top of page

„ვოიცეკი“ მოძრაობის თეატრში

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის

სამინისტროს მიერ.

444215166_869294328575984_69069892480847129_n.jpg

მაია კიკნაძე 

„ვოიცეკი“ მოძრაობის თეატრში

ცნობილმა გერმანელმა  მწერალმა, დრამატურგმა გეორგ ბიუხნერმა,  მიუხედავად მისი ხანმოკლე სიცოცხლისა/23 წლის ასაკში გარდაიცვალა/, არაერთი   პიესის ფილოსოფიური თუ პოლიტიკური ნაშრომის დაწერა მოასწრო.   მაგრამ, ბიუხნერის ყველაზე დიდი დამსახურება  ის იყო, რომ ის ყოველთვის იბრძოდა  ჰუმანისტური იდეების დამკვიდრებისათვის.   ამ ბრძოლის თავისებური გაგრძელება იყო მისი დრამატურგია. ბიუხნერი თვლიდა, რომ მწერლობაში მთავარი იყო არა თვითგამოხატვა, არამედ სიმართლის გამოხატვა, არა ფორმა, არამედ იდეა. მწერალი მტკივნეულად განიცდიდა, როდესაც ვინმე ადამიანის ღირსებას შეურაცხყოფდა „მე ღირსება არავისთვის შემიბღალავს მით უფრო ვისიმე ჭკუის, ან განათლების გამო...“აღნიშნავდა ავტორი.  მისი პიესა „ვოიცეკიც,’’ადამიანის ღირსებისთვის ბრძოლის ერთ-ერთი  გამოხატულება იყო.  პიესა ევროპის არაერთმა თეატრმა განახორციელა/ ცნობილია მაქს რაიჰარდის დადგმა/.  ქართული თეატრის რეპერტუარში ბიუხნერის გვარი  ძალზედ  იშვიათ გვხვდება, თუმცა არსებობს რამდენიმე დადგმა, მაგ. „ვოიცეკი’’-რეჟისორი ლ. წულაძე, „ლეონსი და ლენა“-რეჟისორი ნ.კვასხვაძე,  „ვოიცეკი’’- რეჟისორი ა. დიასამიძე / ...

 

სულ ახლახან „მოძრაობის თეატრში“ რეჟისორმა იოსებ ბაკურაძემ, შემოქმედებით ჯგუფთან ერთად  (კომპოზიტორი: სანდრო ნიკოლაძე, მხატვარი: ანა დვალი, ბაჩუკი შენგელია, მსახიობები: უჩა მჟავია, შალვა ჩალაგაშვილი, ნინი თათოშვილი, ნინო ძმანაშვილი, ლუკა გერგედა), “ვოიცეკის“ ახლებური ვერსია შესთავაზა მაყურებელს.  მოძრაობის თეატრის ისტორიას თვალს თუ გადავავლებთ ნათლად დავინახავთ მისი შემოქმედების თანმიმდევრულ ევოლუციურ პროცესს. ჟანრის თავისებურებითა და ორიგინალური ხედვებით გამორჩეულმა თეატრმა,  თანამედროვე  თეატრალურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა. აღსანიშნავია ისიც, რომ თეატრი გამოხატავს განსაკუთრებულ დამოკიდებულებას კლასიკური რეპერტუარის მიმართ (ფაუსტი, ჰამლეტი, ღვთაებრივი კომედია, შექსპირის სონეტები  და ა.შ). კლასიკური პიესების  გადატანა სცენაზე,  დიალოგებისა თუ მონოლოგების „გახმოვანება“ სხეულის ენით, საინტერესოს ხდის სპექტაკლის ფორმას, მის კომპოზიციურ მხარეს, რომელშიც კარგად ჩანს  რეჟისორის მხატვრული გემოვნება,   სათეატრო ესთეტიკა,  სარეჟისორო ხერხების გამოსახვის თავისებურება.

