ტრაგედია, რომელიც არ შედგა!
ანტიკური ტრაგედია ტრაგედიისა და გმირის გარეშე
სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის
„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში
.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.
ლაშა ჩხარტიშვილი
ტრაგედია, რომელიც არ შედგა!
ანტიკური ტრაგედია ტრაგედიისა და გმირის გარეშე
ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის, ახლახანს რეკონსტრუირებულ შენობაში, ახალი სეზონის პირველი პრემიერა - სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით დოიაშვილმა წარმოგვიდგინა. ყოფილი მუსიკისა და დრამის თეატრის ისტორიის ახალი ეტაპი ახალ შენობაში ანტიკური დრამატურგიის უმნიშვნელოვანესი ქმნილებით, ტრაგედიის ჟანრის ერთ-ერთი მწვერვალის სცენური ინტერპრეტაციით დაიწყო. რეჟისორის არჩევანი ანტიკური დრამატურგიის გამორჩეულ ნიმუშზე კონცეპტუალურია, დამაინტრიგებელი, საკამათო და შესაბამისად, საინტერესოც. დავით დოიაშვილმა პანდემიის პერიოდის თეატრისთვის სწორედ ის კლასიკური ნაწარმოები შეარჩია, რომელიც ეპიდემიის გარდა, ბევრ მნიშვნელოვან პოლიტიკურ, სოციალურ თუ ადამიანურ პრობლემებს ეხმიანება, რომელიც აგერ უკვე 26-ე საუკუნეა (ანტიკური პროფესიული თეატრის ჩამოყალიბებიდან დღემდე) ვერ გადაჭრა კაცობრიობამ. დავით დოიაშვილი კი რადიკალურად ახლებური მიდგომით, შეეცადა სოფოკლეს ქმნილების ჩვენს თანამედროვეობაში გადმოტანას უახლესი თეატრისთვის დამახასიათებელი ფორმებითა და საშუალებების თანხლებით, რომელიც რეჟისორს, როგორც ვხედავთ, საკმაოდ ბევრი დაუგროვდა. ახალი თეატრი სცენის ტექნიკური აღჭურვილობით ახალ შესაძლებლობებს აჩენს, რომლის პრაქტიკაში გამოყენება რეჟისორის ერთ-ერთი მიზანი გახდა (შესაძლოა მკითხველმა ისიც თქვას, აბა სხვაგვარად როგორ უნდა იყოსო, თუ ის რეჟისორის თვითმიზანი არ არის, მაგრამ თუ ჩვენს რეაბილიტირებულ, ტექნიკურად აღჭურვილ თეატრებში დადგმულ სპექტაკლებს გადავავლებთ თვალს, მათ დიდად არ ეტყობათ ის რესურსი, რაც თეატრშია, რადგან მისი პრაქტიკაში გამოყენება და ათვისება თითქმის არ ხდება).
ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში მისულ იმ მაყურებელს, რომელიც სოფოკლეს „ოიდიპოს მეფის“ კლასიკურად გააზრებულ და კლასიკური ხერხებით დადგმულ წარმოდგენას ელოდება, იმედები გაუცრუვდება, ვინაიდან მას ცნობილი ტრაგედიის ანარეკლები და ნამსხვრევები დახვდება. მესმის რომ ყველას თავისი სოფოკლე და ოიდიპოსი ჰყავს, ზოგს მოგონებებში შემორჩენილი და ზოგს წარმოსახვით შეთხზული, მაგრამ თუ XXI საუკუნის თეატრში მიდიხარ (თანაც პანდემიის პერიოდის, როცა თეატრი სრულ ფუნქციურ განახლებასა და ახალი ფორმების ძიებაზეა ორიენტირებული), რატომ უნდა გქონდეს მოლოდინი, რომ იქ სწორედ შენი სოფოკლე და ოიდიპოსი დაგხვდება და ზუსტად ისე გააზრებული, როგორც (ერთი შეხედვით) არის დადგენილ-მიღებული და თან ისეთი რეჟისორისგან, რომლის მთელი შემოქმედება სწორედ დამყაყებული, კანონად ქცეული დოგმების ნგრევისკენაა მიმართული. დავით დოიაშვილისთვის, კლასიკური ნაწარმოების სცენური ინტერპრეტაციისას უცხო არ არის ჟანრის ცვლილება, ე.წ. მეორე პლანის თემის წინ წამოწევა და სპექტაკლის პრიორიტეტულ კონცეპტად ქცევა, ლიტერატურულ პირველწყაროში ისეთი წახნაგების წარმოჩენა, რომლისთვისაც თითქოს აქამდე ყურადღება არავის მოუქცევია... ამჯერადაც, დავით დოიაშვილი ტრადიციას არ ღალატობს და სრულიად ახლებურად გააზრებულ „ოიდიპოს მეფეს“ წარმოგვიდგენს. ერთი შეხედვით, რეჟისორი ორიენტირებულია წარმოდგენის ფორმასა და გამომსახველობით საშუალებებზე, პლაკატურობაზე, ტექნიკური პროგრესის მაქსიმალურ ათვისება-გამოყენებაზე, ვიზუალური ემოციურობის სიმძაფრესა და მაყურებლის მაქსიმალურ ჩართულობაზე წარმოდგენის მსვლელობის დროს (პირდაპირი ინტერაქტივისა და სცენაზე მოვლენების მუდმივი მონაცვლეობის საშუალებით), მაგრამ ეს ყველაფერი, რომელიც ჩანჩქერივით მოედინება უწყვეტად სცენიდან, ფასადურია, რომელსაც ზედაპირზე შეუიარაღებელი თვალით ვხედავთ, მაგრამ თუ ნანახის გააზრებას დაიწყებს მაყურებელი, აღმოაჩენს, რომ დავით დოიაშვილმა ისეთი მხატვრული ნაწარმოები შექმნა, რომელიც ყველაზე კარგად გამოხატავს ჩვენს ეპოქას, რომელშიც ვცხოვრობთ და იმ პროცესებს, რომელიც გლობალურად მიმდინარეობს სათეატრო ხელოვნებაში. ვასო აბაშიძის ახალი თეატრის ახლებური „ოიდიპოს მეფე“ ჩვენი დროის ანარეკლია - მოჩვენებითი, ყალბი, ფასადური, ზიზღითა და ეჭვით გამსჭვალული, სტრესითა და პრობლემებით დამძიმებული სამყარო.
