ძალადობის ჰუმანიზაცია პატრიარქალურ სამყაროში
სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის
„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში
.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.
ანი ცხვედაძე
ძალადობის ჰუმანიზაცია პატრიარქალურ სამყაროში
ტენესი უილიამსის ყველაზე ცნობილი პიესის „ტრამვაი, სახელად სურვილი“ - (დაწერის თარიღია 1947 წელი) 2022 წელს ქართულ რეალობაში განხორციელებული იდეის, ჩემი აზრით <ოპტიმალური> რაკურსი, სწორედ პატრიარქალური დომინაციის გავლენის ხარისხი და მისი უხეში გამოვლენის ტრადიციული გზებია, რომელიც დღემდე ურყევად უცვლელია მეინსტრიმში...
უმთავრესად ამგვარ კონტექსტში აღვიქვი, თავისუფალი თეატრის სცენაზე, რეჟისორ ირაკლი გურგენიძის მიერ - უილიამსის ამავე სახელწოდების პიესის მოტივებზე დადგმული მისი უახლესი სპექტაკლი, რომლის პირველი საპრემიერო ჩვენება შედგა ა.წ. 10 მაისს.
კლასობრივი კონფლიქტური პრობლემატიკის გარდა, პატრიციებსა და პლებეებს შორის სხვაობას რომ კარგად გამოკვეთს დადგმაში, პირველ რიგში საყურადღებოა, კლასობრივ კოლიზიაში პატრიარქალური ძალმომრეობის სიმწვავე...
ძალადობის დემონსტრაციულობის ხაზგასმა: მამაკაცის მხრიდან ქალზე... ქალის პერმანენტული ჩაგვრის ჩვენება.
ძალადობა, როგორც კაცის იარაღი - <საკუთარი სიმართლის> გამოსახატად და ძალადობის მიღება, ქალის მხრიდან, როგორც კონფორმული პოზა და მორჩილების ნიშანი, როგორც კაპიტულაცია...
უილიამსის ამ უცნობილესი პიესის მკითხველი ბევრია დარწმუნებული ვარ და ელია კაზანის ყველაზე ცნობილი კინოადაპტაციის მაყურებელიც ბევრია - ვივიენ ლისა და მარლონ ბრანდოს დაუვიწყარი ტანდემის თვითმხილველი...
მაგრამ შესაძლო გაუთვითცნობიერებული მკითხველის ალბათობიდან გამომდინარეც, ორი სიტყვით სპექტაკლის შინაარსობრივ მხარეზე დავწერ და აქვე ვივიენ ლისა და მარლონ ბრანდოს ერთგვარ ქართველ პროტოტიპებსაც ჩამოვთვლი - სხვა მოქმედ გმირებსა და სადადგმო ჯგუფთან ერთად:
სტელა - (შორენა ზუბიაშვილი) არისტოკრატული ფრანგული წარმომავლობის ახალგაზრდა ქალია, რომელიც პოლონური წარმომავლობის პროლეტარ ქმართან - სტენლი კოვალსკისთან (ოთო ჩიქობავა) ერთად ნიუ-ორლეანის ღარიბულ უბანში ცხოვრობს; მათ სახლში, დროებით თავის შეფარების მიზნით, სტელას უფროსი და, კეკლუცი და აროგანტული ბლანშ დიუბუა - (ანი იმნაძე) ჩამოვა და დრამატურგიული კონფლიქტის მაგისტრალური ხაზი, სწორედ ამ სამკუთხედს შორის კონფიგურაციაში გამოიკვეთება...
სპექტაკლში მინორულ ადგილს მითჩი - (თორნიკე ბელთაძე) იკავებს, ხოლო დანაჩენი მსახიობები ეპიზოდურ როლებს ინაწილებენ: იუნისი - ანა ბერელაშვილი; სთივი - დათო ჩოგოვაძე; ახალგაზრდა კაცი და ექიმი - დაჩი ბაბუნაშვილი; ქორეოგრაფი - გიორგი ტიელიძე; მხატვარი - გიორგი უსტიაშვილი; კომპოზიტორი - ნოე კვირკველია.
უპირველესად აღსანიშნავია, რომ ქალს არ და ვერ იცავს სოციალური იერარქიულობა/წარმომავლობა თუ სხვა სახის პრეფერენცია, ვინაიდან, ქალი არის ფიზიკურად სუსტი, რაოდენ ძლიერიც და ერთიორად უპირატესიც არ უნდა იყოს - განათლებით, აღზრდით, მანერებით, მაგალითად; აბსოლუტურად ინფანტილურ, ერუდიციის არმქონე და რაციონალურად სუსტ მამაკაცზე, ჩვენ შემთხვევაში კოვალსკიზე,.. სხეულებრივი სიძლიერე, რაც კაცს აქვს, ამის წინააღმდეგ, სამწუხაროდ ყველა ქალი უძლურია (გავიხსენოთ, ჩვენი ქვეყნის ფემიციდის ყოველწლიურად საგანგაშო სტატისტიკა!) და სწორედ ამ ფაქტის ლუსტრაციაა ეს სპექტაკლი...
