ვინ იქნება ახალი პატრიარქი? ვინც არ უნდა იყოს, ძველი პატრიარქის ტრავმებს აიკიდებს!
სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის
„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში
.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.
ზუკა ნემსაძე
ვინ იქნება ახალი პატრიარქი? ვინც არ უნდა იყოს, ძველი პატრიარქის ტრავმებს აიკიდებს!
დიდი ხანია ქართულ სახელოვნებო სივრცეში საპატრიარქოს მამხილებელი გამოფენა, სპექტაკლი, ფილმი არ მინახავს. მხოლოდ რამდენიმე თეოლოგისგან ან სატელევიზიო სიუჟეტით თუ გაიგებ, რომ საპატრიარქოში, როგორც ყველაზე გავლენიან საზოგადოებრივ ინსტიტუციაში ბევრი პრობლემაა და ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად თითქმის არავინ იბრძვის. ზოგჯერ მრევლშიც ჩნდება უკმაყოფილება, მაგრამ ისინი ხმას როგორ აიმაღლებენ, მით უმეტეს როგორ გაილაშქრებენ იმ ინსტიტუციის წინააღმდეგ, რომელსაც ჩატარებული კვლევების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი, 90% ენდობა.
შიში გვაიძულებს დუმილს. დუმილი კი ისეთ დროს, როცა სახელმწიფო ახალი გამოწვევების წინაშე დგას და მისი მთავარი ინსტიტუცია, საპატრიარქო „ყარს“, დიდი დანაშაული მგონია.
თუმცა, რეალობას ვერსად გავექცევით.
ახლა მათ თუ შევახსენებთ, რომ „ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა“, ისინი პასუხად ისევ შოთას მოიშველიებენ და გიპასუხებენ „ზოგჯერ თქმითაც დაშავდებისო“. ასე, რომ უკვე წლებია ვდუმვართ.
თუმცა, კიდე კარგი, არსებობს სიტყვა, „მაგრამ“, რადგან რაც მიმდინარე სათეატრო სეზონზე, სამეფო უბნის თეატრის სცენაზე ვნახე, უპირველეს ყოვლისა, დიდი გამბედაობა, შემდეგ კი საპატრიარქოს ვერაგული საიდუმლოებების დაუფარავი მხილება იყო.
„2022 წლის 7 მაისს, სამეფო უბნის თეატრში, სპექტაკლის, “წმინდა ნაწილები“-ის პრემიერა შედგა. პიესის ავტორი თანამედროვე ქართველი დრამატურგი ვალერი ოთხოზორიაა, რეჟისორი: ილია ქორქაშვილი, ხოლო დადგმის ხელმძღვანელი: დათა თავაძეა. სპექტაკლისთვის სცენოგრაფია ქეთი ნადიბაიძემ, კოსტიუმები კი თამრი ოხიკიანმა შექმნა. მუსიკა, რომელიც სპექტაკლში ჟღერს ზუკა ბაბუნაშვილს ეკუთვნის. ტექნიკური რეჟისორია მაია სახლთხუციშვილი. დადგმაში მონაწილეობენ სამეფო უბნის (და არა მხოლოდ) მსახიობები: მაგდა ლებანიძე, კატო კალატოზიშვილი, სალომე მაისაშვილი, იაკო ჭილაია, ქეთა შათირიშვილი, გიორგი შარვაშიძე, გიორგი ყორღანაშვილი, ზაალ ჩიქობავა. პოსტერის ავტორი თამრი ოხიკიანია.
ალბათ, ახლა წერას ის უფრო მიადვილებს, რომ არცერთ მათგანს, ვინც სამეფო უბნის თეატრის რეპერტუარისთვის „წმინდა ნაწილები“ შექმნა, არ ვიცნობ. მაგრამ პერსონაჟები, რომლებიც მსახიობებმა მართლაც შესანიშნავი ოსტატობით წარმოგვიდგინეს, სამწუხაროდ, თითქმის ყველა მათგანი ამოვიცანი.
