ვინ უფრო არის უხერხემლო?
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში
.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.
ლაშა ჩხარტიშვილი
ვინ უფრო არის უხერხემლო?
ყველაზე დიდი დეფიციტი ქართულ თეატრში ორიგინალური ქართული პიესების კატასტროფული სიმწირე რომ არის, ეს მგონი, საკამათოც არ არის, თუმცა იყო პერიოდი (XX საუკუნის 10-30-იანი წლები), როცა ქართული თეატრის რეპერტუარი სავსე იყო სხვადასხვა მხატვრული ხარისხის და მასშტაბის ქართველ ავტორთა პიესებით, ქართველი რეჟისორები ყოველთვის მხარს უჭერდა ეროვნულ დრამატურგიას და ამ მხარდაჭერამ მაშინ მნიშვნელოვანი შედეგიც გამოიღო. დღესაც იწერება (მართალია ძალიან ცოტა), მაგრამ მაინც იწერება ახალი ქართული პიესა, რომელთა შორის, სამი მიმართულების გამოყოფა შეიძლება: 1. მითოლოგიური თემების ახლებური გადამუშავება; 2. ისტორიულ-პოლიტიკური თემატიკის პიესები და 3. სოციალური დრამატურგია.
თანამედროვე ქართულ დრამატურგიას დიდად არ სწყალობს ქართული თეატრი. რეჟისორები ამის მიზეზად პიესების სტრუქტურულ გაუმართაობას და დაბალ მხატვრულ ხარისხს ასახელებენ, რაშიც მართლებიც არიან, მაგრამ ვერ გავამართლებ მათ საკითხთან მიდგომაში, რადგან კოტე მარჯანიშვილი და სანდრო ახმეტელი, რომლებსაც შესანიშნავად ესმოდათ მათი თანამედროვე დრამატურგების შექმნილი დრამატურგიის ნაკლოვანებების შესახებ, მაინც დგამდნენ მათ პიესებს, რადგან ამით მხარს უჭერდნენ არა მხოლოდ ქართულ დრამატურგიას, დრამატურგთა მოტივაციის ამაღლებას, არამედ ქართული თეატრის განვითარებასაც, რადგან ეროვნული თეატრი, არ არსებობს ეროვნული დრამატურგიის შესახებ (ისე გამონაკლისი თავად ქართული თეატრია, იქმნებოდა შედევრები უცხოურ დრამატურგიაზე დაყრდნობით).
თითოეული ახალი ქართული პიესის დადგმა, რა მხატვრული ხარისხის მოვლენაც არ უნდა იყოს ის, მნიშვნელოვანი ფაქტია ქართული თეატრისთვის. ახალი თაობის ქართველ დრამატურგთა შორის, ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი ალექსი ჩიღვინაძეს უჭირავს, რომელიც დრამატურგიაში თემურ ჩხეიძის სახელოსნოდან მოვიდა. მისი პიესები იდგმება არა მხოლოდ სამეფო უბნის, არამედ დედაქალაქის და რეგიონის ბევრ თეატრში. ალექსი ჩიღვინაძეს თავისი პიესებით ქართულ თეატრში მოაქვს მიმდინარე და აქტუალური თემები ახლებური რაკურსით, მისი გმირები ჩვენი თანამედროვეები და ჩვენთვის კარგად ნაცნობები არიან. ამიტომაც, მისი ყოველი ახალი პიესის დადგმა, მინიმუმ ძლიერ ინტერესს იწვევს მაყურებელში, ვიდრე, პირობითად, შექსპირის ან მოლიერის ნებისმიერი ნაწარმოების ახალი სცენური ინტერპრეტაცია.
ალექსი ჩიღვინაძის დრამატურგიის მაგისტრალური ხაზი სოციალური თემატიკაა. ჩვენი დროის ყველაზე აქტუალური და გადაუჭრელი პრობლემა. ჩვენმა ახლანდელმა სოციუმმა წარმოშვა მისი პიესების ტრაგიკული გმირები. პიესა „უხერხემლო“ თემურ ჩხეიძის სახელოსნოს ფარგლებში შეიქმნა, რომელიც ტრაგიკულად დაღუპული ტრანსგენდერი ქალის ოჯახზე უფრო მოგვითხრობს, ვიდრე მასზე. პირველად ტყიბულის სახალხო თეატრში, 2017 წელს, ლალი კუბლაშვილმა დადგა, ხოლო 2019 წელს, დავით თურქიაშვილმა ზუგდიდის შალვა დადიანის თეატრის სცენაზე განახორციელა.