დღეს ხელოვნებაში (ლიტერატურაში, თეატრში) გმირის პრობლემა ახლებურად დგას. ფაქტობრივად, გაქრა ან სახე იცვალა გმირის კლასიკურმა გაგებამ, როცა ნაწარმოების მთავარი პერსონაჟი ფიზიკურადაც კი ეწირება გლობალური იდეალების დამკვიდრებისთვის ბრძოლას. როცა ტრაგედიის გმირი (ანტიკურ ლიტერატურაში) ძლიერი ადამიანია და მისი ბრძოლა დაბრკოლებებთან (განსაკუთრებით, ბედისწერასთან), უმეტეს შემთხვევაში, სამართლიანია. როცა გმირის ტანჯვა მაყურებელში თანაგრძნობას იწვევს... სოფოკლეს ტრაგედიებში ყველაზე მეტად შემცირებულია „ბედის“ მნიშვნელობა. ბედი ღუპავს ადამიანს, რომელიც თავადაა ბრმა, უსამართლო და ზიზღის აღმძვრელი. კლასიკური გმირები თეატრების სცენებიდან ეტაპობრივად ქრებიან და მათ ახალი ეპოქის გმირები ანაცვლებენ. დავით დოიაშვილის სპექტაკლშიც ოიდიპოსი (კახა კინწურაშვილი) ახალი ეპოქის გმირია, რომელიც უფრო მეტად ზრუნავს თავისი ძალაუფლებისა და გავლენის შენარჩუნებაზე, ვიდრე თავის ხალხზე. მას არ სიამოვნებს კრიტიკის და განსხვავებული, მისთვის მიუღებელი აზრის მოსმენა (მაგრამ აინტერესებს) მანამ, სანამ ის იძულებული არ გახდება მოუსმინოს მისთვის უსიამოვნო ინფორმაციას... ოიდიპოსიც, ისე როგორც პიესის სხვა მოქმედი პერსონაჟების უმეტესობა, გაურბიან შექმნილ რეალობას და გამოგონილ, შეთხზულ, ხელოვნურად შექმნილ სამყაროში ურჩევნიათ ცხოვრება, არ სურთ თვალის გასწორება სიმართლისთვის, რადგან სიმართლის ცოდნას ბედნიერების დაკარგვა, უბედურების მოტანა და შექმნილ-მიღწეულის დანგრევა- გაცამტვერება შეუძლია. ამიტომაც, აღარ არსებობენ გმირები, რომლებსაც ძალუძთ პასუხისმგებლობის აღება, მათ არც სურვილი აქვთ და არც რესურსი ამისთვის.
რეჟისორი საგრძნობლად შორდება სოფოკლეს ტრაგედიის ტრადიციულ გააზრებას, სადაც კლასიკური გმირი ბედისწერასთან ბრძოლაში უძლურია, შესაბამისად მისი მსხვერპლი... დავით დოიაშვილის სპექტაკლში კი კახა კინწურაშვილი, რომელიც ოიდიპოსის როლს ასრულებს, ახერხებს საერთოდ დაუსხლტეს ბედისწერასაც, პასუხისმგებლობასაც და თავის ხალხსაც (ამ შემთხვევაში მაყურებელს). ამიტომაც ტრაგედია, რომელსაც ელის მაყურებელი არ შედგება!
რეჟისორისთვის ეპიდემია, მისი გამომწვევი მიზეზები და შეჩერების გზები, ან ოიდიპოსის ტრაგედია, მისი ბედისწერასთან ბრძოლა კი არ აღმოჩნდა მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე, არამედ ადამიანის სულში, მის შინაგან სამყაროში დატრიალებული ქარიშხალი. დავით დოიაშვილისთვის მნიშვნელოვანი ადამიანია, მისი განცდები, შინაგანი მდგომარეობა და მისი ადგილი სტრესულ, დაუნდობელ წუთისოფელში.