ყველანაირი სტატისტიკის პარალელურად, ამავე დროს ძალადობის განხორციელების პროცესში, მნიშვნელოვანია ქალის მორჩილების ასევე მაღალი სტატისტიკური მონაცემები; დადგმის მაგალითზე, ბლანშის და, სტელა, მსუბუქი შერკინებებისა თუ წინააღმდეგობრივი რეპლიკების მიუხედავად, ქმრისადმი კაპიტულანტური დამოკიდებულებით გამოირჩევა... კოვალსკისგან ყოველი ვერბალური და ფიზიკური ძალადობის სცენები, უხეში (შეიძლება ითქვას ველური/ცხოველური) სექსუალური აქტით სრულდება. რასაკვირველია, ეს არის ქალის დამორჩილების ერთ-ერთი ნიშანი, ხოლო ქალის მხრიდან კი უმოქმედობისა და წინააღმდეგობის ვერ გაწევის მუდმივი მაგალითი...
სტენლი კოვალსკი, გარდა იმისა, რომ ფიზიკურად იმორჩილებს ცოლს, მასზე ინტენსიურ რეჟიმში იდეოლოგიურადაც ძალადობს... ჩვენ, სპექტაკლსა და პიესაში კარგად ვხედავთ, სტელა როგორ აღმოჩნდება ქმრის აზრების წნეხის ქვეშ, დის მოწინააღმდეგე, ქმრის სურვილის შემსრულებელ მარიონეტად ტრანსფორმირდება, თავდაპირველი სურვილის საპირისპიროდ.
სტენლი - დაუხვეწავი მანერებით, სკაბრეზული ლექსიკით, ტიპიური დაბალი სოციალური კლასის გაუნათლებელი პლებეეა, რომლის ერთადერთი იარაღი, მყარად შესისხლხორცებულ ფილისტერულ ჩვევებთან ერთად „კუნთები“ და ველური ქცევებია...
მას შესაძლოა საკუთარი წილი სამართალი აქვს, თუმცა მსუყე ძალადობით ნარევი აგრესიულობის ჰიპერაქტიურობა - ერთთავად გადაფარავს მისეულ <ჭეშმარიტებას>!..
სპექტაკლის მთავარი ღერძი - ანი იმნაძის ბლანშ დიუბუაა... ერთი მხრივ, არისტოკრატული მანერების მქონე, განათლებული (დაახლოებით 30 წლის და ოდნავ მეტი ხნის, რემარკას მიხედვით), თავისუფლების მოყვარე, მეორე მხრივ, ელეგანტური სიკეკლუცისა და ქედმაღალი უკარებას უკან იმალება - საკმაოდ ნიჰილისტური ბლანში, სოციალურ დისკომფორტსა და შიშებს რომ აბსტრაქტული ზმანებებით უმკლავდება, ოცნების შირმას ამოფარებული სასოწარკვეთილი ქალი... სკოლის მასწავლებელი, რომელიც თავის გადარჩენას დის ოჯახში ჩამოსვლით შეეცადა...
ბლანშის სულიერი კრიზისი, პირველ რიგში გამოწვეულია სიყვარულის იმედგაცრუებით, მის მიერ იდეალურად წარმოსახული სიყვარული - შედარებით პატარა ასაკში, მისთვის იმედგაცრუება (იგულისხმება 17 წლის ალანის ჰომოსექსუალიზმი) აღმოჩნდება, რომელსაც ვერ ივიწყებს და ყოველ მამაკაცში, ვის ჰაბიტუსსაც ალანს მიამსგავსებს - დარწმუნებულია, რომ მას ჰხედავს მხოლოდ... ბლანშის მამაკაცებთან მცირე ხნიანი ცხოვრების ეტაპებიც, სწორედ, ამ სულიერი კრიზისისგან თავის დაღწევის მცდელობა და ამაო გადარჩენის ალუზიაა!
სტენლის ძალადობის ვერ შემგუებელი ბლანში, საბოლოოდ მისი ძალადობის მსხვერპლი ხდება. (კოვალსკის, როგორც დანაშაულებრივად გამოუსწორებელი მოძალადის ტიპაჟი, ამ ეპიზოდში კიდევ ერთხელ თვალსაჩინოა!).
სპექტაკლის ბოლოს ძალადობის ფორმები <ჰუმანიზირდა> (არაბუკვალურად).
ძალადობის „გარომანტიკულებასა და გაკეთილშობილებაში“ დიდი წვლილი მიუძღვის სტელას, რომელიც ეგუება ქმრის აგრესიას, თან სიამოვნებას განიცდის და თან საკუთარი დისადმი ანტაგონიზმით აღივსება, რითაც ბლანში ბოლომდე დაიჩაგრა.
…ძალადობის ფორმები პატრიარქარული ფორმაციის კატეგორიაა, რომელსაც თანაბრად შეიძლება ხელი შეეწყოს, როგორც დეკადენტური ცხოვრების წესით, იმდენად კონსუმერულ საზოგადოებაში და მათ შორის, თავად ქალების მხრიდან კონფორმულობა კი, ძალადობის ლეგიტიმაციის მთავარი წყაროა...!
მცირე შენიშვნის სახით: ჩემი მოკრძალებული აზრით, ვისურვებდი, რეჟისორებმა მეტი დრო დაუთმონ ხოლმე მსახიობების საარტიკულაციო აპარატს. ფაქტობრივად, ანი იმნაძის გარდა, ყველა პერსონაჟს მეტყველების პრობლემა აქვს, რაც სცენიდან ძალიან უხერხული მოსასმენია.