top of page

„წარმოსახვისა და რეალობის ზღვარზე“

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის

სამინისტროს მიერ.

444445370_475047868520010_75406810137655983_n.jpg

ნიკა თავართქილაძე

„წარმოსახვისა და რეალობის ზღვარზე“

 

თამამად ვიტყვი, რომ თავისუფალი თეატრი მუდამ ანებივრებს მაყურებელს ახალ-ახალი პრემიერებით. ამ სეზონის კიდევ ერთი პრემიერა, „თეთრი ვარდები“, 14 მაისს გაიმართა, რომლის როგორც რეჟისორი, ასევე პიესის ავტორი ავთანდილ ვარსიმაშვილი გახლავთ. ეს არის სევდიანი კომედია ორ მოქმედებად ერთ ჩვეულებრივ ქალზე, რომელსაც ირინელა ჰქვია. იგი რეალობის ზღვარზე იმყოფება და სწორედ ეს ხდის სპექტაკლს უფრო საინტერესოს და დამაინტირგებელს, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ირინელა და იქნება თუ არა ეს მისთვის სასიკეთო.

 

პირველ რიგში, უნდა დავიწყო სცენოგრაფიით, რადგან დარბაზში შესვლისთანავე, სანამ სპექტაკლი დაიწყება, ჩემი ყურადღება სცენის თითოეულ დეტალზე გადადის. ჩემთვის თავისუფალი თეატრი ამ კუთხით მუდამ მოწოდების სიმაღლეზეა. არც ეს ყოფილა გამონაკლისი და, რა თქმა უნდა, სცენოგრაფიით მონუსხულმა უფრო დადებითი ენერგიებით განვეწყვე სპექტაკლისთვის. გვერდები ცარიელია, სცენის ცენტრში კი არის დიდი თეთრი დაფა, რაზეც მიკურლია თეთრი ვარდები, სხვადასხვა თეთრი ფერის ნივთები და რამდენიმე ასო-ბგერა, რომელიც ჩემთვის ერთადერთი გაურკვეველი დეტალი აღმოჩნდა. ვერ მივხვდი ამ ასოების თანწყობას და ვერაფრით დავუკავშირე სპექტაკლში მოთხრობილ ვერანაირ ამბავს.

 

პირველივე წუთიდან სცენაზე ჩნდება ირინელა (თიკო კორძაძე), რომელიც შეიძლება ითქვას სცენიდან საერთოდ არ გადის. ძირითადად იყო მონოლოგები, რაც სპექტაკლს უფრო მოსაწყენს ხდის, თუმცა თიკო კორძაძემ შეძლო და პირიქით, არც ერთი წამი მომცა მოდუნებისთვის. მას კარგად ჰქონდა გაცნობიერებული თუ ვის თამაშობდა. შესაბამისად, მისი მუხტი ნამდვილად გადამდები იყო. მისი პერსონაჟი დიდი სიყვარულის მოლოდინშია, თუმცა ვერ ხვდება, რომ ეს დიდი სიყვარული გვერდით ჰყავს. მის მიმართ ემპათიით ვიყავი განწყობილი, თუმცა ფინალურმა სცენამ თანადგომა გამიქრო. ირინელა მარტოხელა ქალია, რომელიც სალონში მუშაობს. მარტო ცხოვრობს ორ ოთახიან ბინაში, რადგან დედა ხუთი წლის წინ გარდაეცვალა. მის ბინას ორი კარი აქვს - ერთი ხის, მეორე კი რკინის. ეს დეტალი სპექტაკლში რამდენჯერმე მეორდება, რაც ვფიქრობ, ისევ და ისევ ირინელას უჩვეულო და ამოუცნობ ბუნებას აღწერს. თიკო კორძაძემ საერთოდ არ გამაკვირვა თავისი ოსტატური შესაძლებლობებით, რადგან ყოველთვის ფორმაშა, თუმცა მისმა ვოკალურმა შესაძლებლობებმა სასიამოვნოდ გამაკვირვა. აქვე დავძენ, რომ ცოცხალი შესრულება სპექტაკლს კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდიდა. 150 წუთის განმავლობაში იყო ირინელა და იცხოვრა მისი ცხოვრებით. მას ძალიან ღია და აშკარა კონტაქტი ჰქონდა ჩვენთან, მაყურებელთან. დასაწყისში ამბობს შემდეგ სიტყვებს: „გამორთეთ ტელეფონები, რადგან ჩემი ამბის მოყოლის დროს ხელი არ შემიშალოს“. ეს კონტაქტი ირინელას ჰქონდა და ამიტომ მსგავსი ფრაზები კონტექსტიდან ამოვარდნილი არ იყო.

