top of page

ვის დარჩა 200 ათასი?

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

278077222_1095847614306246_4186993642670236175_n.jpg

გიორგი ყაჯრიშვილი

ვის დარჩა 200 ათასი?

 

იძულებით სტაგნაციაში მყოფი ქართული თეატრი თანდათან გამოდის ამ მდგომარეობიდან და ძალიან სასიხარულოა, რომ დედაქალაქის თეატრებთან ერთად, ამაში რეგიონის თეატრებიც არ ჩამორჩებიან: ოზურგეთის დრამატულ თეატრს არც ახალციხის პროფესიულ დრამატული თეატრი ჩამორჩა და ამ სეზონის ბოლოსთვის კიდევ ხუთ-ექვს პრემიერას გვპირდება და რაც ყველაზე ფასეული და ღირსშესანიშნავია - სპექტაკლების მოწვეული ახალგაზრდა რეჟისორები ახორციელებენ. ამ ეტაპზე ოდნავ ჩამორჩნენ ის თეატრები, სადაც ახალი სამხატვრო ხელმძღვანელები დაინიშნა და ეს სრულიად გასაგებია: ახალ კოლექტივში ინტეგრაცია არც თუ ადვილი საკითხია. თუმცა ქუთაისის მესხიშვილის თეატრში უკვე ძალიან დაძაბული შემოქმედებითი პროცესი იწყება. დაგეგმილია უკვე რამდენიმე პრემიერა და აქაც ახალგაზრდა რეჟისორების მოწვევის ხარჯზე. ეს ტენდენცია დიდი იმედის მომცემია.

 

რეჟისორმა დავით ჩხარტიშვილმა, რომელიც გორის თეატრის ხელმძღვანელობდა, პირველი „გასვლა“ ახალციხის თეატრში განახორციელა. მისი არჩევანი შეჩერდა ნიკოლაი გოგოლის კომედიაზე „მოთამაშეები“, რომელიც „შულერების“ სახელით მოგვევლინა. ამ სატირული კომედიის ტექსტმა დადგმამდე მთელი რიგი ცვლილებები განიცადა, უფრო სწორედ, უნდა ითქვას, რომ რეჟისორმა ამ პიესის ტექსტზე შექმნა ტრაგიკომედია, სადაც პერსონაჟებს ახალი ამოცანაა დააკისრა და სპექტაკლში თამაშის „თამაში“ შემოიტანა: მაგ. ალექსეი სასტუმროს მოსამსახურე ფინალამდე ყრუ-მუნჯია და მხოლოდ წარმოდგენის დასასრულს წარმოთქვამს ფრაზას, რითაც ამ სპექტაკლის დეტექტიურ მსვლელობას ასრულებს. ახალგაზრდა გლოვი - რომელიც აფერისტული სქემის თანამონაწილეა, პიესისგან განსხვავებით დამწყები მსახიობია, რომელიც ამაყობს იმით, რომ კარგად შეასრულა დაკისრებული როლი და ახლა რეპეტიციაზე აგვიანდება. შვოხნევის პერსონაჟი ზედმეტი აღმოჩნდა და რეჟისორმა მხოლოდ ორი მოთამაშე იკმარა იხარევის გასაკოტრებლად. ზამუხრიშკინი საერთოდ გაქრა და მის მაგივრად შულერთა ჯგუფი დედაქალაქიდან „ვიღაცის“ შეტყობინებას იღებს ქალაქის სასწრაფოდ დატოვების თაობაზე. უნდა ითქვას, რომ პიესის ასეთმა ცვლილებებმა არ დააზიანა ავტორისეული დრამატურგიული „ქსოვილი“ და მივიღეთ წარმოდგენა, სადაც ძირითადი ყურადღება მსახიობის გარდასახვაზე და მათ თამაშზეა გადატანილი. და აქ კი უდავოდ გამოიკვეთა ყველა შემსრულებლის ნიჭი და ტალანტი: ლექსო ჩემია (იხარევი), ალექსეი (ნიკოლოზ გოგიძე), ბუბა ჭოღოშვილი (კრუგელი), უტეშიტელნი (ანდრია ვაჭრიძე), გლოვი (მანუჩარ გოგოლაური), უმცროსი გლოვი (კონსტანტინე კახიშვილი) ახალი სატირული კუთხით წარდგნენ ჩვენს წინაშე.

