top of page

ხელოვნების რე-აქცია ყოფიერების კატაკლიზმაში

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

278242197_3146395299020675_5074206920509272426_n.jpg

ანი ცხვედაძე                                    
ხელოვნების რე-აქცია ყოფიერების კატაკლიზმაში


...ვიდრე, მასიურად სახელოვნებო დარგებში მომუშავე ავტორები საკუთარ თავთან სქესობრივი აქტის სიმულაციით დაკავდებიან და <ფარსი ნეტარების> სიხარულით დაკმაყოფილდებიან...(მარკიზ დე სადის სტილში) დროა განისაზღვროს ერთგვარი სადემარკაციო ხაზები მიმართულებებში, დარგების პოლიფუნქციურობის მახასიათებლები და ეტიმოლოგიები, იმდენად, რომ არ დაირღვეს ერთმანეთის პირადი საზღვრები.


მაგალითად, რეჟისორებმა, რომ საკუთარი დადგმების რეცენზირებას მიჰყონ ხელი, ან კიდევ დრამატურგებმა თავიანთი ტექსტების (ან სასცენო ადაპტაციების) თვით-ანალიზაცია მოახდინონ, ხოლო კრიტიკოსებმა კი, სპექტაკლების დადგმა, ან პერმანენტულად პიესების წერა (ეს რომ ხმოვანი ტექსტი იყოს, აქ მოუხდებოდა თვითდამცინავი სარდონიკული სიცილის ხმა) - უდავოდ საინტერესო ექსპერიმენტი იქნებოდა, ღმერთმანი...

რა ფუნქცია აკისრია ხელოვნებას დღეს(?), თავი დავანებოთ განვლილი ეპოქების გამოწვლილვით, სკრუპულოზურ ჩაანალიზებას, ეს თვალშისაცემად ხელშესახებს დიდად ვერაფერს გვაძლევს, გარდა კეთილშობილური/არა-მავნე და უსაფრთხო ბელეტრისტიკისა.

მაშინ, როცა წარმოუდგენელი ხარისხის ბოროტება (ოკუპანტი რუსეთი) უკრაინელი ერის ღია გენოციდს ახორციელებს, და როცა, მთელი ცივილიზებული სამყარო - მშვიდად, ხან კი აღშფოთებულ ტონალობაში, პირდაპირი ტრანსლაციით ადევნებს თვალს/ეგუება შემზარავ ფაქტებს, ვიდრე ჰუმანიტარული და მილიტარისტული - (მილიტარისტული ჩემთვის ანტიპაციფისტური ჟესტია და ომის ლეგიტიმაციაა) ნეიტრალურად დისტანციური „დახმარებით“ იწმენდს ნამუსს, გნებავთ უხერხული შეგრძნებისგან თავისუფლდება... ერთი კონკრეტული ერის ყოველი წარმომადგენელი ყოველდღიურად უბედურდება - „ბუკვალურად“, ფიზიკურად კვდება, ან კიდევ სულიერ ფატალიზმს გაათასმაგებულად შეიგრძნობს, როცა უსაყვარლეს ადამიანებს კარგავს...(!)

აი, ამ დროს, რა შეიძლება თქვას ხელოვნებამ?!.. თანამედროვე ხელოვნებამ?! თუ გნებავთ, მასკულტურის პასუხი როგორი უნდა იყოს ომის მიმდინარეობაზე, ან პოსტ-საომარ პერიოდში?!


ყველაზე მეტად მუდმივქმნადმა, უწყვეტი რეგენერაციის უნარის მქონე ცოცხალმა ხელოვნებამ, რომლის უნიკალური გამოვლინებაა თეატრი, რა სახის რეაქციონური პასუხი უნდა შეაგებოს ონლაინ რეჟიმში მიმდინარე ომის სიბილწეს(?!), როგორ რეფლექტორულ და მკაცრ-მანიფესტურ პროკლამირებას უნდა მიმართოს?! ცხადია, დიდი კითხვის ნიშანია...
 

