„ყველა ადამიანში ანგელოზია ჩასახლებული“
სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის
„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში
.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.
ელენე შალუტაშვილი
,,ყველა ადამიანში ანგელოზია ჩასახლებული“
თბილისის თოჯინების პროფესიულმა თეატრმა ახალი სეზონი 28 აპრილს გახსნა. ნიკოლოზ საბაშვილის საავტორო სპექტაკლი ,,უსახური” იმის დასტურია, რომ თოჯინების პროფესიული თეატრი თავის ტრადიციას არ ღალატობს. თოჯინების სახელმწიფო თეატრი 1934 წლის 26 მაისს გიორგი მიქელაძის თაოსნობით დაფუძნდა. იმ პერიოდში საბჭოთა ხელისუფლება მატერიალისტური იდეოლოგიის და სოციალური პრობლემატიკის დამკვიდრებას ითხოვდა ყველგან, მათ შორის თეატრშიც. ამ დროს თოჯინების თეატრი ხელოვანებს საკუთარ თავში პატარა ბავშვის გაღვიძებისა და მარადიულ საკითხებზე ჩაფიქრების საშუალებას აძლევდა, ეს ხომ ,,საბავშვო” თეატრი იყო.
რეჟისორმა ნიკოლოზ საბაშვილმა თავის საავტორო თოჯინური სპექტაკლით ,,უსახური” სახედაკარგულ საზოგადოებაში მცხოვრები ადამიანის გრძნობებზე ისაუბრა. იგი ამბობს: ,,მთავარი იდეაა საკუთარი თავის მუდმივი ძიება, უკეთესობისკენ სწრაფვა, ცვლილების და იმ საშინელებიდან თავის დაღწევის სურვილი, რაც ჩვენ ყველას ერთად გვაქვს თავს დამტყდარი…”. ,,უსახურის” დაკვირვების მთავარი საგანი ადამიანის გაკეთილშობილებისა და ღმერთისკენ სვლის სურვილია. ამ რთულ გზაზე მავალი პიროვნება ერთი უბრალო ბუღალტერია, რომელსაც ,,ფანტაზიორობა” უყვარს. ადამიანებზე, სამყაროსა და მარადისობაზე ჩაფიქრებული ,,უსახურის” შინაგანი სამყარო უბიწოებითა და სიყვარულით სავსეა. იგი ღმერთს ეძებს, უპირველეს ყოვლისა ადამიანებში, ვინაიდან მისთვის ეს არსებები დაცემული ღმერთები არიან.
ამიტომაც გააჩნია მას ადამიანთა მიმართ არა მხოლოდ უანგარო სიყვარული, არამედ დიდი მოწიწებაც. პერსონაჟი პატარა ბავშვის თვალით უყურებს სამყაროს და თავის სახლში მათხოვარს შეიფარებს. ახალმოსახლე ყველაფრის მკადრებელი აღმოჩნდება, რის გამოც მთავარი პერსონაჟი საცხოვრებელ ბინას, საყვარელ ადამიანს, სამსახურს და საბოლოოდ საკუთარ თავსაც კარგავს. სასოწარკვეთაში ჩავარდნილს აღარც იმედი, აღარც სიყვარული და აღარც რწმენა რჩება. ამ უღმერთობაში მისი გული სიძულვილითა და შურისძიების წყურვილით ივსება. უყველაფროდ დარჩენილს დასაკარგი აღარაფერი აქვს, იგი თავის მტერს კლავს, ვისთან ერთადაც მის გულში არსებული ადამიანურობა კვდება. იგი აცნობიერებს, რომ ,,ყველა ადამიანში ანგელოზია ჩასახლებული” და მისი გარჯა – ეცხოვრა კეთილშობილური მიზნებით, ამაო აღმოჩნდა. მხოლოდ ამის შემდეგ აცნობიერებს საკუთარ უმწეობას სასტიკი სამყაროს წინაშე და ამბობს: ,,სინანულში უნდა გაატარო მთელი დარჩენილი ცხოვრება…” და თავის გულში მობინადრე ღმერთს პოულობს. სპექტაკლის თხრობის მანერა იგავურია, რაც რეჟისორისთვის საქმეს ართულებს, მაგრამ ამის ხარჯზე მაყურებელს სპექტაკლის აღქმა და გაგება უმარტივდება.
სწორედ იგავურობა სძენს სპექტაკლს უდიდეს ხიბლს. მისი მსვლელობისას გვიჩნდება სახარებისეული ასოციაციები:,,ნუ დაუყრით ღორებს მარგალიტებს, თორემ მოგიბრუნდებიან და ფეხქვეშ გათელავენ…”, ,,შური არ იძიო და ბოღმას ნუ ჩაიდებ…”. ეს ყველაფერი სავსებით არაა გასაკვირი, ვინაიდან სპექტაკლი ღვთაებრივი საწყისის ძიებაზეა. ჩემთვის ყველაზე ემოციური ფინალური სცენა იყო, როდესაც მთავარი პერსონაჟი ადამიანურ ბუნებას სინანულით უბრუნდება, ადამიანურობით კი ღმერთს პოულობს. იმ ღამეს, როდესაც იესო ქრისტე იშვა, ყველა ნაზარეველი ახალშობილი მოკლეს. სულიერი მოძღვრები კი ამბობენ, რომ ძე ღვთისას სიცოცხლის ბოლომდე სინანულის განცდა სდევდა თან, რადგან ახალშობილები მის გამო დაიღუპნენ. ამრიგად ალბათ, სწორედ სინანული იყო ის, რაც ღმერთს ადამიანურობის განცდას სძენდა. პირადად ჩემთვის სპექტაკლის მთავარი პერსონაჟის თავგადასავალი დაკარგულ სამოთხეში დაბრუნებაზეა.
სპექტაკლი თამაშდება თოჯინებით, რომლებსაც სახეები არ აქვთ. რეჟისორის ამგვარი გადაწყვეტილება თამამი, მაგრამ სავსებით გამართლებულია. აღსანიშნავია, რომ ტექსტის, მუსიკისა და სცენოგრაფიის ავტორი თავად რეჟისორია. უმეტეს შემთხვევაში მსგავსი ექსპერიმენტები არ ამართლებენ, მაგრამ უბრალოების განცდა და გულწრფელობა რომელიც მუსიკას, სცენოგრაფიასა და სიუჟეტს აერთიანებს, მაყურებელს ნამდვილად არ ტოვებს გულგრილს.
დღესდღეობით ღირებულებებმა და ურთიერთობებმა ფასი, ხოლო ადამიანებმა სახე დაკარგეს. მსგავსი სპექტაკლები კი გვაძლევენ იმედს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ გულებში ჩვენი წილი მარადისობის აღმოჩენას მაინც შევძლებთ.
მინდა წერილი დავასრულო ფრაზით, რომელიც სპექტაკლის მსვლელობისას მუდამ გონებაში მიტრიალებდა: ,, სისუსტე დიადი მოვლენაა, ხოლო სიძლიერე არაფერია. ადამიანი დაბადებისას სუსტი და მოქნილია, როდესაც კვდება იგი მტკიცე და ძლიერია. როდესაც ხე იზრდება, იგი მგრძნობიარე და უბიწოა, ხოლო როცა შრება და ძლიერდება იღუპება. სიძლიერე და სირთულე სიკვდილის თანასწორია. უბიწობა და სისუსტე კი სიცოცხლის გამოხატულებაა.”