეატრები მომზადებულად შეხვდნენ და მუშაობას პრემიერებით იწყებენ. მართალია, დაწესებული რეგულაციები გარკვეულწილად მაინც ზღუდავენ სრულყოფილ შემოქმედებით პროცესს, მაგრამ მაინც წინ გადადგმულ ნაბიჯად შეიძლება მივიჩნიოთ. სპექტაკლის მთელი ქრონომეტრაჟი ერთ მოქმედებასა და სამ საათს არ უნდა აღემატებოდეს შესვენების გარეშე. ცხინვალის თეატრს ახალი შენობა გადაეცა და ახლა საფინანსო ტენდერის მოლოდინშია. სამხატვრო ხელმძღვანელი გოჩა კაპანაძე ემზადება `ნეაპოლი მილიონერთა ქლაქის” პრემიერისთვის. შემდეგ კი დაიწყებს `ყვარყვარეზე” მუშაობას. ახალგაზრდა რეჟისორი ნინო ახვლედიანი კი მიუზიკლს განახორციელებს. ჯერ-ჯერობით დასი კვლავ რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე განაგრძობს მუშაობას.
სოხუმის თეატრის სამხტვრო ხელმძღვანელის დავით საყვარელიძის თქმით, დასი ფსიქოლოგიურად მზად არის ახალ გამოწვევებს შეეჭიდოს და გაუმკლავდეს კიდეც. ბოლო 2 წელი დასისთვის წარმატებული აღმოჩნდა. გაიხსნა ახალი დარბაზი, რეპერტუარს რამდენიმე საერთაშორისო პროექტით დაფინანსებული სპექტაკლი შეემატა. თეატრმა გაიმარჯვა რამდენიმე საერთაშორისო ფესტივალზე და სახელმწიფო ჯილდოებიც მიენიჭა.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის რუსლან აბაშიძის თაოსნობით თეატრს სახელმწიფო ბიუჯეტი გაეზარდა. ეს ფინანსური ზრდა ითვალისწინებდა თეატრისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მხატვრული განათების შეძენასაც.
სამწუხაროდ, პანდემია დაიწყო და ეს თანხა თეატრს ცენტრალური ხელისუფლების განკარგულებით ჩამოეჭრა, თუმცა შემოქმედებითი საქმიანობა მაინც არ შეჩერებულა ონლაინ მუშაობის სახით. მომზადდა ორი პროექტი და ერთი ტელესპექტაკლი.
ახალი სეზონისთვის ითარგმნა რამდენიმე ახალი პიესა, მათზე უკვე 15 მარტიდან რეპეტიციების სახით დაიწყო. სავარაუდოდ, მაისში იქნება ახალი სპექტაკლის პრემიერა. ეს გახლავთ ჯონ პრისტლის „ინსპექტორი ზარს რეკს.“ ვერსიას ერქმევა „სტუმარი“, რომელიც გადმოაქართულა მწერალმა ლაშა იმედაშვილმა. დამდგმელი რეჟისორი დავით საყვარელიძეა, ხოლო მხატვარი - პოლინა რუდჩიკი. ამ სპექტაკლის შესახებ 4 - სერიიან ტელესერიალსაც გადაიღებენ. კიდევ იგეგმება 3 ახალი სპექტაკლის პრემიერა.
