top of page

თეატრი - სინდიდის მამხილებელი

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

fdcbed908a8142a6bdb533a9d92c44c2-portrait.jpg

ლაშა ჩხარტიშვილი

თეატრი - სინდიდის მამხილებელი

 

დამოუკიდებელი თეატრის „ჰამლეტი“ ახალგაზრდული სულისკვეთებით დადგმული სპექტაკლია. „თუ გინდა, ახალგაზრდად დარჩე, ახალგაზრდული თვალით შეხედე სამყაროს...“ - გაისმის კიდეც ასეთი ფრაზა სპექტაკლის პროლოგში. „ჰამლეტი“ კერძო და ამავდროულად თავისუფალ „ჰარაკში“ მისმა მხატვრულმა ხელმძღვანელმა სანდრო კალანდაძემ დადგა. რეჟისორმა გარშემო შემოიკრიბა სხვადასხვა თაობის არტისტები, რომელთაც ბევრი რამ აერთიანებთ და შექმნეს სამ ნაწილიანი წარმოდგენა, რომელიც ეხმიანება არა მხოლოდ დღევანდელობას, არამედ ერთგვარი გაფრთხილებაცაა მომავლისთვის. რა შედეგზე გადის ბრძოლა ძალაუფლებისთვის?! ფინალში ვხედავთ გვამებით მოფენილ სიცარიელეს, სიბნელეს, სიჩუმეს.  

 

შექსპირის „ჰამლეტი“ (და „ჰამლეტის“ თემების რეცეფციები) ინტენსიურად იდგმება ქართულ თეატრში, მაგრამ ლელა სამნიაშვილის ახალი და უდავოდ მაღალი მხატვრული ხარისხის თარგმანი პირველად „ჰარაკში“ გაცოცხლდა. რეჟისორმა აკადემიურ და ამავდროულად თანამედროვე ქართულით ჟღერად ტექსტს, დაურთო ჩანართები (განსაკუთრებით პროლოგსა და ეპილოგში), რომლის ავტორიც მარიამ მეგვინიტეა. ჩართული ტექსტები რეჟისორმა ისე შეკმაზა ლელა სამნიაშვილის თარგმანში, რომ სანახაობას მძაფრი და ორგანული ჟღერადობა შესძინა და რეჟისორის სათქმელის მიზანმიმართულ და რაც მთავარია, ორგანულ კომპონენტად იქცა. სანდრო კალანდაძის სპექტაკლზე იმუშავეს მარიამ კალანდაძემ (ვიდეო), გიორგი ყოლბაიამ (პოსტერის ფოტო), ივა ქიმერიძემ (გრაფიკა), ლიზი ტყეშელაშვილმა და თემო რეხვიაშვილმა (ასისტენტები). წარმოდგენისთვის მუსიკა, რომელიც თითქმის სულ ისმის და ქმნის განწყობას, ატმოსფეროს და ერთგვარ მიმართულებას აძლევს წარმოდგენის სტილისტიკას ანი ზაქარეიშვილმა შექმნა. სანდრო კალანდაძესთან ერთად, სცენოგრაფიაზე მხატვარმა თამრი ოხიკიანმა იმუშავა, რომლის ბრჭყვიალა, გამომწვევი და ფერადი კოსტიუმები ლოგიკურად ჩაეწერა სპექტაკლის საერთო მხატვრულ ესთეტიკაში და პერსონაჟთა ხასიათის მკვეთრად გამოვლენასაც შეუწყო ხელი.

 

დამდგმელები მუდმივად გვახსენებენ რომ თეატრში ვართ, რომ ჩვენს წინ მსახიობები დგანან, რომლებიც გაითამაშებენ ამბებს. თეატრის მეტაფორა მუდმივად გვხდება წარმოდგენის მსვლელობისას და მის მნიშვნელობასა, ძალასა და როლსაც არაერთხელ ესმება ხაზი, რომელსაც ძალუძს გაამხილოს ადამიანის სინდისი, ფარდა ახადოს დაფარულ ბოროტებას და სააშკარაოზე გამოამზეუროს ის.

