top of page

„ტკივილი ნორმალურია“

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

image_6483441.JPG

ანა (ალექსანდრა) სულამანიძე
„ტკივილი ნორმალურია“


ალბათ ყველა კონფლიქტურ წყვილს, ურთიერთობის კრიზისში მყოფს მოუსმენია ფრაზა: „ბავშვი ყველაფერს დაალაგებს“, ჰოდა ბავშვმა წლების ნანგრევი რომ ააშენოს, „პრეზერვატივი უნდა მოიხსნა“.

თანამედროვე რუსი დრამატურგის ივან ვარიპაევის შემოქმედება თავის ქვეყანასა თუ ევროპაში მეტ-ნაკლებად ცნობილია, მაგრამ საქართველოში პირველად ახალგაზრდა რეჟისორმა გეგა გაგნიძემ ათონელის თეატრიდან გააცნო ქართველ მაყურებელს. თეატრთან დამეგობრებული მაყურებელი უკვე კარგად იცნობს გეგა გაგნიძის შემოქმედებას და მეტიც, მისი ხელწერის ამოცნობაც შესაძლებელია. ამდენად, ფაქტი, რომ მისმა ნამუშევარმა მაყურებლის მოწონება დაიმსახურა აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო.

2022 წლის 28 ოქტომბერს ათონელის თეატრში გეგა გაგნიძის სპექტაკლის „მზის ხაზი“ პრემიერა შედგა, სადაც ორი მსახიობი მონაწილეობს - ნატალია გაბისონია და გიორგი შარვაშიძე. აფიშაზე ასევე ვკითხულობთ, რომ სპექტაკლზე იმუშავეს კომპოზიტორმა - ნოე კვირკველიამ და დებიუტანტმა სცენოგრაფმა - მარიამ ძმანაშვილმა. სამწუხაროდ, დღეს ძალიან იშვიათად თუ ვნახავთ სპექტაკლს, სადაც ყველა საჭირო კომპონენტი ორგანულადაა შერწყმული.  „მზის ხაზის“ ნახვის შემდეგ კი თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყოველივე ერთმანეთთან თანხვედრაშია და სწორედ ეს ქმნის საერთო მომხიბვლელ სურათს.

ცხადია, სპექტაკლშიც ჩანს, რომ დრამატურგის სამწერლო ენა საკმაოდ თამამი, მოქნილი და ეპატაჟურია, სადაც მწვავე ირონიით ძალიან მინიმალისტური ტექსტუალური ელემენტებითა და სწრაფი განვითარებით ნაჩვენებია ცოლ-ქმრული ყოფითი პრობლემები. აქ კი ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ყოფითობასთან ერთად მინიშნებებია ცხოვრებისეული ფილოსოფიისაკენ, რადგან ერთი წყვილის მაგალითით გვაჩვენებს  ცხოვრებისეული ცივილიზაციის კრიზისს, რომლის განმავითარებელიც და გამწვავების მიზეზი სწორედ საკუთარ სიამაყესთან ვერ განშორება განაპირობებს, რადგან ასეთ დროს დათმობა გადარჩენის ტოლფასია.

მაყურებლის ყურადღებას, პირველ რიგში,  სათაური იპყრობს, რა არის მზის ხაზი ან სად გადის ის, რას ყოფს!? თუ გეტყვით, რომ მზის ხაზი მთავარი პერსონაჟის ზურგს ხერხემალზე ყოფს ალბათ სასაცილო და უცნაური ერთდროულად იქნება, მაგრამ ფაქტია მთელი სპექტაკლის ლაიტმოტივი სწორედ მზის ხაზია, რომელსაც ადამიანის შუაზე გახლეჩა ძალუძს. რა თქმა უნდა, ეს მეტაფორაა იმ სამწუხარო რეალობისა, რასაც ურთიერთობებს შორის დაბრკოლება ჰქვია, სწორედ იმიტომ, რომ მათ შორის უხილავი საზღვარია.

