თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კონკურსი ცხადდება
იხილეთ მინისტრის, თეა წულუკიანის ბრიფინგი
კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებით 3 სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დაინიშნა, ხოლო 4 თეატრში ამ პოზიციებზე კონკურსი გამოცხადდა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე სამი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის დანიშვნის შესახებ გააკეთა განცხადება. მინისტრის გადაწყვეტილებით, რეზო გაბრიაძის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად რეჟისორი და მსახიობი ლევან გაბრიაძე, ჩრდილების პროფესიული სახელმწიფო თეატრ „აფხაზეთის“ სამხატვრო ხელმძღვანელად რეჟისორი, მსახიობი და დრამატურგი გელა კანდელაკი, ხოლო შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად რობერტ სტურუა დაინიშნენ. სამივე მათგანი ამავე თეატრების მოქმედი სამხატვრო ხელმძღვანელია და ამ პოზიციაზე ყოფნის ვადა 2021 წლის 31 დეკემბერს ეწურებათ.
კულტურის მინისტრმა პროფესიული თეატრების შესახებ საქართველოს კანონის მეათე მუხლის მერვე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გამოიყენა დისკრეციული უფლება, საკუთარი შეხედულებისამებრ, უკონკურსოდ, დაენიშნა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სამი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელები.
ამასთან, დღესვე ბრიფინგზე თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ თეატრების შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის, მე-9 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-10 პუნქტისა და სარეკომენდაციო საბჭოს დებულების საფუძველზე, 4 თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევად კონკურსი ცხადდება.
ესენია:
1. გიორგი მიქელაძის სახელობის თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრი,
2. ალექსანდრე წუწუნავას სახელობის ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი,
3. აკაკი წერეთლის სახელობის ჭიათურის დრამატული თეატრი,
4. ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი.
ბრიფინგზე ასევე გამოცხადდა, რომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მიმდინარე წლის 6 დეკემბრის ბრძანებით დამტკიცდა სამინისტროსთან არსებული პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევი სარეკომენდაციო საბჭოს ახალი დებულება (დებულება შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ)
ახალი დებულების თანახმად, კონკურსს აცხადებს სამინისტრო, ხოლო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელობის კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო პირობები განისაზღვრება კანონმდებლობით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით.
სამინისტროსათვის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ:
- თეატრალური, ან მუსიკალური (ოპერისა და ბალეტის თეატრის შემთხვევაში) საქმიანობით დაკავებულ იურიდიულ პირს, რომელსაც გააჩნია საქმიანობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება, ან
- თეატრალური, ან მუსიკალური (ოპერისა და ბალეტის თეატრის შემთხვევაში) საქმიანობით დაკავებული პირებისაგან შემდგარ საინიციატივო ჯგუფს არანაკლებ ხუთი წევრის შემადგენლობით.
კანდიდატი ვალდებულია, წარადგინოს თეატრის განვითარების საკუთარი ხედვა და კონცეფცია, რომელშიც, სხვებს შორის, უნდა ახსნას, თუ როგორ ხედავს ის თეატრის განვითარებას; თეატრის გარედან მოწვეული ქართველი და უცხოელი რეჟისორების მიერ დადგმული სპექტაკლების შეთავაზებას საზოგადოებისათვის; თეატრის მეშვეობით ახალგაზრდა მსახიობების, რეჟისორების, დრამატურგების, თეატრის მხატვრებისა და სხვა პროფესიონალების ხელშეწყობას; თეატრის მონაწილეობას მოცემული ქალაქისა და რეგიონის კულტურულ და სოციალურ განვითარებაში და სხვ.
თითოეული კანდიდატი საკონკურსოდ წარადგენს 4-წლიან სამოქმედო გეგმას და სამოქმედო პროგრამას, რომლის შესრულებაზეც კანდიდატი სახელმწიფოს წინაშე იღებს ვალდებულებას.
საკონკურსო განაცხადები მიიღება კონკურსის გამოცხადებიდან 2 კვირის ვადაში, სამინისტროში, მისამართზე: თბილისი სანაპიროს ქ. N4 მატერიალური სახით ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე - info@culture.gov.ge, ელექტრონული ფორმით.
სამინისტრო, წარდგენილი კანდიდატებისგან შეარჩევს არანაკლებ 2 და არაუმეტეს 3 კანდიდატს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარდგენილია მხოლოდ ერთი კანდიდატი. შერჩეულ კანდიდატთა სია წარედგინება სარეკომენდაციო საბჭოს, რომელიც შეარჩევს სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე დასანიშნ კანდიდატურას და წარუდგენს კულტურის მინისტრს.
