top of page

დიმიტრის დიმიტრიადისის რომანის ინტერპრეტაცია ქართულ სცენაზე

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

07-scaled.jpg

ლელა წიფურია

დიმიტრის დიმიტრიადისის რომანის ინტერპრეტაცია ქართულ სცენაზე

 

დიმიტრის დიმიტრიადისი სამართლიანად ითვლება თანამედროვეობის ერთ-ერთ უდიდეს მწერლად. მისი თხზულებები მსოფლიოს მრავალ ენაზეა ნათარგმნი. 2022 წელს მწერალი საქართველოში იმყოფებოდა ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის, „საჩუქრის“ მოწვევით ბერძნული ფოკუსის ფარგლებში. დიმიტრის დიმიტრიადისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმაც უმასპინძლა, სადაც მან შემდეგი სიტყვები თქვა: „ვკვდები როგორც ქვეყანა“ 1978 წელს დაიწერა და დღემდე აქტუალურ ტექსტად ითვლება. ვფიქრობ, რომ არსებული სინამდვილე განაპირობებს ტექსტის აქტუალობას. რეალობა ტექსტის განხორციელებას, გაცოცხლებას განაპირობებს. ვფიქრობ, რომ ტექსტი წინ უსწრებს სინამდვილეს, ჯერ ტექსტია და მერე დგება ის რეალობა, რაზედაც ნაწარმოები საუბრობს. მგონია, რომ სამწუხაროდ, კიდევ დიდხანს იქნება ეს ნაწარმოები აქტუალური“. დიახ, სამწუხაროდ, რადგანაც სამყაროში ჯერ კიდევ ბევრია დესტუქციული ტენდენციები, ჯერ კიდევ საკმაოდაა ოკუპირებული ტერიტორიები, როგორც ჩვენთან და საერთოდაც, აპოკალიფსის მოახლოებით არა მხოლოდ გვაშინებენ, არგუმეტირებულადაც გვაჯერებენ. სადაც კი დაიდგა ეს მცირეტანიანი რომანი და სადაც კი ჰპოვა ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული სცენიური სიცოცხლე, ყველა ქვეყნის ხელოვანები ერთნაირი ტკივილით ახორციელებენ ამ  მარადიულად აქუალურ ტექსტს. ყველა ქვეყნის აუდიტორია კი ამტკიცებს, რომ ეს რომანი სწორედ მათ ქვეყანაზეა დაწერილი. ბერძნებს- ბერძნული, პოლონელებს პოლონური, უკვე ქართველებს კი ნამდვილი ქართული ამბავი გონიათ...როგორ გაედინებიან თავის გადარჩენის მიზნით ქვეყნის მცხოვრებლები საზღვარგარეთ- ეს დიმიტრიადისის რომანის ერთ-ერთი ქმედითი კომპონენტია.  რადგანაც დიმიტრიადისის მშობლიური ბერძნული თეატრი ვახსენე, არ შეიძლება არ გავიხსენოთ „ბერძნული ფოკუსის“ ფარგლებში ნაჩვენები ბერძნული თეატრის ერთ-ერთი გამოჩენილი რეჟისორის, მიხეილ მარმარინოსის შეხვედრა ახალგაზრდებთან.   მარმარინოსმა ვრცელი ნაწყვეტები აჩვენა მის მიერ დადგმული დიმიტრი დიმიტრიადისის ნაწარმოებისა „ვკვდები როგორც ქვეყანა“. შარშან საბერძნეთში ვიყავი ფესტივალზე და იქ დიდი გულისტკივილით ამბობდნენ, რომ დიდია ბერძნების მიგრაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში... დიმიტრიადისის რომანის პრობლემა მის სამშობლოში კვლავაც აქტუალურია. მარმარინოსის დადგმით  ფილოსოფიური ტექსტი უაღრესად ემოციური არტისტებით და რაც მთავარია მაყურებლებით იყო წარმოსახული, რომლებიც სპექტაკლის მონაწილენი გახდნენ. მაყურებელი სპექტაკლის მოქმედებას, რომელიც სხვადასხვა სივრცეებში მიმდინარეობდა, მუდმივად თან დაყვებოდა და ფაქტობრივად ერთი მხრივ ქოროს ფუნქციას ითავსებდა და მეორე მხრივ საზღვრებს მიმწყდარი მიგრაციის მსურველების როლში გვევლინებოდა. ვიდეოჩანაწერმაც კი გვანახა მიხეილ მარმარინოსის ნააზრევის სიღრმე და მასშტაბი.