 

სპექტაკლი სამი ნაწილისგან შედგება. პირველი ნაწილი სარდაფში, მეორე თეატრში, მესამე კი სასაფლაოზე ვითარდება. განცდა გრჩება, რომ ზოგადად სამეფო სასახლის სარდაფში ვართ, ფსკერზე. იატაკი, სადაც მაყურებელია განთავსებული და სპექტაკლში მოქმედება მიმდინარეობს დაკონსერვებულია, როგორც არქეოლოგიური ძეგლი (მსგავსი მუზეუმებშიც გვინახავს), ზედაპირი გამჭვირვალე ცელოფნით დაფარებული, რომლის ქვეშ ზარ-ზეიმის კვალი მოჩანს (ბრჭყვიალა ფეიერვერკის კონფეტებითაა მოფენილი), როგორც განადგურებული ცივილიზაციის ნიშანი.  

 

სპექტაკლი ერთგვარი პროლოგით იწყება. შავ უნიფორმაში გამოწყობილი მსახიობები ისვრიან ფრაზებს, წარმოთქვამენ ტექსტებს, რომელიც შეგონებას ჰგავს. მარიამ მეგვინიტეს ტექსტი ჟღერს როგორც რევოლუციური მოწოდება, რომელიც ცხადია ბრძნულ აზრებსაც შეიცავს, მაგრამ ჭკუის დარიგებასაც ჰგავს, რადგან ის პუბლიცისტური ტექსტია. მსახიობები მას სპეციფიკური მანერით - ექსპრესიით და სიმკვეთრით წარმოთქვამენ. პროლოგის დასრულების შემდეგ, მსახიობებს გარდერობი შემოაქვთ და ბრჭყვიალა კოსტიუმებს ირგებენ. ამ მომენტიდან წარმოდგენის სიუჟეტი შექსპირის ვერსიას უბრუნდება. ჰამლეტს (ბექა ხაჩიძე), რომელიც მრავალ ამბავს დაატრიალებს, როგორც ბავშვს ისე აღიქვამს გერტრუდა (ანა ნიკოლაშვილი), რომელიც პრინცს ენისმოჩლექით ესაუბრება. ბექა ხაჩიძის ჰამლეტი გულწრფელად დამწუხრებულია მამის სიკვდილით და გაღიზიანებული დედის ბიძაზე ქორწინებით ჯერ კიდევ მამის აჩრდილის გამოცხადებამდე.

 

სანდრო კალანდაძემ „ჰამლეტში“ ისეთი ჯგუფი შეკრა, რომლის თითოეული წევრი თვითმყოფადი ნიჭიერებითა და პროფესიონალიზმით გამოირჩევა. ბექა ხაჩიძე (ჰამლეტი), ლაშა ლაშხი (კლავდიუსი), გიორგი გიორგანაშვილი (პოლონიუსი), ანა ნიკოლაშვილი (გერტრუდა), ანასტასია ჭანტურაია (ოფელია), გიორგი წერეთელი (ჰორაციო), ანანო მახარაძე (მსახიობი, ჰამლეტი), გიგი რეხვიაშვილი (ლაერტი), ირაკლი ჩხიკვაძე (ჰამლეტი უფროსი), ირაკლი სირბილაშვილი და სანდრო კალანდაძე (როზეკრანცი და გილდესტენცი) ქმნიან ანსამბლს, ჰარმონიას სცენაზე, ავლენენ პარტნიორობის უნარს, მეტყველებენ გამართულად, დახვეწილად და მკაფიოდ, არ იკარგება ალტერნატიულ სივრცეში მათ მიერ ნათქვამი არცერთი სიტყვა და რაც ყველაზე მთავარია, იკვეთება სრულიად ახლებურად გააზრებული მხატვრული სახეები აქამდე ნანახი „ჰამლეტებიდან“. „ჰამლეტის“ მსახიობები ამ სივრცეში, ამ ესთეტიკასა და ამ რეჟისურის პირობებში ორგანულად გრძნობენ თავს.

