„ყვავილები ელჯერნონისათვის“ ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის თეატრში
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში
.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.
მანანა თევზაძე
„ყვავილები ელჯერნონისათვის“ ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის თეატრში
მეოცე საუკუნის 80-იან წლებში ლიტერატურულ ალმანახში „საუნჯე“,დაიბეჭდა მოთხრობა „ყვავილები ელჯერნონისათვის“, რომელიც გონებრივად ჩამორჩენილ ბიჭზე მოგვითხრობდა. მახსოვს, მოთხრობამ ძალიან ამაღელვა, მეხსიერებაში ღრმად ჩამებეჭდა და როდესაც ზუგდიდის თეატრში, მის მიხედვით დადგმულ სპექტაკლზე მიგვიპატიჟეს, მეგობრებთან ერთად დიდი ინტერესით გავემგზავრე. მგზავრობამ მშვენივრად ჩაიარა, თუმცა შოვში მოვარდნილი მეწყრის ტრაგიკულმა ამბავმა თავზარი დაგვცა.
ზუგდიდის ტრადიციული თეატრის შენობა რემონტდება, თეატრის თანამშრომლები ადგილობრივი კულტურის ცენტრს არიან შეფარებულნი და უნდა ვთქვა, რომ მსახიობებს და თეატრის თანამშრომლებს სრულიად გაუსაძლის პირობებში უხდებათ მუშაობა. არ ვიცი სად ატარებენ რეპეტიციებს, მაგრამ სპექტაკლის სანახავად სულისშემხუთველ დარბაზში შევედით, სადაც სიცხისაგან გათანგულ მაყურებელს გული რომ არ წასვლოდა, პარტერში, ადგილ-ადგილ ვენტილატორები ჩამოერიგებინათ. ვინც იცის, რამდენად რთულია მსახიობის შემოქმედება, დამღლელი რეპეტიციები, შემდეგ სპექტაკლის მოლოდინი, სცენაზე გამოსვლა, მაყურებლის წინაშე თამაში, ის გაიგებს ჩემს წუხილს ნანახის გამო... იმედს ვიტოვებ, თეატრის შენობის რემონტი მალე დასრულდება და შემოქმედებითი კოლექტივი თავის თანამედროვედ მოწყობილ სახლს დაუბრუნდება.
რაც შეეხება „ყვავილები ელჯერნონისათვის“ ავტორს: იგი ამერიკელი მწერალი დენიელ კიზია, რომელიც ერთხანს სპეციალურ სკოლაში ასწავლიდა ინგლისურ ენას. სწორედ მისი ერთ-ერთი მოსწავლე გახდა ჩარლი გორდონის პროტოტიპი. ამ მოთხრობამ და შემდეგ რომანმა, კიზი, ორი პრესტიჟული ჯილდოს: 1960 წელს - ჰიუგოს, 1966 წელს კი - ნებულას პრემიის მფლობელი გახადა. მალევე შეიქმნა წიგნის ეკრანიზაცია, რომელშიც მთავარი გმირის შემსრულებელმა ოსკარი მოიპოვა. მოგვიანებით, მის მიხედვით რამდენიმე ფილმი და სერიალი გადაიღეს.
ნაწარმოები, ამერიკის შეერთებულ შტატებში, სკოლის სასწავლო პროგრამაშია შეტანილი.
სიუჟეტი ფანტასტიკური ჟანრისაა: ოცდაცამეტი წლის ჩარლი გონებრივად ჩამორჩენილია. მას აქვს სამსახური, საცხობს ალაგებს, გასამრჯელოდ გროშებს უხდიან, ჰყავს მეგობრები, რომლებიც დასცინიან, მაგრამ ის მაინც ბედნიერია. რამდენადაც დაბალია ჩარლის ინტელექტუალური შესაძლებლობები, იმდენად მაღალია ამ ალალი, გულკეთილი და გულუბრყვილო ადამიანის სურვილი და მონდომება ცოდნის შეძენისა და დაჭკვიანების, რადგან თვლის, რომ ჭკვიანი უფრო მეტ ადამიანს ეყვარება. სწორედ განსაკუთრებული მონდომების გამო შეარჩევენ მას ექსპერიმენტისთვის, რომელმაც კაცობრიობის მომავალი უნდა შეცვალოს. ჩარლი ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ ოდესმე შეიძლებოდა იმ ადამიანების კონკურენტი გამხდარიყო, ვინც ოპერაცია გაუკეთა, მაგრამ ინტელექტთან ერთად იზრდება მისი კონკურენტუნარიანობაც და სამწუხაროდ, ქედმაღლობაც. იგი იკვლევს იმ მეცნიერულ ექსპერიმენტს, რომლის მონაწილეც არის. უკვირს, რომ ოპერაცია ისეთმა ადამიანებმა გაუკეთეს, რომლებმაც საფუძვლიანად არ იციან მათემატიკა, ფიზიკა, გეოლოგია, უცხო ენები... ჩარლის გონებაში ცოცხლდება წარსულის ყველა კოშმარი და პრობლემა: მშობლები - ცემით და დამცირებით სავსე ბავშვობა, სიყვარული, მეგობრობა, სექსი, ელისი, მარტოსულობა და რაც მთავარია, პასუხი კითხვაზე - ვინ არის ის? ოღონდ, ამ ყველაფერში გასარკვევად მას წლები კი არა, რამდენიმე თვე აქვს...
