უკანასკნელი თოლია, პროტესტის ავანგარდში
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს
ზუკა ნემსაძე
უკანასკნელი თოლია, პროტესტის ავანგარდში
„...მე ისეთი დამოუკიდებელი საქართველოს მომხრე ვარ,
სადაც პიროვნების სრული თავისუფლება იქნება
და, ამასთანავე, იქნება წესრიგი, ... საქართველოსი,
სადაც იქნება მაღალი პოლიტიკური კულტურა,
ჭეშმარიტი ტოლერანტობა და ჭეშმარიტი დემოკრატია“
ჟიული შარტავა
მაშინ, როცა ქართული თეატრების უმრავლესობა, ხოლო ზოგიერთი თეატრის მხოლოდ დასის წევრები გაიფიცნენ და პროტესტმა დარბაზებიდან ქუჩებში გადაინაცვლა, გამაყრუებელი ხმაურის, მარშების და აქციების პარალელურად, თბილისის ქუჩებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრის „სტუდია მოდინახეს“ აფიშა გამოჩნდა, რომელიც პრემიერას იუწყებოდა. თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის მაგისტრანტმა რეჟისორმა (ავთანდილ ვარსიმაშვილის ჯგუფი) გიორგი ჭანტურიამ მიხო მოსულიშვილის პიესა „უკანასკნელი თოლია“ დადგა. სპექტაკლი ჟიული შარტავაზე.
„მოდინახეს“ პარტერი მაყურებლით იყო სავსე. „უკანასკნელ თოლია“ ფაქტობრივად გიორგი ჭანტურიას საავტორო სპექტაკლია, რომლის სცენოგრაფია და მუსიკალური გაფორმება, თავად რეჟისორს ეკუთვნის. რეჟისორის თანაშემწეა ქეთა ჯოხაძე, გახმოვანება ჯეკო დათუაშვილს ეკუთვნის, განათებაზე გვანცა ნოზაძემ იმუშავა.
სახალხო თეატრ „მოდინახეს“ სამხატვრო ხელმძღვანელმა, ნუგზარ ბუცხრიკიძემ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რომ ახალგაზრდებისთვის მიეცა შანსი მათი შემოქმედებითი რესურსის დამოუკიდებლად და თავისუფლად გამოვლენის, ამიტომაც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი არ ჩარეულა სარეპეტიციო პროცესში. უნდა ითქვას, რომ ნუგზარ ბუცხრიკიძის გაზრდილმა, გიორგი ჭანტურიამ ნამდვილად გაართვა თავი დაკისრებულ, საპასუხისმგებლო მოვალეობას.
ვინც საქართველოს ისტორიას კარგად, ან თუნდაც ოდნავ მაინც არ იცნობს, ჟიული შარტავას, ეროვნული გმირის სახელი გაგონილი მაინც ექნება. ჟიული შარტავა აფხაზეთში, შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1993 წლის ივნისში, საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის განკარგულებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და აფხაზეთის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა. 1993 წლის 27 სექტემბერს იგი უშუალოდ ხელმძღვანელობდა მთავრობის სახლის დაცვის ოპერაციას, რომლის დროსაც, აფხაზურმა სეპარატისტულმა დაჯგუფებამ და დაქირავებულებმა ე.წ. ბოევიკებმა, თანამებრძოლებთან ერთად, ტყვედ აიყვანეს და დახვრიტეს. მოგვიანებით, ჟიული შარტავას ცხედარი ქართულ მხარეს გადაეცა და თბილისში იქნა გადმოსვენებული.
