top of page

 „წმინდა ანტუანის სასწაული“ თოჯინების თეატრში   

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

275635451_3139724106349082_2379154087922372021_n.jpg

მაია კიკნაძე

 „წმინდა ანტუანის სასწაული“ თოჯინების თეატრში   

თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიულმა თეატრმა, მაყურებელს საპრემიეროდ შესთავაზა მორის მეტერლინკის პიესა  „წმინდა ანტუანის სასწაული.“ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ნიკოლოზ საბაშვილმა, თეატრის ახალი სივრცე დამწყები რეჟისორის ნამუშევრით გახსნა. სადებიუტო  სპექტაკლი დრამის ფაკულტეტის სტუდენტმა დავით თარბამ წარმოგვიდგინა. ახალგაზრდა რეჟისორმა  თოჯინებთან მუშაობას წარმატებით გაართვა თავი და დამდგმელ ჯგუფთან ერთად, საინტერესო სპექტაკლი შესთავაზა მაყურებელს.  

დრამის რეჟისორთა ინტერესი თოჯინური სპექტაკლების მიმართ, განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, როდესაც ამ ჟანრში პროფესიული რეჟისურა ჩამოყალიბდა. (გავიხსენოთ, მაგალითად ინგლისელი რეჟისორის გორდონ კრეგის თეატრალური ექსპერიმენტი,  თოჯინა- მარიონეტის მონაწილეობით).   

თანამედროვე ქართულ თეატრშიც, დრამის რეჟისორებს „მხატვრულ თოჯინებთან’’ ერთად არაერთი წარმატებული სპექტაკლი დაუდგამთ. ამ თვალსაზრისით მახსენდება ლევან წულაძის მიერ, რუსთაველის სარდაფში, დადგმული  „ფაუსტი“,    ნიკოლოზ საბაშვილის განხორციელებული გოგოლის „შინელი“ და ა.შ.

დავით თარბას  სპექტაკლი, თოჯინურ თეატრში მეტერლინკის პიესის დადგმის პირველი მცდელობაა და  ამ მხრივაც არის საყურადღებო. პიესა „წმინდა ანტუანის სასწაული,“ მეტერლინკმა 1903 წელს დაწერა. საპრემიერო ჩვენება ჯერ გერმანულ, ხოლო შემდეგ ფრანგულ ენებზე შედგა. საქართველოში, პიესა პირველად  ქუთაისის თეატრმა წარმოადგინა 1911 წლის 30 მარტს. (ამ პიესით გაიხსნა  ვახტანგოვის თეატრი მოსკოვში 1921).  

მართალია პიესა, დრამატული თეატრისთვის დაიწერა, მაგრამ მასში ასახული ამბები, დაუჯერებელი ისტორია ზღაპრულ-ფანტასტიკური ელემენტებითა და მისტიციზმით გაჯერებული, ძალზედ ორგანულად მოერგო თოჯინების სტილისტიკას.  პიესის ფაბულა მარტივია და ის წმინდანის მიერ ჩადენილ სასწაულთან არის დაკავშირებული.

მოქმედება  მდიდარი ქალის, აწ უკვე გარდაცვლილის, მადმუაზელ ჰორტენზიას ოჯახში ვითარდება. ნათესავები მასთან მიდიან გამოსამშვიდობებლად. ყველანი კმაყოფილია, ვინაიდან ქალმა მათ კარგი მემკვიდრეობა დაუტოვა. თითქოს ყველაფერი წესის თანახმად მიდის, მაგრამ სიტუაციას რადიკალურად ცვლის კარის ზღურბლზე ფეხშიშველი წმინდა ანტუანის გამოჩენა, რომელიც გარდაცვლილი ქალის გაცოცხლებას მოითხოვს.

შესავალ ნაწილს რეჟისორი საინტერესოდ იწყებს. სამგლოვიარო ცერემონია (აქ წარმოდგენილია სუფრაც), რომელსაც მუსიკალური გაფორმება (კომპოზიტორი  ლევან  ბაშარაული) ახლავს თან, უჩვეულოდ ამაღლებულ განწყობას ბადებს. ჩანს, რომ ნათესავებს დიდად არ აწუხებთ ქალის გარდაცვალება,  რაზეც მიანიშნებს  მათი გულგრილობა, საუბრები საჭმელსა და სახლის მოწყობაზე.

