top of page

„უხერხემლო“ თუმანიშვილის თეატრში

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის

სამინისტროს მიერ.

391722630_736731785149911_890575597743882974_n.jpg

ვალერი ოთხოზორია

„უხერხემლო“ თუმანიშვილის თეატრში

 

ალექსი ჩიღვინაძის პიესა „უხერხემლო“, რომელიც პოპულარული გახდა და რამდენჯერმე დაიდგა საქართველოში (ისევე, როგორც მისი პიესა „მარია რევია“), ამჯერად თუმანიშვილის თეატრში განხორციელდა რეჟისორ იოანე (ვანო) ხუციშვილის მიერ. პრემიერა შედგა 2023 წლის 13 ივლისს.

თუმანიშვილის თეატრის „უხერხემლო“ ესთეტიკურად მიმზიდველი, ერთობ კინომატოგრაფიული სპექტაკლია. კინომატოგრაფიული იმიტომ, რომ ალაგ-ალაგ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს ფილმს ვუყურებთ, შენელებული კადრებით, ავტონომიურ რიტმში. თითქოს, სცენა სხვა სივრცესა და დროშია, როგორც სურათი-დრო და სურათი-მოქმედება (როგორც დელეზი იტყოდა).

მსახიობ გოგა პიპინაშვილის (მამიას როლში) შესრულება იმდენად შთამბეჭდავია, რომ მთავარი ფიგურა ხდება და სპექტაკლის მთავარ ღირსშესანიშნაობად იქცევა. მსახიობ ნინელი ჭანკვეტაძის (მართას - მამიას ცოლის როლში) აკომპანიმენტი აძლიერებს ამ ეფექტს.

სცენოგრაფია (მხატვარი - გიორგი გორგიაშვილი) წარმოადგენს რეჟისორული ინტერპრეტაციის მთავარ პლაცდარმს. ფუტკრებისა და სკის იდეა ეკუთვნის ვანო ხუციშვილს. დასასრულს, გვამის წინ, უზარმაზარი ბზიკების ბუდე ეშვება, რაც შთამბეჭდავი ხატია და მაყურებელში, როგორც დაგეროტიპში, თავის კვალს ტოვებს. მარტივი იდეით - ფუტკრები დაიპყრეს ბზიკებმა, ტკბილი გამწარდა - „თაფლში ურევს მწარე ნაღველს, მტრისას მისი გამოცანა...“, როგორც აკაკი წერეთელი იტყოდა, - ვანო ხუციშვილი, თითქოს პლატონის მეთოდით („სახელმწიფო“) - გავზარდოთ მცირედი, რათა დავინახოთ მისი სტრუქტურა, ცდილობს მაყურებელს აჩვენოს, რა მოხდა, რასაც თითქოს, მასშტაბის გაზრდის გარეშე სათანადოდ ვერ იგრძნობდა, ვერ გაისიგრძეგანებდა.

არც აკაკი წერეთელი გაგვხსენებია შემთხვევით ამ პრობლემასთან მიმართებით, და ვფიქრობ, არც პლატონი გვიხსენებია ალალბედზე რეპრეზენტაციის მეთოდთან დაკავშირებით. რადგან შეიძლება ითქვას, დრამატურგია დიდი ხანია, იყენებს „პლატონის მეთოდს“, როცა კონკრეტულ პრობლემას, კონკრეტულ კონფლიქტს ასიმბოლურებს, აზოგადებს, უნივერსალურ რეგისტრში გადაჰყავს. როგორც პლატონი ადამიანის ბუნების კვლევას სახელმწიფოს ბუნების კვლევად აქცევს, ასევე ჩეხოვთან „თოლია“ არა მხოლოდ ტრეპლევის, არამედ რაღაც უბრალოდ, უმანკოს და შემოქმედებითის სიკვდილი ხდება, „ფრეკენ ჟულიში“ გალიაში ჩასმული ჩიტი იქცევა თავისუფლების პრობლემის ზოგად სახედ, „ვანილის სევდიან მოტკბო სურნელში“ დედის გამომცხვარი ტორტის ძიება წარმოდგება სამყაროს დანგრეული ჰარმონიის კონკრეტულ ხატად, და ა.შ. და ვანოც, როგორც ჩანს, ეძებდა სიმბოლოს, ეძებდა სურათს, ხატს, რომელშიც ჩააქსოვდა ერთი დევნილი ოჯახის საზარელ ამბავს, და იპოვა კიდეც: ფუტკრების გადაქცევა ბზიკებად, როცა გამწარდა თაფლი. და აკაკი წერეთლის ის ფრაზაც „გამზრდელიდან“, სწორედ ამ ხატს უკავშირდება. რეჟისორს სურდა სპექტაკლის მთავარ იდეად წარმოეჩინა გამზრდელის მიერ საკუთარი მისიის უარყოფა, საკუთარი თავის დაკარგვა.

შესაძლოა, მთავარი ბრალი უნდა წაეყენოს საზოგადოებას: ზედმეტად კონსერვატიული, არ იღებს განსხვავებულს. მაგრამ საზოგადოებრივი იძულება, ფარული თუ აშკარა, ვერ გაამართლებს იმ ღრმა კავშირის წყვეტას, რომელიც აკავშირებს გამზრდელს გაზრდილთან და მშობელს შვილთან. ვანოს სწორედ ამის ჩვენება სურდა. არსებობს რაღაც მშობელსა და შვილს შორის, რაც მშობელს საზოგადოების წინააღმდეგ წასვლას აიძულებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მშობელი დათმობს თავის მისიას, უარყოფს თავის თავს, და ის ვერ იქნება მართალი ვერავის წინაშე. ამდენად, „ხალხი რას იტყვის“ პრიზმიდან სპექტაკლის ფოკუსი მიმართულია „ვინ ვართ ჩვენ, როგორც მშობლები“ პრიზმაზე. შვილის მიმართ რწმენის დაკარგვა უჩენს მშობელს საზოგადოების შიშს. სანამ მშობელს შვილის რწმენა აქვს, მსგავსი შიში ვერ გაჭაჭანდება. ვანო ხუციშვილის სპექტაკლი აჩვენებს სწორედ ამ პროცესს: შიშის წყალდიდობა როგორ ფარავს ბოლომდე მშობლების საცხოვრებლ სივრცეს. მაგრამ ფარავს კი? ფარავს ბოლომდე? ჭიდაობა ბოლომდე ხელის ჩაქნევასა და იმედს შორის, დიდხანს გრძელდება. ესაა სპექტაკლი სახესა და ნიღაბს შორის განსხვავების პროცესის შესახებ. საზოგადოება ნიღაბია. უნიღბო სახე სრულიად უბრალოს წინაშე აღმოჩნდება, როგორიცაა საკუთარი შვილის დამარხვის ამოცანა.

უბრალოების ხაზგასმა და იმის ჩვენება, რომ ფუნდამენტური ეკუთვნის უბრალოს, სპექტაკლის სტრუქტურიდან გამოსჭვივის. სწორედ ამიტომაა ხაზგასმული უბრალო ტანსაცმელი. მღვდელი, რომელიც რეჟისორის დამატებაა, - პიესაში მღვდელი არ ფიგურირებს, - შემოდის სამოქალაქო სამოსში. მღვდლის შემოსვლა მთავარი ჟესტია რეჟისორის მხრიდან, რომლის მნიშვნელოვნება ვიზუალური თვალსაზრისით არც ისე თვალშისაცემია, მხოლოდ ანალიზის შედეგად შეიძლება მივხვდეთ, რას ემსახურება მღვდლის სამოქალაქო სამოსში შემოსვლა კრიტიკულ მომენტში: საერთო ადამიანური ენის პოვნას, კომუნიკაციის გზის ძიებას ნიღბებისა და უნიფორმების მიღმა, ცხოვრების უბრალო, ფუნდამენტურ დონეზე. ვანო ხუციშვილს ალბათ იმის თქმა სურდა, რომ ურთიერთობის აღდგენა უნდა მოხდეს არა ეკლესიის ავტორიტეტის დიქტატორული ძალით, არამედ უბრალოების სიღრმესთან მიმართების ავტორიტეტით. ამ კონტექსტში უნდა აღვიქვათ დანიელის (მსახიობი გივი ბალანჩივაძე) ფიგურა, რომელიც არაფრით არ ჰგავს გარეგნულად „განსხვავებულს“. დანიელი, რომელიც აწ გარდაცვლილი ტრანსგენდერის პარტნიორი იყო, სრულიად ჰეტერონორმატიულად გამოიყურება: აცვია უბრალოდ, იქცევა არამანერულად და უბრალოდ, და საერთოდ, აქტიორული თვალსაზრისით ყველაზე არამიმზიდველი ფიგურაა, თითქოს იმას თამაშობს, როგორც არ უნდა ითამაშოს. ვანო ხუციშვილმა, როგორც მანამდე მღვდელს, დანიელს მოაშორა „განსხვავებულობის“ ყველა ნიშანი იმისთვის, რომ მაყურებელს დაენახა ადამიანი. თუმცა, რამდენად გამართლებულია ასეთი მოშორება ნიშნებისა, თუნდაც (ან უპირატესად) გარეგნულად, ცალკე საკითხია, ვფიქრობ, საკმაოდ მწვავედ განსახილველი.

მთლიანობაში, სპექტაკლში გამოსჭვივის რეჟისორის ჰუმანისტური ხედვა, თუ შეიძლება ასე ითქვას - რეჟისორი-მშობლის დამოკიდებულება. იოანე ხუციშვილის „უხერხემლო“, უპირატესად, მშობლებზე და მშობლობის იდეაზეა, რომელიც შესაძლოა, გარკვეულ კრიზისს განიცდის სპექტაკლს გარეთაც.

და მაინც, სპექტაკლს აკლია რაღაც. თითქოს, ყველაფერი სწორად და თავის ადგილზე ხდება, მაგრამ არ ჩნდება ცეცხლი, გარდა რამდენიმე შთამბეჭდავი სცენისა. ეს შთამბეჭდავი სცენები ვიზუალურ-კონცეპტუალურია და, ისევ და ისევ, უკავშირდება ფუტკრების ველს, თაფლის მოგროვებას, ბზიკების შემოსევას... როგორც ჩანს, ადამიანობა (და ადამიანები), რომლის მიღწევასაც ასე ძლიერ ცდილობდა რეჟისორი, მის მიერ ნაპოვნმა ფუტკრების ველმა ჩაყლაპა.

bottom of page