„ვისი მტერია აბო, ჩვენი თუ იმათი“..
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის
სამინისტროს მიერ.
თამთა ქაჯაია
„ვისი მტერია აბო, ჩვენი თუ იმათი“..
ქართულ მწერლობას მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია აქვს - სალიტერატურო ენის ჩამოყალიბება პირდაპირ კავშირშია ქართული ლიტერატურის განვითარებასთან. უკვე რამდენიმე ათწლეულია მიდის კამათი სასკოლო პროგრამაში უნდა ისწავლებოდეს თუ არა ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები, ან როდის და დოზით უნდა იყოს ჩასმული, ან იქნებ საერთოდ პროგრამიდან არის ამოსაღები.
უძველესი ქართული ლიტერატურის ძეგლები ამჟღავნებს ენობრივი და ლიტერატურული ნორმების სტრუქტურას რაც თანამედროვეობაში ფორმირდება. ჰაგიოგრაფია ერთ-ერთი სოციალური ხიდია, რომელიც თაობებს აკავშირებს და ამავე დროს ურთულესი ნაწარმოები, რომელიც სრულფასოვან შესწავლას, სიღრმისეულ ანალიზს და ცნებების გააზრებას მოითხოვს. დღეს როდესაც გაჯეტების ეპოქაა, აჩქარებულია დრო, რთულია მოზარდს მოსთხოვო დაინტერესდეს მერვე საუკუნოვანი ტექსტით, სადაც თითოეულ სიტყვას განმარტებითი ლექსიკონი ჭირდება.
მოზარდებში უფრო პოპულარულ ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებად „შუშანიკის წამება“ მიიჩნევა სადაც მხატვრულად, მარტივ ამბად არის გადმოცემული „სასაცილო პასაჟები“ და ფრაზებიც დასამახსოვრებელია. ზოგი მიიჩნევს, რომ „შუშანიკის წამება“ უნდა ისწავლებოდეს როგორც მხატვრული ნაწარმოები, „აბო თბილელის წამება“ კი საერთოდ ამოსაღებია, რადგან უსარგებლო და არაფრის მომცემია, ისევე, როგორც „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“. ამ საკითხზე არავინ დაობდა სოციალურ-კომუნისტურ წყობაში, რადგან უკვე ქართულ ენაზე სწავლა გამარჯვება იყო. დღეს კი სოციალურ ქსელში ხშირად იწერება მსგავსი შინაარსის ტექსტები: „ვის რა მოგვცა სკოლაში ჰაგიოგრაფიის სწავლამ?“. პასუხი მარტივია, როგორი მიდგომითაც მიმდინარეობს სწავლება ისეთივე შედეგია.
ახალგაზრდა რეჟისორმა, მარიამ სიხარულიძემ არ დააყოვნა და წამოჭრილ პრობლემას, თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრში „(ჰ)აბოს“ პრემიერით უპასუხა, რაც მის პოზიციას ცალსახად აფიქსირებს. რთულია მსგავსს საკითხს შეეჭიდო რადგან ამისათვის დიდი გამბედაობა და გამოცდილებაა საჭირო - პოზიციის დაფიქსირება კი პროფესიული ვალდებულება. რთულია, რადგან უამრავი დეტალის გათვალისწინებაა საჭირო, ეპოქის, ენობრივი ბარიერის და თემატიკის გათანამედროვება.
რეჟისორმა პიესის ინსცენირება იოანე საბანისძის ჰაგიოგრაფიული თხზულებით „აბო თბილელის წამება“ და ნოდარ წულეისკირის ნაწარმოებით „ღვაწლი და წამება აბოსი და იოანესით“ შექმნა. სპექტაკლი, რომ მოზარდებზეა ფოკუსირებული ამას თავად თემატიკაც ცხადყოფს. წარმოდგენას გიორგი კაჭახიძის პერსონაჟი ინვესტორი/ინჟინერი თუ ისტორიკოსი ხსნის სპექტაკლს. მისი მიზანი მომგებიანი ინვესტიციის ჩადებაა რაც არ ჩანს, თუმცა, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. რადგან, სპექტაკლის ფორმა/ხერხი და ამოცანა გასაგებია. რეჟისორისთვის მნიშვნელოვანი მიზანი იყო ამ გამოძიებაში მოზარდების ჩართვა - ნარატივის გაცოცხლება, სიახლის აღმოჩენა. გიორგი კაჭახიძე აბსოლუტურად თანამედროვე, გასაგები ენით ამცნობს მაყურებელს აბო თბილელის გაქრისტიანებას. მთავარი ხაზი, ამბავი და სათქმელი სურათებად აღიქმება, ილუსტრირებულია, ამის განცდას კი განათება აძლიერებს, რომელიც მონაცვლეობით გადადის მოქმედ პერსონაჟებსა და სცენებზე. შესაძლოა სწორედ ეს იყო რეჟისორის მიზანიც, და სწორედ ამიტომაც დაამატა მან თანამედროვე პერსონაჟი გიორგი კაჭახიძის სახით - მოსაწყენი და მომაბეზრებელი არ გამხდარიყო მოზარდებისთვის სპექტაკლი.