2022 წელს კი ილიაუნის თეატრის სცენაზე დებიუტანტი რეჟისორის გელა გულიაშვილის სადიპლომო სპექტაკლის პრემიერა შედგა. სპექტაკლზე რეჟისორი პანდემიის პერიოდში მუშაობდა, ნამუშევრის ნახვის საშუალება ფართო საზოგადოებას მოგვიანებით მიეცა.
რეჟისორი და მხატვარი თეო კუხიანიძე ქმნიან სივრცეს, რომელიც ყველა კითხვას სცემს პასუხს. სცენაზე ვხედავთ ორი ძველებური, ტრადიციული ოთახის ინტერიერს, ძველი და დაზიანებული ავეჯით, შეშის ღუმელით (პერსონაჟთა ჩაცმულობაც ამ გარემოს შესატყვისია). მეორე, უკანა ოთახში კუბო ასვენია, რომელიც მწკრივზე ჩაწყობილი სკამებითაა გარშემორტყმული, ტრადიციისამებრ ის სამძიმრის სათქმელად მოსული ადამიანებისთვისაა განკუთვნილი, რომელიც არ ჩანს და არც მთელი სპექტაკლის განმავლობაში გამოჩნდება (თუ არ ჩავთვლით გარდაცვლილი მშობლებსა და მის ორ მეგობარს). გარდაცვლილის მშობლებს ეტყობათ, რომ დაბეჩავდნენ, განადგურდნენ და ეს მხოლოდ შვილის გარდაცვალებით არ არის განპირობებული, ეს დაღი მათ სახეზე და სხეულზე დიდი ხანია მოსდევთ. ისინი საკუთარ ქვეყანაში ლტოლვილებად ქცეული იძულებით გადაადგილებულები არიან (აფხაზეთის ომის შედეგად), მათ მძიმე ცხოვრება გამოიარეს და არც ახლა ცხოვრობენ უკეთ, კიდევ უფრო დაჩიავდნენ და დაჩაჩანაკდნენ. ისინი მათ მიერ სახლიდან გაგდებულ შვილს დასტირიან, რომელმაც 15 წლის ასაკში აღმოაჩინა, რომ ტრანსგენდერი ქალია. ახლა, როცა მათი შვილი მკვდარია, მისი დაკრძალვაც კი პრობლემატურია, რადგან მეკუბოეს არ უნდა კუბო მიჰყიდოს ტრანსგენდერი ქალის მშობლებს, მღვდელი წეს არ უგებს მიცვალებულს და სოფელი მისი სასაფლაოზე დამარხვის წინააღმდეგია... რას აკეთებს ამ დროს ოჯახი? რამდენად შესწევს ძალა საკუთარი და მათი შვილის ღირსების დასაცავად ხმა აიმაღლოს უსამართლობის წინააღმდეგ? რამდენად იპოვიან ძალას საკუთარ თავში და რამდენად გააცნობიერებენ, რომ ღირსება უნდა დაიცვან! სწორედ ამ საკითხებს წამოჭრის გელა გულიაშვილი სპექტაკლში, რომელმაც თავის გუნდთან ერთად მოახერხა შეექმნა ატმოსფერო, განწყობა, გარემო და ამბავი, რომელიც სუნთქვას შეუკრავდა მაყურებელს დარბაზში, ყელში ბურთს გაუჩხერდა, ვიღაცას დააფიქრებდა და ვიღაცას ააფორიაქებდა კიდეც.
სპექტაკლში სულ 4 მოქმედი პირია: ტრანსგენდერი ქალის, ელას მშობლები: მართა (მაიკო ხორნაული) და მამია (გიორგი ცერცვაძე), მისი მეგობრები: ნინო (ანიკო შურღაია) და დანიელი (გიორგი მაქაძე). რა დასამალია, რომ მოქმედების ეპიცენტრში მშობლები, მართა და მამია დგანან, მათი ცენტრალურ ფიგურებად ქცევა განაპირობა არა მხოლოდ დრამატურგიამ, არამედ მსახიობთა ოსტატობამაც. მაიკო ხორნაულიც და გიორგი ცერცვაძეც ავლენენ არა მხოლოდ კარგი სცენური პარტნიორობის მაგალითს, არამედ პროფესიულ ოსტატობასაც, როცა თითოეული სიტყვა თანხვედრაშია თითოეულ ქმედებასა და მოძრაობასთან (მაია ხორნაულის მონოლოგი - „გაზაფხულზე სიკვდილი გამიგია?!“, ან გიორგი ცერცვაძის ვაშლის დაჭრის ეპიზოდი).