ფანატიკური რწმენა ადამიანებს არ აძლიერებს. პირიქით, იგი მათ სიძულვილსა და ძალადობის სურვილს უძლიერებს იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც იმის არ სწამთ, რისიც სხვებს. ნუთუ მაქვს უფლება, მქონდეს აზრი, მაგრამ სხვას ვართმევ უფლებას, ჰქონდეს ჩემგან განსხვავებული აზრი - სამწუხაროდ, დღევანდელი საპატრიარქოს სახე სწორედ ასეა ილუსტრირებული.
დედა ნაზი, საბრალო, წმინდა თუ ნაზი? ამ კითხვას თითქმის რამდენიმე დღეა თავში ვატრიალებ და ვხვდები, რომ უფრო საბრალოა ვიდრე წმინდა, ან უფრო წმინდა, ვიდრე ნაზი.
დედა ნაზის (მაგდა ლებანიძე) პრობლემა ოჯახიდან იწყება. მამა (ზაალ ჩიქობავა) ლოთი, დედა (იაკო ჭილაია) ფსიქოლოგიური პრობლემის მქონე, ძმა (გიორგი ყორღანაშვილი) კი თვალთმაქცი, მატყუარა. მონასტრის ცხოვრება, დედების მხრიდან კაცებისადმი ლტოლვა და ღმერთისადმი მიცემული, შეუსრულებელი პირობა. სასწაულმოქმედი ნაზის კომპლექსები და დიდი ტრაგედია, რომელსაც ყურადსაღებად სხვა დედები და მღვდლები არ მიიჩნევენ. ნაზის სასწაული ფურთხი, დაგრძელებული ფეხები, სმენადაქვეითებულთათვის დაბრუნებული სმენა, მხედველობადაქვეითებულთათვის კი მხედველობა. ეს ყველაფერი მხოლოდ ფურთხით, ნაზის სასწაულებრივი ფურთხით (რაც არ არის შემთხვევითი!!!). ეს კი იწამეს. იწამეს, მაგრამ მას უმალვე მომჩივნები გამოუჩნდნენ და აქ უკვე სახელმწიფოს მეორე ინსტიტუციის - პოლიციის (ძალოვანი უწყების) მძიმე პრობლემა იკვეთება, სადაც პერსონაჟებად უფროსი (ზაალ ჩიქობავა) და უმცროსი (სალომე მაისაშვილი) პოლიციელები გვევლინებიან.
უფროსი პოლიციელისთვის, უმცროსი პოლიციელი გამოუცდელია, მაგრამ უმცროსი პოლიციელის საქმისადმი ინტერესი, მისი მომავალი დაწინაურების მიზნით, ჩანს, რომელსაც უფროსი არა მიზანმიმართულად, არამედ გამოუცდელობითა და საქმის არსში ჯერ ბოლომდე გაურკვევლობით უშლის ხელს, რაც საბოლოოდ ცუდი შედეგით, ანუ უმცროსი პოლიციელის უფროს პოლიციელზე დამსგავსებით სრულდება.
„როცა პოლიციას სძინავს, დამნაშავე მაშინ იღვიძებს“ - ამბობს უფროსი პოლიციელი, რომელსაც აშკარაა, რომ სულ სძინავს და ფილოსოფიური აზრების ფრქვევას აგრძელებს, რაზედაც უმცროსი პოლიციელი პასუხობს: „ეს ყველაფერი ძალიან კარგია, ბატონო უფროსო, მაგრამ ამდენ ლაპარაკს ხომ არ აჯობებდა, მომჩივნებისთვის დაგვეძეხა?“
უფროსი პოლიციელი: „გამოუცდელი ხარ ჩემო პატარა. მაგრამ არა უშავს, ჩვენ დაგიცდით, ვიდრე გამოცდილებას შეიძენ.“
აქ მიღებული გამოცდილება კი, ჩვენთვის, მაყურებლისთვის აშკარაა, რომ ფუჭი დროის კარგვაა და ახალი, გამოუცდელი, უცოდინარი კადრი იმ ორგანოს ნაწილი ხდება, რომელსაც სიმართლის დაცვა და დამნაშავის დაჭერა ევალება.
