ხელოვნების მომავლის გაუკვალავ გზაზე
სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის
„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში
.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.
ლაშა ჩხარტიშვილი
ხელოვნების მომავლის გაუკვალავ გზაზე
პირველი ქართული ციფრული პერფორმანსი „სერფიტები“ Seerfits NFT პროექტზეა დაფუძნებული, რომლის მორიგი, ახალი და ექსკლუზიური ისტორია პანდემიის პერიოდში შექმნილმა სათეატრო პლატფორმამ „პიესების ონლაინ კითხვა/Plays online reading“ წარმოგვიდგინა თბილისში, ჰოლიზეუმის პავილიონში. აუდიო-ვიზუალურმა პერფორმანსმა ჰოლიზეუმის მთელი საექსპოზიციო სივრცე მოიცვა. დამთვალიერებელსა და მაყურებელს სამი საღამოს განმავლობაში საშუალება ჰქონდა თვალ-ყური ედევნებინა მოძრავი ციფრული ექსპოზიციისა და ვიდეო პერფორმანსისთვის, რომელიც თეატრის, ვიდეო არტისა და ციფრული ტექნოლოგიების ჰიბრიდს ქმნიდა. ხელოვნების ეს ახალი სახეობა, რომლის სახელი ჯერ საბოლოოდ დამკვიდრებული არ არის, პანდემიის პერიოდში განვითრების ახალ საფეხურზე ავიდა.
ციფრულ სამყაროში შექმნილი პერსონაჟები - სერფიტები ჰოლიზეუმის პავილიონში ვირტუალურ სივრცეში გაცოცხლდნენ. როგორც პროექტის ავტორები ირწმუნებიან ეს არის NFT (Non-fungible token) პერსონაჟების პირველი გაცოცხლება. სწორედ აქ, ამ პროექტში შეხვდა ერთმანეთს NFT, ვიდეო არტი, ელექტრონული მუსიკა და თეატრი ერთმანეთს.
გამოფენისა და პერფორმანსის ავტორებმა უფრო ახლოს გაგვაცნეს სერფიტების ცხოვრება, მათი გრძნობები და შესაძლებლობები. ისინი დისიდენტები არიან და უკეთესი მომავლისთვის იბრძვიან, მაგრამ ადამიანების მსგავსად, მათ რიგებშიც შეამჩნევ მოღალატეს, სისუსტის მქონესა და ანგარებიანს.
ჩვენში, აუდიო-ვიზუალური და საშემსრულებლო ხელოვნების ჰიბრიდის, როგორც ხელოვნების ახალი სახეობის, რომელიც ახალ ერას იწყებს ზოგადად ხელოვნებაში ნაკლებად იცნობენ. ხელოვნების მომავლის ამ ახალ გზას, ჯერ კიდევ დრამის სარეჟისორო სპეციალობის სტუდენტი და უკვე არაერთი სპექტაკლის, პერფორმანსის, თარგმანისა თუ ორიგინალური ტექსტის ავტორი (და თანაავტორი) ქეთევან სამხარაძე თავის თანამოაზრე არტისტებთან ერთად კვალავს.
პერფორმანსი „სერფიტები“, ორ ეტაპად მიმდინარეობს. პირველ ნაწილი ეს ციფრული ექსპოზიციაა საგამოფენო სივრცეში, სადაც დამთვალიერებელს საშუალება აქვს გაეცნოს პლანეტა სამჯურის სამყაროს, ერთი მხრივ, პეიზაჟებს - ტყეს, ზღვას, უდაბნოს, ქალაქებს; მეორე მხრივ, პლანეტის მაცხოვრებლებს - სერფიტებს და მათ ყოველდღიურობას, ყოფას. ექსპოზიცია საშუალებას იძლევა დამთვალიერებელმა ნახოს როგორ ერთობიან, როგორ უყვართ, რა აცვიათ, რას ჭამენ, როგორი შინაური ცხოველები ჰყავთ მითურ არსებებს - სერფიტებს. ექსპოზიციის ვიზუალი მხატვარებმა თამარ სამხარაძემ და თათია გოცირიძემ, ანიმატორმა თამარ სამხარაძემ გიორგი სამხარაძესთან ერთად, ხოლო ციფრული გამოფენის მუსიკალურ-ხმოვანი რიგი და აუდიო თანხლება კომპოზიტორმა ნოე კვირკველიამ შექმნეს.