თეატრმა პანდემია აღიქვა, როგორც ახალი შესაძლებლობების ძიების საშუალება და არა როგორც დამაბრკოლებელი ფაქტორი. ამიტომ სწორედ ის სამუშაოები შედრულდა, რომელთათვისაც ფიზიკურად ვერ ვიცდლიდით მანამდე. ეს არის მთელი რიგი საორგანიზაციო სამუშაოები. მაგალითისთვის, ახალი წესდების დაწერა, თეატრის მენეჯმენტის ახალი ორგანიზაციული სისტემა, ბილეთების სალაროს არქიტექტურული პროექტი (ამჟამად თეატრს სალაროს შენობა არ გააჩნია). აგრეთვე თეატრს სჭირდებოდა ახალი ვებ-გვერდი, ციფრული არქივი, ძველი საარქივო მასალების, ვიდეოების, ფოტოებისა და სხვა მნიშვნელოვანი მასალის მოძიება და შესაბამისად დაფორმატება. მხატვრული განათების პროექტი სპეციალურად დამზადდა. ეს გახლავთ ფინანსურად და ფიზიკურად ძალიან მძიმე სამუშაოები, რასაც თეატრის წინსლისა და მისი მსოფლიო ინტეგრაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.
პანდემიისა და შეზღუდვების დასაწყისი დაემთხვა ოზურგეთის თეატრის სეზონისა და თეატრის შენობის სრული რეაბილიტაციის დასასრულს. სულ ოთხი სპექტაკლის („ფიროსმანი“, „წერილი ლიას“, „ჩარლი ჩაპლინი - წერილი ჯერალდინას“) რამდენჯერმე ჩვენება მოასწრეს.
ამ პერიოდში თეატრი დროებით უბინაოდ იყო შენობაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო. აღნიშნული სპექტალების ჩვენება გაიმართა ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში.
შეიცვალა შენობის საზეიმო გახსნისათვის მზადების ფორმატი, რეპეტიციები ტარდებოდა დაწესებული ნორმების დაცვით. გასული წლის აგვისტოს ბოლოს დასი შევიდა განახლებულ და კომფორტულ შენობაში. მიმდინარეობდა რეპეტიციები და მომზადდა შვიდი საპრემიერო სპექტაკლი: ნ. დუმბაძის მიხედვით - „მონატრება“ (რეჟ. ვ. ჩიგოგიძე), სერვანტესის მიხედვით „დონ-კიხოტი“ (რეჟ. ელ. მაცხონაშვილი), ე. დე ფილიპოს „ნეაპოლი - მილიონერთა ქალაქი“, (რეჟ. ო. კუტალაძე), ვ. ჰაველის „ვერნისაჟი“ (რეჟ. მ. ბაბილოძე), თ. ბართაიას „მთავარი როლი“ (რეჟ. დ. ხვთისიაშვილი), მ. დოიაშვილის „სამს პლიუს სამი“ (რეჟ. ი. ხუციშვილი), ჰოფმანის „მაკნატუნას“ მიხედვით - „მარი და ჰარი“ (რეჟ. ვ. ჩიგოგიძე, რეჟ. ლ. თაბაგარი). საფუძველი ჩაეყარა მნიშვნელოვან პროექტს, რადიოთეატრს - „გეყურება?!“ - მზადდება უახლესი აუდიო და ვიდეო ტექნიკით აღჭურვილი ჩამწერ-სამონტაჟო სტუდია.
აპრილის შუა რიცხვებში დაგეგმილია შენობისა და 153-ე სეზონის გახსნა და მომზადებული სპექტაკლების პრემიერები ა. წუწუნავას 140 წლის იუბილეს აღნიშვნა ოქტომბერში. უახლოეს ხანში გაეშვება თეატრის ვებგვერდი.
მოგეხსენებათ, პანდემიის შემოტევა სწორედ ბათუმიდან გამძაფრდა. ამიტომ დაწყებული რეპეტიციები შეწყდა. პანდემიის წინ დაიდგა თ. გოდერძიშვილის `სჯანი” (რეჟ. ზ. სიხარულიძე), მოესწრო ნ. დუმბაძის `ჰელადოს’’. მათი პრემიერა პოსტპანდემიურ პერიოდში შედგება, ხოლო შუა რიცხვებში გაიმართება სამხატვრო ხელმძღვანელ ა. ენუქიძის მიერ დადგმული სპექტაკლის ჩეხოვის `თოლიას” პრემიერა. მზადდება დ. დიდროს `ჟაკ ფატალისტი” (რეჟ. ა. ენუქიძე, გ. ქათამაძე). თეატრის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, რეჟისორი დ. დოიაშვილი შექსპირის ერთ-ერთ კომედიაზე დაიწყებს მუშაობას. აღდგება ნ. ხარატიშვილის `ელექტრას ომი” (რეჟ. გ. მაცხონაშვილი). აღსანიშნავია, რომ ქართულ თეატრში ეს სპექტაკლი პირველი იყო, რომელიც ღია სივრცეში, თეატრის წინ მდებარე მოედანზე, გათამაშდა.
