top of page

ვინ არის უხერხემლო?

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

361094224_680653997424357_7338068998674410366_n.jpeg

მარიამ წიკლაური

ვინ არის უხერხემლო?

(თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის ახალი სპექტაკლის „უხერხემლოს“ გამო . რეჟისორი იოანე ხუციშვილი. პიესის ავტორი ალექს ჩიღვინაძე)

უხერხემლო - სიყვარულია, მშობლის სიყვარული! სიყვარული ვერასოდეს დადგება თავის თავის დასაცავად. ის ყოველთვის სხვის მხარეზე დგას, თუ მართლა სიყვარულია. ის მიმტევებელია, თუ მართლა სიყვარულია, ის მონანიეა, მას სჩვევია უპირობო თანაგრძნობა, უპირობო პატიება. რადგან ეს სიყვარული შვილისადმია მიმართული. სიტყვაში „დედაშვილობა“ და „მამაშვილობა“ არასოდეს დავსვამ ტირეს. ვერავინ იტყვის ამ სიტყვაში რომელია უფრო დიდი და მთავარი, მშობელი თუ შვილი?  უხერხემლოც სწორედ ეს დაუნაწევრებელი დედაშვილური და მამაშვილური სიყვარულია.

ესაა რეჟისორის სპექტკლი. დიდი ფსიქოლოგიური შრეებით, სიმბოლოებით, თეატრალური მეტაფორებით სავსე ფსიქოლოგიური დრამა. დიახ რთული, მიუხედავად არც თუ ისე რთული დრამატურგიული მასალისა, რომელსაც რეჟისორმა მნიშვნელოვანი ფუნქციები და სათქმელი დააკისრა.  ასე მგონია, უფრო დიდი მიზნები ამოძრავებს რეჟისორს, ვიდრე თუნდაც  ე.წ. „ ტრენდული“ თემაა. არ შეცდეთ. არ იფიქროთ, რომ აქ მთავარია კაბას ჩააცმევენ მოკლულს თუ შარვალს. იქ, იმ კუბოში წევს ყველა შვილი, რომელიც შეიწირა ამ საზოგადოებამ, ცხოვრებამ, სოციალურმა პრობლემებმა, ნარკოტიკმა, თამაშმა, ფულმა,  ის, რომელმაც საერთოდ მიატოვა მშობლიური კერა და გადაიხვეწა, რომელიც გალოთდა და წახდა და გადაეგო, ვინც ვერ იპოვა საკუთარი თავი და ვერ იცხოვრა, ვერ განვითარება, ვინც უმიზნობას შეეწირა, ის ვინც, ომმა და ლტოლვილობამ ან სხვა ათასგვარმა  სოციალურმა  პრობლემამ  იმსხვერპლა. ის, ვინც ვერ მოახერხა თავისად ყოფნა, ის ვინც ავადაა და ამ „ავადობებს“ თავი ვერ დააღწია. სნებათა, ვნებათა მსხვერპლი!  მათ შორისაა ნაწამები და მოკლული ტრანსგენდერიც,  მაგრამ ეს მხოლოდ ერთი სახეა იქ „მწოლიარისა“...  სცენაზეა ყველა გაუცხოებული, ცოცხალი თუ დაღუპული შვილის მშობელი ერთად, ესაა დედა, რომელსაც არაფერი შეუძლია სიყვარულის და მიტევების მეტი, ესაა მამა, რომელმაც უძღები შვილი მიიღო და მიუტევა. ესაა მშობელი, რომლმაც საკუთარი დანაშაული მოქექა, მოიძია, დაიბრალა და ჯვარს ეცვა სწორედ შვილის მაგიერ... დიახ, ჯვარს ეცვა, აქ. იტანჯა აქ და ისე შეძლო მიტევება.

ეს დრამა უფრო მშობლებზეა, ვიდრე შვილზე, მშობლების განცდაზე, მშობლად ყოფნის უდიდეს პასუხისმგებლობაზე. ისინი არავის ადანაშაულებენ საკუთარი თავების გარდა და ეს მნიშვნელოვანი მინიშნებაა! 