ჩარლის ცხოვრება თაგუნა ელჯერნონის ცხოვრების პარალელურად მიმდინარეობს, მხოლოდ ის არის ერთადერთი ცოცხალი არსება, რომლის ბედი გმირის ბედის იდენტურია. მისი ინტელექტიც სწრაფად ვითარდება, შემდეგ კი ასევე სწრაფად უკუ იხევს და კვდება. ჩარლი გადაწყვეტს კი არ დაწვას ელჯერნონი, როგორც ჩვეულებრივაა მიღებული, არამედ მიწას მიაბაროს და მის საფლავზე, ყოველ კვირას ყვავილები მიიტანოს. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ხვდება, თავადაც როგორი დასასრული ელის...
და საბოლოოდ ვხვდებით, რომ გონებრივად ჩამორჩენილი ადამიანიც პატივისცემის ღირსია, რომ ნებისმიერ ბავშვს სჭირდება სიყვარული... რომ მიუხედავად ყველა ჩვენი საქმისა და პრობლემისა, არ დავივიწყოთ ისეთი მნიშვნელოვანი და ჩვეულებრივი, როგორიცაა სიკეთე და თანაგრძნობა... ჩარლის ისტორიის წაკითხვის შემდეგ, იწყებ ფიქრს, ღირს თუ არა ჩარევა იმაში, რაც ბუნებამ დაუშვა?
მაყურებლის წინაშე ყველა ამ რთული კითხვის წამოჭრა სცადა ზუგდიდის თეატრმა თავის სპექტაკლში. ინსცენირების ავტორი და რეჟისორი გახლავთ მამუკა ცერცვაძე, რომლის კიდევ ერთი კარგი სპექტაკლი - „ვაჟიშვილი“ ვნახეთ ზესტაფონის თეატრის თბილისში გასტროლებისას.
„ელჯერნონის“ სცენა წარმოადგენს მწკრივებად, თეთრ ფარდებჩამოფარებულ სივრცეს. ფარდები ორგანულად მოქმედებენ: ფარდის მიღმა წითელი განათება - სიცარიელის ასოციაცია, ფარდა-ეკრანზე გამოტანილი მოძრაობები, ავანსცენაზე გადმოფრიალებული და მინდვრად ქცეული ფარდა, ფარდის უკან, სინათლის შუქზე მოძრავი ფიგურები...
სცენაზე გამოტანილი მაგიდა და სამი სკამი, პირობითად, კლინიკაა. ფარდების პრიზმაში ვხედავთ ჩარლის ცნობიერების ხარვეზებს, სიცარიელეებს, როგორც ბლანტ ნისლს მის თავში; შემდეგ მათ გაქრობას და უკვე ბოლოს, როდესაც იწყება სწრაფი რეგრესია, კვლავ გამოჩენას... ამ სიმბოლიზმის გამო, სპექტაკლი ზოგან თითქმის ფანტასმაგორიულად გამოიყურება. ფარდები მოიწევენ ხალხზე და პროვინციული ქალაქის საკმაოდ ტრივიალური არსებობის სურათს ხატავენ. ამგვარად ქმნიან რეჟისორი მამუკა ცერცვაძე და მხატვარი - ნინო კიტია სპექტაკლის ჩარჩო-სამყაროს, საინტერესო დეკორაციას, რომელიც არა ფონი, არამედ მოქმედების ნაწილია და ხაზს უსვამს მსახიობების თამაშს.