გეორგ ბიუხნერის  დაუმთავრებელი პიესა „ვოიცეკი“ ნამდვილ ამბავზეა აგებული.  ვინმე დალაქმა ვოიცეკმა ეჭვიანობის ნიადაგზე თავისი საყვარელი მოკლა, რის გამოც მას სიკვდილი მიუსაჯეს. ამის გამო,  კარგა ხანი მიდიოდა დავა მედიკოსთა და იურისტთა შორის,  სწორი იყო თუ არა დამნაშავის მიმართ გამოტანილი განაჩენი, ჰქონდა თუ არა მას ფსიქიკური პრობლემები.  პიესის ცენტრალური ხაზი, ისევე როგორც სპექტაკლის ძირითადი ამბავი, გადმოგვცემს სოციალური წყობის იერარქიაში,  ადამიანებს შორის ურთიერთობაში არსებულ პრობლემებს.

მოძრაობის თეატრში, გეორგ ბიუხნერის „ვოიცეკის“ პრემიერა, 10 მაისს შედგა. მასში მოთხრობილი ამბავი  „პატარა ადამიანის“  ვოიცეკის ტრაგედიის ისტორიას ასახავს. ვოიცეკი პლებეი, კაცთმოყვარე, მშრომელი ახალგაზრდა  საშინელ დანაშაულს-მკვლელობას სჩადის. სპექტაკლის მთავარი სათქმელიც ამ მკვლელობის ჩადენის მოტივაცია და მისი გამოწვევის მიზეზების ასახვაა. რეჟისორი, იოსებ ბაკურაძე, მკვეთრად გამოხატავს თავის პოზიციას ჩაგრული ადამიანის მიმართ, ის რაც სცენაზე ხდება არაჰუმანურია და ნორმალური საზოგადოებისთვის ყოვლად მიუღებელი. რეჟისორი მაყურებელს ბევრ საკითხზე დააფიქრებს,  სპექტაკლში ისმის კითხვები თუ რა იწვევს ადამიანში აგრესიას, მის გაბოროტებას და დანაშაულის ჩადენის სურვილს.

 

სპექტაკლი, ვოიცეკის გამოჩენით იწყება.  მსახიობ  ლუკა გერგედა  გაბადრული სახითა და მყარი ნაბიჯებით შემოაბიჯებს სცენაზე.  მისი თავდაჯერებულობა, საყვარელ ქალთან დაქორწინება, ერთი შეხედვით იღბლიანი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა მოვლენები სწრაფად იცვლება და ჩვენს თვალწინ ადამიანის  დრამა  გათამაშდება. ლუკა გერგედას ვოიცეკი წესიერი, პატიოსანი ადამიანია. ოჯახის შენახვის მიზნით, დალაქად მუშაობს  და ყოველდღიურ რუტინაშია ჩართული. ეკონომიური სიდუხჭირის გამო, ის თანხმდება ექსპერიმენტის ობიექტად იქცეს. ექიმი /უჩა ჟვანია/ მას ფულის სანაცვლოდ  ინექციას უკეთებს, რის შემდეგაც  ვოიცეკი  ჭკუიდან იშლება. აღნიშნული ეპიზოდი, რომელიც სპექტაკლში ერთ-ერთი  საუკეთესოა, რეჟისორის მხრიდან ზუსტად არის გააზრებული, როგორც ფორმის, ასევე  მსახიობის  საშემსრულებლო ოსტატობის წარმოჩინების თვალსაზრისით. 

 