პირველი მომჩივანი (ქეთა შათირიშვილი) ითხოვს, რომ ფეხი ისევ დაუმოკლდეს. მეორე მომჩივანს (გიორგი შერვაშიძე), მხედველობის დაქვეითება სურს. ხოლო მესამე მომჩივანს (გიორგი ყორღანაშვილი), სმენის დაქვეითება უნდა. აქ სპექტაკლის ავტორები დღევანდელ ადამიანურ ყოფას, მათ პრობლემებსა და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას გადმოსცემს. მომჩივანთაგან, სამივე მათგანი დედა ნაზის დასჯას ითხოვს. აქ უკვე ავტორი ბრბოს ფსიქოლოგიის დაწყებას გვიჩვენებს, რომლებმაც პირველ ეტაპზე დახმარება პოლიციისგან ითხოვეს. მომჩივანთა შორის, გამორჩეულია კატო კალატოზიშვილის მიერ შექმნილი დედის მხატვრული სახე, რომელიც მცირე ეპიზოდში ქართველი დედის განზოგადებულ ტიპაჟს ხატავს - ისტერიკით და შიზოფრენიული გამოვლინებით.
დაისჯება თუ არა ნაზი? - ეს კითხვა ყველას გაუჩნდება. იმიტომ, რომ მაყურებელი ხედავს, ნაზი მკვლელია, ბოროტმოქმედია, ამასთანავე სასწაულმოქმედიც. ეყოფა კი პოლიციას ძალა (ან გამოავლენს თუ არა პოლიტიკურ ნებას), რომ საპატრიარქოს წარმომადგენელი ციხეში ჩასვას? გამოცდილსა და გამოუცდელ პოლიციელს აქვს ძალა დაუპირსპირდეს პირველ ძლიერ ინსტიტუციას? და, რა?! მაყურებელი ხედავს უმწეო, უუნარო, ჩასვრილ პოლიციას!
მამა ელგუჯას ფისებითა და კაკებით გაჯერებული საპატრიარქო რას გააკეთებს ნაზისთვის? (თუ პატრიარქისთვის? თუ პირადად მათი მომავლისთვის? თუ ქართული ეკლესიისთვის?) იმას, რომ ის პატრიარქს შეახვედრონ. საოცარი, შესრულების თვალსაზრისით მოულოდნელი სცენაა პატრიარქისა (კატო კალატოზიშვილი) და ნაზის (მაგდა ლებანიძე) შეხვედრის სცენა. მაყურებელი სუნთქვაშეკრული, გარინდული, ინტერესით ადევნებს თვალს სარკოფაგში, თუ აბაზანაში ჩასვენებულ პატრიარქს. ის ავად არის. ლაპარაკი უჭირს, მაგრამ ნაზის დაუღალავად უხსნის, რომ ის არასწორად იქცევა, ნაზის არ აინტერესებს პატრიარქის აზრი, მაგრამ უსმენს. ნაზი გამორჩეულია, თვითმყოფადია.
დიალოგი პატრიარქთან:
პატრიარქი: „მოსისხლე მტრები ვართ, ვიცი. ეს ჩვენი შეხვედრა არ არის, ჩვენი დუელია. მე შენთვის სროლას არ ვაპირებ.“
ნაზი კი პატრიარქს აუღელვებლად მისივე ჯვრით ახრჩობს.
სიჩუმეა ... სცენური სიჩუმე... პაუზას იქვე მყოფი მღვდელი (გიორგი შერვაშიძე) არღვევს, რომელიც სიჩუმის მიზეზს იკითხავს. ნაზი კი პასუხობს, რომ პატრიარქი მოკვდა, მაგრამ არ სტკენია. მას სიკვდილი ესიამოვნა. იქ მყოფთაგან არანაირი შეცხადება იმისა, თუ როგორ მოკლა ნაზიმ პატრიარქი. პირველი კითხვა სამივე მონაზვნისგან ერთხმად მხოლოდ ეს იყო: „ახალი პატრიარქი ვინ იქნება?!“
პატრიარქის სიყვარულზე თავდადებულნიც კი მისი სიკვდილის შემდეგ, პირდაპირ უნდა ითქვას, რომ პირველ კითხვას იმავეს დასვამენ, რაც აქ, ამ სამმა მონაზონმა იკითხა: „ვინ იქნება ახალი პატრიარქი?“
აქ უკვე ახალი პრობლემა იკვეთება - როგორ სძულს დედა ნაზის ეკლესია, მონაზვნები და მღვდლები. როგორ სძულს ყველა, საკუთარი თავიც კი.
