top of page

წყლის ფსკერზე ჯადოსნურ სამყაროში

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

DBF0299B-B941-4570-9034-AA9A409D8295.JPG

ლაშა ჩხარტიშვილი

წყლის ფსკერზე ჯადოსნურ სამყაროში

 

ახალციხის თოჯინების თეატრმა საპრემიერო წარმოდგენაზე უმასპინძლა მაყურებელს. რეჟისორმა დავით თარბამ ჟიულ ვერნის ცნობილი ნაწარმოები „80 000 კილომეტრი წყალქვეშ შესთავაზა.“ თუ არ ვცდები, ეს დადგმა ფანტასტიკის ჟანრის ერთ-ერთი ფუძემდებლის, კლასიკური რომანის პირველი სცენური ინტერპრეტაციაა ქართულ თეატრში და ის სწორედ პირველად თოჯინების თეატრში დაიდგა.

 

ფანტასტიკის ჟანრის ნაწარმოების განხორციელებისთვის, თოჯინების თეატრი, თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, ყველაზე ხელსაყრელი სივრცეა ფანტასტიკურ-მისტიკური სამყაროს შესაქმნელად და დრამატულ თეატრში თითქმის შეუძლებელის ვიზუალიზაციისთვის, მაგრამ მთავარია როგორ ქმნის, რა ხერხებით და როგორი ფანტაზიის უნარით რეჟისორი ამ სამყაროს სივრცესა და დროში.

 

საკმაოდ დიდი მოცულობის რომანის მონტაჟზე და მის ინსცენირებაზე ანა გოგიშვილმა იმუშავა, რომელმაც აირჩია ორი მაგისტრალური ხაზი ჟიულ ვერნის რომანიდან - სამყაროს შეცნობის წყურვილი და სიყვარულის თემა. საბავშვო თეატრში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვს, რომელიც საზოგადოების ღირსეული ნაწილი უნდა გახდეს, კაცობრიობის მთავარ ფასეულობაზე - სიყვარულზე, მის მნიშვნელობასა და ძალაზე ესაუბროს, რომელიც დედამიწის არსებობის მთავარი მამოძრავებელი და ხერხემალია. ასევე ბავშვი, განსაკუთრებით, ადრეულ ასაკში, ორიენტირებულია სამყაროს შეცნობაზე, მას უამრავი კითხვა უჩნდება და ის ისწრაფვის მაქსიმალურად მეტი გაიგოს სამყაროზე, რომელიც მისთვის უცხოა და ამოუცნობი. სწორედ ამ სამყაროში ამოგზაურებს რეჟისორი დავით თარბა მაყურებელს ერთი საათის განმავლობაში.

 

დადგმაზე მხატვარმა ვახტანგ ქორიძემ იმუშავა, რომელმაც შექმნა სპექტაკლის თოჯინებიც და სცენოგრაფიაც. ვახტანგ ქორიძე ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მხატვარია თოჯინების თეატრში, რომელიც ქმნის მეტყველ, დინამიკურ, ესთეტიკურად დახვეწილ თოჯინებს, რომლებიც ცალკე აღებული გამოყენებითი ხელოვნების უნიკალური ნიმუშებია. დავით თარბას სპექტაკლში ვახტანგ ქორიძის თოჯინები სრულ ჰარმონიაშია არა მხოლოდ პერსონაჟთა ხასიათთან, არამედ სცენოგრაფიასთან და სპექტაკლის საერთო გადაწყვეტასთანაც. კაპიტან ნემოს, პროფესორ არონაქსის, მსახურ კონსეის მინიატიურული თოჯინები რეალისტურ პერსონაჟებად იქცევიან, რომლებიც მისტიკურ სამყაროში ცხოვრობენ და მოგზაურობენ. მათთან ერთად ვხედავთ ოკეანის ბინადრებს, რომლებიც პარალელურად თაანაარსებობენ ოკეანის ფსკერზე.

 

რეჟისორმა დავით თარბამ, მხატვარმა ვახტანგ ქორიძემ და მუსიკალურმა გამფორმებელმა თამაზ იმნაძემ შექმნეს მისტიკური და ჯადოსნური ატმოსფერო, რომელიც გიზიდავს, გხიბლავს, გაოცებს და დარბაზიდან გამოსული, მაინც იმ წყალქვეშა სამყაროში გტოვებს, რომელშიც პერსონაჟებთან ერთად მაყურებელმაც იმოგზაურა. ორიგინალურადაა გადაწყვეტილი თითოეული ეპიზოდი და აშკარაა, რომ თოჯინების თეატრების პროფესიულმა გაერთიანებამ ფინანსური რესურსი არ დაიშურა ჯადოსნური სამყაროს შესაქმნელად. მუდმივად ცვალებადი დეკორაცია, ათობით თოჯინა, რომელიც მაღალ ხარისხშია შესრულებული, არ ადუნებს მაყურებელს (მიუხედავად ტექსტის აქა-იქ სიმძიმისა და „ზედმეტი ლიტერატურისა“) და ყოველი მომდევნო სცენა ფაქტობრივად სიურპრიზია მაყურებლისთვის, რომელიც ხანაც ოკეანის გაშლილ ფსკერზე, ხანაც ხომალდ „ნაუტულუსზე“ თამაშდება.

