წყურვილი
სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის
„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.
ნუცა კობაიძე
იუჯინ ო’ნილი „წყურვილი“
რეჟისორი, იოსებ ბაკურაძე, მესხეთის თეატრში უსიტყვო დადგმისთვის ირჩევს იუჯინ ო’ნილის პიესას „წყურვილი“. კომპოზიტორ სანდრო ნიკოლაძესთან ერთად რეჟისორი უარს ამბობს ნაწარმოების კლასიკურ გაგებაზე და გვთავაზობს თავიანთ ვერსიას. ონილის დრამატურგია ხომ რეალიზმის ტექნიკითაა შექმნილი, რაც გვაძლევს საშუალებას, უკუვაგდოთ თეატრალური დრამა, ხელოვნების კლასიკური ფორმები და წინ წამოვწიოთ რეალისტური თემები. რეალიზმი ეწინააღმდეგება რომანტიზმს, რომელიც საგნებსა თუ მოვლენებს იდეალისტურად უდგება. თუმცა, რეჟისორი სპექტაკლის მანძილზე მაინც გვთავაზობს რამდენიმე რომანტიკულ პასაჟს.
ო’ნილის პერსონაჟებს, რომლებიც საკუთარი იმედებისა და მისწრაფებების შენარჩუნებისთვის იბრძვიან, საბოლოო ჯამში, იმედგაცრუება და სასოწარკვეთა ელით. მისი თითქმის ყველა პიესა ადამიანური პესიმიზმისა და ტრაგედიის ელემენტებს შეიცავს. კომპოზიტორის გასაოცარი ვირტუოზულობის წყალობით ტრაგედია ხდება თითქოს ხალისიანი. მუსიკა გვაძლევს საშუალებას, რომ ამ მძიმე წარმოდგენას უფრო ყურადღებით ვადევნოთ თვალი და რაოდენ აბსურდულიც არ უნდა იყოს, პერიოდულად მხრებიც და ფეხებიც ავაყოლოთ რიტმს.
ამბობენ, სპექტაკლი თუ კარგია ის შენობაში კი არ უნდა დარჩეს, უნდა მოგყვებოდეს სახლშიც. მე მესხეთიდან თბილისში მუსიკაც წამომყვა და კვირაზე მეტია ტრიალებს გონებაში, სწორედ ეს გადაწყვეტა არის უსიტყვო დადგმაში დრამატურგია - როდესაც მუსიკა გიყვება ამბავს და გაფიქრებს სპექტაკლზე.
ტექნიკურად გაუმართავ სცენაზე, როდესაც განათება არ გიწყობს ხელს, რეჟისორი იყენებს „გემის განათებას“. ბოძებზე გაჭიმულ ბაგირზე ჩამოკიდებული სანათებით მყუდრო გარემოს ქმნის, სადაც ორი მოქმედება ვითარდება, კაიუტის მხიარული დროსტარებიდან სამაშველო ნავზე აღმოჩენილი სამი სასიკვიდილოდ განწირული ადამიანის ტრაგედიამდე.
სპექტაკლი იწყება წვეულებით, სადაც ჩვენ ვხედავთ მხოლოდ მოსიარულე ფეხებს, გვესმის ხმაური და დროს ტარება. ბნელდება, იხსნება ფარდა და ამბის მოყოლა იწყება ბოლოდან. ვხედავთ სამ სასოწარკვეთილ ადამიანს. კოსტიუმებით (კოსტიმუების მხატვარი ნანა ყორანაშვილი) ვიგებთ მათ წარმომავლობას, სოციალურ მდგომარეობას. ისინი „გადაურჩნენ“ დაღუპულ გემს. ყველაზე უსაზღვრო სივრცეშიც კი კლაუსტროფობიის განცდა გვეუფლება. პერსონაჟები, რომლებიც თვითგადარჩენისთვის იბრძვიან, ერთი პეშვი წყლისთვის საკუთარ სხეულსა და ძვირფასეულობას სთავაზობენ ერთმანეთს.
სცენის ჭერიდან დაშვებული ფრთები „ჩრდილოეთის ანგელოზის“ ილუზიას გვიქმნის, რომელიც, ფაქტობრივად, თვითმფრინავის ფრთებია. ამ ქანდაკების ავტორი, გორმლი, დიდ ხანს ფიქრობდა პროექტზე, რომელიც უცნაური და სიმბოლური უნდა ყოფილიყო, რაც მთავარია, ორგანულად შერწყმული თანამედროვეობასთან - „ჩემი ანგელოზი გადმოსცემს დაძაბულობის, საშიშროებისა და პერსპექტივის შეგრძნებას, რომელიც ჩვენს ცხოვრებას მიყვება ამ საუკუნეში, როდესაც თვითგადარჩენა საკმაოდ რთული ხდება - ქანდაკება სწორედ ამის სიმბოლოა“. მასში ასახულია თანამედროვეობის სული, რომელიც კი არ გხიბლავს, არამედ გზარავს.
ფრთების დაშვების მიზანსცენა სპექტაკლში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. რეჟისორი, ამ ქვეტექსტით, ამბობს თავის სათქმელს დღევანდელობაზე. მსახიობები (ვაჟა ნიკოლაშვილი, ჯუნა თუმანიშვილი, ლექსო ჩემია, ნიკოლოზ გოგიძე, მანანა ბერიძე, ანი ხუბუტია, ანდრია ვაჭრიძე, ბაქარ ალავიძე), რომლებიც „უენოდ“ ცდილობენ სათქმელის გადმოცემას პლასტიკითა და მიმიკით, დიდი სიფრთხილით გადიან ამ გზას, ყოველგვარი გადამეტების გარეშე. პიესის არ მცოდნე მაყურებლისთვისაც კი ყველაფერი გასაგებია.
„მცხუნვარე მზის სხივების ქვეშ საუცხოოდ ელვარებს ბრილიანტის ძვირფასი ყელსაბამი….
(ფარდა ეშვება)“