უემოციოდ ვერ უყურებს მაყურებელი მშობლების ურთიერთობის, მათი ერთად განვლილი ცხოვრების გაანალიზება-გადაფასების სცენებს, მარტო დარჩენილი სევდიანი მონოლოგის ეპიზოდებს. მსახიობები თითქმის არ ტირიან სცენაზე, მაგრამ ატირებენ მაყურებელს პარტერში, ისინი მკაცრად იცავენ ზღვარს ემოციების გამოვლენაში და ეს ზღვარი უფრო ზემოქმედებს მაყურებელზე. თუმცა სპექტაკლში არის „ზედმეტი“ ან თუნდაც მუშაობა დაუსრულებელი ეპიზოდები. გასაგებია, რომ მაია ხორნაულის მართა ბოლთას სცემს და ადგილს ვერ პოულობს, მაგრამ მუდმივი უაზრო, აფექტური მოძრაობა ერთფეროვანი ხდება და სპექტაკლის ტემპო-რიტმს აგდებს, ხელს უშლის სიუჟეტის განვითარებას. იგივე ითქმის გიორგი ცერცვაძისა ტექსტის გარეშე დაუსრულებელ ქმედებებზე (სარდაფიდან კუბოს ამოტანის ეპიზოდი, რომელიც გაწელილია, შესაბამისად, მოსაწყენი და არაფრისმთქმელი) და მის დიალოგზე დანიელთან (გიორგი მაქაძე). დიალოგი მათ შორის იმდენად ხელოვნურად და არადამაჯერებლად მიმდინარეობს, რომ მაყურებელი თითქოს ეცლება სპექტაკლს და ისვენებს, რადგან მნიშვნელოვანი და საინტერესო აღარაფერი ხდება სცენაზე. ოსტატურად ასრულებს გიორგი მაქაძე ელას დატირების სცენა, რომელიც ზურგით დგას მაყურებელთან და მხოლოდ მისი ზლუქუნი ისმის. ეს ეპიზოდი იმდენად ემოციურია და სცენიური სიმართლით შესრულებული, რომ მაყურებელი მას თანაუგრძნობს და სჯერა მისი გულწრფელობის, რასაც ვერ ვიტყვი მის დიალოგზე ნინოსთან (ანიკო შურღაია) ან მამიასთან, რომელსაც ხელოვნურობის, ტექსტის დეკლამაციურების ეფექტი დაჰკრავს.
საინტერესო სახე-ტიპაჟს ქმნის ანიკო შურღაია, რომელიც ელას მშობლებს თავს რეჟისორად გააცნობს, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო. ანიკო შურღაიას პერსონაჟი იქცევა ისე, როგორც თანამედროვე საქართველოს ნიუსის ჟურნალისტები, რომლებიც ინფორმაციის და კადრის მოსაპოვებლად, ყველაფერზე წამსვლელები არიან. მოპოვებული მასალა კი, სკანდალს გამოიწვევს და შესაბამისად რეიტინგს დაწერს, რითაც მისი კეთილდღეობა გაუმჯობესდება.
მთავარ გარდატეხას, ერთგვარ მეტამორფოზას მართასა და მამიაში გარდაცვლილი შვილის ცხედრის ტრადიციული გაპატიოსნების საკმაოდ გაწელილ ეპიზოდში ვხედავთ, როცა დედა საკუთარ შვილს როგორც ქალს, ისე გამოაწყობს იმ წითელ კაბაში, რომელიც მიცვალებულისთვის მისმა მეგობრებმა ჩამოიტანეს სოფელში. მამია კი ამ დროს ნაირგვარი ყვავილებით ბრუნდება, რომელიც ამკობს გარდაცვლილი შვილის კუბოს.
სპექტაკლის დასაწყისში გარდაცვლილ შვილს მამია უხერხემლოს უწოდებს. მოვლენათა განვიტარეისას აღმოჩნდება, რომ მამიაც უხერხემლოა, რომელსაც არ შესწევს საკმარისი ძალა წინააღმდეგობის გაწევის. მართა მას უწოდებს უხერხემლოს. ეს პასაჟი სპექტაკლში მნიშვნელოვანია, რადგან ადამიანებს კრიტიკულ მომენტებში უყვართ სხვების დადანაშაულება და ყველაზე ნაკლებად აღიარებენ საკუთარ დანაშაულს თუ ბრალეულობას კრიტიკული სიტუაციის შექმნაში, რადგან პასუხსიმგებლობის განაწილება უმრავლესობას არ ძალუძს. აქ კი მართა პირდაპირ მიანიშნებს მამიას საკუთარ უნიათობას, სისუსტეს და უხერხემლობას.
პიესაში წამოჭრილი პრობლემის გადაჭრა ელას სოფლის სასაფლაოზე დაკრძალვაა, ყველა დადგენილი წესის მიხედვით, რაშიც ვლინდება სხვადასხვა სექსუალური ჯგუფების თანასწორობის იდეა, რომელიც დიდი ბრძოლის და მსხვერპლის შედეგად იმარჯვებს კიდეც.
ფოტო: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრის ვებ გვერიდან