ფარდების აფრიალებასთან ერთად სცენის სიღრმეში რკინის შავი კარი ჩნდება. მოქმედება საცხობში ინაცვლებს, სადაც ოთხი ბიჭი მასხრად იგდებს დამლაგებელს, წიგნით ხელში... დამლაგებელი სწორედ ის ჩარლი გორდონია, რომელიც სულ მალე ექსპერიმენტის მონაწილე და ერთგვარი მსხვერპლი გახდება.
მსახიობისთვის ძალიან რთული უნდა იყოს მსგავსი პიროვნების თამაში. ალბათ მან განსაკუთრებული მოძრაობები, სიარულის, დგომის, ლაპარაკის მანერა უნდა შეისწავლოს... ამგვარი დაძაბულობა ნერვიულ ზემოქმედებას ახდენს არტისტის ფსიქიკურ წყობაზე, გუნება-განწყობილებაზე და ძალიან ხშირად, როდესაც ამგვარ ფილმზე მუშაობას ასრულებენ, მთავარი როლის შემსრულებელნი, რეაბილიტაციის კურსს გადიან ხოლმე. ამას ხაზს ვუსვამ, რადგან ბევრს ადვილი და გასართობი ხელობა ჰგონია არტისტობა.
და სწორედ ასეთია სპექტაკლის დასაწყისში გიორგი ჩაჩუას ჩარლი, ხელებდაკლაკნილი, მოძრაობას რომ ვერ აკონკრეტებს, ფეხს მიითრევს, ლუღლუღით ლაპარაკობს, იღიმება კეთილად, არაფრად მიაჩნია ამხანაგების უხერხული ხუმრობები, ფიქრობს საქმეში დაოსტატებაზე, წინსვლაზე, რაც მაინცდამაინც არ ეპიტნავებათ თანამოსაქმეებს და ყველაფერი ძველებურად იქნებოდა, რომ არა მისდამი შემთხვევით გაჩენილი ინტერესი, - აი, შესანიშნავი ნიმუში! თუმცა ვიფიქრე, ჩაჩუა, სპექტაკლზე მუშაობისას რომ უფრო დაინტერესებულიყო რეალურ, გონებრივად ჩამორჩენილ პაციენტებთან ურთიერთობით, თუ როგორ და რით ცხოვრობენ ისინი, როგორ აღიქვამენ სამყაროს, უკეთ შეასრულებდა ემოციურად და ფიზიკურად რთულ სცენებს.
რეჟისორი იმგვარად აგებს სცენაზე სიუჟეტს, რომ მაყურებელს მოქმედებაში თავიდანვე ითრევს. მიუხედავად ამისა, ჩარლისა და ექიმების გრძელი დიალოგები ადვილად აღსაქმელი არ არის ყურისათვის, ხშირად მოისუსტებს მეტყველება და ხმა, სიტყვები არ ისმის. ვითვალისწინებ, რომ სცენაზეც ისეთივე საშინელი სიცხეა, როგორც დარბაზში და მსახიობებს გაათმაგებულად სცხელათ!
მაყურებელი მოთმინებით ელოდა ამბის განვითარებას, ყველას აინტერესებდა, თუ რით დასრულდებოდა უამრავი აზრისა და ემოციის გამომწვევი საბრალო ადამიანის ცხოვრება? რამდენად ხშირად ხმამაღლა დავცინით ჩარლის მსგავს ადამიანებს? რამდენად ხშირად მივიჩნევთ საკუთარ თავს სხვებზე უკეთესად? საცხობში ხომ ჯერ დასცინიან ჩარლის, შემდეგ ეშინიათ მისი და სძულთ... ფინალში კი, მაყურებელს, ნამდვილი ემოციური გამოცდა ელის... იქნებ ბევრსაც ჰქონდა წაკითხული მოთხრობა, იქნებ დარბაზში მყოფთ არც სმენოდათ მის შესახებ, მაგრამ ინტერესი რომ დიდი იყო, ეს მათ გაფაციცებაზე იგრძნობოდა.
ისმის მუსიკის პირველი მელოდიები და ჩემ გვერდით მჯდომი ვალერი ოთხოზორია ფეხს აყოლებს ჯაზის ტაქტს.
