top of page

„ყველას თავზე დაეხურა კოზიროკიანი ქუდი...“

385661_386808624703637_1521972381_n.jpg

ნინო გაბედავა

„ყველას თავზე დაეხურა კოზიროკიანი ქუდი...“

სიბნელე, თითქოსდა, მწუხარების მომასწავებელი ზარის ხმა გაისმის, სცენაზე კი უცებ სინათლე შემოიჭრება და მაყურებლის თვალწინ ცოცხლდება დავით კლდიაშვილის მოთხრობა „ბაკულას ღორები“. ტრაგიკომიკური ნაწარმოები, რომელიც სავსეა ირონიით, ყველა დროს აქტუალურობით. აი, რა ხდება მაშინ, როდესაც იძულებული ხარ დაემორჩილო დიქტატორს, როდესაც ძალა არ შეგწევს თავი დააღწიო მის „ბრჭყალებს“ და შენც, როგორც დამონებულ არსებას, უბრალოდ სხვა გზა არ დაგრჩენია - პრობლემების მოსაგვარებლად კვლავ მხეცს უხმობ.

დავით კლდიაშვილის მოთხრობა, რომელიც მიხეილ თუმანიშვილმა 1978 წელს გააცოცხლა სცენაზე, გახლავთ ტრაგიზმით აღსავსე, თუმცა, მდიდარი იუმორით, ასე რომ ვთქვათ „ცრემლნარევი იუმორით“. სწორედ, ამ თავისი დამახასიათებელი სტილით დავით კლდიაშვილმა შექმნა თავისი ენა და სამყარო ლიტერატურაში და, ამასთან, სათეატრო ხელოვნებაში დამკვიდრდა კიდეც ტერმინი „კლდიაშვილისეული თეატრი“. „ბაკულას ღორებში“ მან ასახა  ქართული რეალობა, უფრო კონკრეტულად იმერეთის გაღატაკებულ აზნაურთა ცხოვრება. XIX საუკუნის ის გარკვეული სოციუმი გადმოსცა, რომელიც გაურბის პრობლემებს, რომელსაც სურს თავისი პრობლემები სხვამ მოაგვაროს და ამისთვის ყველაფერს აკეთებს. ძირითადი საკითხი, რაც მწერალმა ნაწარმოებში წარმოაჩინა, ის არსებული სოციალურ-პოლიტიკური პრობლემა გახლავთ, რომელიც ყველა დროში აქტუალურია. ის საკითხები, რაც ავტორმა ასახა და შემდგომ უკვე  თუმანიშვილმა ნატურალისტური და სიმბოლური სცენოგრაფიით გააცოცხლა სცენაზე ისევ ცოცხალია. ისევე, როგორც იმ პერიოდში, ახლაც გვაწუხებს პრობლემები, როგორიცაა: ოკუპაცია, დაპყრობა, შევიწროვება, სხვისგან ველოდებით შველას და ა.შ., იმედით ვცოცხლობთ, იმედით, რომ ერთ დღესაც ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ შეიცვლება, მაგრამ დადგება კი ეს დრო?!

ამ პროზაული ნაწარმოების, რომელიც დიდი იდეის მატარებელია, ინსცენირების ავტორი ცოტნე ნაკაშიძე გახლავთ. ტექსტის გარდაქმნა სპექტაკლისთვის ისე, რომ არ დაუკარგო ინდივიდუალობა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია „კლდიაშვილისეული“ სარკაზმი/მანერა/იუმორი უმაღლეს მწვერვალზე აიყვანო, რა თქმა უნდა, დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს. ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ იყო და არის სპექტაკლი „ბაკულას ღორები“ წარმატებული, სწორედ მისი გენიალური ლიტერატურული საფუძველი გახლავთ, რომელიც სათეატრო სცენამ უპირობოდ მიიღო. პროზაული ნაწარმოების ინსცენირება ხომ ურთულესი საქმიანობაა. როდესაც ინტერპრეტაციით, ავტორისეული სტილის შენარჩუნებით ქმნი ტექსტს, ეს ხომ უდიდესი ხელოვნებაა. ის შემოქმედი კი, ვინც სრული სისავსით, ჰარმონიულად, ზუსტი მიზანსცენებითა და მიზანმიმართული შეტყობინებებით კრავს სპექტაკლს, გენიალური რეჟისორი მიხეილ თუმანიშვილია. მის ამ ხელოვანებას მოწმობს, თუნდაც, დღევანდელი ფაქტი, რომ სპექტაკლი უკვე 44 წელია მარადიული პრობლემებით არსებობს თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის სცენაზე.

