„უკანასკნელი ფირი“ - კამერულ თეატრში
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის
სამინისტროს მიერ.
ანი ცხვედაძე
„უკანასკნელი ფირი“ - კამერულ თეატრში
კოტე აფხაზის #4-ში, კამერულ თეატრში - სევდიანად რომანტიკული, ოდნავ ლირიკულიც, ნიჰილისტური და თან ყველაზე იმედიანი „კრეპი“ გელით, საღამოს 8 საათზე ჩვენი ყოფიერების, ონტოლოგიური ცხოვრების რომელიმე მშვენიერ დღეს...
თეთრი გრიმით დაფარული კრეპი გაგიძღვებათ „უკანასკნელი ფირის“ მოსასმენად, პროსტრაციული სევდიანი თვალებითა და მოსიყვარულე მზერით.,
საკუთარი ცხოვრების, და მაშასადამე, ადამიანის დიდებული ვიტალურობის ამაო ლაბირინთში მცირეხნიან მეგზურობას გაგვიწევს; თავს არ მოგაბეზრებთ, არც ყვირილით დაგღლით, არც ხელით შეგეხებათ, რომ თქვენი პარტერში ყოფნა ცხადად შეიგრძნოს. უმეტესწილად, მისი მეტყველი მზერა შეგეხებათ ენიგმატურად, რადგან, კრეპის მზერა პარტერისკენ მომართული _ სინამდვილეში აბსურდული ცხოვრების ვრცელ ჰორიზონტს კვეთს მშვიდი ირონიულობით.
აბსურდული ცხოვრების გროტესკი დარბაზში შესვლის წამიდან იწყება, მანამდე, ვიდრე მაყურებელი კუთვნილ ადგილებს დაიკავებს, „კრეპი“ ამ წუთებს თვალს ადევნებს და როცა კი ხელსაყრელად მოთავსდება დამკვირვებელი (ანუ მაყურებელი), კრეპიც მშვიდად კითხულობს: - „დავიწყოთ?!“
გუგა ქაცარავას მიერ ნაძერწი კრეპი, მოსალოდნელ ‘მოჭიმულ’ ყურადღებას ერთგვარად ამსუბუქებს რამდენიმეფრაზიანი მინიატიურული შესავლით: <დღეს 7 აპრილია, ზუსტად ერთი წლის წინ შედგა ამ სპექტაკლის პრემიერა, გილოცავთ, თქვენ საიუბილეო თარიღზე მოხვედით...>
კრეპის განვლილი ცხოვრების მინიატიურული ჩანართები, პასაჟები, წყვეტილ-წყვეტილი ფრაგმენტები ინტერდისციპლინარულ (ამ ტერმინის არატრადიციული კონოტაციით) და ამავე დროს, ფართო კონტექსტურ მნიშვნელობას მოიაზრებს: როგორც მუდმივი ეგზისტენციალური ‘რეფრენი’ რაციონალური არსების კოგნიტიურობისა და ორთოდოქსულობის გზაჯვარედინზე.,
გუგა ქაცარავას კრეპი მშვიდ, აპათიურ და მელოდრამატულ რიტმში აბსოლუტურად დაბალანსებულად გვაწვდის სათქმელს, ზედმეტი ‘გადაღლის’ გარეშე; შედეგად, მისი აპათიური და მშვიდი დიქცია იწვევს სინერგიას, რომლისგანაც ვერ დისტანცირდები, არამედ თანამგრძნობი ხდები, რამეთუ, იმგვარი საფიქრალი, სატირალი, სადარდელი, სანუკვარი გასახსენებელი შენც გაქვს _ თითოეულ დამკვირვებელს, დარბაზში მსხდომს...
კრეპის <უკანასკნელი ფირი> ცალსახად საინტერესო რაკურსში, ერთთავად ატიპიური, თან იმპროვიზაციული კონტურებით აკინძული - აბსურდის თეატრის დამაფიქრებელი ფიქსაციაა ქალი რეჟისორის, ანასტასია ნავროზაშვილის თვალით დანახული.
როგორ თანაარსებობს ამბივალენტური საწყისები ერთდროულად ადამიანის განვლილ და გასავლელ ცხოვრებაში: ნიჰილიზმი, იმედი, სევდა, სიხარული, მიჯაჭვულობა, განჯაჭვის უსუსური მცდელობა, ამაო-არაფრისმთქმელი ქმედებების ციკლი და ესკაპიზმის დაუცხრომელი სურვილი.