 

სცენა სასტუმროს ჰოლს წარმოადგენს, სადაც დიდი, შავი მრგვალი მაგიდა დგას, გარშემო სკამებით, მარცხენა კუთხეში სასტუმროს მოსამსახურის ჟურნალების მაგიდაა სავარძლით, სიღრმეში კი გორგოლაჭებიანი ბარი-მაგიდა სასმელებით, (სპექტაკლის განმავლობაში პერსონაჟები ბევრს სვამენ) და რაც მთავარია (სცენოგრაფი ლელა ფერაძე) მეტყველი და ფუნქციური უკანა კედელი, რომელზეც ამოჭრილი კარები და ფანჯრები დასაწყისში სათითაოდ ნათდება და იქიდან სპექტაკლის პერსონაჟები გვიცქერენ ან გვევლინებიან. ამ კედელს კიდევ ერთი ძალიან არსებითი დატვირთვა აქვს, ის პარტერიდან დროდადრო ნათდება და ასე ვთქვათ ამ „ეკრანზე“ პროეცირდება ბანქოს თამაშის ყველაზე დაძაბული მომენტები და ვიდეოინსტალაციის მეშვეობით მოთამაშენი თითქოს ორ განზომილებაში იმყოფებიან, რეალურსა და წარმოსახვითში, ფულის მოგება-წაგების აზარტსა და თამაშის ემოციურ განცდებში. იხარევის (ლექსო ჩემია) შემოსვლა თითქოს შემოპარვაა, ფრთხილი და დაძაბული, იატაკზე დაგდებულ ბოთლს ფეხს წამოკრავს - აქ გუშინაც ალბათ ბევრი დაილია. მისი პირველი „საუბარი“ ყრუ-მუნჯ ალექსეისთან მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება - გაარკვიოს აქ ბანქოს თამაშობენ თუ არა. პირველი წუთებიდანვე სურს იგი თავისი „კომპანიონად“ აქციოს და ამისთვის უხვად დასაჩუქრებაზეც კი მიდის, დანიშნულ ბანქოს გადასცემს, რომ თამაშში უპირატესობა მიიღოს.

 

კრუგელის (ბუბა ჭოღოშვილი), უტეშიტელნის (ანდრია ვაჭრიძის) შემოსვლა უფრო საზეიმოა, მათში იგრძნობა თვითდაჯერება და გამარჯვებისადმი ლტოლვა და აზარტი. მათთვის მსხვერპლი სახეზეა და იწყება ბანქოს თამაშიც. ხერხი ძალიან მარტივია - პირველ ორ პარტიას იგებს იხარევი, მესამე კი, როდესაც ფსონი მაქსიმუმამდე ადის კრუგელი და უტეშიტელნი. ლექსო ჩემიას იხარევს წაგება აწუხებს, მაგრამ ვერ ხვდება რომ მახეს უგებენ და ეს მხოლოდ დასაწყისია, იარაღსაც კი ამოიღებს და იწყება ამ სამ შორის „რუსული რულეტის“ გათამაშება, რომელიც საბედნიეროს კარგად მთავრდება - ჯერ მსხვერპლშეწირვის დრო არ მოსულა. სამაგიეროდ, იხარევი მათ აცნობს თავის თანდაყოლილ ნიჭს - ბანქოს გამოცნობას არა მხოლოდ შეხედვით, არამედ სუნითაც კი - რაც ნამდვილ გაკვირვებას იწვევს დამსწრე საზოგადოებაში. ამ სცენებში განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია ის თამაშის „თამაში“, რომელიც ზემოთ ვახსენე. მსახიობები ანდრია ვაჭრიძე და ბუბა ჭოღოშვილი, რომლის დებიუტიც ახალციხის თეატრში ამ სპექტაკლით შედგა ოსტატურად უბამენ მხარს ლექსო ჩემიას - „ჩემთან იმეგობრეთ, ბევრს მოიგებთ“ და სრული დამაჯერებლობით წარმოაჩენენ არა იმას, რასაც სინამდვილეში წარმოადგენენ - არამზადებსა და შულერებს, არამედ „გამოგონილ“, შექმნილ სახეებს, ყურადღებიანს ერთმანეთის მიმართ და კეთილმოსურნეობას, მხოლოდ დროის გაყვანის მიზნით რომ შეუდგნენ ბანქოს თამაშს.

