„ტროელი ქალები“, ანუ ქალები, რომლებიც ომს გადაურჩნენ...
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის
სამინისტროს მიერ.
მარიამ ბალახაძე
„ტროელი ქალები“, ანუ ქალები, რომლებიც ომს გადაურჩნენ...
ტროელი ქალები ევრიპიდეს ტრაგედიაა, რომელიც დრამატურგმა გამარჯვებული ბერძნების მიერ დატყვევებულ ქალებს და მათი ტანჯვის ციკლს მიუძღვნა. ტრაგედია გვიყვება ერთი მხრივ დაუსრულებელ, არასრულყოფილ, სიუჟეტებად დაყოფილ ამბავს უდიდესი ტკივილისა და სისასტიკის პათოსზე, რომელიც იმდენად საყოველთაოა, რომ ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ქვეყანაში აქტუალური იქნება. დავით გაბუნიასა და დათა თავაძის კოლაბორაციით დადგმული სპექტაკლი, ერთგვარად “გადმოქართულებული” ევრიპიდეს ტრაგედიაა და ყვება ყველა იმ ქალის თავგადასავალს, რომელმაც მეოცე, 21-ე და საერთოდ, ყველა საუკუნის ომსა თუ მშვიდობაში შვება ვერ ჰპოვა და ტკივილისგან ვერ გათავისუფლდა.
ხუთი სრულიად განსხვავებული, უზომოდ ნიჭიერი მსახიობი (ქეთა შათირიშვილი, კატო კალატოზიშვილი, ნატუკა კახიძე, მაგდა ლებანიძე, სალომე მაისაშვილი) ასახიერებს ხუთ ომგამოვლილ ქალს, რომელთა მონათხრობიც ერთდროულად ძალიან ჰგავს და ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. საინტერესოა, რომ სპექტაკლის განმავლობაში ვერაფერს ვიგებთ ამ ქალთა ვინაობის შესახებ, რაც ასევე იმით აიხსნება, რომ არ არის საჭირო სახელის, მამის სახელისა და წარმომავლობის დაკონკრეტება იმის გასაგებად, თუ რაოდენ ტანჯვა-წამებას განიცდის ქალი ომის დროს, ომის შემდეგ და ომის გარეშე. მაყურებელი სცენაზე ზის, რომელიც თითქმის დაცლილია ყოველგვარი დეკორაციისგან, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს ატმოსფეროს. ომის შემდგომ ხომ ყველა სახლი ცარიელია... ცარიელია სულიერად, ომის შემდგომ ყველა სახლი კარგავს სიცოცხლეს. მაყურებლისთვის მსახიობებთან ფიზიკური სიახლოვე კიდევ უფრო მძაფრს და ხორციელს ხდის მოყოლილ ამბებს, მძიმე ამბებს. სცენაზე გლოვაა. მსახიობები სხედან ზუსტად ისე, როგორც ჭირისუფლები პანაშვიდზე. სპექტაკლი პანაშვიდით იწყება. თუმცა, ეს გლოვა არ მოიცავს გოდებასა და ვაებას, უფრო მშვიდი და არატრადიციულია. ამ გლოვის ნაწილია უკლებლივ ყველა, რადგან ჩვენ, ჩვენს დედებს, ბებიებს, დებს, დეიდებს, მეგობრებს-ომი ყველას გვინახავს და ომის გამო ყველას გვტკენია.
გვტკენია ჩვენიც და სხვისიც. ძალადობის მსხვერპლ ქალებს, ქმარმკვდარ ქალებს, შვილმკვდარ დედებს-ეს სპექტაკლი აერთიანებს ყველას, ვისაც ახსოვს, ან, ვისზეც მემკვიდრეობით, მოგონებების სახით გადავიდა ომის ტრაგედია. ხუთი ქალი გლოვობს თავის მკვდარს და ასევე გლოვობს იმ მკვდარს, რომლის ამბავიც ყურმოკვრით გაიგო, მაგრამ ისევე განიცადა, როგორც თავისი. ყვებიან უმძიმეს სიუჟეტებს, ხატავენ სასტიკ სურათებს და თან აწუხებთ ყვავილების სიმყრალე. გარდაცვლილისთვის მოტანილი ყვავილები ყოველთვის ყარს და ეს კიდევ უფრო ახრჩობს ტკივილისგან გაწამებულ ჭირისუფალს. რა თქმა უნდა, სცენაზე ამ ყვავილებსაც ვხედავთ, როგორც დაკრძალვის, სიკვდილის, მაგრამ ამავდროულად მარადიული განსვენების სიმბოლოს. უცნაურია ამბის თხრობა, ვინაიდან მსახიობები ნელა და აუღელვებლად საუბრობენ, თუმცა შეუძლებელია უსმინო ამ ამბებს გულგრილად. ერთგვარად ტროელი ქალები დოკუმენტური სპექტაკლია, თუმცა მეეჭვება ვინმემ რაიმე ახალი მოისმინოს, უბრალოდ ის გვახსენებს იმ დროს, როცა ქალები დაიხოცნენ კაცებთან ერთად იმ ომში, სადაც არ უბრძოლიათ, და დაიხოცნენ მრავალჯერ, და კვდებიან სულ, როცა მოგონებები ღრმა ჭაობიდან ამოუტივტივდებათ: “ის მოკვდა, ჩემზე, ცოცხალზე უფრო ბედნიერია.”
