top of page

ვთამაშობთ აბსურდს

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

355890128_568428308611199_3474014058522982789_n.jpg

გიორგი ყაჯრიშვილი

ვთამაშობთ აბსურდს

ბოლო წლების ქართულ თეატრს აბსურდის დრამატურგიის ტალღამ „გადაუარა“, სემუელ ბეკეტის „თამაშის დასასრული“, „გოდოს მოლოდინში“, ედუარდ ოლბის „შემთხვევა ზოოპარკში“, ალბერ კამიუს „გაუგებრობა“, ეჟენ იონესკოს „ქაჩალი მომღერალი ქალი და „მარტორქა“ - რთულია ამაში რაიმე ტენდენცია აღმოაჩინო, რადგან სხვადასხვა თეატრებში, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა რეჟისორებმა თავის საკუთარი სათქმელი (?!) ამ პიესებით გამოხატეს და ისინი სრულიად განსხვავებულები არიან ერთმანეთისგან (რაც ბუნებრივია), მაგრამ არის თუ არა მასში საერთო, ის მთავარი რაც ამ ორ დრამატურგს აერთიანებს - კერძოდ კი აბსურდის თეატრისადმი ერთგულება და ის მთავარი მრწამსი თუ გნებავთ ფილოსოფიური დოქტრინა, რაც ასულდგმულებდა ამ ორ დრამატურგს და რისთვისაც იწერებოდა ეს პიესები. მიმაჩნია, რომ ეგზისტენციალიზმის ფილოსოფიის წიაღში წარმოშობილი დრამატურგია ყოველთვის თანამედროვე ვინაიდან იგი ადამიანის არსებობის (existé) და მისი არსობა ეხება. თანამედროვეა არა იმიტომ, რომ ჩვენი საზოგადოება ამ ამოცანის წინაშე აღმოჩნდა, არამედ იმიტომ რომ თვით ყოფიერება, ადამიანის დანიშნულება და მისი ცხოვრება თვითონვე სვამს ამ კითხვებს. ჯან პოლ სარტრიდან დაწყებული ჰაროლდ პინტერის დრამატურგიით დასრულებული ყველა ნაწარმოების არსი მდგომარეობს სინამდვილის აბსურდულობაში, არსობის უაზრობაში, რომლის რეალობა „არარაობაა“, რასაც სიკვდილამდე, ყველა ფასეულობათა განადგურებამდე მივყავართ. ასეთ „ანტიპიესებში“ რომელსაც ასევე აბსურდის თეატრს უწოდებენ პიროვნების ტოტალურ გაუცხოებასთან მივყავართ. მკითხველის ყურადღება მინდა შევაჩერო ბოლო დროის სამ სპექტაკლზე: ალბერ კამიუს „გაუგებრობა“ (რეჟისორი ნანუკა ხუსკივაძე) ეჟენ იონესკოს „მარტორქები“ (რეჟისორი ზურაბ გეწაძე) და „მელოტი მომღერალი ქალი“ ( რეჟისორი გურამ ბერეკაშვილი) თუ რეჟისორებმა ნანუკა ხუსკივაძე და გურამ ბერეკაშვილმა პირველად მიმართეს ამ დრამატურგიას, ზურაბ გეწაძისთვის კი ეს მეორე ნამუშევარია „მელოტი მომღერალი ქალის“ მერე, რომელიც მან მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში დადგა.

„მე აქ იმიტომ მოვედი, რომ ამათ ჩემი ქონება და,

თუ შევძლებ ბედნიერებაც მოვუტანო“ - ჟანი

 

 

