top of page

ჩვენ შენ გვიყვარხარ!..

ზაზა მიქაშავიძე

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

att.GWPgwCzg8DaPP20pzDHO7ocgtQyldOwlJ17sDuYTYH4.jpg

ლელა ოჩიაური

ჩვენ შენ გვიყვარხარ!..

მიხეილ თუმანიშვილსა და მის თეატრზე წიგნისთვის (რომელიც გამოსაცემად მზადდება და რომლის „მთავარი გმირები“ და მთხრობელები - მისი  მსახიობები, კოლეგები, მოწაფეები, თანამშრომლები არიან) ერთ-ერთი პირველი წამყვანი და მთავარი შემფასებელი, „კინომსახიობთა სახელოსნოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და „თუმანიშვილის“ ერთ-ერთი სახე - ზაზა მიქაშავიძე უნდა ყოფილიყო. მაგრამ ზუსტად იმ დღეს და ზუსტად იმ წუთებში, როდესაც  წიგნის იდეის ავტორთან, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელ იოანე ხუციშვილსა და პროექტში ჩართულ   ადამიანებს პირველი შეხვედრა გვქონდა, წიგნის კონცეფციაზე, არსზე, სტრუქტურაზე ვთანხმდებოდით და რესპონდენტების ვინაობა, მათთან შეხვედრების განრიგი უნდა დაგვედგინა, ოთახში მოულოდნელად შემოვიდნენ - აღელვებული - გოგი მარგველაშვილი, გოგა პიპინაშვილი და გია აბესალაშვილი (რომლებსაც მაშინ რეპეტიცია ჰქონდათ) და  ძალიან ხმადაბლა, გაუბედავად და უჩვეულოდ „არაბუნებრივად“ წარმოთქვეს დაუჯერებელი და მართლა არარეალური სიტყვები, მეხივით რომ გავარდა დაძაბულ სიჩუმეში - ზაზა გარდაიცვალა! დრო თითქოს გაჩერდა და იმ წამიდან ყველასთვის უკუათვლა დაიწყო.

როდესაც ადამიანი კვდება, ძალაუნებურად იწყება იმის შეფასება, რასაც სიცოცხლეში ხშირად ყურადღება  არ ექცევა, რადგან „ყველაფერი წინაა“. შემდგ კი, მოგონებებში ძალაუნებურად ან გამიზნულად ცოცხლდება, რაც იყო, როგორც იყო და რა და როგორც არ იყო; იწყება მოგონებების მთელი პროცესი, რომელიც სხვადასხვა ადამიანის მონაწილეობითა და მოსაზრებებით, მეხსიერების ფრაგმენტებით ივსება და იმუხტება.

ამჯერად, სამწუხაროდ,  ზაზა მიქაშავიძის ჯერია. მისი შემოქმედების, განსახიერებული პერსონაჟების, მისი მონაწილეობითა შექმნილი და ჩართულობით შემონახული, აღდგენილი სპექტაკლების, თეატრსა და კინოში და კონკრეტულად, „თუმანიშვილში“ მისი, ადგილის მნიშვნელობის, გახსენების, განხილვისა და შეფასების დრო. სიკვდილის შემდეგ.

მიხეილ თუმანიშვილის მოწაფე, მისი და მათი საერთო თეატრის ერთგული წევრი და მეგობარი, საყრდენი და ნამდვილი მემატიანე. ამბობენ, რომ, თუ ვინმეს რამე არ ახსოვდა, ახსოვდა ზაზას; თუ რაღაც ფაქტი ეჭვს იწვევდა, ზაზა მიქაშავიძესთან უნდა შეგემოწმებინა; თუ რომელიღაც სპექტაკლში რომელიმე სცენა ჩვეულ კალაპოტს სცდებოდა, ზაზა მაშინვე თავის ადგილს უბრუნებდა და ეს დაბრუნება უტყუარი, სანდო და საიმედო იყო. 