მამუკა ცერცვაძის სპექტაკლი სულაც არ არის ფანტასტიკური, პირიქით, იგი დღევანდელი ადამიანური ისტორიაა, იმის შესახებ, თუ რა ძნელია სამყაროში მარტოსული არსებობა, როცა სიყვარულს ელი და სულ ტყუილუბრალოდ.
სპექტაკლი არც მოსაწყენია, პირიქით, ყველაფერი შემაშფოთებელი ნოტებითაა გაჯერებული, მაგრამ გაფრთხილებთ, ეს სპექტაკლი არ არის ადვილად საყურებელი, ემოციური განტვირთვისათვის. მთავარი გმირის დრამა-ევოლუცია იმბეცილიდან - გენიოსამდე და უკან, მთავარი გმირის შემსრულებლისაგან მოითხოვს ემოციურ შესრულებას, გრძნობების მთელ კომპლექსს, ინტონაციებს, ხმას, მოძრაობებს, მიმიკას... რომ მართლა გონებრივად ჩამორჩენილი იყო, შემდეგ გენიოსი და ისევ გონებრივად ჩამორჩენილი... და ეს ცვლილება ნაჩვენები იყოს, არა უეცარი, არამედ ნელი გადასვლით. მაყურებელი ხედავს გმირის განვითარებას, ხედავს ახალგაზრდა მსახიობის ნიჭს. გიორგი ჩაჩუა თითქმის ყველაფერს საკუთარ თავიდან, საკუთარი სხეულიდან გამოწურავს.
სპექტაკლი ესთეტიკურად სასიამოვნო საყურებელია, თუმცა სცენები ზოგჯერ მიმოფანტული მეჩვენებოდა. მსახიობები ბევრს მოძრაობდნენ სცენაზე, რაც არადამაჯერებელს ხდიდა მათ შესრულებას. და თუმცა, ამბავი ძალიან დეტალურად იყო მოთხრობილი, აუდიო და ვიზუალური ეფექტების გამოყენებით სცენაზე კარგად იყო ნაჩვენები მთავარი გმირის სულიერი ტანჯვა და ემოციები, მაინც დამაკლდა ელჯერნონის თემა, ჩარლის და თაგუნას ურთიერთობა. რომანში ძალიან მნიშვნელოვანი როლი ენიჭება პატარა თაგვს, რომელმაც პირველმა განიცადა გონების გასაუმჯობესებელი ექსპერიმენტის წარუმატებლობა. ეს პერსონაჟი ძალიან სიმბოლურია, ჩარლი საკუთარ თავს თაგვთან, ელჯერნონის ბედთან აიგივებს. - არასდროს მიგრძვნია თავი ასე მარტოდ, - ამბობს ის, - მაინტერესებს, რა მოხდება, თუ ელჯერნონი სხვა თაგვებთან ერთად დარჩება გალიაში? შეიძულებენ მას?
ჩარლის საკუთარი მარტოობა და მასთან ერთად მთელი მისი ბავშვობის შიში არ ასვენებს.
პარადოქსულია, რომ პერსონაჟი საზოგადოებამ უარყო, როგორც სულელი, მაგრამ სამეცნიერო ექსპერიმენტის ჩატარების შემდეგ, სიტუაცია, გაუარესდა... ჩარლი ვერ პოულობს თავს ამ სამყაროში, რაც შესანიშნავად ასახავს დაგვიანებულ კონფლიქტს ინდივიდსა და საზოგადოებას შორის.
რომანში ასევე წამოჭრილია ინდივიდის ჩამოყალიბებაზე ოჯახის გავლენის მწვავე სოციალური თემა. ყველა ოჯახი ვერ უმკლავდება გონებრივად ჩამორჩენილი ბავშვის დაბადებას, რომ მიიღოს იგი, შეიყვაროს ისეთი, როგორიც არის, იზრუნოს მასზე. ყველაზე ხშირად მშობლები ასეთ ბავშვებს საავადმყოფოში ტოვებენ და თუ მათ აღზრდას გადაწყვეტენ, ცდილობენ, ბუნების მიერ დაშვებული შეცდომის ისევე გამოსწორებას, როგორც ჩარლის დედა ცდილობდა. ამიტომაც არ გრძნობს ჩარლი თავს ბედნიერად. ის ემოციურად ბავშვის დონეზე ჩარჩა და ძალიან სჭირდება სიყვარული, რომელსაც დედისაგან ვერ იღებდა. განსაკუთრებით კარგია ნერვიული და მოძრავი, სპექტაკლში ცეკვის რიტმით გადაწყვეტილი დედის სახე მარინა დარასელიას შესრულებით. ბუნებრივი და სახასიათო თამაშით გამორჩეული მისი გმირი ალბათ ყველაზე ცოცხალი და რეალური პერსონაჟია მთელ სპექტაკლში. მარინა დარასელიამ თავისი აქტიორობით შეძლო ემოციების გამოწვევა, დიახ, უარყოფითი, მაგრამ მხოლოდ მისი გმირისთვის დამახასიათებელი.