 

მათი ალიანსიც შედგა, რეალურად შეაფასეს საკუთარი შესაძლებლობები და ახალა სხვა მსხვერპლი უნდა ეძებონ. თანდათანობით ლიდერის როლი იხარევიდან უტეშიტელნიზე გადადის, შემდგომი აფერისტული სქემის ინიციატორიც ისაა - არჩევანი ამჯერად გლოვზე და მის შვილზე შეჩერდა. უფროსი გლოვი (მანუჩარ გოგოლაური) ვერ წამოეგება მათ ხრიკებს - თამაშს უფრო გულუბრყვილო და მიამიტი „შემსრულებელი“ სჭირდება - უმცროსი გლოვი - სინამდვილეში დაქირავებული დამწყები მსახიობი (კონსტანტინე კახიშვილი). მსახიობს ამ პერსონაჟის სახის შექმნაში თავისი ნიუანსები შემოაქვს - მეტი დამაჯერებლობისათვის იგი ენაბლუა, ოფიცრობაზე მეოცნებე, თითქოს და არა ამ მიწიერი სამყაროდან, რომლის მოტყუებაც და გაბითურებაც ძალზე ადვილია გახდება. ეს ხერხიც სრულიად ამართლებს სამეულისგან ახლად შემდგარი შულერთა ჯგუფი ისევ გამარჯვებულია.

 

თამაში გრძელდება - ამჯერად უმცროსი გლოვი ატრიალებს იარაღს, რომელსაც იხარევს წაართმევს და თავის მოკვლით იმუქრება - ეს „თამაშიც“ თანდათან უფრო დამაჯერებელი ხდება და დიდი აზარტში აგდებს ყველას, გლოვის თანაგრძნობა და მისი ტრაგედიის განცდაც ფარისევლურია, მაგრამ სრულიად დამაჯერებლად შესრულებული სპექტაკლის პერსონაჟების და რაც მთავარია ამ პერსონაჟთა შემსრულებელი მსახიობების მხრიდან.

 

ყველაზე მთავარი - იხარევის გაცურება ჯერ კიდევ წინაა - ყველა ამ ქმედების ძირითად ამოცანა ხომ ესაა. იხარევი ხარობს: ნახევარი მილიონის მფლობელი ხდება - დარწმუნებულია რომ მისი ფორტუნა ადელაიდა სწყალობს, ბანქოს ფეიერვერკს აწყობს, ზეიმობს და თავს ბედნიერად გრძნობს, თუმცა ... ხანმოკლეა მისი ზეიმი, ყოფილმა „ამხანაგებმა“ მიატოვეს, გლოვის მინდობილობაც ყალბია და მასში გადახდილი 200 ათასიც დაკარგულია, ხელში მხოლოდ დამწყები მსახიობი უმცროსი გლოვი შერჩება და ხვდება, რომ ეს ყველაფერი ძალიან ოსტატურად და დიდი სიზუსტით იყო განხორციელებული მასზე უკეთესი ყალთაბანდებისა და შულერების მიერ.

ხოლო მაყურებელს კი ახალი სიურპრიზი ელოდება: ყრუ-მუნჯი ალექსეი ალაპარაკდება და ფული, რომლისთვისაც ასე „იბრძოდნენ“ მოთამაშეები მას დარჩება.

 

რეჟისორმა დავით ჩხართიშვილმა მესხეთის თეატრში შექმნა მსახიობთა და შემოქმედებითი ჯგუფის (კოსტიუმების მხატვარი ნანა ყორანაშვილი, კომპოზიტორი მერი ბეროშვილი და განათების ოსტატები) საუკეთესო ანსამბლი, რასაც ეს წარმატებული სპექტაკლი ადასტურებს, სპექტაკლი, რომლის პრემიერაზე დარბაზში სინათლე ჩაქრა და სპექტაკლის მსვლელობა გაგრძელდა ახალციხელი მაყურებლის მიერ ანთებული სანთებლების შუქზე.

bottom of page