„უკანასკნელი თოლია“ ჟიული შარტავას ხმით იწყება. სცენის თეთრ ფონზე მაყურებელი ხედავს საქართველოს რუკას, რომელზედაც რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებია გამოკვეთილი. ამ დროს ისმის დაბომბვის ხმა, პარტერი ნათდება და დარბაზში ჩნდებიან რუსი, ჩეჩენი, კაზაკი და აფხაზი ჯარისკაცები (ლუკა აკობია - ვალმერ კუტბა, გიორგი ანთიძე - ჯოკერი, მუტიკი - ნიკოლოს კალმახელიძე. მასიურ სცენებში: გიორგი კუტალია, რომან ნებიერიძე, გუგა ჩარგეიშვილის, მერაბ ზუზაძე, საბა გაგელიძე, საბა ჯოლოხავა, დათი ტატულაშვილი) ჯარისკაცები შემოდიან ქაოსური მოძრაობებით, შემაძრწუნებელი ხმაურით, ზოგიერთ ხელში ჩანგალი, დანა, უნიტაზი უჭირავს და ურას ძახილით ჩაგვივლიან გვერდს, გვახსენებენ, რომ ისინი ისევ აქ არიან, ისევ 40 კილომეტრში დგანან, ისევ ისეთები არიან, შემზარავები, ბოროტები, სისხლისმსმელები, მაროდიორები, უბრალოდ საქართველოს მტრები, რომლებიც არასდროს მოგვცემენ ამოსუნთქვის, თავისუფლების შესაძლებლობას.
უცებ, სადღაც შორიდან „საქართველოო ლამაზო“ ისმის, აქ რეჟისორმა მშიშარა მტრის სახე წარმოგვიდგინა, როგორც შეცბებიან და წამებში აორთქლდებიან ეს მედიდური ჯარისკაცები. ფარდა იხსნება, ლაშა შარაშენიძის ჟიული შარტავა და ქეთა ჯოხაძის ჟურნალისტის, საუბრით გრძელდება სპექტაკლი.
ლაშა შარაშენიძის ჟიული შარტავა, ეროვნული გმირია, რომელიც თავიდანვე იაზრებს მის მისიას, რეჟისორის ამოცანებს და შეძლებისდაგვარად ქმნის მებრძოლი, უშიშარი, განათლებული, გონიერი, პერსონაჟის მხატვრულ სახეს.
ზუკა ბერუაშვილის გურამ გაბისკირია, შოთა კაჭარავას რაულ ეშბა, გიორგი ონიანის ჯუმბერ ბეთაშვილი, ნიკოლოზ მღებრიშვილის გურამ ჯანიაშვილი - ეს იმ ხალხის ჩამონათვალია, რომელთაც შეეძლოთ, შარტავას ნებისმიერ დროს მიტოვება და თავის გადარჩენა, თუმცა ისინი ბოლომდე მედგრად რჩებიან უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ეროვნული გმირის გვერდით.
ნატა მეშველიანი დაბნეული, განათლებული, გონიერი, მოსიყვარულე, აჟიტირებული, აღგზნებული ირმელა შუტცეს მხატვრულ სახეს ქმნის. აგენტი, რომლის შეგზავნით მინდია ქიტიაშვილის ჩინდიკოვმა ყველა ის დეტალი გაიგო, რომლის დახმარებითაც ძალიან გაუადვილდა მთავრობის სახლში შეღწევა და ჟიული შარტავას ტყვედ აყვანა.
საომარ ვითარებაში, ნატა მეშველიანის ირმელა ახერხებს, ლაშა შარაშენიძის ჟიული შარტავას შებმას, ამას ისე ოსტატურად აკეთებს „არაპროფესიონალი“ მსახიობი, რომ მაყურებელს საერთოდ ავიწყდება რომ სოხუმში ურთულესი ვითარებაა, მეშველიანის ირმელა ჟიული შარტავას მთავრობის საგანგებო სხდომის დაწყების გაჭიანურების მიზნით, ჯერ გებჟალიას გაკეთების ტექნიკას უხსნის, ისე რომ მართლა გვაჯერებს რომ სამზარეულოშია და მეგრულ კერძს ამზადებს, შემდეგ კი ვალსს აცეკვებს. აშკარაა, რომ ლაშა შარაშენიძის შარტავა, მოხიბლულია ქალით, ეს შემდეგაც იკვეთება, როცა ნიკოლოს მღებრიშვილის, ჯანიაშვილი დაადგენს, რომ მეშველიანის, ირმელას სადისერტაციო ნაშრომის „ქაოსის მართვის თეორია“ ყდაში, გადამცემი დევს, მაშინ გიორგი ონიანის ბეთაშვილი და ზუკა ბერიაშვილის გაბისკირია, მის დახვრეტას განიზრახავს, შარტავა კი სასტიკ წინააღმდეგობას უწევს. „რატომ, რატომ? მოღალატე უნდა დაიხვრიტოს, ბატონო ჟიული“ - გიორგი ონიანის დაღლილი, განადგურებული და ჟიული შარტავაზე გაბრაზებული, იმიტომ რომ შესაძლებლობის მიუხედავად შარტავამ სოხუმი არ დატოვა, ჯუმბერ ბეთაშვილი გამწარებული ხმით მიუგებს შარტავას.