ალბერ კამიუს „გაუგებრობაში“ აბსურდის თეატრის პიესებს შორის ყველაზე მეტადაა გაცხადებული სიკვდილის (მკვლელობის) გარდაუვალობა. ამით ავტორის, დრამატურგის და ფილოსოფოსის პიესა უმეტესად იხრება ანტონენ არტოს „სისასტიკის თეატრის“ მიმართულებით და რეჟისორმა ნანუკა ხუსკივაძემ სცენაზე სწორედ ეს სისასტიკე, პირქუში გარემო შექმნა, სადაც ყოველთვის წვიმს და მზის სხივი სანატრელი აქვთ აქაურ მაცხოვრებლებს. სპექტაკლი ერთგვარად რეტროსპექტიული ფორმით, ჩვენ წინაშე როცა დედა-შვილის მიერ ჩადენილ დანაშაულების მსხვერპლების მდინარეში გადაყრის სცენით იწყება. ამით რეჟისორმა და სცენოგრაფმა (ნუცა ნინო ჭყონია) მიგვანიშნეს იმაზე, რომ აქ, ამ ოთახში უსასტიკესი მოვლენები განვითარდება. ნანუკა ხუსკივაძემ სრულიად შეგნებულად შეცვალა პიესა და გრძელი მონოლოგები თუ დიალოგები ამოიღო, რითაც არათუ დააზარალა პიესის ტექსტური ქსოვილი, არამედ უფრო გასაგები და მისახვედრი გახადა მაყურებლისთვის, თანაც შემცირდა მიმდინარეობის გაწელილი დროა, სწორადაა შერჩეული სპექტაკლის რიტმი და ტემპი, რაც ამ შემოკლებათა შედეგია. კედელზე აკრული სამი „მსხვერპლი“ და ასევე იატაკზე გართხმული სამი მიცვალებული ყველა მათგანი ამ სასტიკი გარემოს, ამ გამოუვალი მდგომარეობის მსხვერპლია, ერთნი რომელთა დასჯა ჯერ წინაა და მეორენი რომლებიც უკვე გაუყენეს იმქვეყნად გზას. მძიმედ მოძრაობს დედა-შვილი (ლიკა კევლიშვილი, ანა ტყებუჩავა), გრძელია გზა ეზოდან მდინარის შესართავამდე, მძიმეა მიცვალებულთა სხეულები, რომელთან უკანასკნელ ადგილის მათი მსახური ბლეზი (ნოდარ ცერცვაძე) მიუჩენს. და ახლა მორიგი მსხვერპლის მოლოდინში არიან, თან ერთმანეთს პირობას აძლევენ, რომ ეს ბოლო მსხვერპლი იქნება და ბოლოსდაბოლოს დატოვებენ ამ სასტიკ გარემოს. ჟანის (იორკ ჩიტაშვილი) მოსვლა არაფერს ცვლის ამ სასტუმროში, ის უბრალოდ მორიგი მსხვერპლია, ვინ იგივე ბედს გაიზიარებს, როგორც წინამორბედები. მკაცრია მარტა (ანა ტყებუჩავა) ჟანის მიმართ, გამოჰკითხავს, ჟურნალის შეავსებს და სულაცა რა აღელვებს დედამისის წინათგრძნობა, როდესაც მას ჟანი საკუთარ შვილის ახსენებს. აქ თავს იჩენს ის გარდაუვალობა და ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ იცნობენ თუ არა და-ძმა ერთმანეთს ჟანი მაინც განწირულია და უნდა მოკვდეს, ისევე როგორ მარსო „უცხოდან“, რომელმაც აუცილებლად უნდა ჩაიდინოს დანაშაული, რომ სიკვდილით დაისაჯოს. ყოფის აბსურდულობა გარდაუვალობაა, რომელიც ბადებს აუცილებლობას. ჟანი ხომ სიზიფეა, რომელიც თასსავე ზემოთ ატანილიდა შემდგომ დაგორებული ქვის ქვეშ იღუპება. ჯანი გაწირულია იმიტომ რომ სიმართლეს მალავ, ჩამოსვლის მიზეზი ხომ დედასთან შეხვედრაა, თუმცა არ აცხადებს ამას და თავისსავე ტყუილს ეწირება. პირქუშია გარემო და მისი ბინადარნიც, დედაც, მარტაც. დედა (ლოკა კევლიშვილი) თავს დაღლილად გრძნობს, თითქმის დაუძლურებულია, ამდენმა ტრაგედიამ შეძრა მისი სული და ცდილობს მარტას (ან ტყებუჩავა) წინააღმდეგობაც კი გაუწიოს, თუმცა მისი ქალიშვილი შეუვალია, აქედან გაქცევის, აქედან გაღწევის სურვილი იმდენად ძლიერია, რომ დედის თხოვნასაც კი არაფრად აგდებს. იმასაც ხვდება, რომ ჟანი უბრალო სტუმარი არ იყო და არც ის აწუხებს, რომ მარია (ელენე დარჩია) ჟანის მეუღლე მათ დანაშაულთა მოწმეც კი აღმოჩნდეს. ჟანის მკვლელობა დედას გამოაფხიზლებს, თუ მარტამ თავისუფლება მოიპოვა და წასვლას არაფერი უშლის ხელს დედაც მისგან თავისუფლდება, საბოლოოდ ამბობს თავის ქალიშვილზე უარს და ტოვებს მას. რეჟისორი ფინალურ სცენასაც ცვლის, უფრო სწორედ საკუთარ ინტერპრეტაციას გვთავაზობს. პიესაში მარტოდ დარჩენილი განადგურებული მარია შველას ითხოვს, რაზეც მსახური უარით უპასუხებს, სპექტაკლში კი მარია ჩვენს წინაშე კვდება, კვდება უკანასკნელი მოწმეც ამ დანაშაულისა. წერტილი დაესვა მარიას ტანჯვასაც, სამაგიეროდ მარტა თავისუფალია, ჩადენილი დანაშაულების გამო მას აღარავინ დასჯის და იქნებ თბილ ქვეყნების ნახვას შეძლოს. ამ სპექტაკლს განსაკუთრებულობას კიდევ ის სძენს, რომ მასში შედგა ორი ახალგაზრდა მსახიობის იორკ ჩიტაშვილის და ელენე დარჩიას დებიუტი, რომელთაც ამ რთულ ფსიქოლოგიურ სახეებს ოსტატურად გაუმკლავდნენ: შედგა მსახიობ ანა ტყებუჩავას თეატრალურ სცენაზე დაბრუნებამ რომელსაც ხანგრძივი შემოქმედებითი პაუზა ჰქონდა და მარტას სახე ერთ-ერთი საუკეთესოა მის მოღვაწეობაში. ხოლო ლიკა კევლიშვილზე უნდა ითქვას, რომ მას ერთდროულად მოუწია ორი სრულიად განსხვავებულ როლზე მუშაობა: ზურაბ ანტონოვის კომედიაში „მე მინდა კნეინა გავხდე“ . ბარბარე თულოხჩოვის და დედა ამ სპექტაკლში. ეს შესანიშნავად შესრულებული სახეები იმდენად მაღალი საშემსრულებლო ოსტატობითაა შექმნილი, რომ ვერც კი იჯერებ რომ მათ ერთი და იგივე მსახიობი თამაშობს.

