ვინ გაინაწილებს ბედნიერი დღის ნაყოფს?
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში
.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.
ლაშა ჩხარტიშვილი
ვინ გაინაწილებს ბედნიერი დღის ნაყოფს?
თეატრმა ათონელზე მორიგი პრემიერა შესთავაზა მაყურებელს, მაგრამ არა საკუთარ კამერულ სივრცეში, არამედ თბილისის ისტორიის მუზეუმში - ქარვასლაში. რეჟისორმა გეგა გაგნიძემ მუზეუმის ორიგინალურ ინტერიერში უილიამ შექსპირის ტრაგედია „იულიუს კეისარი“ განსხვავებული და აქტუალური აქცენტებით გააცოცხლა.
გეგა გაგნიძისთვის უცხო არ არის ალტერნატიულ, არატრადიციულ და არათეატრალურ სივრცეში სპექტაკლის დადგმა. ჯერ კიდევ „თეატრალურის“ სარდაფში, მან მარტინ მაგდონას „ბალიშის კაცუნა“ დადგა. მიუხედავად იმისა, რომ გეგა გაგნიძე მანამდეც დგამდა სპექტაკლებს და ბათუმში, მონოპიესების ფესტივალშიც იღებდა მონაწილეობას, ფართო სათეატრო საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ეპიცენტრში სწორედ „ბალიშის კაცუნას“ შემდეგ მოექცა.
თავბრუდამხვევი წარმატების შემდეგ, მისი შემოქმედებისადმი ინტერესი გაორმაგდა, მომრავლდნენ ჩასაფრებულებიც და გულშემატკივრებიც. მიუხედავად არაერთი შეთავაზებისა დადგმის თაობაზე სახელმწიფო თუ კერძო თეატრებიდან, ახალგაზრდა რეჟისორმა კომფორტულ სამუშაო სივრცედ თეატრი ათონელზე არჩია, სადაც უკვე სამი სპექტაკლი დადგა. სწორედ, ამ თეატრის კამერულ სცენაზე განხორციელდა პირველად ქართულ სცენაზე - დავიდ ჰაროერის „შავი ფრინველი“ და ივან ვირიპაევის „მზის ხაზი“.
ამ დადგმებში, რეჟისორმა, კიდევ ერთხელ, გამოავლინა არა მხოლოდ ტექნიკა და ცოდნა მსახიობთან სკრულპუროზული მუშაობის, არამედ მისი ინტერესები - ადამიანი და მისი შინაგანი, ამოუცნობი და მოულოდნელობებით სავსე სამყარო. ადამიანის კვლევას გეგა გაგნიძე „იულიუს კეისარშიც“ აგრძელებს, რომელიც მისი წინა სპექტაკლებისგან განსხვავებით, უჩვეულოდ გაშლილ, მონუმენტურ სივრცეში - თბილისის ისტორიის მუზეუმის, ქარვასლის ცენტრალურ ფოიეში (და არა მხოლოდ) გათამაშდა.
ბოლო წლების ქართულ თეატრში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ახალგაზრდა რეჟისორები მასშტაბურ სივრცეებს ირჩევენ დრამატული სპექტაკლების დასადგმელად. ჯერ იყო საბა ასლამაზიშვილმა „დონ ჟუანი“ დადგა თბილისის ცირკში, ახლა გეგა გაგნიძემ ქარვასლას მიაშურა (ცოტა უფრო ადრე სპექტაკლები ვნახეთ სტადიონზე, ზღვის სანაპიროზე, სპორტულ დარბაზში, ეკლესიაში და ა.შ.). რეჟისორისთვის ეს ერთგვარი გამოწვევა იყო, როცა კამერული სივრციდან ქარვასლის ინტერიერში გადაინაცვლა და ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ მან შეძლო მისი სივრცის ათვისებაც და მისი აზრობრივად დატვირთვაც.