აფხაზი მხარე, ყველა იმ სართულს დაბომბავს, რომლითაც ქართული მხარე იცავდა თავს, ქაოსი, მტვერი, კვამლი, სისხლის სუნი ლაიტმოტივად გასდევს გიორგი ჭანტურიას „უკანასკნელ თოლიას“. აღსანიშნავია, მიზანსცენა, როდესაც შენობაში უკვე დიდი დაბნეულობაა, ოთახში ყველა მაგიდა და სკამი წაქცეულია, მაგისი უკან კი ზუკა ბერუაშვილის გურამ გაბისკირია, შოთა კაჭარავას რაულ ეშბა, გიორგი ონიანის ჯუმბერ ბეთაშვილი, ნიკოლოზ მღებრიშვილის გურამ ჯანიაშვილი, ნეტა მეშველიანის, აგენტი ირმელა შუტცე და ლაშა შარაშენიძის ჟიული ძირს გაწოლილი, ხელებჩაჭიდებული შემზარავი ხმით უსვამენ კითხვას: „ახლა რა ვქნათ?“ უცებ, ბერუაშვილის გაბისკირია დაიწყებს „მამაო ჩვენო“ სადაც ყველა აჰყვება მას, როგორც კი ეს გულისამაჩუყებელი მიზანსცენა სრულდება, მერე ისევ რუსი ჯარისკაცების გამაყრუებელი ღრიალი, ხმაური, ტკივილის და სისხლის სუნი იჟღინთება, ტექნიკური უნივერსიტეტის კედლებში, ვხედავთ მაგიდაზე მიბმულ, დატყვევებულ ჟიული შარტავს, რაულ ეშბას, ირმელასა და გაბისკირიას.
მინდია ქიტიაშვილის ჩინდიკოვი, საშინლად შემაძრწუნებელი, უსახური, ბოროტი, ეშმაკი კაცია, ქიტიაშვილის მტრის სახე შესანიშნავად ქმნის. ჩინდიკოვი, რომელიც სისასტიკითა და ბოროტებით გამოირჩევა. ჰჰყვება როგორ ყიდდნენ ქართველები საუკუნეების მანძილზე ერთმანეთს და ამ გამყიდველების გამოყენებით რუსეთი როგორ იდგამდა ფეხს ჩვენს ქვეყანაში. იგი შარტავასა და ეშბას ხელმოწერას სთხოვს, თუმცა რა თქმა უნდა სიკვდილსა და ხელმოწერას შორის ორივე სიკვდილს ირჩევს.
ძალიან შთამბეჭდავია, შოთა კაჭარავას რაულ ეშბას, დახვრეტის სცენა, როცა მას დაჩოქებას სთხოვენ, ის კი არაფერი ნებით არ იჩოქებს, „არაპროფესიონალი“ მსახიობი, სამსახიობო ოსტატობის მაღალ ხარისხს ავლენს, მიუხედავად ტექნიკურად რთული სცენისა, მიუხედავად დაძაბულობისა, ცემის, ათობით ჯარისკაცი შესდგება ზურგზე, არ შედრკება, ბოლომდე ამაყად დგას, მიუხედავად ფიზიკურად დატვირთვისა, იგი ყველა ბგერას და ასოს გამოკვეთილად აგონებს მაყურებელს „სოხუმი საქართველოა“ - ეშბა დახვრიტეს.
უკანასკნელ ეპიზოდში, როცა მეშველიანის ირმელა, ტავის სადისერტაციო ნაშრომს ხსნის, თოლიის ხმა გაისმება, აქ კი ცრემლმორეული მეშველიანი, ხსნის, რომ თოლია, რომელიც კრიავ, კრიავის ნაცვლად სხვა ხმას გამოსცემს, დაძაბულობას წინასწარმეტყველებს, ავის მომტანია ეს ხმა - ასეთ ხმას კი უკანასკნელი თოლია გამოსცემს.