პანდემიის დროს ქუთაისის თეატრსაც მოუწია გაჩერება, თუმცა ონლაინ რეპეტიციები მიმდინარეობდა და შესაძლებლობისთანავე რეპეტიციები გრძელდებოდა. მომზადდა ნუზარ ლორთქიფანიძის პიესა `თქვენო უდიდებულესობავ” (რეჟ. კ. აბაშიძე), მ. კუკულავას პიესა `გადაუღებლად წვიმს 13. 06” (რეჟისორი ლ. ბურბუთაშვილი), ლ. კეროლის `ელისი საოცრებათა ქვეყანაში” (რეჟ. ელ. მაცხონაშვილი), უჩვეულო პირობების მიუხედავად, თეატრმა შეძლო მაღალმხატვრული სპექტაკლის `ქარი ქრის ვერხვებში” დადგმა, რომელმაც საუკეთესო დადგმისთვის, საქართველოს თეატრალური საზოგადოების პრემია გრან-პრი დაიმსახურა. მიმდინარეობს მუშაობა ბ. ბრეხტის პიესაზე `დაფდაფები ღამით” (რეჟ. ნ. საბაშვილი), ე. იუნესკოს პიესაზე `ორთა ბოდვა” (ლ. სვანაძე, კ. აბაშიძე) და ა. ნიკოლაის `სიყვარული კუბოს ფიცრამდე” (რეჟ. კ. გოგოლაშვილი), სამხატვრო ხელმღვანელი კ. აბაშიძე იწყებს მუშაობას შექსპირის `მაკბეტზე“. თეატრი მზად არის მაყურებლის მისაღებად და დაჯავშნილი ბილეთების მიხედვით ქუთათურების თეატრალური ნოსტალგია საკმაოდ მაღალია. `მწვანე თეატრში” დაიდგმება ლ. ასათიანის პოეზიის მიხედვით `ბარდნალა” (რეჟ. ა. სახამბერიძე) და სპექტაკლი-გახსენება ნ. გომელაურის პოეზიის მოტივებზე. შემოქმედებითი მუშაობის პარალელურად ჩატარდა სარემონტო სამუშაოებიც.
რუსთავის თეატრში, მართალია, ინტენსიურ რეპეტიციებს ვერ ატარებდნენ, მაგრამ პანდემიის თემაზე სრულიად მოულოდნელი სიურპრიზი შესთავაზა მაყურებელს. `შექსპირი-ბადე” ასე ჰქვია რეჟისორ სოსო ნემსაძის მიერ შექსპირის პიესების მიხედვით შექმნილ ოპუსს, რომელიც მაყურებელს პანდემიაზე ხუმრობას სთავაზობს.