სპექტაკლში მოქმედება ჩვენს თანამედროვეობაში - პანდემიისას მიმდინარეობს, პერსონაჟებიც იმ რეგულაციებს იცავენ, რომელიც ახალმა დროებამ დაუყენა კაცობრიობას. რეჟისორი რადიკალურად ემიჯნება ანტიკური ტრაგედიის ქართულ სცენაზე დადგმის ტრადიციასაც. ამიტომაც, წარმოდგენაში თვალს ვერ მოკრავთ ვერც მონუმენტურ დეკორაციას გაწყობილ ანტიკური არქიტექტურისთვის დამახასიათებელი დეტალებით (მხატვარი ანა ნინუა) და ვერც ქიტონებში გამოწყობილ პერსონაჟებს (კოსტუმების მხატვარი ანანო მოსიძე). დავით დოიაშვილი ანტიკურ ტრაგედიას უდგება როგორც თანამედროვე დრამას, რომელიც განკუთვნილია თანამედროვე მაყურებლისთვის, რომელიც ბოლო პერიოდში საგრძნობლად შეიცვალა და თეატრში გასართობად, ემოციების საჯაროდ გასაზიარებლად, დროის სასიამოვნოდ და საინტერესოდ გასატარებლად და საკუთარი თავის აღმოსაჩენად, სანახავად მიდის. შექმნილი ვითარება კარგად აქვს გააზრებული დავით დოიაშვილს და ის ყველა ხერხს მიმართავს მაყურებლის დასაინტერესებლად, მის სპექტაკლის მსვლელობისას პროცესში ჩასართავად. ამიტომაც ის იყენებს (თუ არ ვცდები, მის შემოქმედებაში პირველად, ყოველ შემთხვევაში საქართველოში) პირდაპირი ინტერაქტივის ხერხს, როცა სპექტაკლის პერსონაჟებთან, მაყურებელი უშუალო შემხებლობაში არიან ერთმანეთთან. პირდაპირ, შემხებლობით ინტერაქტივს დავით დოიაშვილის „ოიდიპოს მეფეში“ დიდი ადგილი უკავია, მაგრამ რამდენად თამაშობს ის მნიშვნელოვან როლს სპექტაკლში და რა მიზნით იყენებს მას რეჟისორი? ინტერაქტივის დიდი დოზით გამოყენების მიზეზად ახალი ეპოქის თეატრის მთავარი გამოწვევა - მაყურებლის უშუალო მონაწილეობა წარმოდგენის მსვლელობის პროცესში და მისი მაქსიმალური ჩართულობა მგონია.
დავით დოიაშვილმა შესანიშნავად იცის, რომ თეატრი ხდება მაყურებლის. მაყურებელი უფრო და უფრო მეტად იწყებს თამაშს, იკვეთება ტენდენცია, როცა თეატრი მაყურებელს სთავაზობს სივრცეს იმისთვის, რომ საკუთარი თავი აღმოაჩინოს და შეიგრძნოს. თეატრი უფრო მეტად იჭრება და გადადის მაყურებელში.
დავით დოიაშვილიც გამიზნულად მიდის ტრადიციების მოყვარული მაყურებლის წინააღმდეგ, რომელსაც სავარძელში მოკალათებულს ურღვევს კომფორტის სივრცეს, იჭრება მის პირად სივრცეში და აკისრებს მის წილ პასუხისმგებლობას, ვიდრე ეს მხოლოდ დამკვირვებლობაა, პასიური თვალის მიდევნება სცენაზე წარმოდგენილის მიმართ. რეჟისორი ფაქტობრივად, ძალადობრივი გზით, მიზანმიმართულად, მაყურებელს აიძულებს იგრძნოს მისი წილი პასუხისმგებლობა მსახიობებთან ერთად, რაც გარკვეულ უხერხულობას და დისკომფორტს უქმნის მაყურებელთა დიდ ნაწილს. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მაყურებლის გარკვეული რაოდენობა პირდაპირი ინტერაქტივის დროს ცდილობს მსახიობებს დაუსხლტეს, საბოლოოდ მაინც ერთვება (იძულებით) პროცესში. ინტერაქტივის წარმატებულად წარმართვა მთლიანად მსახიობების პასუხსიმგებლობაა, მათ პროფესიულ უნარებზეა დამოკიდებული შედგება თუ არა უშუალო კომუნიკაცია მაყურებელთან, ცხადია ამ პროცესის ეფექტურად წარმართვა მაყურებელზეცაა დამოკიდებული, რომელიც ინერტულია და პასიური (ისე როგორც ყველგან). მსახიობები დარბაზიდანვე იწყებენ ინტერაქტივს, მაყურებელი მეფე ოიდიპოსის ხალხთან საჯარო შეხვედრის უნებლიე მონაწილე ხდება. სპექტაკლის ეს ეპიზოდიც, ისე