 

არანაკლებ მნიშვნელოვანია პერსონაჟი ამირანი (ოთო ლასხიშვილი), რომელსაც პირველივე ნახვისთანავე შეუყვარდება ირინელა. ამირანი მეხანძრეა, რომელიც პირველ რიგში, უზომოდ შეყვარებულია თავის საქმეზე. იგი ირინელას სალონში სწორედ ამიტომ ხვდება. ცრუ განგაში რომ არა, ალბათ ვერასდროს შეხვდებოდა ირინელას, რომელიც მისთვის მთელი ცხოვრების აზრად იქცა. სწორედ ამირანი აღმოჩნდა ის, ვისაც ყოველდღე დაჰქონდა თეთრი ვარდები ირინელასთან. ასევე სხვადასხვა თეთრი ფერის ნივთი, რაც სცენოგრაფიის ერთ-ერთი ნაწილი იყო. ოთო ლასხიშვილი ყველანაირად ცდილობდა ერთი სიყვარულისგან დაბნეული ბიჭის როლის მორგებას. ვფიქრობ, ზოგჯერ ზედმეტი ემოციები ჭარბობდა მასში, რაც ხელოვნურად ჩანდა.

 

ის „სიყვარული“, ვისაც ირინელა მთელი ცხოვრება ელოდება ბისმარკი (ლაშა გურგენიძე) აღმოჩნდა, რომელიც ციხეში ცოლის მკვლელობისთვის სასჯელს იხდიდა. ბისმარკი ციხიდან გამოსვლის შემდეგ ირინელასთან ერთად პრაღაში გამგზავრებას გეგმავს. თავიდანვე იგრძნობა, რომ ეს პერსონაჟი თაღლითია, რადგან ირინელას ყველა წერილის ბოლოს ერთ თხოვნას უტოვებდა, რომ წერილი დაეწვა. ეს ფაქტი კი გარკვეულ ეჭვს ბადებდა. ბისმარკის სახელს დასაწყისშივე ვიგებთ, თუმცა მეორე მოქმედებაში ჩნდება, რაც მის პერსონაჟს კიდევ უფრო იდუმალს ხდის. მაყურებელი დიდი ინტრიგის მოლოდინში ვართ და სპორტულებში გამოწყობილი ბისმარკი  „ქუჩის ბიჭის“ მანერით გამოჩენისთანავე კლავს ჩვენს ინტერესს.

 

პროკურორი ალექსანდრე (სლავა ნათენაძე), რომელიც სალონს ყოველ ორშაბათს სტუმრობს ირინელას საუკეთესო მეგობრად გვევლინება. მას სულ „სამი“ შემოსვლა აქვს ორ მოქმედებიან სპექტაკლში, თუმცა სამივე არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს. ვგულისხმობ, რომ მისი გამოჩენა არის იმედის მომცემი, იმედის რომ რაღაც უკეთესობისკენ შეიცვლება. სლავა ნათენაძის ემოციები დამაჯერებელია, გულწრფელია, რაც მთავარია გადამდები. ერთ-ერთ სცენაში თიკო კორძაძესთან ერთად მღერის, რაც კიდვე უფრო მეტად კარგი სანახავია.

 

მიუხედავად იმისა რომ სპექტაკლი ძალიან მომეწონა, მაინც გაწელილი იყო და ზოგი რამ ზედმეტად არარეალური. არანაირ ლოგიკაში ჯდებოდა ის ფაქტი რომ ბისმარკმა ორსული ირინელა ჯერ მუცელში დაჭრა, შემდეგ კი ცეცხლი წაუკიდა, თუმცა ირინელა მაინც გადარჩა და შვილიც გააჩინა. ასევე გაუგებარი იყო დასასრულიც. თითქოს საბოლოოდ ირინელა მიხვდა, რომ ამირანი იყო ის სიყვარული, ვისაც ეძებდა. მას სიმღერაც კი მიუძღვნა: „როგორ დავემდურო ბედს, თუკი შენ ამქვეყნად ხარ“, თუმცა ფინალურ სცენაში მაინც ბისმარკის მიერ გამოგზავნილ წერილს კითხულობს და კვლავ მის მოლოდინშია. სწორედ ამიტომ გამიქრა მის მიმართ თანადგომა. მგონია, რომ ე.წ „ჰეფი ენდით“ უნდა დამთავრებულიყო სიმღერის ნოტებზე.

 

 სიუჟეტურად საკმაოდ ახლოს არის დღევანდელ რეალობასთან. დღესაც არსებობს უამრავი გულუბრყვილო ირინელა, რომელიც კარგსა და ცუდ შორის არჩევანს ცუდზე აკეთებს. დღესაც არსებობს უამრავი ერთგული ამირანი, რომელიც მიუხედავად ყველაფრისა მაინც სიყვარულს ანიჭებს უპირატესობას. დღესაც არსებობს უამრავი ბოროტი ბისმარკი, რომელიც ფულის გამო ყველაფერზე არის წამსვლელი და დღესაც არსებობენ ისეთი სამართლიანი პროკურორები, რომლებიც მუდამ იქნებიან სწორ მხარეს.

bottom of page