კამერულ და ინტიმურ სივრცეში განხორციელებული სპექტაკლების შემდეგ, გეგა გაგნიძის „იულიუს კეისარი“ მასშტაბური მოცულობის დადგმაა (პროდიუსერი თიკა სალუქვაძე, პროექტის მენეჯერი ნუცა სალუქვაძე), რაც განპირობებულია არა მხოლოდ სივრცით, არამედ დრამატურგიული მასალის გამო. მიუხედავად იმისა, რომ შექსპირის პიესა ხუთ მოქმედებადაა დაწერილი, რეჟისორმა ამბავი და ძირითადი სათქმელი კომპაქტურად და ოსტატურად ჩატია ერთ მოქმედებაში. მისთვის მთავარი და საინტერესო კეისრის წინააღმდეგ შეთქმულება, მისი დაგეგმვა და განხორციელებაა და არა ბრუტუსი და მისი თანამზრახველი მეგობრების შემდეგი ცხოვრება. რეჟისორისთვის საინტერესოა ადამიანები შეთქმულების სხვადასხვა ეტაპზე, მათი განცდები და დასახული მიზნის მიღწევის პროცესი. შესაბამისად, გეგა გაგნიძემ, როგორც რობერტ სტურუამ, შექსპირის პიესა არა მთლიანად, არამედ მისი გარკვეული ნაწილი გადაიტანა პირობით სცენაზე, არასათეატრო სივრცეში.
გეგა გაგნიძეს ქარვასლაში ფაქტობრივად მზა დეკორაცია დახვდა. თბილისის ისტორიის მუზეუმის შიდა სივრცე კოლოსეუმსაც მოგაგონებთ - არენით, სადაც მთავარი სანახაობა იმართება და მაყურებლისთვის განკუთვნილი აივნებით. გეგა გაგნიძე ოსტატურად ითვისებს ფაქტობრივად მთელ სივრცეს, სანახაობის შემსწრე მაყურებელი არენის ერთ მხარეს და აივნებზეა განლაგებული, ხოლო „სანახაობის მომწყობნი“ კი, ქარვასლის მთელ პერიმეტრს ითვისებენ. მაყურებელი ხედავს ისტორიული ნაგებობის თაღებს, კოლონებსა და აივნებს, რომელიც „ივსება“ ხალხით, აქ ყველა კუთხეში მკვლელობა იგეგმება, ისმის მათი ფუსფუსი „სამუშაო პროცესში“... ისინი ბევრს დადიან, სულ მოძრაობაში არიან, თუმცა არენაზე ემოციურად გაწონასწორებულ, დინჯ პერსონაჟებს ვხედავთ (ქორეოგრაფი ლაშა რობაქიძე).
მუზეუმის ვესტიბიულს რომ გასცდება მაყურებელი, სანამ თავის კუთვნილ ადგილს იპოვის, დარბაზში კლუბური მუსიკა (კომპოზიტორი ნოე კვირკველია) ჟღერს და არენაზე ახალგაზრდები ცეკვავენ, რომლებსაც როგორც კლუბებში ხელზე ფერადი მანათობელი სამაჯურები უკეთიათ. მართალია მაყურებელი ისტორიულ სივრცეში მოხვდა, მაგრამ სპექტაკლის ავტორები იმასაც უსვამენ ხაზს, რომ ჩვენ თანამედროვე ღამის კლუბში ვართ, რომ ამბავი, რომელიც ახლა გათამაშდება აქ და ახლა ხდება. ეს ახალგაზრდობა, რომელიც ღამის კლუბში ჩვენს თვალწინ ერთობა, ხალხია, მოქალაქეები, საზოგადოება.
გეგა გაგნიძე ერთგვარ თაღებს კრავს ეპოქებს შორის დღევანდელობიდან წარსულისკენ (და არა პირიქით). ცალსახად ვერც იმას ვიტყვით, რომ მოქმედება მხოლოდ XX საუკუნის შუა ხანებში ვითარდება (თინათინ კვინიკაძე კოსტიუმებით სწორედ XX საუკუნის შუა ხანებზე მიგვითითებს, პერსონაჟებს ამ ეპოქისთვის დამახასიათებელ სტილისტიკაში აცვიათ - შარვლები განიერი დაბოლოებით, ე.წ. შლაქსები), გარემოს, რომელშიც მოქმედება ვითარდება უფრო შორეულ წარსულში გადავყავართ. ამით გეგა გაგნიძემ პრობლემის მარადიულობას და პიესაში წამოჭრილი თემების მუდმივ აქტუალობას გაუსვა ხაზი, მაგრამ რა აღმოჩნდა მთავარი თანამედროვე, ახალგაზრდა რეჟისორისთვის ამ საკმაოდ ვრცელი მოცულობის პიესაში, რომელიც ასე კომპაქტურად შემოგვთავაზა მან? ადამიანი! მათი ურთიერთობები, სიყვარული და ღალატი, ძალაუფლების წყურვილი და რაც მთავარია - ქალის, როგორც მოვლენის ფენომენი, რომელიც საშიშიცაა, ერთგულიც, კაცზე მეტად გონიერი და გამჭრიახიც, შესაბამისად ანგარიშგასაწევიც, თუმცა მამაკაცის გონება ისეა მოწყობილი, რომ ის საკუთარ ინტუიციას უფრო ენდობა, რომელიც შინაგანი ღირსებითა და თავმოყვარეობითაა განპირობებული.