სამინისტრო უფლებამოსილია, მის მიერ საბჭოსათვის კანდიდატთა სიის წარდგენამდე, მიიღოს გადაწყვეტილება კონკურსის ჩაშლისა და თავიდან გამოცხადების შესახებ, იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილი კანდიდატებიდან არცერთი არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს ან/და შერჩეული კანდიდატების საბჭოსთვის წარდგენა არ ჩაითვლება მიზანშეწონილად.
სარეკომენდაციო საბჭო ვალდებულია, კონკურსის გამოცხადებიდან 1 თვის ვადაში წარუდგინოს მინისტრს შერჩეული კანდიდატი.
ინფორმაციისთვის, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში 29 თეატრი მოქმედებს. მათგან, 21 თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს 2022 წლის 1 იანვარს გასდის უფლებამოსილების 4-წლიანი ვადა. დღეს გამოცხადდა კონკურსი 4 პოზიციაზე, 3 პოზიციაზე დაინიშნენ სამხატვრო ხელმძღვანელები, ხოლო დანარჩენ 14 თეატრში კონკურსები ეტაპობრივად გამოცხადდება.
კანდიდატთა წარდგენის წესი
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთვის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ:
ა) თეატრალური ან მუსიკალური (ოპერისა და ბალეტის თეატრის შემთხვევაში) საქმიანობით დაკავებულ იურიდიულ პირს, რომელსაც გააჩნია საქმიანობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება, ან
ბ) თეატრალური ან მუსიკალური (ოპერისა და ბალეტის თეატრის შემთხვევაში) საქმიანობით დაკავებული პირებისაგან შემდგარ საინიციატივო ჯგუფს არანაკლებ ხუთი წევრის შემადგენლობით.
კონკურსში მონაწილეობისათვის სამინისტროში წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია:
-
წარდგინება;
-
კანდიდატის ავტობიოგრაფია;
-
კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
-
კანდიდატის უმაღლესი სახელოვნებო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის
ასლი;
-
სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი, სათანადოდ გაფორმებული, უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა;
-
თეატრის განვითარების ხედვა და კონცეფცია, რომელშიც, სხვებს შორის, უნდა აიხსნას, თუ როგორ ხედავს კანდიდატი თეატრის განვითარებას, თეატრის გარედან მოწვეული ქართველი და უცხოელი რეჟისორების მიერ დადგმული სპექტაკლების შეთავაზებას საზოგადოებისათვის, თეატრის მეშვეობით ახალგაზრდა მსახიობების, რეჟისორების, დრამატურგების, თეატრის მხატვრებისა და სხვა პროფესიონალების ხელშეწყობას, თეატრის მონაწილეობას მოცემული ქალაქისა და რეგიონის კულტურულ და სოციალურ განვითარებაში და სხვა.
-
4-წლიანი სამოქმედო გეგმა და სამოქმედო პროგრამა, რომლის შესრულებაზეც კანდიდატი სახელმწიფოს წინაშე იღებს ვალდებულებას.
-
თუ კანდიდატი მოცემული თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელია ან სამხატვრო ხელმძღვანელია, რომელსაც სურს, ახალი ვადით იქნეს დანიშნული იმავე თანამდებობაზე, მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტებისა და ინფორმაციის გარდა, მან, ასევე, უნდა წარმოადგინოს მისი დანიშვნისას წარდგენილი სამოქმედო გეგმისა და სამოქმედო პროგრამის შესრულების დეტალური ანგარიში, ასევე, ანგარიში მისი ხელმძღვანელობის ქვეშ თეატრის მიღწევების შესახებ.
დანართი - დებულება
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან არსებული პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევი სარეკომენდაციო საბჭოს დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულება
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან (შემდგომში - სამინისტრო) არსებული პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა (შემდგომში - კანდიდატი) შესარჩევი სარეკომენდაციო საბჭო (შემდგომში - საბჭო) თავის საქმიანობას წარმართავს „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ დებულების (შემდგომში - დებულება) შესაბამისად.
მუხლი 2. საბჭოს მიზნები და ამოცანები
1. საბჭო ასრულებს საკონსულტაციო ფუნქციას იმ შემთხვევებში, როცა არ გამოიყენება „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი.
2. საბჭოს მიზნები და ამოცანებია:
ა) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შერჩევა;
ბ) საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრისათვის (შემდგომში - მინისტრი) კანდიდატთა დასანიშნად წარდგენა;
გ) მინისტრის მითითების შემთხვევაში, პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების მიერ სამუშაო გეგმისა და სამოქმედო პროგრამის შესრულების მონიტორინგი.
