top of page

„თორმეტი მოციქული“

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

image_6483441 (2).JPG

ანა (ალექსანდრა) სულამანიძე
„თორმეტი მოციქული“


„რომ მოსაღამოვდა, დაჯდა თორმეტ მოწაფესთან ერთად. და როცა ჭამდნენ, თქვა: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ერთი თქვენგანი გამცემს“. ისინი ძალიან შეწუხდნენ და ყველამ სათითაოდ დაუწყო კითხვა: „მე ხომ არა, უფალო?“ მან მიუგო და უთხრა: „ვინც ჩემთან ერთად ხელს ჩამოაწობს ჯამში, ის გამცემს.“ - მათეს სახარება 26:21-23

მწერალ რეჯინალდ როუზის შემოქმედება ძირითადად საკამათო სოციალურ თუ პოლიტიკურ საკითხებს მოიცავს. ის ეხებოდა ისეთ თემებს, როგორებიცაა: სტერეოტიპები, ცრურწმენები, უდანაშაულობის პრეზუმფცია, დაუფიქრებლობა, ერთობა, ინდივიდუალიზმი და ა.შ. თავისი ეპატაჟური ნაშრომებით ექცეოდა ყურადღების ცენტრში, თუმცა „თორმეტი განრისხებული მამაკაცი“ ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია, რომლის მიხედვითაც სიდნეი ლუმეტიმ ასევე საკმაოდ ცნობილი ფილმი გადაიღო(1957), რომელმაც ერთგვარად მსოფლიო მოიცვა.
2006 წელს რუსთაველის თეატრში პირველად რობერტ სტურუამ და რევაზ ჩხაიძემ ქართულ რეალობას მოარგეს.


მას შემდეგ გიორგი სიხარულიძემ დადგა ქალაქ სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის დრამატული თეატრისა და დმანისის ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის კოპროდუქციის ფარგლებში. 

2023 წელს სპექტაკლი წარმოდგენილი იყო „სიღნაღის თეატრალურ ფესტივალზე“, სადაც მესამე საპრიზო ადგილი მოიპოვა. მოგვიანებით კი „იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე“ გაგრძელდა სპექტაკლის წარმატება, სადაც ჟიურის სპეციალური პრიზი მიიღო და  ნომინაციაში „საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაცი მსახიობი“ გიგა აბულაძე სწორედ აღნიშნული სპექტაკლიდან დასახელდა.

სცენაზე თორმეტი მსახიობი დგას და მათ შორის ცოცხლდება ტრაგიკული ამბავი, მკვლელობის ღამე და მთელი რიგი პროცესი. ზოგს ცრურწმენა ამოძრავებს, ზოგს შიში, ზოგს უფესვო ღრმა რწმენა და ა.შ.


სპექტაკლში არ ჟღერდება სახელები, არამედ მათი მიმართვით ფორმა ნომრებია. მაგალითად მესამე მსაჯული საკუთარ, პირად ტრაგედიას ატარებს და საკუთარ ვაჟთანაა გაუცხოებული, შესაბამისად ყოველივეს პირად მაგალითზე დაყრდნობით აფასებს. ნომერ მეხუთე კომპლექსებისაგან გათავისუფლებას, საკუთარი წარსულისგან დისტანცირებასა და აწმყოში თავის დამკვიდრებას ცდილობს: „მეც ზუსტად ასეთ სოციუმში გავიზარდე და მერე რა?“ ზოგიერთი ნაფიცმსაჯული კი უბრალოდ მხოლოდ დინებას მიჰყვება. ყველას საკუთარი ლოგიკური თუ აზრს მოკლებული პოზიცია ამოძრავებთ, თუმცა საბოლოოდ ნომერ მერვე მოახერხებს, რომ ეტაპობრივად გადაიბიროს და გადაარწმუნოს დანარჩენი მსაჯულები, ეს პროცესი კი საკმაოდ დიდხანს გრძელდება.

სპექტაკლი თავისი გამომსახველობითი ფორმებით ნაკლებად რეალისტურია, მაგრამ თვალსაჩინოდაა ასახული თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეულის აზრი, ეს ფაქტობრივად უნდა მოვიაზროთ, როგორც მისია იმისათვის, რომ ხელი არ შეუწყოს საზოგადოების დეგრადაციას. მსახიობები გულგრილ გმირებს გვაჩვენებენ, რომლებიც გაბოროტებულნი არიან, თუნდაც იმის გამო, რომ არაჯანსაღ გარემოში გაიზარდა. ან თუნდაც ისმის კითხვა თუ რაზეა დამოკიდებული ადამიანის აღზრდისას მისი პიროვნებად ჩამოყალიბება: „წესიერ ოჯახში არ შეიძლება მკვლელი გაიზარდოს?“.