ემოციური ფონი კიდევ უფრო იზრდება, როდესაც პერსონაჟები იხსენებენ ბედნიერ წამებს, ბავშვობას, სილაღეს, დროს, როცა რაღაც უხაროდათ, როცა სულიერად ცოცხლები იყვნენ. ისინი ფიზიკურ მოქმედებაზეც გადადიან, დადიან, დარბიან სცენაზე უმისამართოდ, უსაფუძვლოდ. ეს ამ ქალების ცხოვრების გზაა, ბუნდოვანი, ძნელი, გაუკვალავი, მწარე. მუსიკა, რომელიც ამ საოცარ სპექტაკლს ფონად გასდევს ძალიან სევდიანი, მაგრამ ამავდროულად ნოსტალგიური განწყობისაა და კიდევ უფრო დიდ ემოციურ დარტყმას აყენებს მაყურებელს. სპექტაკლის პირობითობა და სტრუქტურის არარსებობა საშუალებას იძლევა ისედაც საყოველთაო ტკივილი კიდევ უფრო განზოგადდეს და იგრძნოს ყველამ, ვინც საბედნიეროდ მისი მონაწილე არ გამხდარა. ასეთი მაყურებელი ალბათ ცოტა იქნება... სიკვდილი, გაუპატიურება, ძალადობა, დამალვა, შიმშილი, შიში, მარტოობა, სასოწარკვეთილება-ნუთუ ვინმეს, თანაც საქართველოში, ეს არ განუცდია?! ნუთუ სიკვდილ-სიცოცხლის ბრძოლაში არ გასრესილა რომელიმე ქართველი ქალი?! საინტერესოა ისიც, რომ რეჟისორმა სპექტაკლის სიუჟეტში არ დაივიწყა ნამდვილი ტროას ომიც და ერთი ეპიზოდი ამ ომსაც ეძღვნება, სადაც დაემხო ტროა, მოკვდა მეფე, დაიხოცნენ კაცები, დარჩნენ ქალები მარტო და ისინიც დაიხოცნენ, რადგან დაკარგეს სამშობლო, სახლი, ცხოვრება...საუბედუროდ, ამ ქალების, მართლაც ფოლადივით მტკიცე ქალების უბედურებას არავინ უსმენს და, რომც უსმენდნენ, ვერავინ გაიგებს. ომგამოვლილი ქალები არასდროს ეგუებიან თავიანთ ტკივილს, ვერასდროს გაექცევიან თავიანთ ტრაგედიას, მაგრამ იაზრებენ ერთს: “ღმერთების ნებით ვკვდებით. შვილს ვერ უშველი, სიკვდილი ჩვენზე ძლიერია.” სპექტაკლის ბოლოსკენ, უმისამართოდ მოსიარულე და მორბენალი ქალები ერთმანეთს წყალს ასხამენ, ასულიერებენ, რადგან მათი განცდები დამქანცველია, მომაკვდინებელიც კი.
მხატვრობისა და სცენოგრაფიის მინიმალიზმი ქმნის ერთიან, საოცრად ლამაზ ესთეტიკას და მისი უზადო მეტაფორულობა და სიმბოლურობა კიდევ უფრო ამაღლებულს ხდის სპექტაკლის ხარისხს. დასასრულს კი, გამყინავი და გამაყრუებელი მონოლოგების მოსმენის შემდგომ ყველაზე მტკივნეული და თან მანუგეშებელი არის მაინც იმის გაცნობიერება, რომ ამ ქალებს, თითქმის გარდაცვლილ ქალებს, უქონელ ქალებს აქვთ ერთი, ყველაზე დიდი და მთავარი მონაპოვარი-იმედი. იმედი, რომ ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება, რომ მათი ძლივსგადარჩენილი შვილების ცხოვრება ომით არ დამთავრდება და იმედი, რომ ზამთარს მოსდევს გაზაფხული და სიკვდილი ბადებს სიცოცხლეს: “განა ერთია სიკვდილი და სიცოცხლე?! სიკვდილი სულ მთლად არაფერს ნიშნავს. ცოცხლებს კი ჯერაც იმედები აქვთ...”. “ჩიტების ჭიკჭიკი ჩამირთეთ”-ისმის სულ ბოლო ფრაზა და ხვდები, რომ გმირები არიან ქალები, რომლებიც ბადებენ გმირებს, გლოვობენ გმირებს, გლოვობენ თავიანთ თავსაც, მაგრამ მაინც ცოცხლობენ და გულის სიღრმეში მაინც სურთ გაიგონონ ჩიტების ჭიკჭიკი, რადგან “გაზაფხული ხომ მაინც მოვა?!”.
ფოტო ზურაბ ბალანჩივაძე