top of page

ძუკნა დიანა

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

269717855_4811196125637470_7535282382084544720_n.jpeg

თამთა ქაჯაია

ძუკნა დიანა

„ადამიანები  მუდამ იქნებიან ისეთნი, როგორებადაც

 მათ ქალები ქმნიან,

 ამიტომ თუ გსურთ შექმნათ დიადი და სათნო ადამიანები,

 შთააგონეთ ქალებს,  თუ რა არის სიდიადე და სათნოება.“

ჟან ჟაკ რუსო

 

 

 

 

 

შვედი დრამატურგი ავგუსტ სტრინდბერგი იმ დრამატურგთა რიცხვს მიეკუთვნება რომლის მიმართაც ინტერესი არასდროს არ ცხრება. ფრეკენ ჟული სწორედ მაშინ შეიქმნა (1888 წ.), როდესაც თანამედროვე  ადამიანის ცხოვრებაში შეიცვალა გარე სამყაროს აღქმა, გამოიკვეთა  კონფლიქტები ტრადიციულსა და ახალ ცნობიერებას შორის,  გაჩნდა ახალი აზრები, მისწრაფებები და განცდები. წარმოიქმნა ფემინისტური და სოციალური მოძრაობები. განვითარდა ფსიქოლოგია და დაიბადა ფსიქოანალიზი. საინტერესოა ის ფაქტი, რომ  ავგუსტ სტრინდბერგი  მიჩნეულია „ქალთმოძულედ“,  რასაც მკვლევრები მის წარუმატებელ ოჯახურ ცხოვრებას მიაწერენ. სწორედ  „ქალთმოძულე „ ავგუსტის პიესის ინსცენირებას გვთავაზობს  ათონელის თეატრში რეჟისორი სოფო ქელბაქიანი.

სცენაზე ვხედავთ სამზარეულოს გრძელ მაგიდას, რაზეც განთავსებულია ყველა ის საჭირო რეკვიზიტი რაც პიესაშია აღწერილი. დამატებულია შუშის გამჭვირვალე ყუთი,  რომელიც ასოციაციურად  აკვარიუმის წარმოდგენას გვიქმნის.  მარცხნივ კედელზე მრგვალი სარკეა, სადაც  გამოსახულია ხელის მტევანი ანთებული ცეცხლით, იგი თითქოს უხილავი პერსონაჟია და პერიოდულად მიგვანიშნებს იმ ცეცხლზე რომელიც სცენაზე ტრიალებს და მოსვენებას უკარგავს როგორც მაყურებელს, ისე მსახიობებს. სპექტაკლს  კრისტინას (თაკი მუმლაძე) პერსონაჟი ხსნის, რომელიც ქერა პარიკით ავგუსტ სტრინდბერგის პიესის წამძღვარებულ შესავალს გვაცნობს. ქალთმოძულე დრამატურგის ქალის სხეულში განსხეულება ვფიქრობ რეჟისორის კიდევ ერთი საინტერესო  მიგნებაა. აქვე მინდა აღვნიშნო ფრეკენ ჟულის  შესავლის შესახებ. სტრინდგბერგი დეტალურად  თავად  აანალიზებს პიესას და ერთგვარ სახელმძღვანელოს იძლევა რეჟისორებისთვის.  სოფო ქელბაქიანი ზედმიწევნით  მიყვება დრამატურგის ინსტრუქციას, თუმცა ინდივიდუალური დეტალებით ქმნის საკუთარ ხელწერას.  რეჟისორი  ასევე არ ივიწყებს მეოთხე კედელს და ღიას ტოვებს სცენის შესასვლელს, რომელსაც დრამატურგი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და განმარტავს, რომ სპექტაკლში ღიად დატოვებული მეოთხე კედელი მნიშვნელოვანია რათა მაყურებელმა ფანტაზია განავითაროს. პერსონაჟების ჩაცმულობა აბსოლუტურად განსაზღვრავს მსახიობების ხასიათს. კრისტინის  შავი კაბა სამზარეულოს წინსაფარში საკმაოდ მოკრძალებული და სადა ჩანს, თუმცა როგორც კი წინსაფარს იხსნის ვხედავთ მის გამომწვევ დეკოლტეს, რომელიც საკმაოდ  თვალშისაცემია. თაკი მუმლაძის პერსონაჟიც ზუსტად ასეთია, თითქოს კრისტინი თავმდაბალი და ღვთისმოშიშია, მაგრამ ამავე დროს ვნებიან მოსამსახურეს ვხედავთ, რომლის მთავარი ინტერესიც დაოჯახებაა.