რაც შეეხება სპექტაკლს, მოქმედება იწყება პერსონაჟ გალაკტიონ ხოსოლიანის (მსახიობი - რამაზ იოსელიანი) სახლის ეზოში. ეს გარემო იგრძნობა მწვანე სცენით, რომელიც მინდორის შთაბეჭდილებას ტოვებს, და მარჯვნივ და მარცხნივ ღობეებით. როგორც უკვე აღვნიშნე სცენოგრაფია (მხატვარი - გივი ცერაძე) ნატურალისტურიც და სიმბოლურიცაა. კოსტიუმები თითოეული პერსონაჟისთვის დამახასიათებელია და მიუთითებს გარკვეულ სოციალურ ფენას: იქნება ეს აზნაური, გლეხი, ან თუნდაც თანამდებობის პირი, რომელიც ხალხის საკეთილდღეოდ არაფერს აკეთებს. მხოლოდ საკუთარი თავი ადარდებს, როგორ გააცრუოს გულუბრყვილო ადამიანები თავის სასარგებლოდ, როგორ ითაღლითოს და ბოლოს, სხვისი პურ-მარილით როგორ მოილხინოს, ნაცვლად იმისა, რომ საწყალ გალაკტიონს თხოვნა შეუსრულოს და მის ეზოს მოაშოროს ბაკულას ღორები, რომლებმაც გადათელეს მთელი კარ-მიდამო. მაღალი თანამდებობის პირთა: ვასილი ივანიჩი (მსახიობი - პაატა ბარათაშვილი), შაშა (მსახიობი - გიორგი ყიფშიძე), ანდრეა (მსახიობი - თემო ნატროშვილი) ქმედებაც, ხელის განბანვა სუფრის დასაწყისში, ხომ იმის მომასწავებელია, რომ პასუხისმგებლობას იხსნიან გარკვეული ადამიანების მიმართ. აი, ეს არის რუსეთის სახე, ბატონი ვასილ ივანიჩი, სეკრეტარი, რომლიც მსახიობმა პაატა ბარათაშვილმა, ეშმაკური გამომეტყველებით, პერსონაჟის ფსიქო-პორტრეტის გამოძერწვით, მოირგო ტირანის ნიღაბი.

საერთოდ, მოქმედ პირთა სასცენო სამოსის ამგვარი გადაწყვეტა თითოეული პერსონაჟის ხასიათს უსვამს ხაზს. ამ კუთხით, საჭიროდ ვთვლი, რომ განსაკუთრებით აღვნიშნო ერთ-ერთი ჭორიკანა ქალბატონი, ნინელი ჭანკვეტაძის მიერ გაცოცხლებული სახე. ეს იყო რეჟისორის გენიალური მიგნება, როდესაც მან ქართულ რეალობაში შემოიყვანა სრულიად სხვა კულტურის მქონე, მაღალი სოციალური ფენის წარმომადგენელი ინდივიდი, რაც იგრძნობა მის არისტოკრატიულ კოსტიუმში: ყველასგან განსხვავებული ე.წ. მაქმანიანი ქსოვილის გრძელი სამოსი (ფერი - ღია ვარდისფერი) და ქოლგა, რომელიც XIX საუკუნის ევროპული მოდისთვის იყო დამახასიათებელი. ევროპელი და განათლებული ქალბატონი, რომელიც უყურებს აქ არსებულ რეალობას, უკვირს და ამბობს: „ღმერთო, რა უხასიათობაა, როდესაც ადამიანი ერთს ფიქრობ და იძულებული ხარ ისჯებოდე, როგორც უმრავლესობა... ესენი სულ სხვა ცხოვრებას არიან შეჩვეული“. მისი თითოეული სიტყვა რამპასთან, ისევე როგორც მეორე ჭორიკანა ქალბატონისა (მსახიობი - დარეჯან ხაჩიძე), ერთგვარი ხელის გალაწუნებაა ქართველი ერის გამოსაფხიზლებლად, მაგრამ ვაი, რომ არავის შესწევს ძალა წინ აღუდგეს უსამართლობას. ისე აგაოხრებენ და დაგიმონებენ, რომ თვალის დახამხამებასაც კი ვერ მოასწრებ, ისე დაგიმორჩილებენ. აბსურდული იმედით ვარსებობთ, როგორც ნინელი ჭანკვეტაძის პერსონა ამბობს: „მალე მოვა ჩვენი ბედი“.