სახასიათო, არაორდინალურ  ტიპაჟს ქმნის გიორგი გიორგანაშვილი (პოლონიუსი), რომელსაც არაორდინალურადაც აცვია. ბრჭყვიალა კოსტიუმშია გამოწყობილი ირაკლი ჩხიკვაძის აჩრდილი, რომლის კოსტიუმი ირეკლავს ყველაფერს, როგორც დისკო სარკის ბურთი. გერტრუდას ორიგინალურ ვერსიას გვთავაზობს ანა ნიკოლაშვილი, რომელიც ზრუნავს შვილის კეთილდღეობაზე, მაგრამ უარს ვერ ამბობს საკუთარ ვნებასა და გრძნობებზე კლავდიუსის მიმართ.  

 

ბექა ხაჩიძის ჰამლეტი ერთგვარი მანიპულატორია, რომელიც პროვოცირებს გარშემომყოფებზე ჭეშმარიტების დასადგენად. ცდილობს გამოავლინოს მათი ზრახვები და ცოდვები, რათა აღასრულოს მამის ანდერძი. მისიის აღსრულება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პასაჟია სპექტაკლში, ამიტომაც რეფრენად იმეორებენ მსახიობები პროლოგსა და ეპილოგში, რომ უნდა აღსრულდეს. ამიტომაც ვკითხულობთ სპექტაკლის ანოტაციაში „ჰამლეტი, ცნობილი, როგორც ყველაზე თანამედროვე პერსონაჟი, ცდება თავის კონტექსტს და აღარ შეესაბამება ამბავს რომელსაც ჰყვება ან ამბავი აღარ შეესაბამება დროს, რომელშიც ვცხოვრობთ. მაგრამ ის უნდა აღსრულდეს“. ბექა ხაჩიძის ჰამლეტი შესაძლოა დაიღალა ან არ აქვს რესურსი ჭეშმარიტების დასადგენად, მაგრამ მან რაკი პასუხისმგებლობა აიღო, ის უნდა აღასრულოს. ამიტომაც გარბის ჰამლეტი-ბექა ხაჩიძე დარბაზიდან მეორე მოქმედების ბოლოს და უკან დაბრუნება აღარ სურს. მესამე აქტში ჰამლეტს ანანო მახარაძე განასახიერებს. მიუხედავად იმისა, რომ ის არსებითად ქალი რჩება და რეჟისორი ამით უკიდურეს პირობითობას მიმართავს, არ იწვევს გაუგებრობას და უხერხულობას მაყურებელში, პირიქით, ანანო მახარაძის ჰამლეტი აფართოებს ჰამლეტის მასშტაბს, რომ ჰამლეტი კრებითი პერსონაჟია და ის ქალიც შესაძლოა იყოს. ანანო მახარაძე, ამ ამოცანასაც წარმატებით ართმევს თავს, როგორც მეორე მოქმედებაში, ე.წ „სათაგურის“ ეპიზოდში, რომელიც ფაქტობრივად მის გრძელ და რთულ მონოლოგზე დგას. ანანო მახარაძის მონოლოგი „სათაგურიდან“ არის რთული კონსტრუქციის მონო სპექტაკლი, სადაც მსახიობი უკიდურესად დიდ რესურსს ხარჯავს და მაყურებელს ამ პროცესის ნაწილად აქცევს. ანანო მახარაძის ვრცელი მონოლოგი ცალკე სპექტაკლია - შესავლით, მოვლენათა განვითარებით, კულმინაციითა და ფინალით, პერიპეტიებით, დინამიკის მკვეთრი და მუდმივი ცვლით. ლამის დედიშობილა მსახიობის მონოლოგი, რომელსაც პროფესიული ოსტატობით წარმოთქვამს ანანო მახარაძე შამანის რიტუალს ჰგავს, რომელიც ქმნის მისტიკურ ატმოსფეროს, რაც ზემოქმედებს აუდიტორიაზე. ამიტომაც გულისრევის შეტევით ტოვებს დარბაზს კლავდიუსი (ლაშა ლაშხი) და მისი მხლებლები. სიმართლე დადგენილია და ბოროტება გამოაშკარავებული. კლავდიუსის აღიარებითი მონოლოგი ჰამლეტს გარკვეულ შვებას აძლევს, თუმცა პრობლემა არ გადაჭრილა და ის ჩიხში შედის. ამიტომაც გარბის დედასთან დიალოგის შემდეგ ჰამლეტი და მის მისიას მსახიობი აღასრულებს.