დიმიტრიადისის რომანის თათია მთვარელიძისეული არაჩვეულებრივი თარგმანის კითხვა 2022 წლის „საჩუქარზე“ ქეთი დოლიძის დადგმით განხორციელდა.

 ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის სპექტაკლი კი სრული ანშლაგით იდგმება და საქრთველოში რობერტ სტურუას მიერ დამკვიდრებული და დამოუკიდებელ საქართველოში დროებით მივიწყებული პოლიტიკური თეატრის ტრადიციის გამგრძელებლადაც გვევლინება. უნდა ითქვას, რომ ჩვენს სასცენო რეპერტუარში  პოლიტიკური სპექტაკლების  ხელმეორედ დამკვიდრება პოზიცია-ოპოზიციის ჭიდილის ფონზე მიმდინარეობს, სადაც წარმოდგენათა მონაწილენი ქუჩაში მიმდინარე პროცესების უშუალო მონაწილენიც კი არიან. ცხადია ამგვარ ვითარებაში სცენიდან ნათქვამი სიტყვა განსაკუთრებით მართალი და ემოციურია. ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის შემთხვევაში კი ამ დადგმაში  მონაწილეობა უცილობლად მოიცავს რისკის და თავგანწირვის ელემენტებსაც კი: სპექტაკლის მოქმედება დამრეც ზედაპიზე მიმდინარეობს. ეს ზედაპირი ერთდროულად სახურავსაც გვაგონებს, დამბასაც და თვით პირამიდის კედელსაც. სპექტაკლის რეჟისორი და სცენოგრაფი მიხეილ ჩარკვიანი ამგვარად წარმოგვიდგენს ქვეყანის მოდელს, რომელშიც ვცხოვრობთ და სადაც მოძრაობა სულაც არ არის უსაფრთხო. ზევით მფორთხავი ორი მამაკაცი თოკებით მიმაგრებული პატარა ჩემოდნებით და ქვემოთ მოსრიალე, მერხებითა და ურიკით აღჭურვილი პერსონაჟები  კარგ ფიზიკური მომზადებასთან ერთად შეიძლება ითქვას, რომ თავგანწირვითაც გამოირჩევიან. ამ დამრეც ზედაპირზე არც თუ უსაფრთხო მოძრაობის პარალელურად წარმოთქმული სიტყვები განსაკუთრებით მძაფრი და ემოციურია. და ტექსტი კი, ნამდვილად ტრაგიკული, რადგანაც ოკუპირებული ქვეყანა, სადაც ძალადობა არსებობის ფორმაა, ხოლო მოძრაობა კი ელემენტარული თვითგადარჩენის ინსტიქტი, რადგანაც ყველა გაქცევას ცდილობს, გულგრილს ვერავის დატოვებს თავად მოძალადის გარდა. უნდა ითქვას, რომ დიმიტრიადისის მცირე ფორმის რომანი, რომელიც იმთავითვე არ არის გამიზნული სასცენო ხელოვნებისთვის და რომელიც მრავალი ქვეყნის მრავალ თეატრში დაიდგა, განხორციელებისას უთუოდ სხვადასხვაგვარად ტრანსფორმირდება. მარინა ჯოხაძე, კახა კინწურაშვილი, ეკატერინე დემეტრაძე, ბაია კერესელიძე, ქეთი ჯავახიშვილი, მაშო მაყაშვილი, გივიკო ბარათაშვილი, ანდრო ჭიჭინაძე, თორნიკე ლაზაშვილი, ლუკა ჯაფარიძე -ეს სპექტაკლის მონაწილე მსახიობების სიაა. მსახიობები არ გვევლინებიან მხოლოდ დიმიტრიადისის ტექსტის დეკლამატორებად.  მძაფრ ემოციებთან ერთად მათი შესრულება უცილობლად მოიცავს პოლიტიკური აქტივობის ფორმასაც. ეს გარემოება განაკუთრებით ეკა დემეტრაძის და გამორჩეულად ნიჭიერი კახა კინწურაშვილის შესრულებით არის თვალსაჩინო.

წარმოდგენის ბოლოს დამრეც ზედაპირზე ვიდეოინსტალაციით გელათის  ღვთისმშობლის მოზაიკა აღიბეჭდება- ჩვენი ტკივილი... „ვკვდები, როგორც ქვეყანა“- ახალი თეატრის განხორცილებული შესანიშნავი რომანი, რომელიც სამწუხაროდ აქტუალობას არ კარგავს. ტკივილიანი და ემოციებით დატვირთული წარმოდგენა, რომელიც თაობის სათქმელს გამოხატავს, და არა მხოლოდ...

bottom of page