 

ცალკე აღნიშვნის ღირსია ქალთევზებისა და თუ სირინოზების ტრფიალის სცენა, რომელიც ამერიკული პოპ დუეტის A Great Big World სადებიუტო ალბომიდან (2013) სიმღერაზე say something მსახიობი ანი ხუბუტია ასრულებს. მსახიობის შესრულებაში იგრძნობა ორიგინალური ხმის ტემბრი, მისტიკა, ვნება და ემოცია. ეს ეპიზოდი მხატვრული გადაწყვეტის თვალსაზრისით (სცენოგრაფიულად, მუსიკალურ-ქორეოგრაფიულად) ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი, ლამაზი და შთამბეჭდავი ეპიზოდია სპექტაკლის.

 

დადგმაში მონაწილეობენ მსახიობები: მაია თორდუა, ლიანა გელაშვილი, ცირა ტაბატაძე, მიხეილ ბერიძე, თამაზი კუჭაძე, ანი ხუბუტია, მარინე მამულაიძე, დავით ჩილინგარიშვილი, ქრისტინე ინასარიძე და მარინე მამულაიძე, რომლებიც ოსტატურად და პროფესიონალიზმით ატარებენ და ახმოვანებენ თოჯინებს. მართალია, მამაკაც პერსონაჟებს ქალები ახმოვანებენ და ეს თვალშისაცემია, მაგრამ პერსონაჟის აღქმაში ეს ფაქტორი არც ისე ხელისშემშლელია.

 

სასიამოვნოა, რომ 1870 წელს გამოქვეყნებული, სამეცნიერო ფანტასტიკის ფუძემდებლის ჟიულ ვერნის ეს კლასიკური რომანი ქართულ სცენაზე დაიდგა, რამაც კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა ქართული თოჯინების თეატრების რეპერტუარი. სამწუხაროა, რომ ფაქტობრივად არ იწერება და არც ითარგმნება საბავშვო პიესები და პროზაული თხზულებები, ან თუ იქმნება, მათი სცენაზე განხორციელება რიგი მიზეზების გამო არ ხდება. ვიმედოვნებ, რომ იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო ლიტერატურის კონკურსი მომავალში უფრო მეტად შეუწყობს ხელს საბავშვო პიესების შექმნას და ქართულ ენაზე ახალი ნაწარმოებების გაჩენას.

 

„80 000 კილომეტრი წყალქვეშ“ დავით თარბას მეორე სპექტაკლია თოჯინების თეატრში. პირველად, მან თბილისში, გიორგი მიქელაძის თეატრში მეტერლინკის „წმინდა ანტუანის სასწაული“ დადგა, რომელიც პოლიტიკურ-სოციალური აქცენტებითა და ორიგინალურად გახმოვანებული პერსონაჟებით გამოირჩეოდა. აშკარაა, რომ მეორე დადგმაში, დავით თარბამ ახალი სამყარო აღმოაჩინა, რადგან სპექტაკლში „80 000 კილომეტრი წყალქვეშ“ გაცილებით მრავალფეროვანია გამომსახველობითი საშუალებების გამოყენება-ათვისების კუთხით. აქ მზარდ დინამიკას ექვემდებარება ყველა კომპონენტი. დავით თარბა პირველ ყოვლისა, დრამის რეჟისორია, რომელიც ექსპერიმენტებით ცდილობს მისთვის ახალი სამყაროს აღმოჩენას თოჯინების თეატრში, რომელიც საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს. ვიმედოვნებ, ახალგაზრდა რეჟისორი კვლევა-ძიებას თოჯინების თეატრის სამყაროში კვლავაც გააგრძელებს, მეტ ადრე საქართველოს თოჯინების თეატრების პროფესიული გაერთიანების ხელმძღვანელობა ახალგაზრდა რეჟისორს (და არა მხოლოდ მას) შემოქმედებითი განვითარების საშუალებას აძლევს და ყველა პირობას უქმნის.

bottom of page