როგორც სხვა დანარჩენი, დღევანდელობის მხატვრულ ანარეკლს მოგვაგონებს, რომელიც ჩვენც გვინახავს, ან მსგავსი სიტუაციის მონაწილე ვყოფილვართ. დარბაზში ერთ-ერთი მაყურებელი (სინამდვილეში მსახიობი ნატა ბერეჟიანი) ხალხის პროვოცირებას ახდენს, რათა საზოგადოებამ ხმა აღიმაღლოს ხელისუფლის წინაშე, რომელიც მის მოტყუებას ცდილობს. მაგრამ საზოგადოება დუმს, ინერტულია და მოვლენების განვითარებას აკვირდება. ამის შემდეგ იწყება უშუალო იძულებითი დიალოგი მაყურებელთან, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს. მსახიობები მაყურებელს უსვამენ კითხვებს პანდემიის შესახებ, თუ ვისი ბრალია მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაცია, ან თუნდაც ის, რომ უმუშევრობა ქვეყანაში კვლავ ყველაზე აქტუალურ პრობლემად რჩება. ყოველი სპექტაკლის დროს ეს ინტერაქტივი სხვადასხვაგვარად წარიმართება, რაც დამოკიდებულია თავად მაყურებელზეც, მის აქტივობასა და ჩართულობაზე. რეჟისორს ინტერაქტივი ჩაფიქრებული აქვს როგორც წარმოდგენის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი. მაყურებელთან კომუნიკაციის ეს მიუჩვეველი (ბევრისთვის მიუღებელი) პროცესი ქოროს: ნატა ბერეჟიანს, ანა ქურთუბაძეს, გიგი ქარსელაძეს, გიორგი ტორიაშვილს და ლევან კახელს მიჰყავთ. ანტიკური ტრაგედიის ქოროსგან განსხვავებით, მათ სულ სხვა დატვირთვა აქვთ სპექტაკლში. ქოროდან განსაკუთრებით ქალები: ანა ქურთუბაძე და ნატა ბერეჟიანი გამოირჩევიან, რომლებიც არა მხოლოდ მაყურებლის პროვოცირებას ახდენენ, არამედ დროდადრო კომენტარებსაც ურთავენ რესპონდენტის გამოთქმულ მოსაზრებებს, ზუსტად ისე, როგორც ეს რეალობაში ხდება სატელევიზიო ტოქ-შუებსა თუ მიტინგებზე (რომელიც ლამის ყოველდღიურობად იქცა ჩვენს ქვეყანაში). მაყურებელთან მჭიდრო კომუნიკაციას საკმაოდ დიდი ადგილი უჭირავს სპექტაკლში, რაც არა მხოლოდ იძულებით დიალოგში გამოიხატება მხოლოდ, არამედ მაყურებლისადმი გარკვეული მისიის დაკისრებასა („ხელები მაღლა“) და მითითება-რეკომენდაციებშიც კი, მაგალითად, როცა ქორო მაყურებელს მოუწოდებს არ გამორთონ მობილური ტელეფონები (მსახიობები ითხოვენ მხოლოდ ხმის გამორთვას), რადგან ის წარმოდგენის მსვლელობის დროს დასჭირდება დარბაზში მყოფთ და თან დასძენენ, რომ მათთვის უხერხულობის შექმნის მიუხედავად, მსახიობებს ისინი სჭირდებათ სპექტაკლის მსვლელობის დროს, რითაც სპექტაკლზე მოსულ პუბლიკას გარკვეული დამატებითი როლი და ფუნქცია ენიჭება. წარმოდგენის ფინალისკენ დრო ისევ ინტერაქტივს ეთმობა, სადაც ქორო, მაყურებელს ონლაინ გამოკითხვაში რთავს: გაგრძელდეს თუ არა წარმოდგენა. გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით, დამსწრეთა უმრავლესობა, ტრაგედიის გათამაშების გაგრძელებას ითხოვს, რადგან მას აინტერესებს (მიუხედავად იმისა, რომ იცის ტრაგედიის სიუჟეტი) როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ მაყურებლის არჩევანს მეფე ოიდიპოსის როლის შემსრულებელი მსახიობი კახა კინწურაშვილი უგულებელყოფს, რომელიც სცენას ტოვებს და შესაბამისად, ტრაგედიის ღია ფინალს. მოულოდნელად დასრულებული წარმოდგენა ერთგვარ შოკს ჰგავს, მაყურებელს ოიდიპოსის როლის შემსრულებლის განცხადებაც შოუს ნაწილი ჰგონია, ვინაიდან სამყაროში, რომელსაც ახალი თეატრის მსახიობები წარმოგვიდგენენ ზღვარი სიმართლესა და ტყუილს შორის წაშლილია, ვინაიდან ის არ არსებობს. სიმართლის დადგენაში ვერც საინფორმაციო საშუალება ეხმარება მაყურებელს, რომელიც ფაქტის ინტერპრეტირებულ, შეთხზულ, მისეულ ვერსიას აწვდის საზოგადოებას. შესაბამისად, გამოდის, რომ ინფორმაციასაც კი ვერ ვიღებთ მართალს და ობიექტურს. დავით დოიაშვილის სპექტაკლში განსაკუთრებული როლი და ადგილი მასობრივ საინფორმაციო საშუალებებს ენიჭებათ. რეჟისორი გვიხატავს სამყაროს, რომელიც სწორედ საინფორმაციო საშუალებების მიერ იმართება, რომელიც მომხდარი ფაქტის იმ რაკურსით ტირაჟირებს, რომელიც მის ინტერესებს ემთხვევა. სპექტაკლში ფართოდ და საკმაოდ კრიტიკულად არის წარმოჩენილი საინფორმაციო საშუალებების როლი და გავლენა საზოგადოებაზე, ხელისუფლებაზე... საინტერესოდ (აზრობრივი თვალსაზრისით) და ეფექტურად (ფორმის მხრივ) არის გადაწყვეტილი ოიდიპოსისა (კახა კინწურაშვილი) და კრეონის (დავით ბეშიტაშვილი) დიალოგი, რომელიც სატელევიზიო სტუდიაში, ტოქშოუშია გადატანილი, რომელიც ქოროს წარმომადგენელს გიგი ქარსელაძეს მიჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ გიგი ქარსელაძე თანამედროვე ჟურნალისტისა და ტელეწამყვნის კრებით სახეს ქმნის, მის მიერ შეთხზული ტელეწამყვანის მხატვრული სახით, ძნელი არ არის რეალური პროტოტიპის ამოცნობა და ჩვენც სპექტაკლში, როგორც სარკეში ვხედავთ ჩვენს თავს. მთავარია გვსურდეს სარკეში ჩახედვა და საკუთარი თავის გვერდიდან დანახვა. სატელევიზიო დებატები კრეონსა და ოიდიპოს შორის, პირდაპირ ეთერში, მძაფრად და დრამატულად მიმდინარეობს, კონფლიქტი კულმინაციასაც აღწევს, როგორც რეალურ ცხოვრებაში. სპექტაკლის მოქმედი პერსონაჟები (მათ შორს ტელეწამყვანიც), პოლიტიკოსების მსგავსად, წონასწორობას და სახეს კარგავენ.
კახა კინწურაშვილის ოიდიპოსი შარავანდედით მოსილი მეფეა, სპექტაკლიდან დიდად არ ჩანს, რომ ის ხალხის საყვარელი მეფეა (შესაძლოა იყო, მაგრამ ახლა აღარ). ჯერ კიდევ პირველ შეხვედრაზე ხალხთან შარავანდედმოსილი მეფე -კახა კინწურაშვილი ემოციურად მიმართავს ხალხს და ამხნევებს. ეს მიმართვა საჯარო შეხვედრაზე პირდაპირი ეთერითაც გადაიცემა, სცენაზე მაყურებელი ხედავს მონიტორებს, რომელიც სხვადასხვა ტელევიზიების იმიტაციას ქმნის. ირკვევა, რომ ხალხი გადაღლილია, მისმა მხარდამჭერებმაც იკლეს და მეფის ამალა იძულებულია დაიქირაოს მოქალაქეები, რომლებიც მისი მხარდამჭერების იმიტაციას შექმნიან (ამ როლს შესანიშნავად ასრულებს ანა ქურთუბაძე). აი, ასეთ შეფუთულ, ფარისევლურ სახელმწიფოს წარმოგვიდგენს რეჟისორი, სადაც მეფეს ხალხში გულწრფელი მხარდამჭერიც კი არ ჰყავს (მათ წინასწარმომზადებულ ტექსტს აწვდიან). სპექტაკლის ეს ეპიზოდი, ისე როგორც ბევრი სხვა, პირდაპირ ასოციაციას ბადებს ჩვენს თანამედროვეობასთან. მინიშნებები კი იმდენად ხილულია და ისეთი პლაკატური, რომ მისი „გადამუშავება“ თანამედროვე მაყურებელს არც სჭირდება. სპექტაკლს ქოროს გარდა, ერთ-ერთი წარმმართველიც ჰყავს, კორინთელი მოაბე ტატო ჩახუნაშვილი, რომელიც ერთგვარი მოურავ-პროტოგონისტის ფუნქციას ითავსებს, რომლის პერსონაც სპექტაკლის სხვა პერსონაჟებისგან განსხვავებით, რამდენიმე ეპოქას წვდება (ამაში მას კოსტიუმიც უწყობს ხელს და თამაშის მანერა), რომელიც თითქოს ყოველთვის იყო და სულ იქნება.
