top of page

ვინ აგებს პასუხს?!

371927606_298548513077239_4019381764484296300_n.jpg

ლაშა ჩხარტიშვილი

ვინ აგებს პასუხს?!

 

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო თეატრის მიხეილ თუმანიშვილის სახელობის სცენიდან გამოსულს ეს კითხვა გიჩნდება და გაბრაზებული ტოვებ დარბაზს. გაბრაზებული პირველ რიგში საკუთარ თავზე, რომ ვერაფერს ცვლი, რომ არ შეგიძლია ავარდე სცენაზე და მყისიერად შეაჩერო ის უსამართლობა, რომელსაც პარტერიდან ადევნებ თვალს (ვერ ვიტყვი რომ აუღელვებლად და მშვიდად). დაუნდობელი უსამართლობა, საზოგადოების უსუსურობა და უუნარობა, რომელსაც გიორგი კაშიას სპექტაკლში „ირინეს ბედნიერება“ ყოველ წუთს ვეჯახებით, ისტორიულ პრიზმაში ხატავს დღევანდელი საზოგადოების და ინდივიდის გადაუჭრელ პრობლემებს, მათ შორის მენტალურსა და მსოფლმხედველობრივს.

 

ახალგაზრდა რეჟისორმა გიორგი კაშიამ ქართული დრამატურგიის თითზე ჩამოსათვლელ შედევრთაგან ერთ-ერთი, დავით კლდიაშვილის - სურათი სოფლის ცხოვრებიდან - „ირინეს ბედნიერება“ დამოუკიდებლად, ფაქტობრივად ენთუზიაზმით (სასწავლო პროცესს მიღმა, მოხალისეობრივად), თანამოაზრეებთან ერთად დადგა. თანამოაზრეობა, თეატრისადმი გულწრფელი სიყვარული, პროფესიული გამოუცდელობა და მყიფე ენთუზიაზმი დამდგმელ ჯგუფს ნამდვილად ეტყობა.

 

პირველ ყოვლისა, ამ სპექტაკლში გამოვლინდა გიორგი კაშიას წუხილი იმ პრობლემების გარშემო, რასაც პიესაში ვაწყდებით, ქალთა ძალადობიდან დაწყებული, საზოგადოების ნიჰილიზმით დამთავრებული, რომელიც დღეს ისე აქტუალურია, როგორც არასდროს. ასევე ახალგაზრდა ხელოვანის რეჟისორული უნარები და ორგანიზებულობა. სპექტაკლს განსაკუთრებულ მასშტაბს სძენს მონაწილე მსახიობთა სიუხვე და მათი მუშაობის ხარისხი.

 

გიორგი კაშია ხატავს ჭრელ საზოგადოებას, სხვადასხვა სოციალურ ფენებსა და ტიპაჟებს, რომლებიც კრებით მხატვრულ სახედ წარმოგვიდგებიან. რეჟისორი პოზიციათა მრავალფეროვნებაში ინარჩუნებს ბალანსს. წარმოაჩენს სუსტ და ძლიერ ადამიანებს, უუნარო და სიმართლის მოყვარულ სასულიერო პირებს, ყეყეჩ და დათრგუნულ პერსონაჟებს, რომელთა ანალოგებს ჩვენს ყოველდღიურობაში ვხვდებით, მათთან ერთად ვცხოვრობთ, ისინი ჩვენს გარშემო აშავებენ და გასდით, მათ უყვავებენ, ენის მოჩლექით ესაუბრებიან, ულოლიავებენ ან გვიჩვენებს გმირებს, რომლებიც იბრძვიან სამართლიანობისთვის, თავისუფლებისთვის, საკუთარი არჩევანისთვის, მაგრამ მათი ძალისხმევა ფუჭია, უშედეგო, ამიტომაც ტრაგიკული.

