top of page

ტენესი უილიამსის „ტოკიოს სასტუმროს ბარი“ ფოთის თეატრის სცენაზე

301213586_1250767732320283_4345967685638023932_n.jpeg

მაკა (მარინე) ვასაძე

ტენესი უილიამსის „ტოკიოს სასტუმროს ბარი“ ფოთის თეატრის სცენაზე

თათა პოპიაშვილი ერთ-ერთი გამორჩეული შემოქმედია ახალგაზრდა რეჟისორთა თაობაში.  სტუდენტობის პერიოდიდან მოყოლებული, რამდენიმე საინტერესო სპექტაკლი დადგა თბილისსა თუ რეგიონულ თეატრებში. მათ შორის: ნილ საიმონის „მგზნებარე შეყვარებულები“ თელავის თეატრში,  ამელი ნოტომის მიხედვით „საწვავი“ მარჯანიშვილის თეატრში, იბსენის „ჰედა გაბლერი“ რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე. თათა რეჟისურის პროფესიას ჯერ ლევან წულაძის, ხოლო შემდეგ ბატონ თემურ ჩხეიძის ხელმძღვანელობით ეუფლებოდა, რაც აისახება კიდეც მის ნამუშევრებში. ეს ეხება სპექტაკლის შემადგენელ ყველა კომპონენტს - დრამატურგიული ნაწარმოების არჩევას თუ პიესის ინტერპრეტირებას,  სპექტაკლის ტემპო-რიტმის, ემოციური მუხტის, განწყობის შექმნისას მხატვართან ერთად გაკეთებულ სცენოგრაფიას თუ მუსიკალურ მხარეს, განსაკუთრებით კი გამოვყოფ, მსახიობთან მუშაობას. თათა პოპიაშვილის ყველა სპექტაკლში კარგად ჩანს, ამა თუ იმ პერსონაჟის, სახის  შექმნისას, რეჟისორისა და მსახიობის ერთობლივი ძიებების შედეგი. ლევან წულაძესთან და ბატონ თემურ ჩხეიძესთან ერთად, თათა პოპიაშვილი თავის მასწავლებლად, უნიჭიერეს, პროფესიონალ ქართველ არტისტს მიშა გომიაშვილსაც მოიხსენებს ხოლმე. მიშა გომიაშვილი „საწვავში“ თამაშობდა პროფესორს და, როგორც თავად რეჟისორი ამბობს, მუშაობის პროცესში ბევრი რამ საშემსრულებლო ხელოვნების შესახებ მისგანაც ისწავლა.

ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში თათა პოპიაშვილმა „ტოკიოს სასტუმროს ბარი“ დადგა. ტენესი უილიამსმა ეს პიესა 1969 წელს დაწერა, რომელიც არ ითვლება დრამატურგის შედევრად. ზოგადად მიიჩნევა რომ 1960-იანი წლების შემდეგ დაწერილი პიესები მხატვრული ღირებულებით ბევრად ჩამოუვარდება მის ადრინდელ დრამატურგიას.

„ტოკიოს სასტუმროს ბარი“ ხელოვანის შემოქმედებით კრიზისზე, მარტოსულობაზე, ადამიანთა შორის გაუცხოებაზე, უახლოეს ადამიანთა შორის კომუნიკაციის შეუძლებლობაზეა. ხუთპერსონაჟიან პიესაში და სპექტაკლშიც, ყველა თითქოს დამნაშავეა და ამავდროულად მართალიც, ყველა რაღაცას ეძებს სამყაროში და ვერ პოულობს. განსაკუთრებით ეს ეხება ალკოჰოლიზმისგან დაავადებულ, შემოქმედებით კრიზისში მყოფ მხატვარ მარკს და მის ლამაზ, გამომწვევ მეუღლეს მირიამს. ისინი შუახნის ასაკს გადაცილებულები არიან და მათი თანაცხოვრება ბრძოლის ველად იქცა. თითოეული თავისი პიროვნული თავისუფლებისთვის იბრძვის, მაგარამ ამ ბრძოლაში სხვებსაც ითრევენ: ბარმენს, ლეონარდს, ჰავაეილ ქალბატონს.

პიესაშიც და სპექტაკლშიც მოქმედება ტოკიოს სასტუმროს ბარში ვითარდება. თათა პოპიაშვილის და ბარბარე ასლამაზის (სცენოგრაფი) გადაწყვეტით თეატრში მისული მაყურებელი სასტუმროს ბარში აღმოჩნდება: მაგიდები მასზე განლაგებული ყვავილებიანი პატარა ლარნაკებით, მაგიდების გარშემო სავარძლები და სკამები, ბარის დახლი, მკრთალი განათება, ძირითადად დაბალ ხმაზე მჟღერი მუსიკა[1] - ინტიმურ და სასიამოვნო გარემოს ქმნის. რეჟისორის ჩანაფიქრით მაყურებელი უშუალო მონაწილე ხდება მარკსა და მირიამს შორის გამართული „ბრძოლის“.

