top of page

უსახურია ვინც არ მოქმედებს, უსახურია ის ვინც დუმს

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

-1-2021-04-26_10-52-58_703378.jpg

ლალი იობაშვილი

უსახურია ვინც არ მოქმედებს, უსახურია ის ვინც დუმს

თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის რეპერტუარი, რომელიც ძირითადად ბავშვებისთვისაა განკუთვნილი, რეჟისორმა ნიკოლოზ საბაშვილმა უფროსებისთვისაც საინტერესო და მიმზიდველი თავისი საავტორო სპექტაკლით გახადა. „უსახური“ მოგვითხრობს ადამიანის სწრაფვაზე შეიცნოს საკუთარი თავი და დაადგინოს არსებობის რეალური დანიშნულება.


მთავარი გმირი უბრალო ბუღალტერია, რომელიც მოსაწყენ რუტინულ ცხოვრებას თავს ფანტაზიორობით აღწევს. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ თავზე საოცარი გულუბრყვილობით მოგვითხრობს და მაყურებელს თავიდანვე თანაგრძნობით განაწყობს, იგი მაინც იდუმალია, გმირის მაიდენტიფიცირებელი ნიშნები ფაქტობრივად არ არსებობს, როგორც პიროვნულად, ისე გარეგნულად. უსახო, თეთრი კაცუნა მარტივ და ნაცნობ ფიგურას წარმოადგენს, რომელიც თაბახის ფურცელზე ერთხელ მაინც გამოგვიჭრია და ჩვენს წარმოსახვაში გაგვიცოცხლებია. ჩვენ არ ვიცით გმირის სახელი, ასაკი, წარმომავლობა, თუმცა ვრცელი, ფილოსოფიური მონოლოგებით იგი თავს დიდი ხნის ნაცნობად გვაგრძნობინებს.
გმირის ცხოვრება თავდაყირა მაშინ დგება, როდესაც უსახლკაროს შეიფარებს, შემოსახლებული კი ართმევს ყველაფერს, რაც მისთვის მნიშვნელოვანია. სამსახურს, სადაც საკუთარი სამყარო აქვს და თავს მის ნაწილად გრძნობს, სახლს, რომელიც ცხონებულ მშობლებზე მეტად მშობლიურია და საყვარელ გოგონას, რომელიც ცხოვრების ხალისს უბრუნებს, თუმცა მცირე ხნით. ვინ არის უსახური? შინაარსისგან, ფორმისგან დაცლილი ქმნილება, ის ვინც აშავებს საკუთარი უმოქმედობით, შემგუებლობით, გაჩუმებით, მოთმინებით. სტრინდბერგთან ვკითხულობთ: „ალბათ დადგება დრო, როცა ჩვენ ისე განვვითარდებით, გულგრილად მივადევნებთ თვალს თავად ცხოვრებისგან შემოთავაზებულ სასტიკ, ცინიკურ, უგულო სანახაობას. როცა გამოვთიშავთ იმ მდაბალ, არასაიმედო სააზროვნო მანქანებს, გრძნობები რომ ეწოდება, რადგან ისინი სრულიად ზედმეტი და საზიანო გახდა. როცა მათ ნაცვლად ჩვენი განსჯის ორგანო განვითარდება“. უსახო კაცუნა გრძნობად ინტუიციას აყოლილი, მსჯელობას მოკლებული ლოგიკით მოქმედებს და ხელს უწყობს ბოროტების გაღვივებას, რომელიც საბოლოოდ თავადვე მოიცავს, იმდენად რომ მკვლელად აქცევს.


სპექტაკლის სცენოგრაფია გადაწყვეტილია ანიმაციურ სტილში, სადაც რეალური და უტოპიური სამყარო ერთმანეთს ერწყმის. აქ ნახავთ დამოუკიდებლად მოძრავ ავეჯს, სკამს, რომელიც ყეფს და ხმოვან თუ სხვადასხვა ეფექტებს, რაც სანახაობას კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდის. რეკვიზიტები თეთრი ფერისაა, ხოლო მათზე ლურჯი და წითელი ფერის განათება სიუჟეტის ემოციური დინამიკის შესაბამისად დომინირებს.


სპექტაკლში გამოყენებული მუსიკალური თემების ავტორიც თავად ნიკოლოზ საბაშვილია, ვფიქრობ, ამ მცდელობამ გაამართლა, ვინაიდან ზომიერად გამოყენებული მოკლე მელოდიებით რეჟისორმა აქცენტები შინაარსობრივად თუ ტექნიკურად გააზრებულად დასვა.


უნდა ითქვას, რომ სპექტაკლი ტექნიკურად საკმაოდ რთულად შესასრულებელია, შავ ყუთში, სრულ სიბნელეში თორმეტი მსახიობი მუშაობს, თუმცა მიზანსცენები ისეა აწყობილი, რომ ისინი ერთმანეთს ენაცვლებიან და ასე იქმნება სივრცე თავისუფლად სამოქმედოდ. თოჯინის გაცოცხლება მსახიობისგან განსაკუთრებულ ყურადღებას, კონცენტრაციას და ფიზიკურ გარჯას მოითხოვს, საქმეს ართულებს ისიც, რომ სცენა და პარტერი, რომელიც საკმაოდ მცირეა, ერთმანეთთან ძალიან ახლოსაა, შესაბამისად მსახიობებს არ აქვთ კომუნიკაციის შესაძლებლობა, ისინი საერთო განცდით ქმნიან ანსამბლურ წარმოდგენას.


საკუთარ თეორიებში გახლართული მთავარი გმირი, როგორიცაა დედამიწაზე არსებული ორგანიზმებისა და გალაქტიკაში არსებული პლანეტების თანაფარდობა, მოსაზრება რომ ადამიანები შესაძლოა დაცემული ღმერთები არიან და სხვა, საბოლოოდ პასუხს პოულობს. იგი ადამიანურ ბუნებას უბრუნდება და სინანულით აღსავსე, როგორც უძღები შვილი, კვლავ ხვდება ღმერთს. სისასტიკით სავსე სამყაროში, როგორც ავტორი წერს „ყველაფერი ნელ-ნელა ხდებოდა, ჯერ ერთმანეთის მოსმენას გადავეჩვიეთ და ყური უფუნქციოდ დარჩა. სიმართლისა და სიცრუის გარჩევის უნარმა თვალები დაგვაკარგვინა, პირი ისედაც საჭირო აღარ იყო. თუ აღარავინ გისმენს, ლაპარაკს რა აზრი აქვს. ცხვირი?! ცხვირი სხვის საქმეში ჩავტოვეთ და ასე დავრჩით, უსახურები.“


ნიკოლოზ საბაშვილი შეეცადა მსუბუქი იუმორითა და გულწრფელობით ეჩვენებინა წუხილი, რომელსაც დაკარგული სული განიცდის ქარტეხილებით სავსე გზის გავლისას. იგი გვესაუბრება ადამიანებზე, რომლებიც გაუცხოვდნენ, საკუთარი თავის ძიებისთვის მოხეტიალეებმა კი დედამიწაზე ერთი დიდი ქაოსი შექმნეს. პლანეტაზე მარტოსულობამ და გამოუთქმელმა სურვილებმა დაისადგურა, ერთმანეთისგან გაქცევის წყურვილმა, ერთმანეთის აუტანლობამ ისინი ღმერთს დააშორა. ფსკერზე აღმოჩენილმა უსახო კაცუნამ აღმოაჩინა, რომ ის არ იყო ერთადერთი ვინც იქ აღმოჩნდა და რეჟისორმაც პრობლემა ასეთი ხერხით განაზოგადა.

bottom of page