 

სპექტაკლში მოვლენები აბესალოს (გუგა ქაცარავა) და ირინეს (კესო დვალიშვილი) გარშემო ტრიალებს. აბესალო შეძლებული მემამულის ნალოლიალევი, გათამამების შედეგად გათავხედებული შვილია („მოუკვდეს დედა!..“, „კითხვაც ვერ შევბედე...“ - ამბობს ერთგან დედა (ნინი კვირიკაშვილი) ზრდასრულ კაცზე), რომელიც შესახედად ეფექტური ყმაწვილია (მომხიბვლელიც კი), მაგრამ მისი ყოველი ქცევა ამაზრზენი (იქნებ მეჩვენება და სწორედ ასეთი ტიპაჟებია ახლა ტრენდული, როგორც გასული საუკუნის 90-იანებში), გუგა ქაცარავა აბესალოს თავხედ და ფსიქიკური აშლილობამდე მისულ ახალგაზრდა კაცად წარმოგვიდგენს, რომლის აკვიატებას უბედურებამდე მიყავს არა მხოლოდ უდანაშაულო ირინე, არამედ საკუთარი თავი და გარშემომყოფები. მას ანგარიშს უწევს ყველა, მათ შორის, პირველ ყოვლისა, მშობლები და შემდეგ მისი თანატოლები. ერთადერთი ვისაც, მის ქცევაზე მითითება შეუძლია მეგობარი და მოყვარე ვიქტორი (გიგა აბულაძე) არის, რომელიც დიპლომატიურად, სიფრთხილით ცდილობს აბესალოს დაშოშმინებას. გიგა აბულაძის მონოლოგი პარტერში - ერთგვარი მონო აქციაა, მენტალური კონფლიქტია სპექტაკლის პერსონაჟებსა და მას შორის, რომელიც ცდილობს გააგებინოს პარტერში შეკრებილ საზოგადოებას, რომ ასე და ასეთ საზოგადოებაში ცხოვრება შეუძლებელია. ამ კონფლიქტში ერთ მხარეს ვიქტორი და ირინეა, ხოლო მეორე მხარეს, აბესალო და ფილიპე, რომლებმაც გადათელეს „მუყაითი და პატიოსანი“, მაგრამ უსუსური და უუნარო როდამიშვილის გრძნობები და პიროვნება.

 

სრულიად დაუცველია ირინე (კესო დვალიშვილი), რომელსაც ვერც მასზე შეყვარებული როდამიშვილი (ლუკა ჩიბუხაია) იცავს და ვერც საკუთარი მამა (ნოდარ მელაძე). ნოდარ მელაძე ფილიპეს ხატავს, როგორც მხდალ და ხარბ ადამიანს (სახელზე და ქონებაზე დანატრებული), რომელსაც სიყვარული, როგორც გრძნობა, არაფრად მიაჩნია, რომელსაც უსიყვარულობა ყველაზე ნაკლებ და მოგვარებად პრობლემად ესახება. ყველაზე სანდო და საიმედო ადამიანებისგან კესო დვალიშვილის ირინე იმედგაცრუებას იღებს, ამიტომაც თავისუფლებისთვის ბრძოლაში ის უუნაროა, ბევრი მცდელობის მიუხედავად. საინტერესო დიალოგი დგება ფილიპესა და ირინეს შორის, როცა ნოდარ მელაძის პერსონაჟი გაკვირვებას და განცვიფრებას გამოხატავს ირინეს პასუხზე, თუ რატომ არ სურს ცოლად გაჰყვეს აბესალოს. არგუმენტი: - „არ მიყვარს“ - მისთვის უმნიშვნელოა და დარწმუნებულია, რომ მის შვილს აბესალო აპრიორი შეუყვარდება. კესო დვალიშვილის ირინე ბევრს არ კივის და არ წივის, ის ან დუმს და მისი თვალები მეტყველებს, ან ცეკვავს, რომელიც მთლიანად გადმოსცემს მის შინაგან მდგომარეობას. სწორედ ეს ცეკვაა (რობი კუხიანიძის „დიმპიტაურის“ თანხლებით) ირინეს პლასტიკით გადმოცემული მონოლოგი, რომელშიც მსახიობი მისი პერსონაჟის მთელ ტრაგიზმს ლოგიკურად ატევს. თუ პირველ მოქმედებაში კესო დვალიშვილის ირინე ფერადი და სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა ქალია, მეორე მოქმედებაში ის გარეგნულად შელახული, დამჭკნარი და შინაგანად დაბერებულია. ირინე ერთხელ მაინც შემზარავად ელჩექივით იქუხებს, როგორც დაჭრილი ძუ ლომი, რომელიც იმსხვერპლა უსამართლობამ. ძალზედ ემოციურია მამა-შვილის სცენა, როცა გარდაცვლილი ირინე ფილიპეს მკლავებში უჭირავს, როგორც უცოდველი კრავი, სპეტაკი შვლის ნუკრი და გაბრაზებულს გიჩნდება კითხვა: ვინ არის პასუხისმგებელი? ვინ აგებს პასუხს ამოდენა უსამართლობაზე? აბესალოს მშობელი დედა? ირინეს მშობელი მამა? თუ მთელი საზოგადოება-მაყურებელი, რომელიც თავს არიდებს კონფლიქტს და ყველაფერზე თვალს ხუჭავს?