პირადად მე, ალბათ, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მსგავს მწვავე ოჯახურ კონფლიქტს სიცილით ვუყურებდი, მაგრამ სპექტაკლის მთავარი ნიშაც ეს არის: ძალიან ლამაზად გადმოცემული დიდი სიმახინჯე. წყვილის შვიდწლიანი ურთიერთობა მხოლოდ წლებს თითქოს ოჯახის ყოველდღიურობის ყურებით ურთიერთობის ამოუწურავი კრიზისის ამოხსნას ცდილობს. ის საათნახევარი, რომელსაც მაყურებელი თეატრში ატარებს, დამსწრეა ცოლ-ქმრის პრიმიტიული ჩხუბის, რომელიც დაუსრულებელია. ორივე მათგანს, აქვს მცდელობა გაარკვიოს და დაალაგოს ურთიერთობა, მაგრამ ყოველი მცდელობა, რაიმე შეიცვალოს უსასრულობისკენ უბიძგებს და ისევ ჩხუბით მთავრდება. ამ ფაქტის ფონზე კი აუცილებლად უნდა აღვნიშნო რეჟისორის გადაწყვეტა, როდესაც ვლინდება, რომ საათი მუდმივად ხუთ საათს აჩვენებს. ამით რეჟისორი მეტაფორულად ასახავს წყვილის გაჩერებულ, გაყინულ და უპერსპექტივო მდგომარეობას.

სცენაზე სინამდვილის წარმოდგენა არის ერთგვარი შეთანხმება და თანხვედრა ყველა იმ კომპონენტის, რომელიც წარმოდგენას საერთო სახეს აძლევს. ეს იქნება შეთანხმება მოქმედების, სიტყვის, ფიგურის, ხმის, ჟესტის, მოძრაობისა თუ პერსონაჟის ხასიათისთვის დამახასიათებელი მიხვრა-მოხვრის იმ მოდელთან, რომელიც დასახული აქვს რეჟისორს.
ზუსტად, იმიტომ, რომ რეჟისორმა იპოვა შემოქმედებითი თანამოაზრეები, მოახერხა შეიქმნა სინამდვილის წარმოდგენა ანსამბლურობით.

ნატალია გაბისონია და გიორგი შარვაშიძე სცენაზე ძალიან ორგანული პარტნიორები არიან, რაც ვლინდება მათ სცენურ  დამოკიდებულებასა და პარტნიორულ შეგრძნებაში. ფაქტია, ორივე მათგანი თითოეულ დეტალს, ყოველ მოვლენას დაკვირვებით სინჯავს და ფიქრით იკვლევენ, ყოველ ჯერზე, როგორ უნდა გაიარონ ბეწვის ხიდზე იმისათვის, რომ დაიცვან ოქროს შუალედი. სცენაზე ამგვარი სინამდვილისა და ნატურალიზმის ნახვა, ყოველგვარი პათეტიკისა და გადაჭარბების გარეშე დღეს ფუფუნებადაც კი იქცა.

ძალიან მნიშვნელოვანია აღვნიშნო სპექტაკლში სცენოგრაფის როლი. მარიამ ძმანაშვილის სადებიუტო ნამუშევარი ნამდვილად დასამახსოვრებელია, რადგან მისი შექმნილი სცენოგრაფია ხაზს უსვამს წარმოდგენის ნატურალიზმს. ყოველი დეტალი მოქმედია, ფუნქციონალური, თავისი აზრითა და დატვირთვით. საგულისხმოა, ისიც, რომ ათონელის თეატრის სცენის სივრცე ძალიან იშვიათი სიზუსტითაა გათვლილი და ათვისებული.

უნდა აღინიშნოს, რომ გეგა გაგნიძე ქართული თეატრისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და იმედის მომცემი ახალგაზრდა რეჟისორია, რომელიც ეჭიდება ძალიან საჭირბოროტო თემებსა და პრობლემებს.

 

bottom of page