მუხლი 3. საბჭოს შემადგენლობა და დაკომპლექტების წესი
ა) საბჭო შედგება 7 (შვიდი) წევრისაგან, რომელთაც ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი;
ბ) საბჭოს წევრი უნდა იყოს შესაბამისი პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირი;
გ) საბჭოს წევრს არ აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს სამხატვრო ხელმძღვანელის კონკურსში;
დ) საბჭოს მთლიან შემადგენლობას უწყდება უფლებამოსილება ერთსა და იმავე საკითხზე საბჭოს მიერ ზედიზედ ორჯერ გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში;
ე) საბჭოს შემადგენლობის უფლებამოსილების ვადაა 1 (ერთი) წელი. შემადგენლობის რომელიმე წევრის ნაცვლად ახალი წევრის დანიშვნის შემთხვევაში, ახალი წევრი უფლებამოსილებას ახორციელებს საბჭოს შემადგენლობის უფლებამოსილების დარჩენილი ვადით.
ვ) საბჭოს ერთი წევრი სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის ან აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომელია.
მუხლი 4. საბჭოს სხდომების წარმართვა
1. საბჭოს სხდომას ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც აირჩევა დამსწრე წევრების მიერ ხმათა უბრალო უმრავლესობით. საბჭოს თავმჯდომარე ვერ იქნება დებულების მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი.
2. საბჭოს მდივნის ფუნქციას ასრულებს სამინისტროს შემოქმედებითი პროცესის ხელშეწყობის დეპარტამენტის თანამშრომელი, რომელიც ადგენს საბჭოს სხდომის ოქმს.
მუხლის 5. საბჭოს მუშაობის წესი
ა) საბჭო, სამინისტროს მიერ მისთვის წარდგენილ კანდიდატთაგან, გასაუბრებისა და შესაბამისი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის საფუძველზე, შეარჩევს შესაბამის კანდიდატს და დასანიშნად წარუდგენს მინისტრს.
ბ) საბჭო უფლებამოსილია, კანდიდატები შეარჩიოს იმ თეატრებშიც, რომელთა სამხატვრო საბჭოები მინისტრს დასანიშნად წარუდგენენ კანდიდატებს;
გ) საბჭო გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება არანაკლებ 4 წევრისა;
დ) კანდიდატთა გამოსავლენად საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება ფარული კენჭისყრით საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით;
ე) ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა;
ვ) საბჭოს წევრს არ აქვს უფლება, არ მიიღოს კენჭისყრაში მონაწილეობა ან თავი შეიკავოს დადებითი ამ უარყოფითი პოზიციის გამოხატვისაგან;
ზ) საბჭოს გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი და საბჭოს მდივანი. ოქმის ხელმოწერაზე უარის შემთხვევაში, საბჭოს მდივანი ადგენს ხელმოწერაზე უარის შესახებ ოქმს, რომელშიც უთითებს უარის მიზეზს (თუ ის ცნობილია). ხელმოწერაზე უარის შესახებ ოქმს ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე და საბჭოს მდივანი;
თ) საბჭო უფლებამოსილია, სამხატვრო ხელმძღვანელთა შერჩევისას მოიწვიოს დარგის სპეციალისტი/სპეციალისტები ხმის უფლების გარეშე.
მუხლი 6. სამხატვრო ხელმძღვანელთა კონკურსის გამოცხადების წესი და პირობები
1. თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელის კანდიდატი შეირჩევა კონკურსის საფუძველზე. კონკურსს აცხადებს სამინისტრო, თავისი ოფიციალური ვებგვერდის ან/და ფეისბუქ (Facebook) გვერდის მეშვეობით.
2. თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო პირობები და წარმოსადგენი დოკუმენტაცია განისაზღვრება კანონმდებლობით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით.
3. საკონკურსო განაცხადები მიიღება კონკურსის გამოცხადებიდან 2 (ორი) კვირის ვადაში, სამინისტროში, მისამართზე: თბილისი სანაპიროს ქ. N4 მატერიალური სახით ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე - info@culture.gov.ge, ელექტრონული ფორმით.
4. სამინისტროსათვის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ:
ა) თეატრალური ან მუსიკალური (ოპერისა და ბალეტის თეატრის შემთხვევაში) საქმიანობით დაკავებულ იურიდიულ პირს, რომელსაც გააჩნია საქმიანობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება, ან
ბ) თეატრალური ან მუსიკალური (ოპერისა და ბალეტის თეატრის შემთხვევაში) საქმიანობით დაკავებული პირებისაგან შემდგარ საინიციატივო ჯგუფს არანაკლებ ხუთი წევრის შემადგენლობით.