ლუკა გერგედას ვოიცეკი მკვეთრი მოძრაობითა და ჟესტების საშუალებით შეშლილი ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობას წარმოგვიდგენს.  გაგიჟების პროცესში, ის  ხან მაიმუნივით დახტის, ხელებსა და ფეხებს იქნევს, ხან შეშლილივით „ღრიალებს.“ ამ ეპიზოდში,  მსახიობი  გერგედა, სხეულის საშუალებით,  სასოწარკვეთილი ადამიანის  მძიმე სულიერი მდგომარეობის ფსიქიკურ ნიუანსებს გამოხატავს.  მისი შეშლილი მოქმედებები მაყურებელზე ემოციურ გავლენას ახდენს და თანაგანცდის გრძნობას ბადებს. მსახიობი ლუკა გერგედა თავის შესრულებაში თანმიმდევრულია, ის ოსტატურად ახერხებს გვიჩვენოს საკუთარი გმირის ტრანსფორმაცია, თუ როგორ იქცა შეყვარებული ვოიცეკი მისი მეუღლის მკვლელად, რაშიც თითოეულმა პერსონაჟმა-ანუ გარემომ,  გარკვეული წვლილი შეიტანა. ამ თვალსაზრისით ძალზედ საყურადღებოა მისი ურთიერთობა შალვა ჩალაგაშვილის კაპიტანთან, რომელიც  ვოიცეკის მიმართ ღირსების შემლახავი მოპყრობით  გამოირჩევა. ღირსების შელახვა კი საბოლოოდ მხვერპლს - ვოიცეკს მოძალადე ადამიანად აქცევს.

შალვა  ჩალაგაშვილის კაპიტანი,  რომელიც მხოლოდ ვოიცეკზე რანგით არის მაღალი, თავს უფლებას აძლევს მას თავს დაესხას და მისი თავმოყვარეობა ფეხქვეშ  გათელოს. სპექტაკლში ვოიცეკისა და კაპიტანს შორის უთანმხმოება, რეჟისორმა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიტანა და  დანებით ბრძოლაში გამოხატა. ამ პატარა სცენაში, იოსებ ბაკურაძემ თვალნათლივ წარმოგვიდგინა მჩაგვრელისა და ჩაგრული ადამიანის  ბუნება, მათი ბრძოლის მოტივაცია, ერთის მხრივ ძალის დემონსტრაცია, მეორეს მხრივ კი საკუთარი ღირსებისთვის  ბრძოლა.

 

სპექტაკლში,  კულმინაციური ნაწილი- ყველაზე დაძაბული და ტრაგიკული სცენა დაკავშირებულია ვოიცეკის მიერ ცოლის მოკვლის ეპიზოდთან.  თუმცა  არ ჩანს,  ცოლის მოკვლის მოტივი /ღალატი, ეჭვიანობა/,  რაც ჩემის აზრით, სპექტაკლში  უნდა იყოს გამოკვეთილი.  დაჭრილი, ტკივილისაგან დატანჯული ნინო თათოშვილის ქალი, ფიზიკურთან ერთად სულიერ ტანჯვას, სიკვდილთან გაბრძოლების უკანასკნელ წუთებს წარმოგვიდგენს.  ნინო თათოშვილის  ცოლი ამ ეპიზოდში თავის დრამატულ ბუნებას სხეულის მეტყველი მოძრაობით ავლენს და სიცოცხლესთან გამოთხოვების ტრაგიკულ განცდებს გადმოგვცემს.   

აღნიშნულ ეპიზოდებში, მკაფიოდ არის გამოკვეთილი სპექტაკლის მუხტი, რიტმულობა, რაშიც კომპოზიტორ სანდრო ნიკოლაძის მუსიკამ  გადამწყვეტი როლი ითამაშა. სწორედ მუსიკის  /მუსიკა სპექტაკლის თანმხლები და მისი თანამონაწილეა/, მეშვეობით წარმოჩინდება სპექტაკლის ემოციური განწყობა, პერსონაჟთა  ბუნება, მსახიობთა  საშემსრულებლო ოსტატობა.

იოსებ ბაკურაძის სპექტაკლში კარგად ჩანს  თითოეული მიზანსცენის ამოცანა, გამჭოლი მოქმედება, გამოკვეთილია მთავარი გმირის ხასიათი, მისი ურთიერთობა გარემოსთან, სპექტაკლის სათქმელი და სამოქალაქო პოზიცია- ადამიანის ჩაგვრის მიმართ პროტესტი და ადამიანის ღირსების ხელშეუხებლობის იდეა.

bottom of page