„მამალი რომ სცენაზე დგას ბოლოს უნდა იყივლოს“
ტექსტი აგებულია სახარებისეულ სიუჟეტებზე, სპექტაკლში კი ყოველივე ეს თვალსაჩინო და მარტივი ალეგორიული ენითაა გადმოცემული. ნაფიცმსაჯულთა შორის ჩვენ შეგვიძლია ამოვიცნოთ პეტრე მოციქულის პროტოტიპი. როდესაც ერთ-ერთი პერსონაჟი, რომელიც თავისი გადაწყვეტილების მიღებისას შიში აბრკოლებს გაგვახსენებს ბიბლიის მუხლს: „ჭეშმარიტად გეუბნები შენ: „ამაღამ სანამ მამალი იყივლებდეს, სამჯერ უარმყოფ მე“.


ასევე საინტერესოდ გადაწყვეტილია დავრდომილის განკურნების სცენაზე წარმოდგენა. აქ მსახიობს (გიორგი გიორგიძე) რთული ამოცანა აქვს დაკისრებული, რადგან მას უწევს ისეთი გმირის განსახიერება, სადაც მარტივია პათეტიკის აღმოცენება. ამ მხრივ, სასიხარულოა, რომ მსახიობი ზომიერებას ინარჩუნებს.

სცენაზე ამ ორგანულობის შესაქმნელად, მნიშვნელოვანია თანხვედრა იმ მდგომარეობისა, რაც კონკრეტულ მოცემულობაში გააჩნია პერსონაჟს და გამომსახველობითი ფორმები, სადაც შეთანხმებული უნდა იყოს მოქმედება, ჟესტიკულაცია, ხასიათი, ხმის ტემბრი... ეს განსაკუთრებით გამოვლინდა ნომერ პირველი მსაჯულის პერსონაჟთან (მსახიობი დავით ჩოგოვაძე), ამდენად,  მისი შექმნილი ტიპაჟი ორგანული და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. 

სპექტაკლი არ არის გადატვირთული პირობითი ელემენტებით, არამედ შექმნილია პირქუში ატმოსფერო. ძალიან მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ გარემო. სპექტაკლში მოქმედება არ ხდება სასამართლოში, მაგრამ ფაქტია, რომ ერთ ოთახში გამოკეტილნი არიან, დარღვეულია კომფორტის ზონა, კონფორმიზმი ჭარბობს და გავლენის ქვეშ არიან მოქცეულნი. გიორგი სიხარულიძის რეჟისორულ გადაწყვეტაში პირველი კენჭისყრა ფარულად ხდება და არა ხელის აწევით, ამიტომ პერსონაჟების შორის კამათი ნელ-ნელა ცხარდება. ყოველივე ამაზე დაყრდნობით, ყურადღება მინდა გავამახვილო სცენოგრაფიაზე (მხატვარი - თეო კუხიანიძე), სპექტაკლში გვხვდება მინიმალისტური დეკორაცია, ძირითადად თეთრ ფერში გადაწყვეტილი, მხოლოდ ქმედითი რეკვიზიტები და მაქსიმალურად ინტიმური გარემო, სადაც ჩნდება არაერთი ასოციაცია თუ სად ხდება მოქმედება.

ასევე მინდა აღვნიშნო მუსიკის როლი სპექტაკლში. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მეტ დაძაბულობას სძენს, თუმცა მუსიკალური გაფორმების ფორმა, რომ მოქმედება ჩერდება და ვუსმენთ მუსიკას, ოდნავ გადაჭარბებულად აღვიქვი.

მთელ ამ პროცესში ცხარე კამათი ვითარდება და ცდილობენ, რომ ჭეშმარიტებად წარმოადგინონ საკუთარი აზრი. შესაბამისად, აქ მკაფიოდ იკვეთება ძალაუფლებისადმი ლტოლვა და დამოკიდებულება, რომ მთავარი ღირებულება ხდება ეჭვი, პასუხისმგებლობას ყველა თავს არიდებს და ამავდროულად იკისრებს. წარმოდგენა თავისი არსითა და ფორმით იძლევა საშუალებას დააფიქროს მაყურებელი, რადგან ასახულია ვრცელი ადამიანური ფსიქოლოგია და მისი სხვადასხვა საინტერესო ასპექტები. რეჟისორი და მსახიობები სცენიდან გვეუბნებიან, რომ მართლმსაჯულება უნდა იყოს მეტად ზნეობრივი, მეტად ადამიანური და მეტად პასუხისმგებლობიანი.

bottom of page