ქართული თეატრისა და მსოფლიო თეატრის ისტორია ინახავს, აბსურდის დრამის თვალსაჩინო წარმომადგენლის სემუელ ბეკეტის - „კრეპის უკანასკნელი ფირის“ მრავალსახოვან ინტერპრეტაციას. მე კი, გავიხსენებ, ამ მონოპიესის უშუალოდ ნანახ უნაკლო სცენურ ადაპტაციას, რომელიც 2012 წელს (რეჟ: ნიკოლოზ ლუარსაბიშვილი) დაიდგა მარჯანიშვილის თეატრის „სხვენში“ - გენიალური მსახიობის, მარლენ ეგუტიას უმაღლესი ოსტატობით შექმნილი „კრეპი“.
ისიც მკაფიოდ უნდა აღვნიშნოთ, როცა ორი ან მეტი მაღალი ხარისხის სახელოვნებო ნიმუშის დასახელება ხდება ანალიზის დროს, ეს სრულებით არ გულისხმობს, რომელიმეს უპირატესობის მინიჭებას და რომელიმეს დაკნინებას; რამეთუ, როდესაც პროფესიონალურად ემპათიურ ნიმუშებთან გვაქვს საქმე - იქ თითოეული სახელოვნებო ქმნილება უნიკალური იდენტობის მქონეა, მაშასადამე, არ ექვემდებარება დიაკრიტიკულების ნიშნებს და სხვა. რასაც ვერ ვიტყვით იმ უსუსურ მაგალითებზე, როცა ერთი <ნიმუში> პლაგიატურად იმეორებს სხვა ნიმუშების კომპილაციებს(!).
ჩემი მტკიცე მოსაზრებით კი, ისე, როგორც ლუარსაბიშვილის „კრეპის უკანასკნელი ფირი“ წარმოადგენს <უნიკალური იდენტობის> მახასიათებლებს თავისთავში; ასევე, ანასტასია ნავროზაშვილის თბილისის კამერულ თეატრში დადგმული „უკანასკნელი ფირი“ გახლავთ ამავე მახასიათებლებით აღჭურვილი, ანუ არ ექვემდებარება სხვა მასალასთან დაპირისპირება-შეკავშირებას, რამეთუ <უნიკალური იდენტობის> მქონეა.
მონოსპექტაკლის მხატვარია: სოფიკო კიკაბიძე, რომლის სცენოგრაფიული სტრუქტურა აბსურდის თეატრისთვის ზედმიწევნით ავთენტურ ატმოსფეროს ქმნის; (მუსიკა: ვინფრიედ შტრაუსი, რამან დაუჰაპოლაუ)
მონოსპექტაკლი ნებისმიერ ჟანრში ერთ-ერთი ყველაზე რთულად გასამკლავებელი და განსახორციელებელია, როგორც კონცეფციის ავტორის-რეჟისორის მხრიდან, იმდენად კონცეფციის პრაქტიკოსი შემსრულებლისგან-მსახიობისგან. რამეთუ მონოსპექტაკლის დროს, უმნიშვნელო ლაფსუსს ვერ დაფარავს, ვერც რეკვიზიტების მრავალფეროვნება, ვერც ანსამბლურობა, ვერც პარტნიორული ‘ეშმაკური’ გადათამაშება. ფაქტობრივად, სცენაზე მდგომ ერთადერთ და განუმეორებელ მსახიობს ვერაფერი უშველის, საკუთარი თავის გარდა., ამის გათვალისწინებით, მონოსპექტაკლის თამაში იმაზე მეტ ძალისხმევას მოიცავს, ვიდრე ეს შორიდან ჩანს!..
„უკანასკნელი ფირის“ ეპილოგის მეტა და ეპიტექსტია, კრეპის მიერ სარკაზმული პათოსითა და სევდიანი დიქციით მაყურებლის თვალწინ დათვლილი დღევანდელი სპექტაკლის <გასამრჯელო> ან გნებავთ, „ბენეფიტი“, რომელიც გროშებია, მხოლოდ გროშები... ესეც ლირიკულად მშვენიერი, ირონიული ჟესტი ამ აბსურდულ ცხოვრებაში <შრომითი ექსპლუატაციის> ამაოებაზე!..