დასაწყისში ნაჩვენებ კლუბურ ღამის ცხოვრებას იარაღის გასროლის მოულოდნელი ხმა არღვევს. არენის ცენტრში ქალი მოქალაქე ჩნდება (პიესაში ფლავიოს, მსახიობი - ანუკი ბუბუტეიშვილი) - რომელიც შეკრებილ საზოგადოებას, რომაელ მოქალაქეებს მიმართავს: „თუ წვერს წავაჭრით ახლად შესხმულ კეისრის ფრთებსა, მაშინ ვერ იფრენს ისე მაღლა; უამისოდ კი ავა ზეცაში, თვალთ ხედვიდან დაგვეკარგება და მონობაში გვიყოლიებს შიშით შეპყრობილთ...“ ფაქტობრივად ეს ტექსტი გახდება სპექტაკლის პერსონაჟების მოქმედების არსი და მიზანი. რა თქმა უნდა, მოქალაქის აქტივიზმს, პოლიცია ეგრევე აღკვეთს, მას პირს აუკრავენ და დილეგში გააქანებენ.
მაყურებელი სულგანაბული და დიდი ინტერესით ელოდება კეისრის ხილვას. იგი ნოე კვირკველიას მაჟორულ-დრამატულ მუსიკალურ თემაზე შემოდის და მისი სვლა ამალითურთ, საკმაოდ ხანგრძლივია. კეისარი გრძელ გზას გადის, სანამ ის ხალხის (მაყურებლის) წინაშე წარდგება. ეს სვლა ქმნის არა მხოლოდ ატმოსფეროს, რომ კეისარი დიქტატორულ სახელმწიფოს მართავს, არამედ მიგვანიშნებს მის მძიმე ხასიათსა და პერსონაზე. თემიკო ჭიჭინაძე - კეისარი ძალაუფლების ტკბობით აღვსილი სახით წარდგება პუბლიკის წინაშე, მისი სახის გამომეტყველებაზე თითქოს აღიბეჭდება კეისრის განვლილი ცხოვრება, შინაგანი სამყარო. მიუხედავად კეისრის სიძლიერისა, ის საგრძნობლად ეჭვიანი და ფრთხილია, ყურს უგდებს მისანთა წინასწარმეტყველებას. თემიკო ჭიჭინაძის კეისარი თითქოს საკუთარ თავზე ატარებს ექსპერიმენტს და სიმამაცის სინდრომით მოტივირებული ცდილობს ბედისწერის წინააღმდეგ გალაშქრებას. ცდილობს არ გამოააშკარაოს მისი სიმფრთხალე და თავდაჯერებულ მამაკაცად წარმოჩინდეს. ის დილემის წინაშე დგას: დაუჯეროს წინასწარმეტყველებას თუ გამოცხადდეს სენატის წინაშე, რათა საბოლოოდ გადაიფორმოს ძალაუფლება. ეს რისკი, რომელიც დიდების ცდუნებას ეფუძნება, მას სიცოცხლის ფასად უჯდება.
მეტაფორული და მრავლისმთქმელია კეისრის იმპერატორად კურთხევის მიზანსცენა. როცა წითელ კოსტიუმში ის ხალხის წინაშე წარსდგება. ის დგას კიბეზე ხალხთან ერთად და ამავდროულად დგას მასზე, როგორც საყრდენზე. ხალხის რჩეული ლიდერის საყრდენი თავად ხალხია, რომელსაც შეუძლია როგორც ხელებაპყრობილი შეხვდეს მას, ასევე სიცოცხლეს გამოასალმოს. სწორედ მაშინ, როცა მონუმენტურ ძეგლადქცეული კეისარი გალაღებული და ბედნიერი გადახედავს შეკრებილ აუდიტორიას, მას დანას ჩასცხებენ სხვადასხვა მხრიდან, სწორედ ისე, როგორც მისი მეუღლის, კარფურნიას სიზმარში. დაჭრილი კეისარი პირობითი ავანსცენისკენ მიიწევს, სადაც შორი ახლოს ბრუტისი-შაკო მირიანაშვილი დგას. კეისარი არაფერს ამბობს, არც ცნობილ ფრაზას: - „შენც, ბრუტუსს?!“, ის მხოლოდ სახით მეტყველებს, როგორც თავად ბრუტუსი. თემიკო ჭიჭინაძის კეისარი თვალებით ითხოვს შველას ბრუტუსისგან, მის სახეზე ერთდროულად იკითხება მოულოდნელი ღალატით გამოწვეული გაკვირვება, სასოწარკვეთა, ამ ცხოვრების ამაოება და უკანასკნელი იმედიც.