კითხვაზე, თუ რატომ მოკლა პატრიარქი, მისი პასუხი, მორწმუნეთათვის მწარე მოსასმენია, მაგრამ სიმართლე ხომ მუდამ მწარეა?! ნაზის პასუხია, რომ პატრიარქი მას არ მოუკლავს. ის ჩაძაღლდა თავის ძაღლში. ხოლო ძაღლი ეკლესიაა, რომელიც ცოდვების ბუნაგია.
„ბინძურებო. დამპლებო. ავადმყოფნო მხეცნო. ჭიანი კბილებით და ჩირქიანი ღრძილებით დაძრწიხართ, თქვენი კლანჭები კი სავსეა მწვირით და ტალახით. ცოდვებში ლპებით. საწამლავი ხართ ხალხისა. სახადი მომავლისა. მალე დაგასრულებთ. ხალხი დაგწვავთ თავისი ხელით. გპირდებით“ - გაჰყვირის მაგდა ლებანიძე - დედა ნაზი ემოციურად, სარკასტულად, მთელი შინაგანი ძალით.
მხილება, რომელიც ეკლესიის წარმომადგენლებს გააგიჟებს, უბიძგებენ ერთადერთი გადაწყვეტილებისკენ, ნაზი უნდა მოკვდეს. ნაზი, რომელიც სასწაულმოქმედია, ბოროტმოქმედია, დამნაშავეა. ნაზი, რომელსაც დღემდე პოლიციისგან იცავდნენ და ის ეკლესიის დამსახურებით ციხეში ამოლპობას გადაარჩინეს, დღეს თავად კლავენ. ნაზი, რომელიც წმინდაა, თავად აწამებენ, ჩაქოლავენ და სიკვდილის წამიდან წმინდანად შერაცხავენ. მათ შორის, პატრიარქის აჩრდილიც კი, რომელიც ნაზიმ მოკლა ამბობს:
„ნამდვილად წმინდანია. წმინდა ნაზია. მასშია წმინდა ღმერთი და ეკლესია. ყველაფერი, რაც უკანონოდ ჩაიდინა, ეკლესიისთვის ჩაიდინა. მისი უსამართლობანი სინამდვილეში სამართლიანი იყო, მისი ძალმომრეობანი კი -მოჩვენებითი. ნაზი ნამდვილი მგზავრია, ჭეშმარიტების მსახური, სიყვარულისთვის წამებული. ვინც არ ეწამება, ის სიყვარულსაც ვერ ეზიარება. წმინდა ნაზი ახალი სიმბოლოა ჩვენი ეკლესიისა, დავიწყებულის გაცოცხლება. წაიღეთ მისი ხელთუქმნელი ხატი და ჩვენს ეკლესიაში დაასვენეთ, რათა განმტკიცდეს საძირკველი ეკლესიისა და კაცისა, რადგან საძირკველი ღვთისა არის ფუძე ჩვენი სამშობლოსი“. გიორგი შერვაშიძის მიერ წარმოთქმული ეს სიტყვები დასაფიქრებლად და გასაანალიზებლად ეფინება სამეფო უბნის თეატრში მისულ მაყურებელს.
ფინალურ სცენაში, დედა ნაზის პოზა, მსგავსი ღვთისმშობლისა, ყველაფრის მთქმელია, რადგან აქ ორი წამის წინ, მისი მოკვლის შემდეგ გაკეთდა მისი ხელთუქმნელი ხატი, რომელიც ეკლესიებში უნდა დაბრძანდეს. ნაზი არის ეკლესიის წარმომადგენლის სიმბოლო, რომელიც თავისი გამორჩეულობით ყველას და ყველაფერს ჩრდილავდა. გასანადგურებელს კი ანადგურებდა და ამაზე არ ღელავდა. თუ დააკვირდებით, ნაზი ადამიანების განადგურებას თავისი ოჯახით იწყებს. შემდეგ კი, ეკლესიის წარმომადგენლებზე გადადის, მაგრამ ამის ფონზე ადამიანებს სასწაულებრივად ეხმარება. თუმცა, ნაზიც და ქართული ეკლესიაც ფანატიკური რწმენის გააქტიურების გამო საშინელ დღეშია.