1973 წელს, საქართველოს ტელევიზიის ეთერში სატელევიზიო სპექტაკლი „მე შენ მიყვარხარ“ უჩვენეს. რეჟისორი კახა (გიორგი) კახაბრიშვილი იყო.  ამ დადგმის შემდეგ, ნახვების შეუდარებელი რეიტინგით, საზოგადოებამ (რომელიც ყოველთვის ყურადღებით, ინტერესითა და კრიტიკულად განწყობილი ელოდებოდა ახალი მსახიობებისა და სპექტაკლების, კინო და თეატრალური მოვლენების გამოჩენას) მაშინ სტუდენტი და იმედისმომცემი (როგორც ამბობდნენ) მსახიობი  - ზაზა მიქაშავიძე გაიცნო. და უნდა ითქვას, ამ სანდომიანმა, სიმპატიურმა და ქარიზმატულმა ყმაწვილმა ყველა იმედი გაამართლა და მეტიც, მალე ქართული თეატრის ერთ-ერთ წამყვან მსახიობადი იქცა.

ეს ის დრო იყო, როდესაც მიხეილ თუმანიშვილი ტელევიზიაში მუშაობდა, რუსთაველის თეატრიდან წამოსული იყო და ახალი თეატრის - „კინომსახიობთა ლაბორატორიის“, „კინომსახიობთა სახელოსნოს“ გასახსნელად ემზადებოდა. მასა და მის შეგირდებს უკვე მზად ჰქონდათ რამდენიმე სპექტაკლი და საზოგადოების მცირე ნაწილსაც უკვე ნანახი ჰქონდა - „ახალგაზრდა გვარდიის სახელით“, რომელშიც ზაზა მიქაშავიძე ოლეგ კოშევოის როლს ასრულებდა და „ესმერალდა“ - რომელშიც რეჟისორს ასახიერებდა.

მას შემდეგ ნახევარი საუკუნე გავიდა, მაგრამ მაშინდელ მაყურებელს დღემდე ახსოვს ის შთაბეჭდილებები და შეგრძნებები, რომლებიც იმ დროს ახალშობილი თეატრის, მისი სპექტაკლებისა და მისი მსახიობების შემოქმედებით ცხოვრებას უკავშირდება და თითქოს კვლავ გრძნობს ახალი აღმოჩენების სიხარულს, რომელსაც მაშინ ახალი თეატრი და მისი წარმომადგენლები ასხივებდნენ. ერთ-ერთი სხივთაგანი ზაზა მიქაშავიძე იყო.  

ზაზა მიქაშავიძეს თეატრსა და კინოში რამდენიმე ათეული როლი აქვს შესრულებული სტუდენტობის დროიდან, სანამ „კინომსახიობთა სახელოსნო“ გაიხსნებოდა, თეატრის პირველივე წარმოდგენებიდან და სიცოცხლის ბოლომდე. მათგან უმეტესობა წარმატებული და ყურადღების, ინტერესის მიმპყრობი იყო - თავისთავადი, განსხვავებული, არაბანალური, მაგრამ პირველი, რაც მასთან კავშირში ყოველთვის (და არა მხოლოდ მე) მახსენდება, როგორც, როგორი ხატებითაც თვალწინ წარმომიდგება ხოლმე  - ესაა  ენერგიითა და სიცოცხლით სავსე, ხალისიანი, იუმორის ზეგრძნობითა და ხუმრობისთვის, რაღაც „ცელქობის“ ჩასადენად მუდამ მზადმყოფი,  მანათობელი, სხივიანი, მუდამ ღიმილიანი და ეშმაკურთვალება ადამიანი. 

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი, რომელმაც ზაზა მიქაშავიძის არა მხოლოდ სამსახიობო კარიერა, არამედ პირადი ცხოვრება განსაზღვრა, იყო კოკა -  ცოტნე ნაკაშიძის, საკულტოდ ქცეულ სპექტაკლში, „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“, ლაშა თაბუკაშვილის უსაზღვროდ პოპულარულ პიესაზე. ალბათ მაშინ თეატრისა და სატელევიზიო დადგმების მოყვარული საზოგადოებიდან არავინ დარჩენილა, არ ენახა და სრული თანაგანცდა არ გასჩენოდა მთავარი გმირების - კოკასა და ნინიკოს და შესაბამისად, მათი როლების შემსრულებლების - ზაზა მიქაშავიძისა და ნინელი ჭანკვეტაძის მიმართ. გულწრფელობის, თეატრით ანთებული გულების დამსახურებით, ახალგაზრდობის მიუხედავად, უკვე შეძენილი ოსტატობის წყალობით, მიხეილ თუმანიშვილის სწავლებისა და აზროვნების ერთგულებით, სარეჟისორო კონცეფციის ზუსტი მიმდევრობით, ამ ორმა მსახიობმა სენტიმენტალობისა და ბანალურობიდან თავის დაღწევა და მელოდრამატული სიყალბის (რის საშიშროებაც აშკარად არის ხოლმე, როდესაც მსახიობი ზომიერების ზღვარს აჭარბებს) დრამის ხარისხში გადატანა  მოახერხა. და თან, სპექტაკლის პერსონაჟებისგან განსხვავებით, ერთმანეთის პოვნა, ნამდვილი სიყვარულით შეყვარება და სამუდამოდ ერთად დარჩენა შეძლო.