სპექტაკლში პიესიდან გამომდინარე ამბავი მირიამის გარშემო ვითარდება: ექსპოზიცია, ინტრიგა, განვითარება, კვანძის შეკვრა და ბოლოს ფინალი, სადაც ყველა დამარცხებულია და მაყურებელს მრავალი კითხვა უჩნდება. ნიარა ჭიჭინაძის მირიამი ასაკოვანი, ლამაზი, ძლიერი ნებისყოფის  ქალია, რომელიც ასაკის მატებას განიცდის. ამავე დროს მირიამი საქმიანი, ხარბი და მომხვეჭელიცაა. მსახიობი მაყურებელს თავიდანვე ხიბლავს, იჭერს და ფინალამდე არ უშვებს. ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ნიარა ჭიჭინაძე თავისი პერსონაჟის შინაგან ბუნებას გადაშლის მაყურებლის წინაშე. ვინ არის მირიამი? ბრჭყვიალა ლამაზმანი, რომელიც ახალგაზრდობაში კაცთა „გულთამპყრობელი“ იყო? თუ გარყვნილი კაცებზე „მონადირე“ ტიპური „მახინჯი ამერიკელი“,[2] რომელიც მასზე ბევრად ახალგაზრდა ბარმენის შეცდენას ცდილობს? თუ ქალი, რომელმაც გამოიყენა, ბოლომდე „გამოწურა“ ნიჭიერი მხატვარი-ქმარი, ახლა კი როდესაც იგი დაავადდა აღარ სჭირდება დაჩაჩანაკებული და მისი თავიდან მოშორება სურს? თუ ქალი, რომელიც მთელი ცხოვრება „შემოქმედი“ ქმრის ახირებებს და უცნაურობებს იტანდა და ახლა მისგან განთავისუფლება სურს? პიესაშიც და სპექტაკლშიც მირიამს კოლოფი დააქვს ჩანთით რომელშიც საწამლავის ერთი აბი დევს. ვისთვის უნდა ეს საწამლავი მირიამს ქმრისთვის თუ თავისთვის? ფინალში, მარკის გარდაცვალების შემდეგ მისი სიტყვებია: „რა უცნაურიც არ უნდა იყოს მოგვიანებით, შესაძლებელია, მივხვდე, რომ ის, მიუხედავად ყველაფრისა, ძლიერ მყვარებია...“. ლეონარდის კითხვაზე კი რა გეგმები აქვს უპასუხებს: „არავითარი. მე ისიც არ ვიცი სად უნდა წავიდე...“

 ნიარა ჭიჭინაძე ოსტატურად ძერწავს თავისი პერსონაჟის ხასიათს, მსახიობის თითოეული ჟესტი, მიმიკა, პლასტიკა პერსონაჟის ფიზიკური თუ სულიერი მდგომარეობის გამომხატველია. იგი ხან ქალი „ვამპია“ და ხან ასაკში შესული, თავის მომავალზე დარდიანი ქალბატონი. იგი ვერ იტანს ყვავილებს, ვინაიდან ყვავილი მალე ჭკნება, მითუმეტეს მოწყვეტილი, ლარნაკში ჩაწყობილი ყვავილები, როგორც ქალის სილამაზე ასაკთან ერთად. მსახიობის შესრულებაში, გამომსახველობით ხერხებში თუ ფსიქო-ემოციური მუხტის გამოვლენაში არაფერი ზედმეტი არაა. მსახიობი რეჟისორის მიცემულ ამოცანის, მრავალმხრივი ბუნების მქონე ადამიანის სახის შექმნას, სამსახიობო ოსტატობით ახორციელებს და  შეიძლება ითქვას „დანის პირზე“ გაჰყავს საშემსრულებლო ტექნიკა თავისი პერსონაჟის სრულყოფილად წარმოჩენისთვის.

