ცხოვრების ღვარძლ-ჭუჭყში გაურეველი
ნიკა წულუკიძე
ცხოვრების ღვარძლ-ჭუჭყში გაურეველი
ერთია, როდესაც წერ დიდი ქართველი მსახიობის გადრდაცვალების შესახებ და მეორე, გაცილებით უფრო რთული გახლავთ, თუ ეს ადამიანი შენი უახლოესი და უძვირფასესი პიროვნება იყო _ ქალბატონი ზინა კვერენჩხილაძე, ღირსიებისა და ნიჭის ზეიმი!!!
მას თავისი ავტონომია ჰქონდა, არც თვითონ ერეოდა სხვის საქმეში და არც სხვას უშვებდა ახლოს, მხოლოდ რამდეიმე ადამიანს თუ ჰქონდა იმის უფლება და ბედნიერება ყოფილიყო ქალბატონი ზინას ახლობელი ანუ ავტონომიის შემადგენელი ნაწილი. თითოეული ასეთი ადამიანის დაკარგვას კი ძალიან მტკივნეულად განიცდიდა, მისთვის უდიდესი დანაკლისი გახლდათ ქალბატონი ანა კალანდაძის გარდაცვალება. მათი მეგობრობა ხომ საქვეყნოდ იყო ცნობილი. ერთ მშვენიერ Dდღეს ქალბატონმა ზინამ იუბილარ პოეტს ლექსი მიუძღვნა, მაგრამ წაკითვხა ვერ გაუბედა და პატარა კონვერტი გადასცა. ქალბატონ ანას ლექსი ძალიან მოეწონა და შემდეგ სულ ხუმრობდა, იმის მაგივრად რომ მე მიმეძღვნა ზინასათვის ლექსი დამასწრო და თავად მომიძღვნაო -
`გოგოხარ შვლისა დარაო_ ანაო ანა ბანაო,
წამო შატილში ავიდეთ, ღრუბლებზე გავინანაოთ~...
პოეზიისადმი საოცარი დამოკიდებულება გააჩნდა, თითოეულ ბგერასა და ფრაზას გრძნობდა. ალბათ სწორედ ამიტომ უწოდა მას ქართველა ხალხმა მხატვრული კითხვის ჯადოქარი. განუმეორებელი ხმის ტემბრი, ვიბრაციული მეტალი და გრძნობით აღსავსე ბუნება გახვედრებდა ისეთ სამყაროში, რომელსაც ზინა კვერენჩხილაძის განზომილება ერქვა. ილტვოდა რაიონებისკენ, სულ უნდოდა არაქართულენოვან სოფლებში ჩასვლა და ქართული პოეზიის გაცნობა იქაურებისათვის. არასოდეს გასამრჯელო არ აუღია ლექსის წაკითხვაში, ყველაფერს უანგაროდ აკეთებდა. მის მიერ დაარსებული დმანისის თეატრიც ხომ ამის უტყუარი დადასტურებაა. არვიცი ზინა კვერენჩხილაძის რომელ თვისებასა და მრავალმხრივობაზე გავამახვილო ყურადღება. თუ როგორი დიდი არტისტი იყო იგი ამაზე ალბათ მე ახალს ვერაფერს ვერ ვიტყვი. ამიტომ რამდენიმე ეპიზოდს გავიხსენებ მისი ცხოვრებიდან.