 

ბექა ხაჩიძის ჰამლეტი ნამდვილი (და არა კლასიკური გაგებით იდეალური) გმირია, ჯანსაღი მსოფლმხედველობით და ღირსებით, რომელსაც აქვს სისუსტეები, რომლებსაც არც ფარავს, აღიარებს და არც გაურბის. მსახიობი უშუალოდ, ნატურალიზმამდე დასული ბუნებრიობით, სცენური სიმართლითა და ნამდვილობით ხატავს ჰამლეტის წინააღმდეგობრივ მხატვრულ სახეს, რომელიც არცერთი წამით არ წყვეტს კომუნიკაციას როგორც მაყურებელთან, ისე სპექტაკლის მოქმედ გმირებთან.

 

მაყურებელი არა მხოლოდ მოვლენების ეპიცენტრშია, არამედ მას წვდომა კულისებზეც აქვს Live Stream-ის საშუალებით, სადაც მეორე პლანის მოქმედებები მიმდინარეობს. მაყურებელი გამუდმებით ადევნებს თვალს ყველაფერს.

სანდრო კალანდაძის „ჰამლეტში“ ფენებადაა ჩაწყობილი აქტუალური პრობლემები და სათქმელი, ამ წარმოდგენის ცქერისას ყველა თავის წილ პასუხისმგებლობას და უხერხულობას იგრძნობს და თუ არა, თანაგრძნობით მაინც განიმსჭვალება ზოგიერთი პერსონაჟის მიმართ. სანდრო კალანდაძე გვიხატავს დამყაყებულ, სისტემა მოძველებულ სახელმწიფოს, რომელიც დაფუძნებულია დასმენებზე, შურზე, პირადი სივრცის დაუცველობაზე, რაც უფსკრულს უქადის. რეჟისორი გვიჩვენებს ხელისუფალთ და ხელისუფლებასთან დამეგობრებულ პერსონებს, რომლებიც ყველაფერს კადრულობენ ძალაუფლების, გავლენის შესანარჩუნებლად ამ ყველაფერს ეწირება უდანაშაულო ადამიანებიც. ასეთივე მსხვერპლია ანასტასია ჭანჭურაიას ოფელია, სუფთა სულისა და სპეტაკი გრძნობების მატარებელი ქალი, რომელსაც ინსტრუმენტად იყენებს საკუთარი მშობელიც კი, ისე როგორც გიგი რეხვიაშვილის ლაერტი, რომელიც მაქსიმალურად განზე იდგა მოვლენათა ეპიცენტრიდან, მაგრამ არ დააცალეს. ამიტომაც აღმოჩნდა კონფლიქტის ეპიცენტრში. ღირსეულთა შორის გამორჩეულია ჰორაციო, რომელსაც ჩვეული პროფესიონალიზმით ასრულებს გიორგი წერეთელი. მსახიობი გვიხატავს დინჯ, რაციონალურ, ერთგულ და ღირსეულ ახალგაზრდა კაცს. მსახიობის შესრულების მანერა კეთილად განაწყობს სასოწარკვეთილ მაყურებელს.

 

ზემოთ ვახსენე, რომ სპექტაკლი ახალგაზრდული სულისკვეთებითაა დადგმული, ამიტომაც სათქმელი არის გუწლრფელი, კონიუქტურის გარეშე, მკაფიო, რადიკალური, რომელიც მიმართულია გარემოს ანალიზისა და მისი გაჯანსაღებისთვის.

 

ფოტო: გიორგი ყოლბაია

bottom of page