კახა კინწურაშვილის ოიდიპოს მეფე ჩვენი დროის ხელისუფალია, სახელმწიფო და პირადი პრობლემებით დატვირთული, რომელიც თავდაპირველად ამ პრობლემებზე თავის არიდებას, ასხლეტას ცდილობს, ხოლო შემდეგ მისგან გაქცევას. ადარდებს ძალაუფლება და ადარდებს პირადი ტრაგედიაც, რომელიც მას ბოლომდე ანადგურებს. მსახიობი ყოველგვარი პათეტიკის გარეშე ხატავს თანამედროვე ოიდიპოს მეფის მხატვრულ სახეს. მსახიობს ერთდროულად რთული მხატვრული და ტექნიკური ამოცანა აკისრია. ერთი მხრივ, მან უნდა წარმოაჩინოს თანამედროვე ხელისუფალი და ადამიანი, რომელიც პირად, ფაქტობრივად გადაუჭრელ პრობლემებს ებრძვის, მეორე მხრივ, მას უწევს მუშაობა ერთდროულად ორ სივრცეში - ცოცხლად დიდ დარბაზში მსხდომ მაყურებელთან და კამერებთან, რომელიც live stream -ის საშუალებით გადაიცემა კვლავ დარბაზში ეკრანების საშუალებით. ემოციის კონტროლი ამ მოცემულობაში ბევრ სირთულესთან არის დამოკიდებული, რომელსაც მსახიობი წარმატებით ართმევს თავს. თუმცა სპექტაკლში არ ჩანს (ან მე გამომეპარა) რატომ და რა მოტივით იწყებს თებეს წინამორბედი მეფის, მისი ცოლის - იოკასტეს პირველი ქმრის - ლაიოსის მკვლელობის გამოძიებას. გამოძიების შემდეგი ეტაპები კი ფაზლივით ეწყობა და ის დრამატურგიულად თანმიმდევრულად და მწყობრად არის გადმოცემული. დავით დოიაშვილის სპექტაკლში კახა კინწურაშვილის ოიდიპოსი ძალაუფლების დაკარგვით შეშინებული მეფეა, მას არ უყვარს სიმართლის მოსმენა (ისე როგორც ყველა ხელისუფალს), ნაკლებად ენდობა გარშემომყოფებს, მათ შორის, ნათესავებს... სპექტაკლში ოიდიპოსის დამოკიდებულება იოკასტესადმი (ნინო კასრაძე) უფრო ვნებაზეა ორიენტირებული, ვიდრე წრფელ სიყვარულზე (ისინი არაერთხელ კავდებიან სექსით, მათ შორის, მაშინაც, როცა თითქმის გარკვეულია, რომ მისი მეუღლე დედამისია. ამ დროს, ოიდიპოსს არ სურს სიმართლის დაჯერება, თუმცა გულის სიღრმეში ის გრძნობს, რომ ეს უკანასკნელი ალერსია ცოლთან. ამ ეპიზოდში კახა კინწურაშვილი მხოლოდ რამდენიმე წამი შეყოყმანდება, მაგრამ იმდენად ძლევს ვნება, რომ საკუთარ მორალსაც გადააბიჯებს). კახა კინწურაშვილის ოიდიპოსი ბედისწერისგან მიღებულ გამოწვევას ვერ უმკლავდება, იგი განიცდის მის თავს დამტყდარ უბედურებას, მაგრამ ეს განცდა მაყურებელზე გადამდები არ აღმოჩნდება, მაყურებელი ამ დრამას გულგრილი ადევნებს თვალს, ისე როგორც ტელევიზიის საშუალებით, ფაქტობრივად ყოველდღიურად მოწოდებულ ინფორმაციას ადამიანთა უბედურების შესახებ და საზოგადოებაც ისე მიეჩვია ნეგატივს, რომ გულგრილი რჩება მის მიმართ. ოიდიპოსი თვალებს ეკრანს მიღმა ითხრის, მაგრამ მაყურებელი დეტალებს მსხვილი ხედით მონიტორებიდან ხედავს, ისე როგორც რეალურ ცხოვრებაში პირდაპირ ეთერში რომ ვადევნებთ თვალს სხვათა თავს დამტყდარ პირად ტრაგედიას. სპექტაკლში, ისე როგორც დღეს ჩვენს საზოგადოებაში, არაფერი რჩება დამალული, ყველაფერი პრესის ობიექტივში ხვდება და ჩვენც, როგორც მძაფრსიუჟეტიან ფილმს, ისე ვაკვირდებით მოვლენებს დისტანციურად.