თეატრს, რომლის ფუნდამენტურ ფუნქციად და მორჩილად გათვითცნობიერებულ მოვალეობას ოდითგანვე წარმოადგენდა ჰუმანიზმის - კრებსით ჭრილში - აპოლოგია, როგორც ადამიანის კეთილი ნების ანთროპოცენტრული გამოვლინება., რისი თქმა შეუძლია ახლა ომის სისასტიკის საპირწონედ, ისე, რომ დაიცვას ბალანსი და არ იქცეს ომის დუბლირებული ინსცენირების ჰიბრიდულ ნიმუშად, ამავდროულად, ესთეტიკურად აკრიტიკოს არნახულად სასტიკი რეალობა, ანუ ადეკვატური ფორმებით ეცადოს გამოთქვას დაგროვილი მყიფე სათქმელი...
 

ცოცხალი ხელოვნება, და უმთავრესად თეატრი, მხოლოდ გასართობი, დროის სასიამოვნოდ გასატარებელი, გარკვეულწილად პრივილეგირებული (ბურჟუაზიული ანაქრონული წარმოდგენით) პლატფორმის სივრცულობას აღარ უნდა უსვამდეს ხაზს! ეს, როგორც მინიმუმ, ძალიან დიდი უხერხულობაა უკვე, ‘მოყირჭებულად’ (სხვა ტერმინი ვერ მივუსადაგე) მომაბეზრებელია!

ვფიქრობ, მართებულია, რომ დღევანდელი თეატრი საზოგადოებრივ-სოციალური მნიშვნელობის რანგს „ეპოტინებოდეს“ თავისი ფუნქციონალური სემანტიკით,
რათა სოციუმში ბუნებრივად გაჩნდეს განცდა, თეატრის, როგორც საკმაოდ წონიანი <ფუნქციური> დატვირთვის მქონე „ინსტიტუციის“ აღქმის, რომელსაც რაიმე ტიპის სასიკეთო, გარკვეულად ალტრუისტული გავლენის მოხდენა შეუძლია საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, მისი ურთულესი მიმდინარეობის მიუხედავად... უარეს შემთხვევაში კი, ილუზია მაინც შექმნას, რომ ხელშესახებად სიცოცხლისუნარიანს წარმოადგენს ხალხისთვის, და არ არსებობს მხოლოდ თავისთვის!

შოპენჰაუერი მუსიკის შესახებ ამგვარ თეზას ავითარებს: „მუსიკა, როგორც ხელოვნებათა შორის უმძლავრესი, დამოუკიდებელი ხელოვნება, თავის მიზნებს საკუთარი საშუალებებიდან გამომდინარე აღწევს და, ამდენად ძალზე შორს დგას იმისგან, რომ მხოლოდ დამხმარე იყოს პოეზიისა, ასეთივე გარკვეულობით ის არ საჭიროებს სიმღერის სიტყვებს, ან ოპერის მოქმედებას“. ის არ გამოხატავს „მოვლენას“, არამედ შინაგან არსს, ანუ ყველა მოვლენას „თავის თავში“ - თავად ნებას“.


მიმაჩნია, რომ ცოცხალი, აქ და ახლა მყოფი ქმნადობის პროცესის უმნიშვნელოვანესი ვალდებულებაა, არა მხოლოდ, რაიმე „დისტოპიური“ მოვლენებისა და ფაქტების პირდაპირი გამოხატვა სახელოვნებო ენით, არამედ სახელოვნებო ენაზე ამ შემზარავი, ხან კი მშვენიერი მოვლენების - რაც ადამიანის ცხოვრებას თან ახლავს - თარგმნა (ფილოსოფიური ტერმინოლოგიით) - აქსიოლოგიურ ასპექტში... მისი შინაარსის დემონსტრირება, ე.ი. ინტენციონალური (იმანენტური) მხარეების გახსნაც.