პიესაში მარკის პერსონაჟი გარკვეულწილად უილიამსის პროტოტიპია. პიესაშიც და სპექტაკლშიც ზურაბ დონდოლაძის მარკი ნერვული აშლილობის ზღვარზე მყოფი ალკოჰოლიკი მხატვარია, რომელიც ცდილობს, ტოკიოს სასტუმროს ნომერში, ახალი სტილის შემუშავებით თავისი დაღმავალი კარიერა გადაარჩინოს. მან დაირწმუნა თავი, რომ პირველი მხატვარია, რომელმაც ფერი აღმოაჩინა. ფსიქიკურად აშლილი და ფიზიკურად დაუძლურებული მარკი ტილოებს იატაკზე აფენს, ასხურებს საღებავს პულვერიზატორით, შიშვლდება და გორავს ამ ტილოებზე. ამას მაყურებელი ჯერ მირიამისგან იგებს, შემდეგ მარკისგან და ბოლოს მარკის მეგობარი და დილერი რამინ კილასონიას ლეონარდისგან. ქმრისგან თავის დასაღწევად, ისე რომ ფინანსურადაც უზრუნველყოფილი იყოს, მირიამი გამოიძახებს მარკის დილერს და ახლო მეგობარს ლეონარდს და ცდილობს დაარწმუნოს იგი, რომ მისი ქმარი ნიუ იორკში წაიყვანოს, მაგრამ მარკი კვდება.

ნიარა ჭიჭინაძე და ზურაბ დონდოლაძე ერთმანეთისგან გაუცხოებული ცოლ-ქმრის სახეები, ფსიქოლოგიური შტრიხებით, სამსახიობო ოსტატობით გააცოცხლეს. მათი წყვილიც შესაძლოა ერთდროულად ტენესი უილიამსის მშობლების პროტოტიპებიც არიან, კრიზისში მყოფი შემოქმედი მარკი კი, როგორც უკვე აღვნიშნე, თავად  დრამატურგისა. ცოლ-ქმრის ურთიერთობა მაყურებელში ხან სიბრალულს აღძრავს, ხან თანაგრძნობას, ხან ზიზღსაც კი იწვევს.

ნიარა ჭიჭინაძის მირიამი, მონადირის ინსტინქტების მქონეცაა. ირაკლი კვერღელაძის ტანადი ბარმენი მისი მორიგი „მსხვერპლია“, რომელიც სურს თავისი მომხიბვლელობის, ქალურობის ხაფანგში გააბას, რომლითაც კაცებს ინადირებდა. ყველა ღონეს მოიხმარს ამისთვის, მაგრამ უშედეგოდ, ახალგაზრდა ბარმენს საცოლე ჰყავს და როგორც თავად ამბობს არ უღალატებს. რეჟისორმა თათა პოპიაშვილმა, პიესაში არსებული მინიშნება ლეონარდისა და ბარმენის ჰომოსექსუალობაზე, წინა პლანზე წამოსწია და ნათლად გამოკვეთა, რომ რამინ კილასონიას ლეონარდის მისადმი ყურადღებას ბარმენი უპასუხოდ არ ტოვებს.

რეჟისორმა და მსახიობებმა, განსაკუთრებით ნიარა ჭიჭინაძემ და ზურაბ დონდოლაძემ ადამიანთა ბუნების მრავალმხრივობა გამოხატეს. რა არის ადამიანის, შემოქმედის ცხოვრება? მუდმივი ბრძოლა. ბრძოლა სხვებთან და რაც მთავარია ბრძოლა „საკუთარ თავთან“, რატომ გაუცხოვდნენ ადამიანები, რატომ აღარ ესმით ერთმანეთის, რატომ დაკარგეს კომუნიკაციის უნარი? რატომ აღარ შეუძლიათ უანგარო სიყვარული? ეს კითხვები რომელიც ჩნდება ლიტერატურაში, ფილოსოფიაში, ხელოვნებაში მე-19 საუკუნიდან და განსაკუთრებით მე-20-21-ე საუკუნეებში მწვავდება ტექნიკურ პროგრესთან პარალელურად, რა თქმა უნდა, სხვასთან ერთად აწუხებდა ტენესი უილიამსაც, რაც პიესაში და თათა პოპიაშვილის დადგმაშიც აისახა.

 

[1] სპექტაკლი მუსიკალურად თავად რეჟისორმა თათა პოპიაშვილმა გააფორმა.

[2] „მახინჯი ამერიკელი“ არის სტერეოტიპი, რომელიც ასახავს ამერიკელთა ხმამაღალ, ამპარტავნულ, დამამცირებელ, თავხედურ, ეთნოცენტრისტულ ქცევას ძირითადად საზღვარგარეთ, მაგრამ ასევე თავიანთ ქვეყანაში მიუხედავად იმისა, რომ ეს ტერმინი ჩვეულებრივ ასოცირდება ან გამოიყენება მოგზაურებსა და ტურისტებზე, ის ასევე გამოიყენება აშშ-ში.

bottom of page