პანდემიამდე დაწყებული იყო ვაჟა-ფშაველას `სტუმარ-მასპინძლის” რეპეტიციები, რომლის პრემიერაც 10 აპრილამდე შედგება. ამავე დროს, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ს. ნემსაძე ცდილობს რეპერტუარში იყოს სასკოლო პროგრამით გათვალისწინებული ნაწარმოებიც, რომ მოსწავლეებმა მხატვრულად დაინახონ და რეალურად შეიგრძნონ ლიტერატურული გმირები, რაც თეატრისადმი მათ დაინტერესებას გააძლიერებს. თეატრი ემზადება ნ. დუმბაძის `კუკარაჩას” პრემიერისთვის, რომელიც სანახაობითი მხარის გასაძლიერებლად გადაწყვეტილია მუსიკალურ-ქორეოგრაფიული ფორმით. ასეთი გადაწყვეტა ნაკარნახებია იმ მოტივით, რომ სპექტაკლი მარტო კრიმინალური ისტორიით არ წარიმართოს. ამავე დროს, დადგმაში ყურადღება გამახვილდება ასეთ სიტუაციაში საზოგადოების ჩართულობასა და აქტიურობაზე. მწერალ ვაჟა გიგაშვილის `ერთი ვინმე ყაფლანიშვილის” დადგმით დამთავრდება ქართულ ტრილოგიაზე მუშაობა. ამის შემდეგ დაიწყება ახალი სეზონისთვის მზადება, რომელიც გათვლილია ევროპული და ქართული თანამედროვე ნაწარმოებების დადგმაზე. რუსთავის თეატრს პანდემიით გამოწვეული ძლიერი დარტყმა არ მიუღია და ტექნიკურად ახალი აპარატურით აღიჭურვა.
საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე გ. გეგეჭკორი ცდილობს ამ ორგანიზაციას ძველი ავტორიტეტი და ფუნქცია აღუდგინოს. მალე დაიწყება შენობის ევროპული სტანდარტების დონის რეაბლიტაცია, რომელსაც საერთაშორისო კომპანია `ეპიკ ამბასადორი” (დირექტორი გ. გერსამია) განახორციელებს. აღდგა ერთი მსახიობის თეატრი `ვერიკო”, სადაც პანდემიამდე ცნობილმა მსახიობებმა მურმან ჯინორიამ და მანანა სურმავამ მონოსპექტაკლები ითამაშეს. აქვე დაიდო ბინა ინკლუზიურ ბავშვთა თეატრმა `აზდაკის ბაღი”, რომელმაც უკვე მაყურებელის ინტერესი დაიმსახურა. დაგეგმილია რაიონული თეატრების სპექტაკლების ჩამოტანა, რისთვისაც მათ დარბაზი უფასოდ დაეთმობათ.
პანდემიის რთული პირობების მიუხედავად, თეატრებმა შეძლეს შემოქმედებითი სახის შენარჩუნება, მუშაობის გაგრძელება და მაყურებლისთვის ახალი სპექტაკლების შეთავაზება. გამოჩნდა მხატვრული გამოსახვის ახალი საშუალებები, შეიქმნა ღია სასცენო სივრცეები. რეჟისორებმა სხვადასხვა თეატრებში ინტენსიურად დაიწყეს მუშაობა, რაც ადრე არ შეინიშნებოდა, რითაც უფრო გაღრმავდა შემოქმედებითი ურთიერთობები. ახლმა რეალობამ მხატვრული ცვლილებების განხორციელებაც მოითხოვა, სპექტაკლის ქრონომეტრაჟიდან დაწყებული შემოქმედებითი ძიებებით დამთავრებული. პანდემიამ დიდი დარტყმა მიაყენა პატარა, დამოუკიდებელ და სახალხო თეატრებს, რომლებიც მაყურებლის შემოსავალზე იყო დამოკიდებული. ღია სცენაზე თამაში თავის სპეციფიკას მოითხოვს განათების, ნაკლები დეკორაციისა და პერსონაჟთა გამოყენებას, რის გამოც იცვლება სპექტაკლის ტემპო-რიტმი. ქრონომეტრაჟის შემცირება მოითხოვს პიესის შესაფერის ადაპტაციას და სხვა პრობლემების მოგვარებას. თეატრების გარკვეული ნაწილი ამ მოთხოვნებს უკვე მოერგო. იმედია, სხვა დასებიც შელებენ გამოსავლის პოვნას და ქართული თეატრი ახალ შემოქმედებით პირობებს შეეგუება.