5. სამინისტრო, წარდგენილი კანდიდატებისგან შეარჩევს არანაკლებ 2 და არაუმეტეს 3 კანდიდატს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარდგენილია მხოლოდ ერთი კანდიდატი. შერჩეულ კანდიდატთა სია წარედგინება სარეკომენდაციო საბჭოს.
6. კანდიდატურების შერჩევისას, სამინისტროს მიერ მხედველობაში მიიღება, თუ რამდენად დეტალური და წლების მიხედვით გაწერილია ამ მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული კონცეფცია, სამოქმედო გეგმა და პროგრამა და რამდენად კონკრეტულია კანდიდატის ხედვა. სამინისტრო უფლებამოსილია, კანდიდატს მოსთხოვოს წარმოდგენილი კონცეფციისა და დოკუმენტების დაზუსტება, რისთვისაც კანდიდატს მიეცემა 3 სამუშაო დღე.
7. სამინისტრო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება კონკურსის ჩაშლისა და თავიდან გამოცხადების შესახებ, იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილი კანდიდატებიდან არცერთი არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს ან/და შერჩეული კანდიდატების საბჭოსთვის წარდგენა არ ჩაითვლება მიზანშეწონილად.
8. კანდიდატი ვალდებულია, წარადგინოს თეატრის განვითარების საკუთარი ხედვა და კონცეფცია, რომელშიც, სხვებს შორის, უნდა ახსნას, თუ როგორ ხედავს ის თეატრის განვითარებას, თეატრის გარედან მოწვეული ქართველი და უცხოელი რეჟისორების მიერ დადგმული სპექტაკლების შეთავაზებას საზოგადოებისათვის, თეატრის მეშვეობით ახალგაზრდა მსახიობების, რეჟისორების, დრამატურგების, თეატრის მხატვრებისა და სხვა პროფესიონალების ხელშეწყობას, თეატრის მონაწილეობას მოცემული ქალაქისა და რეგიონის კულტურულ და სოციალურ განვითარებაში და სხვა.
9. თითოეული კანდიდატი საკონკურსოდ წარადგენს 4-წლიან სამოქმედო გეგმას და სამოქმედო პროგრამას, რომლის შესრულებაზეც კანდიდატი სახელმწიფოს წინაშე იღებს ვალდებულებას.
10. თუ კანდიდატი მოცემული თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელია ან სამხატვრო ხელმძღვანელია, რომელსაც სურს, ახალი ვადით იქნეს დანიშნული იგივე თანამდებობაზე, ამ მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტებისა და ინფორმაციის გარდა, მან საკონკურსო განაცხადთან ერთად უნდა წარმოადგინოს მისი დანიშვნისას წარდგენილი სამოქმედო გეგმისა და სამოქმედო პროგრამის შესრულების დეტალური ანგარიში, ასევე, ანგარიში მისი ხელმძღვანელობის ქვეშ თეატრის მიღწევების შესახებ.
11. საბჭო ვალდებულია, კონკურსის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში წარუდგინოს მინისტრს შერჩეული კანდიდატი.
მუხლი 7. სამხატვრო ხელმძღვანელთა საქმიანობის მონიტორინგი
1. საბჭო მონიტორინგს უწევს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ პროფესიული სამხატვრო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების საქმიანობას, სამხატვრო ხელმძღვანელების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, ან პირადად აჯამებს თეატრალურ სეზონებს და შედეგებს წარუდგენს სამინისტროს.
2. ამ მუხლით გათვალისწინებულ მონიტორინგის ფუნქციას საბჭო ახორციელებს თავისი ინიციატივით, და იმ შემთხვევებშიც, როცა სამხატვრო ხელმძღვანელის შერჩევისას არ ყოფილა გამოყენებული „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი.
მუხლი 8. სამხატვრო ხელმძღვანელთა თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ რეკომენდაციის წარდგენის უფლებამოსილება
1. საბჭო უფლებამოსილია, მინისტრს თავისი ინიციატივით წარუდგინოს დასაბუთებული რეკომენდაცია სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
2. მინისტრის მიმართვის საფუძველზე, საბჭო უფლებამოსილია, მონაწილეობა მიიღოს სამხატვრო ხელმძღვანელის მიერ სამინისტროს წინაშე კანონმდებლობის შესაბამისად წარდგენილი ყოველწლიური ანგარიშის (სამოქმედო პროგრამის, სამუშაო გეგმის შესრულებისა და შემოქმედებითი, ორგანიზაციული და სამეურნეო-საფინანსო საქმიანობის შესახებ) შეფასების პროცესში და უარყოფითი/არადამაკმაყოფილებელი შეფასების შემთხვევაში, მინისტრს წარუდგინოს რეკომენდაცია სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების შესახებ.