 

დასაწყისში ვახსენე, რომ გიორგი კაშია ავლენს რეჟისორულ უნარებს, რაშიც ვგულისხმობ იმასაც, რომ რეჟისორს ძალუძს მეტაფორული აზროვნება და გარკვეული ყოფითი ეპიზოდების მხატვრული გადაწყვეტა. მაგალითისთვის, შემიძლია დავასახელო მაგიდა თეთრი სუფრით (დიახ, ნოვატორობა არ არის, მაგრამ სწორად მოძებნილი აქვს რეჟისორს კონტექსტი), რომელიც შემდგომ ეპიზოდებში „გათამაშდება“ და მრავალ დატვირთვას იძენს, რომელიც ხან საქორწილო კაბაა, ხანაც საბანი და ხანაც ირინეს სულში დატრიალებული ქარიშხლის ფერწერული ტილო სისხლით მოთხვრილი. ასევე აღნიშვნის ღირსია აბესალოს ზმანების სცენა, რომელიც სიტყვების გარეშე, პლასტიკაში გადაწყვეტა რეჟისორმა. ასეთი ძიება სპექტაკლში არაერთია, მათგან ზოგი წარმატებით განხორციელებული, ზოგიც წარუმატებელი. მაგალითად, მეორე მოქმედების დასაწყისში „ბიჭების“ შეკრების დიალოგის სცენა, რომელიც ზედმეტად გაწელილია და არც ღირებული ინფორმაციის შემცველი. ცხადია, იგრძნობა რა ამოცანა ჰქონდა დასახული რეჟისორს - დამძიმებული ეპიზოდების განმუხტვა იუმორით, მაგრამ ვფიქრობ მიზანი მიღწეული არ არის, რადგან ამ ეპიზოდში მონაწილე მსახიობებმა ვერ შეძლეს მსუბუქი იუმორით გაეთამაშებინეთ „იწილო-ბიწილო“, შედეგად მივიღეთ, ფუჭი მონაკვეთი, რომელიც წარმოდგენის ზოგად ტემპო-რიტმს და სიუჟეტის განვითარებას აფერხებს.

 

გიორგი კაშიას „ირინეს ბედნიერება“ ჭყინტი (ემოციებზე დაფუძნებული), ალაგ-ალაგ მონჯღრეული (ოდნავ ხელშესავლები) სპექტაკლია, რომელსაც სიმკვრივე და შინაგან ვნებათა სიმკვეთრე აკლია. ვფიქრობ, რეჟისორის მეტი სითამამე, მოურიდებლობა ახალ შტრიხებს შემატებდა სპექტაკლს და მას სულ სხვა მასშტაბს შესძენდა.

 

რეჟისორთან ერთად, სპექტაკლზე მხატვარმა ანა ბერიშვილმა იმუშავა, რომელმაც კონცეპტუალურად გადაწყვიტა სამოქმედო სივრცე. არ ვიცი ვინ იმუშავა მსახიობებთან პლასტიკაზე, მაგრამ ვფიქრობ, სპექტაკლის ერთ-ერთი ღირსება ქორეოგრაფიულ-პლასტიკური კომპონენტია. სპექტაკლში მონაწილეობენ სტუდენტი და პროფესიონალი მსახიობები: ლაშა ქვაცაბაია, ნინი კვირიკაშვილი, გუგა ქაცარავა, ნოდარ მელაძე, კესო დვალიშვილი, ანუკა შარია, გიგა აბულაძე, ლუკა ჩიბუხაია, თამარ ყალაბეგაშვილი, გიორგი გელაშვილი, ნიკა ნიკურაძე, ლაშა მორჩილაძე, ნიკა თეთრაძე.

bottom of page