ტრიბუნაზე შემდგარი ჰორტენზიას დისშვილი ბატონი გუსტავი, რომელსაც ღარიბები არ უყვარს,  როგორც ამ დროს მიღებულია ხოლმე, გარდაცვლილი დეიდის კეთილშობილებასა და მის დამსახურებას უსვამს ხაზს. თუმცა მისი მონოლოგი (ტექსტის ადაპტაციის ავტორი ქეთევან სამხარაძე) სოციალურ სტატუსზეც  მიგვანიშნებს. სოციალური სტატუსი კი საზოგადოებაში მნიშვნელოვანია, რომლის  მოსაპოვებლად  ფულია  საჭირო, ამიტომ ამბობს იგი  „თუ გინდა შენი ოცნებები ახდეს, ამისთვის შენ გჭირდება ფული.“ გუსტავის მოსაზრებას  იქ მყოფი საზოგადოებაც იზიარებს, თუმცა არსებობს გამონაკლისიც. მაგ.მოახლე ვირჯინია, რომელიც სპექტაკლში სიკეთესა და უანგარობის მაგალითს წარმოადგენს.

პიესის გადატანა სცენაზე  ყოველთვის თავისებურ ცვლილებას მოითხოვს, მით უფრო „შავ კაბინეტში,“ რომელიც გულისხმობს  თოჯინური სამყაროს სპეციფიკის გააზრებას, თოჯინის ტიპის შესაბამისობას ტექსტთან და მიზანსცენებთან, გარემო პირობებთან.  

„სცენაზე“ მოწყობილი, გემოვნებით მორთული  დეკორაცია (ელენე მეგრელიშვილი), მინიატურული ნივთები, სამგლოვიარო გვირგვინები, ავეჯი, არფა, მაღალი საზოგადოებისთვის დამახასიათებელი ელეგანტური ტანსაცმელი, განსვენებულის ოთახში აღმართული ჯვარი, ოდნავ ბუტაფორიული ღრუბლები, თოვლის ფიფქები, თუ თოჯინების გარეგნობა (თოჯინის მხატვარი-ვლადიმერ მელტცერი) ჰარმონიულობაშია სპექტაკლის შინაარსთან, მიზანსცენებთან და თოჯინების სამოქმედო გარემოსთან.

 

სპექტაკლში, მოქმედება რამდენიმე ადგილზე თამაშდება. აქ „სცენად“ პატარა მოედნებია გამოყენებული, რომლებიც სამ რიგად  არის წარმოდგენილი და თოჯინური სანახაობებისთვის დამახასიათებელ „თეჯირებს“ ცვლის. ამდენად, მოქმედების არეალი გაფართოებულია. თუმცა მცირე ზომის თოჯინები სივრცეში რომ არ დაიკარგონ,  ძირითადად მაინც წინა პლანზე უწევთ თამაში. მოქმედების გარემო შავ ფერშია გადაწყვეტილი. სცენის კედლები, ჭერი და რა თქმა უნდა მეთოჯინეები, რომლებიც მაყურებლისთვის ხილულნი არიან.  თოჯინებს თავები პაპიე მაშესაგან აქვთ დამზადებული, ხოლო ფეხები უმოძრაოთ  დაფაზე მიბმული, მაგრამ  მეთოჯინეთა (მალხაზ გაბუნია, ვახო ჭელიძე, მარიკა ძაგნიძე, მაია მალხაზიშვილი, თამთა ბაქრაძე, გიორგი ქორიძე, სანდრო კახეთელიძე, თეა კიწმარიშვილი) ოსტატობის წყალობით ეს „შეზღუდვა“ არც კი იგრძნობა.  თოჯინების მანერები არა არის თვალშისაცემი და ტექნიკურად  სრულად ესატყვისება  ამ ტიპის თოჯინათა დიაპაზონს, რომლებსაც  მეთოჯინეები ტროსით მართავენ. სპექტაკლში რვა მეთოჯინე მონაწილეობს, თუმცა პერსონაჟები უფრო მეტია  (რა თქმა უნდა, იგულისხმება ცხენიც), მაგრამ ვინ რომელ თოჯინას ათამაშებს აფიშაზე (პოსტერზე) არ არის მითითებული. თეატრს, რომელსაც თოჯინების თეატრი ჰქვია, მეთოჯინეთა  ვინაობას მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს და კარგი იქნება თუ სამომავლოდ თუ მათ გვარებს პერსონაჟებს მიაწერენ.