გამოფენის ციფრული მოცემულობიდან გამომდინარე გამოსახულება და ვიზუალი ვირტუალური და მეტაფიზიკური სამყაროს შესაბამისია. მხატვარი თამარ სამხარაძე, ანიმატორი გიორგი სამხარაძე და კომპოზიტორი ნოე კვირკველია მესამე რეალობას ქმნიან. დამთვალიერებელი ჰოლიზეუმის საგამოფენო სივრცეში თვალს ადევნებს დინამიკურ ციფრულ გამოფენას, რომელსაც შესაბამისი მუსიკალურ-ხმოვანი რიგი ახლავს. სხვადასხვა მხატვრული პროდუქტი, რომელიც საგამოფენო სივრცეშია განფენილი, მთლიანობაში ერთ ციფრულ აუდიო-ვიზუალურ სანახაობას ქმნის. სანახაობა, რომელსაც დამთვალიერებელი ეცნობა, ატმოსფეროს მისტიკურობით, გამოსახულების სიჭრელით, პერსონაჟთა სტილიზებულობითა და ფერთა მრავალფეროვნებით გამოირჩევა.
ციფრული გამოფენის მეორე ნაწილი უშუალოდ სერფიტების უფრო ახლოს გაცნობას ემსახურება, რომელიც ასევე ციფრული საშუალებით წარადგენენ ავტორები მაყურებლის წინაშე. სამუზეუმო სივრცის ერთ სიბრტყეზე მაყურებელი თვალ-ყურს ადევნებს აუდიო-ვიზუალური არტისა და სათეატრო ხელოვნების უცნაურს სიმბიოზს. ხელოვნების ეს ორი სახეობა ერთმანეთს გამომსახველობითი ხერხებითა და საშუალებებით ამარაგებენ.
„სერფიტების“ ანოტაციაში ვკითხულობთ: „ღია ზღვის შორეულ გალაქტიკაში, სადაც ყველას ჯადოქრობის უნარი აქვს, არსებობს პატარა, მაგრამ ლამაზი პლანეტა სახელად სამჯური. სამჯურზე მცხოვრებ ჰერმაფროდიტ, ჰუმანოიდ არსებებს სერფიტებს უწოდებენ. თითოეულ სერფიტს უნიკალური უნარი აქვს, რომელიც მომავლის ან წარსულის ხედვას, ტელეპორტაციას, ტელეკინეზს, ფორმის შეცვლასა და ა.შ. მოიცავს. სიტყვა სერფიტის წარმოშობა ანტიკურ დროს უკავშირდება, როდესაც ერთ-ერთმა ნათელმხილველმა ქალმა, ჯერ კიდევ დაუდგენელი მიზეზის გამო, სამჯური და მისი მოსახლეობა დაწყევლა. თუმცა, ვინაიდან შავი მაგიის გამოყენებას შესაძლოა გვერდითი მოვლებებიც ახლდეს, ნათელმხილველს წყევლის წარმოთქმის პროცესში, საკუთარი ძალების დათმობა მოუწია; მისი მაგიური ძალა 3 000 ნაწილად გაიყო და ეს ნაწილები თითოეული არსების სულში აღმოჩნდა; ასე რომ, ყველა სამჯურელში არის ერთი მხილველის (Seer) ერთი ნაწილი, სწორედ ამიტომ ისინი საკუთარ თავს სერფიტებს უწოდებენ. ნათელმხილველი ქალის წყევლის შემდეგ სერფიტებმა მაგიური უნარები შეიძინეს, თუმცა მათ სისუსტეებიც გააჩნიათ; მართალია სერფიტებს ზებუნებრივი ძალები აქვთ და თავიანთ პლანეტაზე ჰარმონიული ცხოვრების მოწყობას ცდილობენ, მაგრამ ყველა სერფიტი არ მიიჩნევს, რომ წყევლა საჩუქარია; ისინი ფიქრობენ, რომ საკუთარი ძალების და სისუსტეების ტყვეები არიან და თავისუფლება სურთ.“
ტექსტის ავტორი და რეჟისორი ქეთევან სამხარაძე (ტექნიკური რეჟისორი თამარ გოცირიძე) თანამოაზრეებთან ერთად, ქმნის ანიმაციურ სურათს სიუჟეტით, ელექტრონული მუსიკისა და მსახიობის ხელოვნების კომპონენტების (ამ შემთხვევაში, მსახიობები პერსონაჟებს მხოლოდ გახმოვანებით ქმნიან) გამოყენებით. მსახიობები: თეა ალფაიძე, ლუკა ახალაძე, ანკა დიდმანიძე, ანიკო შურღაია, ნიკოლოზ ჯაფარიძე და ზუკა ცუხიშვილი ახმოვანებენ უსქესო, ირეალურ, მაგრამ მაინც ადამიანის მსგავს არსებებს. ამიტომაც მათი შინაგანი სამყარო ადამიანისას ჰგავს, ისე როგორც მათი ხმა, რომელიც ნეიტრალური კი არ არის, არამედ გამიჯნულია სქესის მიხედვით, ასევე ინტონაცია, პერსონაჟთა მეტყველების დროს - ის არ განსხვავდება ადამიანის საუბრის მანერისგან. ზოგიერთ შემთხვევაში გამოსახულება და გახმოვანება ასინქრონულია, რაც იკითხება როგორც ხერხი, რომელიც ერთია დროში, მაგრამ არა სივრცეში. ეს უწონადობა, გარკვეული კანონზომიერების რღვევა, თითქოს ლოგიკურად იკითხება. მაყურებლისთვის შექმნილი ეს პირობითი დისკომფორტი, შესაძლოა, ტრადიციული თეატრის რეფლექსიაა, რომელიც მაინც დიდ გავლენას ახდენს ჯერ კიდევ ტრადიციულ მაყურებელზე.