ოიდიპოსის ფიქრებში პირველ ბზარს კრეონი (დავით ბეშიტაშვილი) აჩენს. მათ შორის კონფლიქტი კულმინაციას აღწევს. ოიდიპოსი - კახა კინწურაშვილი კონტროლს კარგავს, განსხვავებით კრეონისგან, რომელიც ემოციებს წარმატებით აკონტროლებს. მათი კონფლიქტი საჯაროა და რეჟისორმა ის ტოქშოუს სტუდიაში გადაიტანა. მაყურებელიც ამ დისკუსიას თვალს ეკრანების საშუალებით და ტელე სტუდიიდან (თეატრის დარბაზიდან) ადევნებს. დავით ბეშიტაშვილი არ ხატავს ისეთ კრეონს, რომელსაც სოფოკლეს ტრაგედიიდან „ანტიგონე“ ვიცნობთ, რომელიც ნამდვილი ტირანია. აქ ის ჯერ ტირანად არ ჩამოყალიბებულა, მიუხედავად იმისა, რომ დავით ბეშიტაშვილის კრეონი ოიდიპოსთან სრულიად უდანაშაულოდ გამოიყურება, მასში მაინც იგრძნობა ცდუნება ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად. ოიდიპოსს სიმშვიდეს ურღვევს კრეონის არსებობა და მას ჯერ კიდევ გაანალიზებული არ აქვს კრეონის ზრახვანი, როცა მეორე ბზარს მისანი აჩენს მის გონებაში. ამირან ამირანაშვილი ბრმა მისანს წარმოგვიდგენს უტრირებული ქალის მკერდით, რომელიც ყველაფერს ხედავს ფიზიკური სიბრმავის მიუხედავად და ეს მისი გამოცდილების დამსახურებაა. გარდა იმისა, რომ ბრმა მისანი ბრძენია, ეშმაკი და გაიძვერაც კია, რადგან მან ბევრი ხელისუფალი გამოიცვალა, მაინც არ კარგავს აქტუალობას და მნიშვნელობას ოიდიპოსის კარზეც. ამირან ამირანაშვილის მიერ განსახიერებულ მისანს შესანიშნავად აქვს გაცნობიერებული მისი როლი და ფუნქცია. იცის, რომ სიმართლე უნდა თქვას და მას ამის სათქმელად ერთდროულად რამდენიმე ფორმა აქვს შემუშავებული. მწვავე დიალოგი მისანთან ოიდიპოს მოსვენებას უკარგავს და აქედან იწყება მისი როგორც მეფისა და ადამიანის დაცემის შეუქცევადი პროცესი. სწორედ ამ დროს ჩნდება ოიდიპოსის ერთადერთი „ხსნა“ იოკასტე (ნინო კასრაძე), რომელიც ჯერ პოტენციურ, ხოლო ფინალში რეალიზებულ უბედურებად იქცევა. მეფე და დედოფალი დატყვევებულები არიან უნდობლობით. „არავის სიტყვის აღარ მჯერა, აღარც ღმერთების“ - ამბობს ნინო კასრაძის გმირი, მაგრამ მათი უნდობლობა უფრო სიმართლისგან გაქცევითაა განპირობებული. ნინო კასრაძის იოკასტე ძლიერი ქალია, მეტი გამოცდილებით (ვიდრე ოიდიპოსი) და გამჭრიახობით, ის მონსტრივით მრისხანეცაა და ბავშვივით მიამიტიც, მკაცრიც და ლოიალურიც, მაგრამ ის ერთდროულად დედოფალია, მეუღლე და დედაა და იმის გაცნობიერება, რომ ის სამივე ფუნქციას კარგავს, მას საბოლოოდ ანადგურებს. მსახიობის მიერ წარმოდგენილი პერსონაჟი ამ დროს საბრალო, უსუსურ, ხავსს მოკიდებულ, უმწეო არსებად გადაიქცევა, რომელსაც მხოლოდ დედობრივი ინსტინქტი ძლევს. მისი ბოლო მონოლოგი თვითმკვლელობის წინ და თითქოს უმნიშვნელო ჟესტი, როცა ანტიგონესთან (დარო დოიაშვილი) ერთად ოიდიპოსსაც მიაწვდის კოვზით საჭმელს, როგორც პატარა ბავშვს, მაყურებელზე ძლიერ ემოციურ შთაბეჭდილებას ახდენს, რომელიც იწვევს თანაგანცდას და აცნობიერებს მის ტრაგედიას. ნინო კასრაძის იოკასტეს კი ამ დროს განადგურებულ სახეზე მის გულსა და გონებაში დატრიალებული ქარიშხალი აწერია... სწორედ აქ წყდება სპექტაკლის სიუჟეტი და ადგილი ისევ ინტერაქტივს ეთმობა (ბედისწერის შეცვლადობა-გარდაუვალობის თემაზე). მაყურებლის ონლაინ გამოკითხვის შედეგის მიუხედავად, გაგრძელდეს თუ არა სპექტაკლი, მსახიობი კახა კინწურაშვილი წყვეტს სიუჟეტს და სცენის სიღრმეში უჩინარდება, რომელიც ისეა გადანათებული, რომ თვალს ვერ უსწორებს მაყურებელი. მეტაფორულად ოიდიპოსი შუქს უერთდება, როგორც წმინდანი. თებეს მეფე კრეონი ხდება და წარმოდგენა ფაქტობრივად ისე მთავრდება, როგორც დაიწყო. საზოგადოებისა და ხელისუფალთა ჩაკეტილ წრეზე ბრუნვის პროცესი.