ეს პატივი,  მხოლოდ გამხმოვანებლებს (ხმის რეჟისორი- არჩილ ბურჭულაძე, მსახიობები: დავით როსტომაშვილი, ლილი ხურითი, მაია ხორნაული, ნოდარ ძოწენიძე, გიორგი ქორიძე, ირაკლი ჩხიკვაძე, სანდრო კახეთელიძე, აკო გოგელია, ნუკა ქევხიშვილი) ხვდათ წილად.  ჟანრის სპეციფიკიდან გამომდინარე სწორედ მეთოჯინისა  და გამხმოვანებლის (მაგ. გავიხსენოთ, რამაზ ჩხიკვაძისა და ეროსი მანჯგალაძის მიერ შესანიშნავად  გახმოვანებული რეზო გაბრიაძის მარიონეტების სპექტაკლი  „კოჯრის ტყის ზღაპარი“ )  ოსტატობაზეა დამოკიდებული თოჯინა-პერსონაჟის ხასიათი, მისი მოქმედება.

სპექტაკლში ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა მსახურის სახე, რომელსაც ცნობილი მსახიობი ლილი ხურითი ახმოვანებს. მისი ხმა და თოჯინის მოძრაობა ერთმანეთთან თანხვედრაშია. სწორედ მსახიობ-გამხმოვანებლის დამსახურებით შეიქმნა მსახურის  სახასიათო სახე. ვირჯინია, გულუბრყვილო, მაგრამ ამავე დროს კეთილშობილი, უანგარო ქალია, მას გულწრფელად უყვარს ქალბატონი, რომელთანაც 33 წელი გაატარა. „დაბალი სტატუსის“ მიუხედავად, მას შეუძლია სასწაულის დანახვაც და სიცოცხლის (სიკეთის) სასარგებლოდ არჩევანის გაკეთებაც. მისი საუბარი წმინდა ანტუანთან, რომელთანაც აშკარად სულიერი ნათესაობა აკავშირებს, ღირებულებებს ეფუძნება.

 წმინდა ანტუანი, რომლის ირგვლივაც მოქმედება ვითარდება, ისეთ სიტუაციებს ქმნის, რომ თვალთმაქცსა და მერკანტილურ საზოგადოებას კომფორტსა და მყუდროებას ურღვევს.  აქ ვხვდებით უღმერთო აბატს, გამყიდველ ექიმს, უვარგის პოლიტიკოს, „მგლოვიარე ნათესავებს,“ ამავე დროს წმინდანს და მოახლეს, რომელთა შორის განსხვავებას მაყურებელი ადვილად ამჩნევს.  

ფარისეველთა საზოგადოების მორალის  საჩვენებლად, რეჟისორი მიმართავს   გროტესკს, ფანტასტიკას,  ხოლო ანტუანის თავზე მოციმციმე ნიმბა სიკეთის, სასწაულის ჩადენისა და მისი დანახვის შესაძლებლობაზე მიგვანიშნებს. სასწაული კი  ზოგჯერ რეალურადაც ხდება, მხოლოდ უნდა შეამჩნიო...

საინტერესოდ მოფიქრებულმა მიზანსცენებმა, მუსიკამ, სცენოგრაფიამ, მეთოჯინეთა და მსახიობ- გამხმოვანებელთა ოსტატობამ,  საექსპერიმენტო სპექტაკლის  წარმატებას  შეუწყო ხელი.

bottom of page