მაგალითად; დიუშამისა და მალევიჩის აზროვნებაც დიდი კითხვის ნიშნებს სვამს (ჩემი აზრით), რა კლასიფიკაციით უნდა ვიმსჯელოთ, როგორც სპონტანური რე-აქციისა და რადიკალური პროტესტანტიზმის სინთეზი, თუ უდიდესი ხელოვნების ნიმუშები, თუ ორივე ერთად(?!).


ვფიქრობ, რომ ეს ბეწვის ხიდზე გასავლელი ურთულესი საკითხია ყველანაირ ხელოვნებაში, რადგან მრავალფეროვანი სკაბრეზიც კი რანჟირებასა და დოზირებას მოითხოვს, მობეზრება რომ არ დაბადოს ხალხში. ზუსტად ისევე, როგორც მუდმივად სილამაზისა და ჰარმონიის დემონსტრირებამ შეიძლება გულზიდვა მიიღოს რეზულტატად. შემოქმედებითი ცოცხალი პროცესი ამ უკიდურესობებზე მაღლა დგას, თავისი არსით, სემანტიკითა და მორფოლოგიით.

წარმოვიდგინოთ, ავტორი-კრიტიკოსი, რომელიც თავის რეცენზიაში პირად შეურაცხყოფას აყენებს მთლიან სადადგმო ჯგუფს, უცენზურო სიტყვების სიმრავლეს იყენებს ტექსტის შემადგენლად. ამ დროს, ცხადია ბუნებრივად წარმოიქმნება ლეგიტიმურად ანტაგონისტური რეაქცია დადგმის მესვეურებში, იმიტომ რომ, ეს ცდება ეთიკური აზროვნების კანონიკას...
აი, დაახლოებით ამგვარია რეაქცია მაყურებელში, როცა ის სცენიდან ისმენს მხოლოდ უმისამართო ან მიზანმიმართულ გინებას, ვაგინისა და გენიტალიების (ქართულ სცენაზე ჯერ ვერ ბედავენ არა ვერბალურად ამხელა ხარისხის ეგზიბიციონიზმს) მრავალნაირ რეგისტრში ყვირილს. მავანი იტყვის; ამაში ფულს რატომ უნდა ვიხდიდე, როცა თავადაც შემიძლია მსგავსი ლექსიკური ერთეულების ულამაზესი კასკადი მოვიწყო ჩემთვის და გაცილებით ინტიმურ გარემოში, ვიდრე თეატრია (მაგალითად, საკუთარ სახლში).


სინამდვილეში ამდაგვარი უკიდურესობები ხდება სათქმელის, რე-აქციის, გამოხატული ესთეტიკური აზროვნების ზედა, მთავარი და წარმმართველი შრე... ამიტომ, იქ დანარჩენი, გაცილებით კარდინალური, გნებავთ რიტორიკულ-სენტენციური პლასტები ჩრდილში ექცევა, იჩქმალება და ყველასთვის გაუგებარი ხდება... ვერ აღწევს ხალხამდე.
აი, ეს არის დღევანდელი საშემსრულებლო სათეატრო აზროვნების, დემონსტრაციულობისა და დეკლამაციურობის საბედისწეროდ უხეში შეცდომა. (შესაძლოა ძირითადიც).

მაყურებელს, მკითხველს, მსმენელს და სხვა, სჭირდება <ფრივოლურისა და დელიკატურის> ბალანსი.


რადიკალური მიმართულებები ხელოვნების ისტორიის ლაბილურ გზაზე, ზუსტად ისევე ფრუსტრირებულები არიან (ჩემთვის), როგორც ქრესტომათიულად ალოგიკური, თან ამორალური სკეპტიციზმი <ჰამლეტის ოფელიასადმი სიყვარულის> ორმოციათას ლაერტთან გატოლებისა.
ეს ხომ თვალსაჩინო ნონსენსია!..

#კომპოზიცია, პიტ მონდრიანი. (1934)

bottom of page