დავით დოიაშვილის „ოიდიპოს მეფე“ ის სპექტაკლია, რომელშიც ყველაზე მეტად გამოვლინდა უახლეს თეატრში გამოკვეთილი ტენდენციები, სადაც რეჟისორს, მსახიობს და ტექნიკურ პროგრესს ერთმანეთის კონკურენცია უწევთ... სადაც ცოცხალი და ვირტუალური ხელოვნება თანაბრად თანაარსებობენ, სადაც მაყურებელი აღარ არის პასიური დამკვირვებელი და მას მეტი პასუხისმგებლობა ენიჭება, ვიდრე აქამდე... ამ სანახაობას კი რეჟისორთან და მსახიობებთან ერთად მთელი გუნდი ქმნის, რომლებიც ერთმანეთთან ჰარმონიაში არიან. სცენოგრაფ ანა ნინუასთან და კოსტიუმების მხატვარ ანანო მოსიძესთან ერთად, ვიზუალზე ქორეოგრაფმა კოტე ფურცელაძემ და განათების მხატვარმა ია ნადირაშვილმა იმუშავეს. სპექტაკლის წარმატებაში კი, ფაქტობრივად გადამწყვეტი როლი ითამაშეს ალექსანდრე ჯავახიშვილმა (ვიდეო პროექცია), ივა ფეზუაშვილმა (ვიდეო), ალექსანდრე ქურდუბაძე (კომპიუტერული გრაფიკა) და აღსანიშნავია ისიც, რომ წარმოდგენის ვიზუალური კონცეფცია, ტექნიკურად გამართულად განხორციელდა პრაქტიკაში.
უახლეს თეატრში უკვე გაჩნდა ტერმინი ჰიბრიდული თეატრი, სადაც ერთმანეთს მხოლოდ თეატრის სახეობები, ფორმები და მიმდინარეობა კი არ ერწყმის ერთმანეთს, არამედ ჟანრები, რეალური და ვირტუალური სამყაროები, მეთოდები და სტილები. დავით დოიაშვილის სპექტაკლიც „ოიდიპოს მეფე“ სწორედ ამ გამოკვეთილი ტენდენციის კონტექსტში განიხილება, სადაც წაშლილია ყოველგვარი ზღვარი ჟანრისა და ტრაგედიის გმირის ცნების კლასიკურ გააზრებასთან, რეალურ და ვირტუალურ სამყაროებთან, ეპოქებთან და დრამატულ თეატრში არსებულ საშემსრულებლო მანერასთან. ამის დასტურია ამირან ამირანაშვილის, ნინო კასრაძისა და კახა კინწურაშვილის მიერ შექმნილი პერსონაჟები, რომლებიც სხვადასხვა თაობებს, ესთეტიკას, თეატრალურ სტილსა და მანერას წარმოადგენენ და სხვადასხვა სივრციდან ამ კონკრეტულ სპექტაკლში ერთ სიბრტყეზე აღმოჩნდებიან პირველწყაროდან აღმოცენებული, მათი ეპოქის (თეატრის) შესაბამისი სტილისტიკით, ერთგვარი ავთენტურობით (ამირან ამირანაშვილი მივიწყებულ თეატრს აცოცხლებს, ნინო კასრაძე პოეტურს, კახა კინწურაშვილი კი ყოფით-რეალისტურს). ისე როგორც წაშლილია ასაკობრივი ზღვარი ოიდიპოსსა და ლაიოსის მწყემსის როლის შემსრულებელს არჩილ სოლოღაშვილს შორის, რომელიც კახა კინწურაშვილთან ყმაწვილივით გამოიყურება და არა როგორც მოხუცი წინა ეპოქიდან. ამავდროულად, დეკონსტრუირებულია კრეონის შემთხვევაში თამაშის მანერა, რომელიც ზოგჯერ სრულიად ყოფითი და რეალისტურია, ზოგჯერ კი ილუსტრაციული, როცა მსახიობი ტექსტის ილუსტრაციას ჟესტიკულაციით ახდენს.
შესაბამისად, მაყურებელმა ნახა მულტიჟანრული და მულტისტილისტური წარმოდგენა, რომელიც ანგრევს ტრადიციულ შეხედულებებს და ჩარჩო-კანონებს როგორც ჟანრის, ისე გმირის ცნების გაააზრებაზე. ვფიქრობ, ახალ თეატრში დავით დოიაშვილმა ძიებები ახალი ხედვების მოსინჯვით დაიწყო და იმედს ვიტოვებ, რომ კვლევა-ძიების პროცესი მის მომდევნო სპექტაკლებში გაგრძელდება.
P.S. უკვე თავი შევაწყინე ალბათ მკითხველს და რა სამწუხაროა, რომ ამდენ ასეულ სტრიქონში ვერ შევძელი ყველაფრის თქმა სპექტაკლზე. დავით დოიაშვილის „ოიდიპოს მეფე“ იმდენი დეტალითაა დატვირთულ-შემკობილ-შეფუთული, რომ ყველაფრის გადმოცემა თითქმის შეუძლებლად მიმაჩნია, არადა სპექტაკლის თითქმის ყოველი ეპიზოდი, მიზანსცენა ობიექტურად იმსახურებს ანალიზსა და შეფასებას, რადგან ამ დადგმაში არაფერი გვხვდება შემთხვევითი, ყველაფერი მიზანმიმართულია და გარკვეულ ლოგიკას ექვემდებარება. ამიტომაც, ეს წერილი, მომავალი თაობის თეატრის მკვლევრებისთვის არა მგონია იყოს კმარი სპექტაკლში წამოჭრილი პრობლემების, სადადგმო კულტურის, სპექტაკლის ფორმისა და მასში გამოყენებული გამომსახველობითი საშუალებების ანალიზისთვის.