კოკა, სპექტაკლის განმავლობაში და მოქმედების მსვლელობასთან ერთად, არა ერთხელ იცვლის სახეს, განწყობას, გრძნობებს და ეს პროცესი, რომელიც ნათლად გამოხატავს, თუ როგორ ნადგურდება ადამიანი, როგორ ეცემა, შემდეგ, როგორ ეძებს საკუთარ თავს, როგორ ინანიებს და იტანჯება. ზაზა მიქაშავიძე არტისტული მოქნილებით, ინტუიციითა და სიღრმისეული შრეების ამოხსნის უნარით,  ერთი მდგომარეობიდან მეორეში ადვილად ინაცვლებს და ასეთ მოვლენაში ასეთი ტიპის ადამიანის ამგვარი გარდასახვის პროცესს   დამაჯერებლად და სარწმუნოდ აჩვენებს. ეს მისი, როგორც მსახიობის, მახასიათებელ თვისებად ჩამოყალიბდა.

დრამატული და სახასიათო როლები,  რეალური და სრულიად აბსტრაქტული პერსონაჟები - ტრაგედიებსა თუ კომედიებში, ტრაგიკომედიებსა თუ ისტორიული თუ ფსევდოისტორიული მოვლენების ამსახველ სპექტაკლებში, სხვადასხვა ჟანრის, სპეციფიკის წარმოდგენებში, სხვადასხვა ხელწერის რეჟისორებთან - ზაზა მიქაშავიძისთვის ერთნაირად ხელმისაწვდომი და თანაბარი ძალით მიმზიდველი იყო, რაზეც თავდადებითა და ხალტურის გარეშე მუშაობდა.

მიხეილ თუმანიშვილის თეატრის სპეციფიკიდან და ამოცანებიდან, მიმართულებიდან და „ნორმატივებიდან“ გამომდინარე, არ არსებობდნენ ვარსკვლავი და მეორე თუ მესამე პლანის მსახიობები. აქ ყველა ვარსკვლავი და ყველა „ეპიზოდური“ იყო. და მნიშვნელობა ჰქონდა -  თუნდაც ერთი პატარა სცენის ისე შესრულებას, რომ მსახიობს საკუთარი უნარები და ოსტატობა გამოემჟღავნებინა,  მაყურებელს კი, წარუშლელი შთაბეჭდილება მიეღო.   

ზაზა მიქაშავიძის ყოველი გამოჩენა სცენაზე, უმეტეს შემთხვევაში, ასეთი შთამბეჭდავი იყო. მას შეეძლო მთავარი  და არამთავარი როლიც კარგ, ძალიან კარგ ან საშუალო თუ საშუალოზე დაბალი ხარისხის სპექტაკლსა თუ  ფილმში, მოცულობით, არაერთგვაროვან, არაზედაპირულ სახედ ექცია და უმნიშვნელოში მაინც მოეძებნა ფერები თუ შტრიხები. მაღალხარისხიან და ხელოვნების ნამდვილ ნიმუშებში კი, ეს უნარები და ძალისხმევა კიდევ უფრო იზრდებოდა და მეტ და მეტ სისავსეს იძენდა.

გოგი მარგველაშვილის „ალუბლის ბაღში“, ამ რთულ და მრავალმნიშვნელოვან, თუმანიშვილი თეატრის ერთ-ერთ საუკეთესო სპექტაკლში, ანტონ ჩეხოვის პიესაზე, ზაზა მიქაშავიძე ეპიხოდოვის როლს ასრულებდა, ნაწარმოებისა და ასევე, მისი სასცენო ვერსიით - ერთ-ერთ ყველაზე რთულ და არაერთგვაროვან პერსონაჟს. ის ყველასთვის და ყოველთვის სხვადასხვანაირი  და მცირეთაგან ერთ-ერთი იყო, რომელსაც ნიღბების მიუხედავად, გულწრფელი გრძნობები და ცხოვრების ცოცხალი შეგრძნება ჰქონდა და ამოძრავებდა.   