კ.მარჯანიშვილის ქუჩაზე ქალბატონი ზინას სადარბაზოს წინ დაქანებული ტერასა გახლავთ, რომლის გვერდის ავლითაც მანქანები მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ჩადიან. ერთ მშვენიერ დღეს მივდივარ სახლში (მე მის მეზობლად ვცხოვრობ) და რას ვხედავ ქალბატონ ზინას წელზე მობმული აქვს სარეცხის თოკი, ხელში უკავია ნიჩაბი, ბოთლით წყალი და ამ დაქანებულ მდელოზე ნელ-ნელა ჩადის (შეგახსენებთ რომ მაშინ 75 წლისა ბრძანდებოდა) რასაკვირველია მაშინვე მივედი და ვუთხარი ვასილევნა რას აკეთებთ, მოხმარება ხომ არ გინდათ მეთქი. ჩემი ეს სიტყვები იუკადრისა და მითხრა: ვაჟო ხომ არ დაგავიწყდა რომ საქართველოს ჩემპიონი ვიყავი ფარიკაობაში, მე რომ არ ვუვლიდე ამ ყვავილებს აქამდე ერთიც აღარ იქნებოდაო. აი ასეთი დაუდეგარი და სიცოცხლის მოყვარული პიროვნება გახლდათ, ამასწინათ გავიარე იმ ადგილას და გული დამწყდა მის მოუვლელ ყვავილებს რომ შევხედე...
სამ-თავ-რო! მის მიერ თრთოლვით წარმოთქმული ეს სიტყვა იმის მაუწყებელი იყო, რომ შაბათ დილას ქალბატონი ზინა მცხეთაში, დედათაA მონასტერში მიდიოდა. იქ სადაც ყველაზე კარგად გრძნობდა თავს, არასოდეს არ დამავიწყდება ის დღე, როდესაც ქალბატონმა ზინამ წამიყვანა სამთავროში, როგორ უფრთხილდებოდნენ დედაოები, როგორ ესიყვარულებოდნენ და რამხელა სითბოს გამოხატავდნენ მის მიმართ. წირვა-ლოცვა, მგალობელ დედაოთა გუნდი, მამა გაბრიელის საფლავთან მისი მისვლა, წმინდა ნინოს მაყვლის ბუჩქთან წაკითხული ლექსი- `მოდიოდა ნინო მთებით მოდიოდა~, ტრაპეზი და უკან მისი სიტყვებით `სიბინძურეში~ დაბრუნება. მაშინ კი მივხვდი თუ რატომ მიუწევდა გული ყოველთვის მცხეთისკენ მისთვის აშენებულ კელიაში და რატომ უნდოდა იქ სამუდამოდ დარჩენა. და მართლაც რა ბრძული გადაწყვეტილება იქნა მიღებული ქალბატონი ზინას სამთავროში, დედათა მონასტერში დაკრძალვის შესახებ.
საოცარი სიხარული იყო სპექტაკლი `მოხუცი ჯამბაზები~ და პირადად ჩემთვის დაუვიწყარი ის ცხრა თვე რაც ამ სპექტაკლის მომზადებას დასჭირდა. წარმოიდგინეთ ამდენი გენიალური არტისტი ერთ ოთახში. ვერ იტანდა ცუდ სიტყვებს და ყოველთვის ბრაზობდა ამის გამო, გაბრაზებაც კი საოცარი იცოდა, გურამ საღარაძე და კახი კავსაძე კი ყველა რეპეტიციაზე მის `გასაბრაზებლად~ ცუდ სიტყვებს იძახდნენ ამის გამგონე ქალბატონი ზინა წამოხტებოდა სკამიდან და გარბოდა სარეპეტიციოდან, კახი კარებს ჩაკეტავდა, გასაღებს გურამს გადაუგდებდა და იყო ერთი ამბავი. ჯამბაზების რეპეტიციების დროს სულ ვიღებდით ფოტოებს, მოდიოდნენ სხვადასხვა ფოტოგრაფები და მართლაც არაჩვეულებრივი არქივი დაგვრჩა. ერთი ფოტოა ასეთი - მედეა ჩახავასა და ზინა კვერენჩხილაძეს შორის მე ვდგავრ და ვეხუტები ორივეს. ერთ დღესაც ქალბატონი ზინა მეუბნება ის ფოტო თაროზე მაქვს მიყუდებული და შენთან ლაპარაკი რომ მომინდება იმას ველაპარაკებიო. ეს იყო ჩემთვის ყველაზე დიდი საჩუქარი ქალბატონისგან, რომელიც ძალიან მიყვარს და მენატრება...