ქიტიაშვილის ჩინდიკოვი შარტავას, ან ხელის მოწერას სთხოვს ან კიდე აფხაზური მიწის ჭამის ემუქრება, ლაშა შარაშენიძის ამაყი ჟიული კი ერთადერთ წინადადებას მიუგებს - „უკანასკნელი თოლია“, „უკანასკნელი თოლია“, „უკანასკნელი თოლია“!
ჩინდიკოვი, ჯერ მეშველიანის ირმელას დახვრეტს, ახლა კი ჯერი ჟიული შარტავაზეა. მაყურებელი რაღაც ცუდის, საშინელების მოლოდინშია, ცრემლები იღვრება პარტერში, ისმის მძიმე ამოსუნთქვის ხმები. სცენაზე ორი ვედრო მიწა დგას, ხელებმიბმულ ჟიული შარტავას მიუხედავად იმისა, რომ ტყვედ ჩავარდა, რეჟისორის გადაწყვეტილებით ზედმეტად მიკარებას ვერავინ ბედავს, ქიტიაშვილის ჩინდიკოვის გარდა მას არავინ ეკონტაქტება, იქ მდგომი მსახიობებიც იაზრებენ ჟიულის სიდიადეს... ბოლოჯერაც კითხავს ჩინდიკოვი და ხელმოწერას სთხოვს - „ჭკვიანი, ჭკვიანი კაცი მეგონეთ ბატონო ჟიული, ჭკვიანი“.... „დახვრიტეთ“ - ლაშა შარაშენიძის ჟიულის ხელებს შეუხსნიან, მიუხედავად იმისა, რომ რეჟისორმა ბევრი იმუშავა, „მოდინახეს“ მსახიობებს არ მოსწონთ თავიანთი როლები, რუსი, ჩეჩენი, კაზაკი და აფხაზი ჯარისკაცების როლები, მათ სძულთ თავიანთი პერსონაჟები, ეზიზღებათ თავი, ეს ცალსახად ჩანს სცენიდან.
პარტერში დაძაბულობაა, შარტავას დახვრეტისთვის ვემზადებით, „სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა, სიკვდილი სახელოვანი“... იარაღის ხმა... სოხუმი დაეცა... ოკუპირებული ტერიტორიებით გამოკვეთილი საქართველოს რუკა, ბევრი ცრემლი, გმინვის ხმა, ტაში, შეუჩერებელი ტაში... „პაკლონზე“ მრავალჟამიერი ისმის, რეჟისორმა სოხუმი დაგვიბრუნა, ვხედავთ წარწერას „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სოხუმში“, რუსული აბრა კი კედლიდან ჩამოვარდა, მხოლოდ ქართული დარჩა.
ტექნიკური უნივერსიტეტის კედლებში გაზრდილი, ჟიული შარტავა მოკლეს, გემის კაპიტანმა ჩამოსვლა ვერ მოასწრო, ვინც შეძლო გადაარჩინა, იგი უკანასკნელ თოლიად იქცა...
დღესაც ისევ, ისეთი მაღალი ხარისხით მუშაობს რუსული დაზვერვა, ისევ.. შარტავას სიკვდილამდე რამდენიმე საათის ადრე, ზვიად გამსახურდიას ფლანგმა დაურეკა საომარი მოქმედებების დროს, მთავრობის დატოვება და მათ მხარეზე გადასვლა შესთავაზეს, რაზეც პასუხი ცალსახა იყო „ ახლა, ამის დრო არ არის, უნდა გავერთიანდეთ და აფხაზეთი გადავარჩინოთ“, რუსულმა დაზვერვამ კარგად იმუშავა - მეთქი ტყუილად არ დამიწერა, ეს სპექტაკლშიც კარგად ჩანს, გამსახურდიას ფლანგი „ხუნტას“ ძალებთან ერთად არ იბრძოლებდა, მთავრობაში მყოფები კი ომის პერიოდში პასუხისმგებლობას ვერ მოიხსნიდნენ და ბრძოლას ვერ შეწყვეტდნენ. რუსეთმა შექმნილი ვითარებით ისარგებლა და სოხუმი დაეცა...
შეგვრჩა კი „უკანასკნელი თოლია“ 21-ე საუკუნის საქართველოში?! - „ლომისა შენ გენაცვალეს“ ავტორი თამაზ გინტურიც უკანასკნელი თოლია ამა ქვეყნისა...
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სოხუმში....
ფოტო: ენდი ვარშანიძე, საბა კენჭიშვილი