მაყურებელს მსახიობთა მხოლოდ ხმა ესმით, მათ გახმოვანებაში ინტონაციურად იოლი ამოსაცნობია პერსონაჟთა განწყობა და ხასიათი, ამავდროულად ვხედავთ ანიმაციას, რომლებიც მიმიკის გარეშე მეტყველებენ. ამიტომ მსახიობის მიერ ინტონაციურად სწორად წარმოთქმულ თითოეული ფრაზის სიზუსტეს გადამწყვეტი როლი ენიჭება.
გამოსახულება, რომელსაც მაყურებელი ხედავს ერთდროულად სტატიკურიცაა და დინამიკურიც, ეს სამყარო დედამიწის ზედაპირს ჰგავს, მაგრამ აქ, პლანეტა სამჯურზე დედამიწისგან განსხვავებით სხვა ფერებია, სხვა მოცემულობა... კონტრაპუნქტულია ნოე კვირკველიას მუსიკალური თემებიც, რომელიც ეპიზოდების მიხედვით იცვლება, ხოლო თითოეულ ეპიზოდში ერთი ტრეკი დასრულებული მუსიკალური ნომრის ასოციაციას ბადებს, რომელსაც თავისი შინაგანი დინამიკა და დრამატურგია გააჩნია.
სერფიტები ადამიანებს ჰგვანან. ისინი ერთმანეთისგან განსხვავებულები არიან. მათ აქვთ ერთდროულად შეზღუდული და შეუზღუდავი შესაძლებლობები, გრძნობები და ვნებები, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია - ისინიც თავისუფლებისთვის იბრძვიან, რადგან მათაც შესანიშნავად იციან თავისუფლების ფასი.
„სერფიტები“ რამდენიმე ეპიზოდად არის დაყოფილი. პირველი ეპიზოდი „გამოღვიძება“ მისტიკური, არაამქვეყნიური ყვირილით იწყება, რომელიც შორიდან ისმის. ერთ სივრცეში ჩაკეტილი არსებები ერთმანეთს ეცნობიან და ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ. ხოლო, ბოლო, მე-5 ეპიზოდი ეძღვნება ამბავს სადაც ის, ვინც ძალებს თრგუნავს, ეწირება მას, ვინც ყველგან და არსადაა ერთდროულად... ამბავი აქ არ მთავრდება და მას გაგრძელება ექნება...
ახალგაზრდული გუნდის მიერ შექმნილი მხატვრული პროდუქტი ინტერნეტსივრცეში მალე ხელმისაწვდომი გახდება. ფართო აუდიტორია იხილავს ჰიბრიდულ ნაწარმოებს, სადაც ამბავი გალაკტიკის მსგავს უწონადო სივრცეში ვითარდება და მას (იდეაში) დასასრული არ აქვს.
P.S. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ხელოვნების მომავლის ჯერ კიდევ გაუკვალავ გზაზე დამდგარი არტისტების იდეების მხარდაჭერა, რომელიც გარკვეულ რისკებს შეიცავს. ამის მიუხედავად პროექტს მხარი დაუჭირეს: Holoseum - AudioVisual Museum; საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ; პიესების ონლაინ კითხვა/Plays Online Reading; საერთაშორისო ასოციაცია „არსიანმა“; შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა; „ფენიქსმა“.