შვილები კი მომავალი გაველურებული დროის  მინდვრებში საკუთარი გამოსაკვები ყვავილის ძებნაში დაკარგულები... რა ჰქვია იმ ყვავილებს? სად იზრდებიან? იმედის, სასოები, ნუგეშის, გადარჩენის ყვავილები, ვინ იცის რამდენია საფრენი მათი ტკბილი ნექტრით სავსე გულებამდე...

დიახ, ეს სიყვარულია უხერხემლო. სიყვარულს ძალა არ აქვს, ის ძალა, რომელიც წინააღმდეგობას გასწევს. არასდროს ჰქონია, არც ექნება..  სიყვარული ვერასოდეს იქნება კატეგორიული და დაუნდობელი. ეს არაა სიყვარულის ბუნებითი  თვისება!

თანალმობა, თანაგრძნობა, ემპათია კი რომელიც გიპყრობს სპექტაკლის ნახვისას შენც უხერხემლოს გხდის, მაგრამ ამ უხერხემლო სიყვარულშია ყველაზე დიდი ძალა  - ადამიანად ყოფნის, გამძლეობის, ადამიანდვე დარჩენის ძალა. ამ ძალაშია ნუგეში, ამ ძალაშია იმედი ეს ძალაა, რომ ალამაზებს მგლოვარ დედას, რომ ამხნევებს მგლოვარ მამას. ესაა დატირების, პატიების ძალა...

ჩვენც, ადამიანები, ამავე სიყვარულით ვდგავართ ორი ხილულ-უხილავი სამყაროთა სამანზე,  მიჯნაზე და იმდენი ტკივილის, დაუმსახურებელი ტკივილის,  შეურაცხყოფის, ტანჯვის თმენა გვიწევს, რომ აღარც ვიცით როდის საით ვმყოფობთ. საიქავ-სააქაოს ღია კარია ხშირად მშობლის გულში . ცოცხლად რომ გმარხავს იმგვარი პასუხგაუცემელი, დაუმსახურებელი ტკივილების მოთმენა გიწევს. არადა, თითქოს არაფერი ბევრი, არაფერი არაბუნებრივი არ სურთ მშობლებს „შვილები გეყოლებოდა“ ჰო, ესაა მომავალზე და მარისობაზე მოსაჭიდებელი საცეცები , გადარჩენის, არსებობის სახელით.

ამიტომ ხშირად იხსნება და იხურება ეს ფარდა, ძალიან ხშირად. ხან „მზღვარად“ აღმართული, ხან სამანი, ხან უცხო თვალისგან მალავ ყველაფერს, ხან სოციუმის დაუწერელ კანონ-სამართალისგან იცავ შენს შიდა სამკვიდროს, შენიანებს, შენსავე „შინს“, ხან რწმენისა და ურწმუნოების საზღვრად იშველიებ... შეიძლებოდა ეს უბრალო ფარდა სულაც სხვა ფაქტურისა ყოფილიყო და არა ასეთი რეალისტური, ყოფითი. აქვე სენოგრაფიაზეც ვიტყვი, რა კარგი მიგნებაა, რომ ყველაფერი სკის იმიტაციას ტოვებს. კი, ჩვენც ფუტკრები ვართ, ჩვენც მათსავით ბოლომდე გამძლენი იმისა, რასაც ვიღებთ და გავცემთ  - სიცოცოხლის ჯაჭვში ჩაბმულები. აქ, დედამიწაზე, სადაც სიმაღტლე მხოლოდ სიცოცოხლის დამისი მსახურების, მისი გაგარძელების, მისი სისავსის მხარეზეა! ყველა უჯრედში ფეტქავს სიცოცხლე აქ! აი, ესაა სიყვარულის ძალა!