კეისრის მზაკვრული მკვლელობის შემდეგ, იწყება ძალაუფლების გადანაწილების პროცესი, წარმატების გზაზე ჩამოსაშორებელ ხალხთა სია უკვე შედგენილია, „ყველა მოკვდება, ვინც სიაშია“ - გვამცნობს გიორგი წერეთელი - ანტონიუსი და იწყება წრეზე სვლის გარდაუვალი პროცესი, რომელიც არ კარგავს მარადიულის სტატუსს. სამეფოში შეთქმულებს ბედნიერი დღე დაუდგათ, მაგრამ „ვინ (და როგორ) გაიყოფს ბედნიერი დღის ნაყოფს“ რეჟისორისთვის ეს მეორეხარისხოვანია.
გეგა გაგნიძე წარმოგვიდგენს ძალაუფლების მოპოვების წყურვილით შეპყრობილ ადამიანებს. შაკო მირიანაშვილი (ბრუტუსი), გიორგი წერეთელი (ანტონიუსი), ია სუხიტაშვილი (კასიოსი), გაგა შიშნაშვილი (კასკა), გიორგი რაზმაძე (დეციუსი), გიორგი გიორგანაშვილი, გივი ბალანჩივაძე, ოთარ აშკარელი, გიორგი ჩიჩუა სწორედ ასეთ ადამიანებს ასახიერებენ. მათ სახეებს მშვიდი, უშფოთველი ნიღბები შინაგან, ბობოქარ ვნებებს ფარავს. მათ შორის, ზოგი სწორხაზოვანი მოღალატეა, ზოგიც ძალაუფლების ხელში ჩაგდების ჟინით შეპყრობილი, ზოგიც მოაზროვნე და ფრთხილი, მაგრამ კეისრის გარემოცვა მთლიანად წარმოადგენს ცალსახა მოღალატეებს, რომლებიც ეტაპობრივად იშორებენ სუსტებს, მას შემდეგ, რაც ისინი ძლიერთ აღარ სჭირდებათ. ერთ მხარეს ვხედავთ ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად მოტივირებულ წარჩინებულთ, ხოლო მეორე მხარეს ხალხს, რომელიც ხელისუფალთ ყველაფერს პატიობს. ჩინოვნიკები ილაშქრებენ ბედისწერის წინააღმდეგ, რადგან თვლიან, რომ მათ ძალუძთ საკუთარი ბედისწერის წარმართვა.
გეგა გაგნიძის სპექტაკლში შექსპირული ქალები უფრო ინტუიციურები და ერთგულები არიან, რომელთაც უყვართ. ნატალია ჯუღელის კარფურნია (კეისრის მეუღლე) და თაკი მუმლაძის პორცია (ბრუტუსის ცოლი) ერთგული, მოსიყვარულე, ქმრებზე მზრუნველი ცოლები არიან, მაგრამ არც ერთ არ ძალუძთ სერიოზული გავლენის მოხდენა ქმრებზე, მათ არ ყოფნით ავტორიტეტი ქმრებთან. თუ ბრუტუსი (შაკო მირიანაშვილი) თავის მეუღლეს არ ენდობა, რომ საიდუმლო გაუმხილოს, კეისარს (თემიკო ჭიჭინაძე) უფრო მეტი ხათრი აქვს თანამეცხედრის, მაგრამ ქვეშევრდომების გავლენის ქვეშ უფრო ექცევა, ვიდრე საკუთარი ცოლის. ამ ქალთა ანტიპოდს გვიხატავს ია სუხიტაშვილი კასიოს სახით. პიესაში კასიო მამაკაცია, გეგა გაგნიძის ინტერპრეტაციაში კი ის მაცდური ქალია. ია სუხიტაშვილის კასიოსი ლედი მაკბეტსაც მოგაგონებთ, რომელიც თავისი შარმით, ტემპერამენტითა და მომხიბვლელობით ცდილობს ცოლის ერთგული მამაკაცის (ბრუტუსის) ჩათრევას მკვლელობის დაგეგმვასა და განხორციელებაში. ია სუხიტაშვილის კასიო გონიერი, მიზანდასახული და ფრთხილი ქალია, რომელიც ყოველთვის აღწევს დასახულ მიზანს. პროექტში „იულიუს კეისარი“ გეგა გაგნიძემ თავი მოუყარა გამორჩეულ სამსახიობო ძალებს, თუმცა რეჟისორული გადაწყვეტიდან გამომდინარე ისინი