ზოგადად, მსახიობები კარგად არიან სპექტაკლში შერჩეული, ისინი თანაარსებობენ, ხელს არ უშლიან მთავარ გმირს, რომელსაც მოქმედება მიჰყავს. ძალიან კარგია, ფეის როლის შემსრულებელი თეა ცინცაძე, მისი ეპიზოდები გადმოსცემს ჩარლის გონებაში არსებული ქაოსისა და მის ბინაში არსებული ქაოსის ატმოსფეროს.
მის კინიანს სალომე ბუღაძე თამაშობს. მისი შესრულებით იკვეთება ჩემთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: მასწავლებლის როლი ადამიანის ცხოვრებაში. ჯერ კიდევ გონებრივად ჩამორჩენილი ჩარლისთვის, მის კინიანი ერთადერთი ადამიანია, რომელსაც შეეძლო დაყრდნობოდა, მასწავლებელი, რომელიც მთელი ექსპერიმენტის განმავლობაში იყო მასთან, ასწავლიდა კითხვას, წერას, ფიქრს და არ მიატოვა, როგორც ერთხელ დედამ. გასაკვირი არაა, რომ ჩარლის ის შეუყვარდა, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ის ერთადერთი ქალი იყო, ვისთანაც ურთიერთობა ჰქონდა და მეორეც, მხოლოდ ის ავლენდა მის მიმართ სიყვარულს.
დანარჩენი გმირებიც ძალიან კარგები არიან. რეჟისორმა შეძლო პერსონაჟების ვიზუალიზაცია.
როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ადამიანის ფსიქიკასთან დაკავშირებული ყველა პრობლემა, რომელიც შემდგომში გავლენას ახდენს მის საქმიანობაზე, სამუშაოზე, სწავლაზე, ურთიერთობებზე, ბავშვობიდან და ოჯახიდან მოდის, რაც სპექტაკლში მთელი მოქმედების განმავლობაში აისახება. ჩარლის ცხოვრების ყველაზე რთული მომენტები დაკავშირებულია ბავშვობის მძიმე მოგონებებთან. მისი აგრესია, ადამიანთა სამყაროს მიმართ წყენა იმ ფაქტს უკავშირდება, რომ დედა შვილის გონებრივად ჩამორჩენას ვერ ეთანხმებოდა. დედისა და მამის ჩხუბი, ყვირილი, მთელი ცხოვრება არ ასვენებდა და რომ არა ეს, ჩარლი ასე უბედურად არ იგრძნობდა თავს. ვიცი ასეთი ოჯახები, სადაც ბავშვების ბედი დედისა და მამის უყურადღებობის გამო ნადგურდება.
სპექტაკლმა საზოგადოების წინაშე რთული კითხვები დასვა: რატომ მოვდივართ ამ სამყაროში ისეთი, როგორც ღმერთმა შეგვქმნა? აუცილებელია ბუნებრივი კურსის შეცვლა? სად არის სიმართლე და სად არის ტყუილი? რატომ არის მნიშვნელოვანი ერთმანეთის დახმარება და მხარდაჭერა, პასუხისმგებლობა? მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე ვცდილობ ამ კითხვებზე პასუხის პოვნას...
ჩარლი კი უბრალოდ დაბრუნდა იქ, საიდანაც დაიწყო, იმ თავგადასავლების მოგონებებით, რაც თავს გადახდა. იგი ტკივილს არ განიცდის, მხოლოდ დაკარგულ სიცოცხლეს ნანობს, ისევე როგორც ელჯერნონი მასზე ცოტა ხნით ადრე...
მაყურებლის ოვაციები საუკეთესო მიმოხილვაა! მათ დიდხანს დაუკრეს ტაში, მსახიობებს მიართვეს ყვავილები... დარბაზიდან გამოსვლისას, ზოგიერთის თვალზე ცრემლიც დავინახე...