ხან ჩვილის სამყოფელსაც ამსგავსებ ამ კუბოს... ფარდის გამოყენების გზით ხერხდება ეს და ძალიან ეფექტური და სიმბოლურიცაა.  სიკვდილიც ძილია, კი ... და ეს დამოკიდებულება ნანინების ძველ საკულტო სიმღერებიდანაც მოსდგამს სამგლოვიარო სიმღერებს. დატირებასაც ემსგავსებოდა ზოგჯერ „ნანა“ ან უფრო ზუსტად პირიქით იყო, მშობელი გარდაცვლილ შვილს ნანასავით სიმღერას უმღერდა, მიძინებულად თვლიდა და იმითომ ...  მარადიულ ძილში გადასულ პირმშოს..

მაგრამ ახლა რასაც სცენაზე ვუყურებთ, ეს პატიების და მიტევების, მიღების, შვილის სულში შესვლის ცდაა, საბოლოოდ უხერხემლოა მშობელიც, რომელიც არასოდეს არ დაჰკრავს და არ გაჭრის დაუნდობლად, არამედ სიყვარულს მიაგებს შვილს.

და აი, ნუგეშიც მოდის ჩვეულებრივი მოყვასის, მეზობლის თუ თანასოფლელი კაცის სახით, რომელიც მღვდელი აღმოჩნდება, სანაქებოა ეს ზომიერება რაც ამ როლს დაეკისრა. აუცილებელს, რომ ვუფიქრდები, ძალიან აუცილებელს. არ ჯვარი, არც ანაფორა ... თავიდან, მხოლოდ ქუდი და წვერი და შავი პერანგი თუ სვიტრი გენიშნება. მერე კი, უცნაური მისტერია  კუბოსთან, ახალი ნაყარის ამოყვანა მღვდლის ქურთუკის დახმარებით...

და ეს გაუთავებელი ზუზუნი... (მშობლები მეფუტკრეები არიან) ფუტკრების ახალი ნაყარის  ამოყვანა კუბოდან აღდგომის მისტერიის  ტოლფასია მას მერე, რაც გარდამოხსნისა და დატირების ალუზიური სცენებს ვიხილავთ. იმ მისტერიისა, რომელმაც უნდა გაფიქრებინოს რომ მშობლებმა თავიანთი პირადი, შინაგანი  ჯოჯოხეთის ბჭენი ამსხვრიეს და ახალმშობლებად იშვნენ.  გარდაცვლილის უცნაური შემოსვა, თმის კვეთა, რაღაც განწმენდის გზის ალუზიური ანარეკლებია... „მამის პიეტა“ (როგორც ერთ რეცენზიაში ნინია სადღობელაშვილმა, მწერალმა და დრამატურგმა მოიხსენია ეს სცენა) . დიახ, აქ ამ დიდ დრამაში მამის სახე გაცილებით მნიშვნელოვანი და ყოვლისმომცველია, ვიდრე დედისა. ფიზიკურადაც კი მამა უფრო მეტია და ბევრია სცენაზე, რატომ? იმიტომ რომ ტოტალურად უხერხემლო გახდა მამა ამ ცხოვრებაში, სამწუხაროდ ჩვენდა და ესაა ქვეცნობიერი მცდელობა მამის ფუნქციური სახის „დაბრუნებისა“  ( ეს ერთ-ერთი ბრწყინვალე როლია მსახიობ გოგა პიპინაშვილის შემოქმედებაში. მან გაგავაოცა თავის ვირტუოზული  ოსტატობით).  ცხოვრება რომელიც დედებმა ითავეს, დედების მხრებზე დადგა და დედებს ბრალდება ყველაფერი აქ სწორედ მამის დომინანტი სახითაა წარმოდგენილი. და რაოდენ კარგია, რომ ეს კონფლიქტი ცოლ-ქმარს შორის არ გადადის რისხვაში, კონფლიქტში, ლანძღვაში, არამედ მიმტევებლური, მზრუნველი და ერთიანი სიყვარულის სახეს იღებს, მიუხედავად ძალინ მძიმე სიტუაციისა, რომელშიც ერთდროულად და ერთობლივად აღმოჩნდებიან ნინელი ჭანკვეტაძისა და გოგა პიპინაშვილის მიერ ბრწყინვალედ განსახიერებული გმირები.  მიუხედავად იმისა, რომ მათ აზით მძიმე ყოფის ნიშანი, ოჯახური ურთიერთობების სიმძიმის ნიშანი,მათ გვერდით გადამრჩენელი სიყვარულის ლანდიც აშკარად იკვეთება.