ასეთივეა სტივა ობლონსკი - ლევ ტოლსტოის „ანა კარენინაში“, გიორგი სიხარულიძის დადგმაში, ყოველთვის ცოცხალი, ენერგიული, განსხვავებული იმპულსებითა და ცხოვრების მსვლელობაში, ურთიერთობებში ქმედითი ნაკადის შემტანი, ადამიანი, თავადური დახვეწილობით, პეწითა და თან „მიწიერი“, ტიპაჟური სახე, რომელიც არა ერთი თანამედროვეს ხატად აღიქმება.

დავით კლდიაშვილის „ბაკულას ღორები“ „თუმანიშვილის“ „სამარკო“ სპექტაკლია, მისი ისტორიის ერთ-ერთი საფუძველი და შემოქმედებითი ცხოვრების უმთავრესი განმსაზღვრელი, რომლითაც  თეატრი ყოველ სეზონს ხსნის და რომელიც დღემდე, უკვე 46 წელია, რეპერტუარშია. ზაზა მიქაშავიძე პორფირის როლს თამაშობდა და წლიდან წლამდე და ზოგჯერ სპექტაკლიდან სპექტაკლში, მუდამ ქმნიდა, იგონებდა ამ გამოგონილი პერსონაჟის - პატარა როლის - სახისა და ქმედების თავისთავად ვარიაციებს.

ნინო მირზიაშვილის გახმაურებული პიესის მიხედვით, მამუკა ტყეშელაშვილის სპექტაკლში „მაცეკვე ტანგო“, ადამიანების რთულ, წინააღმდეგობრივ და გასამართ ურთიერთობებზე, ზაზა მიქაშავიძე და ნინელი ჭანკვეტაძე პარტნიორები იყვნენ (რა თქმა უნდა, ეს მათი ერთად მონაწილეობით, ერთადერთი სპექტაკლი არაა. ასეთი ბევრი იყო) და კომედიაში, რომელიც აქტიურად და სხარტად მონაცვლე კომიკური მოვლენების მთელი რიგისგან ეწყობოდა,  ზაზა მიქაშავიძეს როლზე მუშაობის სრული თავისუფლება და იმპროვიზაციის, იუმორისა და პიროვნული სიხალასის გამოყენების ყველა პირობა ჰქონდა, სახასიათო პერსონაჟის სახის დამაჯერებლად შესაქმნელად.

ისე, უნდა ითქვას, რომ ზოგადად, მიღწეულ შედეგზე შეჩერება ზაზა მიქაშავიძისთვის დამახასიათებელი არ იყო. სამაგიეროდ, ახასიათებდა იმპროვიზაცია და უკვე შექმნილი, „შემოწმებული“ და ადგილდამკვიდრებული პერსონაჟის გარკვეული დოზით ცვლა, კვლავ და კვლავ დამუშავება, მით უმეტეს, თუ როლი და სპექტაკლი მისთვის საინტერესო იყო. კვლავ ვიმეორებ, არ ჰქონდა მნიშვნელობა, მთავარი იყო ეს როლი, თუ მეორეხარისხოვანი.

ალბათ, თუმანიშვილის თეატრის ყველაზე ბედნიერი, იმედიანი და ზღაპრული სპექტაკლი მიხეილ თუმანიშვილის „ზაფხულის ღამის სიზმარია“, უილიამ შექსპირის მიხედვით. ზაზა მიქაშავიძე მასში ორ როლს ასრულებდა - თეზევსისა და ობერონის - მოვლენების ორი წარმმართველის - ათენის მთავრისა და ფერიების მეფის, კიდევ უფრო ზღაპრული და ირეალური პერსონაჟის. და ორივეს, ერთმანეთისგან განსხვავებულ, უკიდურესად პირობით და ყოფის ელემენტებს საერთოდ მოკლებულ სახეებს, მსახიობი უსაზღვრო ფანტაზიის, გამომგონებლობის და ფეიერვერკული იმპროვიზაციის საფუძველზე, დაუჯერებელი სილაღითა და მახვილი იუმორის მკვეთრი შტრიხებით აგებდა. სიხარულითა და სიყვარულით, იმედითა და რწმენით - რომ ყველაფერი კარგად იქნება.