ვახტანგ ქორიძის დეკორაცია ხან ამირას მოსასვენებელია, ხან მიტოვებული ტაძარი და ხანაც უბრალოდ მოქმედების ადგილი. შესაბამისად არიან შემოსილები მსახიობები, ავთენტურად ასახავს ეპოქას კოსტიუმები. არ ვიქნები ძალზედ კრიტიკული, რადგან მიზანი რასაც აღნიშნული სპექტაკლი ემსახურება გასაგებია - სპექტაკლი დამაკავშირებელი ხიდია ჰაგიოგრაფიასა და მოზარდებს შორის. ასევე, არ ვიქნები კრიტიკული რადგან ახალგაზრდა გამოუცდელი რეჟისორისთვის ასეთი სირთულის ნაწარმოებთან შეჭიდება და ამოცანის შესრულება დიდ სირთულეს წარმოადგენს. მსახიობებს (აბო - გიორგი ჯიქურიძე, ნერსე ერისთავი - დავით ხახიძე, ნერსეს მეუღლე - ნინო ლეჟავა, ისტორიკოსი - გიორგი კაჭახიძე, იოანე საბანისძე - ვამეხ ჯანგიძე, გლეხი, მღვდელი ონოფორე - ვახტანგ ნოზაძე, გლეხი ქალი - მაია ხორნაული, ამირა, - ვახტანგ ჩაჩანიძე, ამიდი - ვანო დუგლაძე, კათალიკოსი - მერაბ შარიქაძე, სტეფანოზ ერისთავი - გიორგი ყორღანაშვილი, ჯაშუშები - ანდრია მუსერიძე, გიორგი ქაჩიბაია) ბოლომდე არ აქვთ პერსონაჟების ხასიათი, ეპოქის სიმძაფრე გააზრებული - ზედაპირულები არიან. ილუსტრირებულად აღქმული სცენები არ ავითარებს ამბავს და ბუნდოვანი რჩება ამოცანები. მაგალითად გაუგებარია გლეხი ქალის (მაია ხორნაული) გმირი საიდან და რატომ ჩნდება. ასევე მთავარი პროტაგონისტი (ჰ)აბო სულ რამდენიმე ეპიზოდში ჩანს, მისი ცხოვრების უამრავი დეტალია გამოტოვებული, როგორ გარდაიქმნება მაჰმადიანი აბო ქრიტიანელ მოწამე ბიჭად. გასაგებია, რომ რეჟისორი ყველა დეტალს წინ ვერ წამოწევდა, და შესაძლოა ეს კითხვის ნიშნებიც მიზანმიმართულად იყოს გაჩენილი - ინტერესის აღძვრისთვის - ტექსტის სრულად გაცნობისთვის. თუმცა, ამან გამოიწვია მთავარი ამბის და მიზნის დაკარგვა - როგორ და რატომ შეიცვალა აბომ სარწმუნოება.
მუსიკალური გაფორმება ნინო სიხარულიძეს ეკუთვნის, რომელიც ამბავს ჰარმონიულად კრავს და ერწყმის. რეჟისორის ტექსტიდან მნიშვნელოვანი პასაჟები აქვს გამოტანილი, რომელსაც დაკვირვებული მაყურებელი აუცილებლად შეამჩნევს და შესაძლოა მოწოდებადაც აღიქვას. „არ უნდოდათ ბრძოლა არა, შეჩვეული ჭირი ჯობია ახალ ლხინს“, „დუმილი ჩვენთვის ოქროა ეხლა ძმაო“, „ვისი მტერია აბო, ჩვენი თუ იმათი“..
დასაწყისშიც ვახსენე და ახლაც განვმეორდები, სპექტაკლის მიზანი და ამოცანა გამართლებულია საშუალებისთვის, რომელსაც ახალგაზრდები წარმოადგენენ. ვფიქრობ „(ჰ)აბო“ აუცილებლად აღმოჩნდება ის დამაკავშირებელი ხიდი, რომელიც შეასრულებს დაკისრებულ ამოცანას და გაჩენილ კითხვებს პასუხს გასცემს.
ფოტო ბექა ცირეკიძის