წერილის დასაწყისში აღვნიშნე, რომ პერსონაჟები ამოვიცანი. სამწუხაროდ, ვიცანი პატრიარქი (ან რა გამოცნობა უნდოდა?!), ვიცანი: ანდრია, პეტრე, შიო, სიდონია, გიორგი, შალვა და სხვანი. ჰო, ეს ათეულობით პერსონაჟი მთელი წმინდა სინოდის სახეა. რა თქმა უნდა, ყველასი არა. ცუდია ერთ ქვაბში ყველას მოხარშვა, მაგრამ უმრავლესობა გიცანით. სამწუხაროდ, მე თქვენ კარგად ამოგიცანით.
აქვე, პატრიარქის 2022 წლის სააღდგომო ეპისტოლე გამახსენდა. ის შიშზე საუბრობდა. უპირველეს ყოვლისა, ღმერთი სიყვარულია და შემდეგ სხვა. მეც დასაწყისშივე ტყუილად კი არ დავიწყე საუბარი შიშით. ჩვენი დუმილი და სახელმწიფოს სხვადასხვა ინსტიტუციის თავგასულობა ცუდ შედეგამდე მიგვიყვანს. ყველა ინსტიტუცია, რომელსაც ძალაუფლება უპყრია ხელში და რომელიც ინტრიგაზე, ბოროტებაზე, ღალატზე დგას, აუცილებლად ჩამოინგრევა.
ამ ყველაფრისთვის ბრძოლა ღირს, რადგან სახელმწიფოს და შესაბამისად, ქვეყნის ბედი და ჩვენ, თითოეულ მოქალაქეს გვეხება. გლეხურად, რომ ვთქვათ: - რაც ბერი, ის ერი.
სამწუხაროა, ყველა გაურბის საპატრიარქოზე საუბარს. ამ თემას ყველა არიდებს თავს და მას ერთი ფრაზით „ამართლებენ“: „არ განიკითხო“. პრობლემებზე საუბარი განკითხვა არ არის. პრობლემებზე საუბარი მნიშვნელოვანია და მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხზე სპექტაკლი დაიდგა, რომელმაც მაყურებელს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის გარეშე, ირონიითა და ხალასი იუმორით შეახსენა აღნიშნული ინსტიტუციის პრობლემები. ინსტიტუციის, რომელსაც ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა ენდობა.
სახელმწიფო კი მაშინაა დემოკრატიული, როცა დუმილი შიშთან ერთად მარცხდება და იგი ღიად, ობიექტურად საუბარს იწყებს. თორემ, წმინდა ნაზის არ იყოს: „მალე დაგასრულებთ, ხალხი დაგწვავთ თავისი ხელით. გპირდებით.“
და მერე, „წმინდა ნაწილები“ დაიწყებს იქეთ-აქეთ მიმოფანტვას, ღირს კი შიში მაშინ, როცა თავად ღმერთია სიყვარული? ღირს დუმილი მაშინ, როცა სარწმუნოება ერთეულებზე მორგებულ რელიგიად იქცა? სარწმუნოება, რომელიც იდეაში მიტევების მეტრი უნდა იყოს. ამ დროს ამაზე ლაპარაკობს ღიად და შელამაზების გარეშე სამეფო უბნის თეატრი, გვიჩვენებს რეალობას, რომელიც უნდა მივიღოთ, გავიაზროთ, შევაფასოთ, პრობლემის გადაჭრის გზებზე უნდა ვიფიქროთ.
დიახ, სამწუხაროდ, გიცანით - პატრიარქო, ანდრია, პეტრე, შიო, სიდონია, გიორგი, შალვა და სხვებო. სამწუხაროდ, მე თქვენ გიცანით, თქვენი „წმინდა“ ნაწილებითურთ.
ფოტო: გიორგი ყოლბაია