„მე უკანასკნელი ადამიანი ვარ და

ადამიანად მინდა დავრჩები, მე იარაღს არ დავყრი“ - ბერანჟე

ზურაბ გეწაძის მიერ ადგმული ეჟენ იონესკის „მარტორქა“ სცენური სათაურით „მარტორქები“ ძალზე რთული პიესაა. ის მეტამორფოზები, რაც ამ პიესაში ხდება ტექნიკურად რთულია წარმოსადგენად, თუმცა რეჟისორმა უდავოდ შეძლო მაყურებლისთვის ეჩვენებინა არა მხოლოდ მარტორქებად ქცევის ფსიქოლოგიური მომენტები, არამედ მათი ფიზიკურად გარდაქმნაც. ამ სპექტაკლში თითქმის ყველა ის მსახიობი მონაწილეობს ვინ მისსავე „ქაჩალ მომღერალ ქალში“ ჰყავდა დაკავებული თუმანიშვილის თეატრში. მათ დაემატა სხვები და განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია ზურაბ ყიფშიძის პერსონაჟი ჟანი, ერთ-ერთი მათგანი ვინც ასე საოცრად და ოსტატობით ჩვენს წინაშე მარტორქად გადაიქცევა. რეჟისორი არ სარგებლობს ტექსტის შემცირებით ავტორისეული ყველა სიტყვა შენარჩუნებულია, თუმცა ჩემი აზრით იგი ცვლის პიესის ჟანრს, ანუ მიჰყავს კომედიის მიმართულებით, განსაკუთრებით კი მეორე ნაწილში, რაც ვლინდება მსახიობების ნანა შონიას, ნანუკა ლითანიშვილის, ვანიკო თარხნიშვილის, ნიკა წერედიანის და სხვათა თამაშში. ამით ერთი მხრივ მსუბუქდება ავტორის მიერ შემოთავაზებული პრობლემის სიმძიმე ( ფაშიზმის საწინააღმდეგო და სხვ.), მეორე მხრივ ასეთი ინტერპრეტაცია თანამედროვეს და აქტუალურს ხდის თავად ადამიანთა მეტამორფოზის თემას. ნებისმიერ ეპოქაში, ნებისმიერ წყობილებაში თუ სახელმწიფო მოწმობაში პიროვნებათა „გაცხოველება“ ანუ ცხოველებად გარდაქმნა (მაგ. ფრანც კაფკას ზამზა) ინტელექტის კრიზისია, ცხოველური ინსტინქტების აღზევება ღუპავს საზოგადოებას, ანგრევს სახელმწიფოს და ერების თვითშეგნებას (თუნად სახარება რომ გავიხსენოთ ათი მცნება ხომ სწორედ ადამიანში ამ ცხოველური ინსტინქტების აღმოფხვრაზე ქადაგებს). ვერც ჟანი, ვერ ლოგიკოსი, ვერც დეზი, ვერც მუსიე პაპიონი ვერ უძლებენ ცდუნებას და არც აქვთ სურვილი წინააღმდეგობის გაწევის, ერთმანეთის მიყოლებით მარტორქებად გადაიქცევიან. მხოლოდ სულის სიძლიერე და დიდი სურვილი არ დაემსგავსოს ყველას გადაარჩენს ბერანჟეს ( ვანიკო თარხნიშვილი).