სპექტაკლი სავსეა რეჟისორული ინტერპრეტაციით: გამოგონილი პერსონაჟებიდან დაწყებული მხატვრული ჩანაფიქრით დასრულებული.

საყურადღებოა ის გარემოება, თუ, რატომ დადგა მიხეილ თუმანიშვილმა „ბაკულას ღორები“, რა იყო მისი მიზანი და, როგორი იყო რეჟისორული ინტერპრეტაცია. დავიწყებ იქიდან, რომ სპექტაკლის პრემიერა შედგა 1978 წელს, იმ წელს როდესაც თბილისში ათასობით ადამიანმა, რომელთა უმრავლესობა იყო სტუდენტი, გააპროტესტა საბჭოთა ინსტიტუციაში შეტანილი ის ცვლილება, რომლითაც ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა. ეს იყო ის დღე, 14 აპრილი, როდესაც არსებულმა პროტესტმა საბჭოთა კავშირის უმაღლეს ხელმძღვანელობას ქართული ენის სტატუსის გაუქმება გადააფიქრებინა. სპექტაკლის პრემიერა კი იმავე წლის 17 ნოემბერს შედგა და სცენოგრაფიის ის ელემენტი - მასშტაბური დეკორაცია ე.წ. შირმები, სწორედ ამ ფაქტთან არის დაკავშირებული, სადაც ამავე ნაწარმოების ეპიზოდებია გადმოცემული. ეს დეტალი, რომელიც რეჟისორმა და მხატვარმა შექმნეს გახლავთ უდიდესი ძალა ქართული ენის, ეროვნულობის, დაცვისა და გამარჯვების. მასშტაბური დეკორაცია, რომელიც ხანდახან კულისების ფუნქციასაც ითავსებს პირდაპირ უპირისპირდება მარჯვენა მხარეს მოცემულ წარწერას „канцелярия“.

დეკორაცია არ არის რთული, პირიქით მარტივად იცვლება გარემო, ხან სახლის ეზოს აღწერს, ხან კი კანცელარიას, რომელიც რამოდენიმე სკამითა და მაგიდით შემოიფარგლება. ნატურალისტური და სიმბოლური სცენოგრაფია აცოცხლებს დავით კლდიაშვილის ნაწარმოების სამყაროს, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის მთავარი, მთავარი რეჟისორის შეტყობინება გახლავთ: წარმოეჩინა და დაეცვა ეროვნულობა, ქართული ენა, რომელსაც არ კარგავს მხატვარი.

მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში „ბაკულას ღორებით“ სეზონი გაიხსნა!

ჩვენ სცენაზე ვუყურებთ რეალობას ცრემლნარევი იუმორით. მხოლოდ ერთი კითხვა არ მასვენებს: ამ სპექტაკლმა, როგორ გაუძლო დროს და, როგორ მოვიდა დღევანდელ დღემდე?! ალბათ, განსაკუთრებულად მდიდარმა ქართულმა იუმორმა გადაარჩინა სპექტაკლი, რასაც ამოფარებულია ტრაგიზმი. ვფიქრობ, ეს არის წარმოდგენის ერთ-ერთი ძლიერი მხარე, რითაც ყოველ დროს ერგება.

bottom of page