მიხეილ თუმანიშვილის ბოლო სპექტაკლში „ამფიტრიონი 38“, ჟან ჟიროდუს პიესაზე, ზაზა მიქაშავიძე და ნინელი ჭანკვეტაძე მთავარ პერსონაჟებს - ამფიტრიონსა და ალკმენეს თამაშობდნენ, შეყვარებული და სიყვარულისთვის თავდადებული ადამიანების შესახებ, რომლების გრძნობასაც ვერც ომი, ვერც რაიმე სხვა წინააღმდეგობა ვერ ერევა და ვერც აუფერულებს. მითური, ზღაპრული ამბავი, იგავური თხრობის ფორმა, დახვეწილი და მსუბუქი იუმორით,  მსახიობებს სხვადასხვაგვარი და თამამი ქმედების პირობას უქმნიდა და ზაზა მიქაშავიძეც, როგორც ყოველთვის, სცენასა თუ ცხოვრებაში, იყო გახსნილი, თავისუფალი, ლაღი და ისეთივე ძალით შეყვარებული, როგორც ოდესღაც, მრავალი წლის წინათ, კოკას რომ თამაშობდა და ცხოვრების ბოლომდე ერთადერთი ქალის ერთგულ შეყვარებული დარჩა. ეს სპექტაკლი კი, როგორც უწოდებენ - „სიყვარულის ჰიმნი“ - მიხეილ თუმანიშვილის - გამოსათხოვარ ანდერძად იქცა - სიყვარულისა და ერთგულებისკენ „კატეგორიულ“ მოწოდებად.

ზაზა იყო - პრინციპული ცხოვრებაში, პროფესიაში და ამავე დროს, მორიდებული და მოკრძალებული, ხშირად უთქმელი და საკუთარ თავში ჩაკეტილი, თუმცა ემოციური და არაგულგრილი. იყო პიროვნება, რომლისთვისაც ხელოვნება და გამორჩეულად, თეატრი - ყველაფერზე მნიშვნელოვანი და არსებობის, ცხოვრების, ყოვლდღიურობისთვის აზრის მიმცემი იყო. თუმცა მისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და მთავარი იყვნენ ახლობლები, ადამიანები, რომლებიც უზომოდ უყვარდა - ნინელი ჭანკვეტაძე - რომელთანაც და რომლისთვისაც მთელი ცხოვრება გაატარა და შვილი -  ანა - ცხოვრების  აზრის მიმნიჭებელი, რომლების გულისთვისაც თეატრზეც - სიცოცხლეზეც - იტყოდა უარს. და ყოველთვის იყო - ოჯახის - უპირობოდ  ერთგული და გამორჩეულად მოყვარული; ჯანმრთელობისა და სხვადასხვა პრობლემის მიუხედავად - მყარი და საიმედო საყრდენი.

2024 წლის 8 სექტემბერს  ზაზა მიქაშავიძე 70 წლის გახდებოდა. მხოლოდ  68 წელი იცხოვრა და წარმატებისა და არა ერთი მიღწევის მიუხედავად, ბევრი რამ ვერ და არ გააკეთა. ვერ და „არ“ შესძლო. წელს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი აუცილებლად აღნიშნავდა მის იუბილეს. ზაზა აუცილებლად იუარებდა. შეიძლება კატეგორიულადაც. ალბათ, ძალიან კატეგორიულადაც. თეატრში მაინც შეიკრიბებოდნენ მისი კოლეგები, მეგობრები - ადამიანები არა მხოლოდ თეატრიდან და თაყვანისმცემლები, რომლებისთვისაც  იმ შორეული 70-იანებიდან, ზაზა მიქაშავიძე საყვარელი მსახიობი იყო, დიდი და პატარა, პირველი თუ მეორე პლანის, მაგრამ ყოველთვის გამორჩეული და დასამახსოვრებელი როლებით, ვის სანახავადაც ყოველთვის დადიოდნენ თეატრში; ვინც უყვარდათ; ვისაც ყოველთვის ამჩნევდნენ და იმახსოვრებდნენ, პიროვნული და პროფესიული თვისებების გამო, იმ ნაპერწკლის წყალობით, რომლითაც ყოველთვის ანათებდა და აბრწყინებდა თეატრის, ტელევიზიისა და კინოს მშვენიერ, რთულ, არათანაბარ და თავგადასავლებით გაჯერებულ ცხოვრებას.

ეს შეხვედრა, სამწუხაროდ, არ მოხდა.

ფოტოები მსახიობის არქივიდან

bottom of page