„ეს არ არის აქეთ, ეს არის იქით, ეს არ არის აქეთ,

ეს არის იქით, ეს არ არის აქეთ, ეს არის იქით“

 „მელოტი მომღერალი ქალის“ ჟანრს ავტორი განსაზღვრავს როგორც ანტიპიესას და მართლაც ეს ორნაწილიანი დრამატურგიული ტექსტი თითქმის ერთი და იგივეა, სადაც პირველში სმიტები არიან მთავარი მოქმედი პირები, მეორეში კი მარტინები. თუმცა ისინი ერთდროულად არიან სცენაზე. ეს ერთგვარი ავტორისეული ხერხია, რითაც იგი გვიჩვენებს მთავარს თუ როგორ არ ესმით ერთმანეთის ორ თითქოს და ყველაზე ახლობელ ადამიანებს - მეუღლეებს. სპექტაკლი გურამ ბერეკაშვილმა დადგა სანდრო მრევლიშვილს სახელობის მუნიციპალურ თეატრში. ეს მისი მეორე წარმოდგენაა თამაზ მეტრეველის „სამშობლოს“ შემდეგ. რეჟისორი ზუსტად მიჰყვება ავტორისეულ რემარკებს, მსახიობთა განლაგებაც კი იმ გრძელ სავარძელზე, რომელზედაც სხედან და დროდადრო ადგილებს უცვლიან ერთმანეთს. თუმცა ერთი შეხედვით ეს რემარკები შეიძლება ხელსაც უშლიდეს რეჟისორს იმდენად უცნაურია, ისევე როგორც თვით ანეკდოტები, რომელსაც ხან მეხანძრე ჰყვება და ხან სხვა პერსონაჟები, ორი ოჯახური წყვილისა სმიტების და მათთან მოსული მარტინების ყოველდღიურობაში თითქმის არაფერი ხდება. ისინი უფრო მარიონეტებია არიან ვიდრე სახასიათო პერსონაჟები. მათ შორის ძირითადი ურთიერთობა მხოლოდ ურთიერთ თავდასხმაა, გამუდმებული კამათი. ეჟენ იონესკო ზუსტად გასაზღვრავს ვინ სად უნდა იდგეს, ვინ სად უნდა იჯდეს ან როგორი უნდა იყოს სპექტაკლის ფინალი. ასევე ზუსტად მოითხოვს ტექსტის შენარჩუნებას, მხოლოდ ბოლოში მიუთითებს იმ ორ სცენაზე, რომლის თამაშიც არაა აუცილებელი. ყოველივე ეს ერთი მხრივ ზღუდავს რეჟისორულ სვლებს და ინტერპრეტაციას, მეორე მხრივ კი დამდგმელ ჯგუფს უადვილებს იმ გარემოს შექმნას და იმ აბსურდული სიტუაციების გათამაშებას რაც ამ პიესაში ავტორმა ჩადო. ერთი კი მთავარია: ხშირად პერსონაჟთა შორის დიალოგში ამ რეპლიკებში ირღვევა ლოგიკა, ერთი თემიდან მეორეზე გადასვლა ხდება სრულიად მოულოდნელად და შეძლება წინა ფრაზას არანაირი კავშირი არ ჰქონდეს მომდევნოსთან. ეს კი სწორედ ავტორის ის ხერხია, რომლითაც ცდილობს გვიჩვენოს ის არა კომუნიკაბელობა ან თუ გნებავთ ის შეუთავსებლობა რაც მეუღლეთა შორის არსებობს. ყოველი პერსონაჟი თავისებურად გვიხატავს ამა თუ იმ შეგრძნებას, მაგალითად ქალბატონი სმიტი (ქეთი ლუარსაბიშვილი) ხშირად გადადის ისტერიულ ყვირილზე თან ძალიან დაბალი ტემბრით, ბატონი მარტინი (თორნიკე ბელთაძე) ცოლს (სოფო მეძმარიაშვილი) ისე ესაუბრება როგორც უცნობს, თითქმის ვერ იხსენებენ ერთმანეთს, რაც არ უნდა მოიმოქმედოს ქალბატონმა სმიტმა, მეუღლე (ზურა სულხანიშვილი) ვერ ამჩნევს მას. არაც მსახური მარი (ნანკა გვარიშვილი) და რაც მეხანძრე (გიორგი ქვრივიშვილი) გამოირჩევიან ლოგიკური ქმედებებით, ისინიც მარიონეტული უსახო პერსონაჟებად რჩებიან.

bottom of page