ბოლომდე ვერ რეალიზდნენ, მაყურებელი თითქოს მათ კონკრეტული დროის მონაკვეთში ხედავს, რომელიც ისე მცირეა, რომ მსახიობი ვერ ასწრებს პერსონაჟის ხასიათის სრულად პრეზენტირებას. ცალკე აღნიშვნის ღირსია გაგა შიშინაშვილი, რომელიც მოკლე არენაზე ყოფნის დროის მონაკვეთში ახერხებს სახასიათო პერსონაჟის, სახე-ტიპაჟის დახატვას, რომელიც აუცილებლად ამახსოვრდება მაყურებელს. სამსახიობო ანსამბლი „იულიუს კეისარში“ პროფესიულ სიმაღლეზეა, რომელიც არც არაფერს აფუჭებს და არც რაიმე განსაკუთრებულს სთავაზობს მაყურებელს. სპექტაკლის მასიურ სცენებში მონაწილეობენ თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები: ანუკი ბუბუტეიშვილი, ელენე თავართქილაძე, კესო ავალიშვილი, ქეთა ხოჯანაშვილი, ლალიკო ღერკენაშვილი, ლაშა წიკლაური, ლიზი კოტრიკაძე, მარიამ ბალახაძე, ნიკა თავართქილაძე, ნიკა ჭკადუა, ნიკა გუგუნავა, ნიკუშა ხრიკული, ნინი თათოშვილი, თამარ ქადაგიძე, თათა გავაშელი, ნია გუგავა, მარიამ ბოლქვაძე, ალექსანდრე შარაბიძე.
სპექტაკლის კომპონენტებს შორის, მნიშვნელოვან როლს თამაშობს მხატვრული განათება და მუსიკა. განათების მხატვარი გიორგი მოზგოვოი ქმნის ინტიმურ და მისტიკურ გარემოს, რომელიც ჰარმონიაშია სპექტაკლში მიმდინარე მოვლენებთან, სიტუაციებთან და მუსიკასთან. ნოე კვირკველია, რომელიც რამდენიმე პროექტზე უკვე ითანამშრომლა გეგა გაგნიძესთან, კონტრასტულ, სიტუაციის შესაბამის მუსიკას ქმნის. დასაწყისში კლუბური მუსიკა ჟღერს, რომელსაც ენაცვლება სიტუაციური, სახასიათო თანამედროვე მუსიკა, რომელიც ეპოქის შეგრძნებებს აღვიძებს. ნოე კვირკველიას მუსიკალური თემები მასშტაბს სძენს სცენაზე განვითარებულ მოვლენებს, ამავდროულად ის თემატურია და თანამედროვე ჟღერადობის. მუსიკა გარკვეულწილად განსაზღვრავს სპექტაკლის დინამიკას, მოვლენათა სიმძაფრეს, გვაუწყებს მოსალოდნელ საფრთხეს, ქმნის ატმოსფეროსა და განწყობას.
თეატრმა ათონელზე, რომელიც ბოლო წლებში თბილისში ერთ-ერთ სტაბილურ, შემოქმედებითად მიმზიდველ და განვითარებად სათეატრო კერად იქცა, „იულიუს კეისარით“ პირველად დატოვა მშობლიური სივრცე. მასშტაბურ პროექტს მცირე თეატრმა წარმატებით გაართვა თავი. მასშტაბურ და ორიგინალურ პროექტს მხარდაჭერა აღმოუჩინეს: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ; ქალაქ თბილისის მერიამ; კაპაროლ-ჯორჯიამ; მუზეუმმა ქარვასლა; შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა; დესანჟ-პარიზი-თბილისმა; რადიომ GIPA (FM 94.3).
ვფიქრობ, მსგავსი პროექტები, ერთჯერადობის მიუხედავად, მნიშვნელოვნად ამრავალფეროვნებენ სათეატრო ცხოვრებას, ხელს უწყობს ახალგაზრდა რეჟისორთა ახალი გამოცდილების შეძენას და კულტურის ინდუსტრიაში ახალ კუნძულებს ქმნის, რომელიც შემდგომში ინოვაციური პროექტების მასტიმულირებელიცაა.
ფოტო: ანანო გოგია