შვილი არ ეკუთვნის მშობელს. მშობლები არიან ერთმანეთის პატრონები და კუთვნილებანი, შვილი სხვაა, სხვადმყოფია და აქაც მხოლოდ საკუთარ თავს იდანაშაულებენ მშობლები და არა შვილს ადანაშაულებენ. და ეს სწორი პოზიციაა.

და ისევ ეს ზუზუნის ხმა, როგორც ჟამის ხმა, მძიმე დროის ხმა, რომელსაც მართლა თუ არ მიაშველე ზრუნვა, ხელი, ჩანს რომ ეს დროც კვდება... დროს მიაქვს ყველაფერი, მაგრამ თავად დროც კვდება... არც დროა უცვლელი კატეგორია. რისი მეტაფორაა სცენაზე ფუტკარი,  მეცნიერებს თუ დავუჯერებთ, მათი გადაშენება, სიცოცხლის დასასრულის მომასწავებელია დედამიწაზე. 

ეს მწერი ყველაზე ძველი, ყველაზე მოწესრიგებული, ყველაზე განვითარებული და გონიერი არსებაა.  სოციალური საზოგადოების კანონით მცხოვრები მწერია. ზუსტად განსაზღვრული ფუნქციებით, კანონებით.  გამრჯე, ერთგული თავიანთი ბუნებითი „კონსტიუტუციისა“. და რაოდენ სასარგებლოა, რასაც ის ამზადებს , უკვდავების და მარადიულობის მსახურებაშია. თაფლი, სანთელი, ჭეო, ცვილი, მტვერი,  რძე - მხოლოდ წამალია, მხოლოდ ადამიანთა სამკურნალო, მხოლოდ ღვთის სადიდებელი პროდუქტი...  ნუთუ ამ გაველურებულ ახალ ნაყარს, რომელიც სცენაზე ეშვება და საშინელ შთაბეჭდილებას ახდენს  გარეგნულად, პატრონი არ გამოუჩნდება, არ მოაშინაურებს? არ მიუჩენს სწორ კალაპოტს, არ უპატრონებს?

ამ ნაყარივითაა ახალი დროება, ახალი ჟამი, ახალი ადამიანებიც, ახალი თაობებიც ახალი საფრთხეები, რა დაგემართება ადამიანო, რა გელის შენ?

ნუთუ დამარხვაც პრობლემაა იმისა, რაც გტანჯავს ადამიანო? ტკივილებს ვერ იშორებ და ვერ მარხავ?  როდემდე გინდა თან ათრიო დაუმარხავი მკვდარივით შენივე აუწყობელი, მოუგვარებელი, მძიმე და ცოდვა-ბრალიანი ცხოვრება?

სადაა  შენი გადარჩენის  ადგილი, ადამიანო? მადლი სადაა?

ალბათ ისევ უხერხემლო სიყვარულში, ყველაზე საჭირო, ყველაზე ძლიერ, ყველაზე მართალ და უანგარო სიყვარულში...

მადლობა ამ იმედისათვის!

ნურავის მოგიტყუებთ ამ სპეტაკლზე სიტყვა „ტრანსგენდერი“, ნურც დაგაფრთხობთ.  ეს სიმბოლოა იმ ადამიანისა, რომელიც თავს ეძებს, საკუთარ თავს... ის კაციცაა, ქალიც, ყველა ჩვენგანია...  თავდაპირველი ადამი...

ძალიან ცოტა ვთქვი. თქვენ მეტი ნახეთ, მეტი ამოიკითხეთ, მეტი იფიქრეთ. მაქვს ამის იმედი...

bottom of page