ირაკლი გოგოლაძე ჟანის საკმაოდ საინტერესო სახეს ქმნის. ნათლად აჩვენებს პერსონაჟის მიზნებსა და მისწრაფებებს. ჟანი სპექტაკლის დასაწყისში  თითქოს დაძაბულია და მისი მონოლოგი  მცირე მონაკვეთის განმავლობაში  მონოტონური და ერთფეროვანია, თუმცა ირაკლი სპექტაკლის განმავლობაში საკმაოდ საინტერესო ვერსიას გვთავაზობს, ჟანის ხასიათს ზუსტად შლის და გადმოსცემს. ირაკლი გოგოლაძე შემოდის გრაფის ჩექმების წმენდით (როგორც პიესაშია) რომელსაც კუთხეში დებს და ლაიტმოტივად  მთელი სპექტაკლის განმავლობაში ვხედავთ როგორც  მის სულიერ მონობას ბატონის მიმართ, ასევე სწრაფვას  რომ მასაც ეცვას გრაფისნაირი ჩექმა. ირაკლი ცდილობს იყოს კარგად აღზრდილი, განათლებული ახალგაზრდა, რომელიც ფრანგულად ლაპარაკობს, მაგრამ ის მაინც ვერასდროს გათავისუფლდა მსახურის კომპლექსებისგან და  ბოლომდე  გრაფის ლაქიად დარჩა. მსახურის  დაბალყელიანი „ბათინკი“  ვერასდროს იქცევა გრაფის ჩექმად. ირაკლის გოგოლაძის პერსონაჟი ზუსტად გადმოსცემს ადამიანის ბუნების მრავალსახეობას, რომელშიც  შერწყმულია ერთი შეხედვით ერთმანეთის გამომრიცხავი თვისებები.

ფრეკენი - სკანდინავიის ქვეყნებში გაუთხოვარი ქალისადმი მიმართვის ერთ-ერთი ფორმაა.  სპექტაკლის მთავარი გმირი ფრეკენ ჟულიც (ანასტასია ჭანტურაია) ახალგაზრდა გაუთხოვარი ქალია.   ზაფხულის ღამის დღესასწაულზე  გრაფის სასახლის სამზარეულოში ფრეკენ ჟულის  სოციალური არჩევანისა და გენდერული ქცევის კონფლიქტს ვხედავთ. ფრეკენი სახალხო დღესასწაულზე მოსამსახურეებთან და გლეხებთან ერთად ერთობა, განსაკუთრებულს ამ სცენას კომპოზიტორ სანდრო ჩინჩაალაძის კომპოზიცია ქმნის. ჟულის ჩაცმულობა პერსონაჟს კიდევ უფრო გამორჩეულს ხდის: ყელამდე შეკრული მუქი ფერის პერანგი, მომდგარი შარვალი და მოკლედ შეჭრილი თმა პერსონაჟს იმ ერთობლიობას ქმნის, რომელსაც ერთი შეხედვით უსქესო, ფრიგიდული ქალი  წარმოადგენს. ფრეკენის დედა ძალით გაათხოვეს და შემთხვევით ჩასახული უარყოფილი შვილი ჟული მოევლინა ქვეყანას,  რომელსაც მემკვიდრეობით მხოლოდ საპირისპირო სქესისადმი სიძულვილი დაუტოვა.

ფრეკენს მამა ყველაფერს ასწავლიდა რასაც კაცები სწავლობდნენ. სწორედ ის უნდა ყოფილიყო მაგალითი იმისა, რომ ქალი ისეთივეა, როგორიც მამაკაცი.    ანასტასია ჭანტურაიას  სამსახიობო ოსტატობა სპექტაკლს კიდევ უფრო საინტერესოს და განსაკუთრებულს ხდის. ჟულის  თითქოს მამაკაცური ქცევები და ამავდროულად ნაზი მორჩილი ქალის  როლის თამაში სწორედ ის შერწყმაა რასაც ავგუსტ სტრინდბერგი  ელოდა პერსონაჟისგან, როდესაც მას ქმნიდა. მძაფრი კონფლიქტური სახით მიმდინარეობს ჟანსა და ფრეკენ შორის სქესთა შორის დაპირისპირება. მთელი სპექტაკლის განმავლობაში ვხედავთ ერთმანეთზე გაბატონების სურვილს, სქესთა შორის ორთაბრძოლაშიც ხომ თავისუფალი და გამარჯვებულია ის ვინც მეორეს დაიქვემდებარებს. ფრეკენი სიძულვილით, ეჭვიანობით, რევანშის აღებისა და ჟანის დამცირების სურვილით გამოირჩევა. პარალელურად გვესმის როგორ ვერ აპატია თავის სaყვარელ ძაღლს მამაკაცთან „ღალატი“ და სიკვდილისთვის გაიმეტა უდანაშაულო „ძუკნა დიანა“ - რომელსაც ასე მოიხსენიებს. ჟანისთან სექსუალური აქტის დამყარების შემდეგ ფრეკენი ძუკნა დიანას ემსგავსება -  ისიც ვერ პატიობს საკუთარ თავს მამაკაცთან დანებებას.

პიესაში ჟანის და  ფრეკენის გაქცევის დროს ჟულს  პატარა ჭივჭავი მიჰყავს თან, სპექტაკლში კი თევზი. ეს მიზანსცენა  ბიბლიურ ტექსტს მოგვაგონებს სადაც ნათქვამია, რომ მხოლოდ თევზი გადარჩა წყალდიდობის დროს, რომელიც ღმერთმა გაგზავნა ხალხის ცოდვებისთვის. სოფო ქელბაქიანის სპექტაკლში კი ვერც ფრეკენი და ვერც მისი თევზი ვერ აღწვენ თავს ცხოვრების ცოდვებს.   ჟულის თევზი ჟანის მსხვერპლად იქცევა, ის ჩვენს თვალწინ  ჩეხავს ცოცხალ თევზს და ვერანაირ თანაგრძნობას  ვერ ვკითხულობთ მის სახეზე.

ავგუსტ სტრინდბერგისთვის და სოფო ქელბაქიანისთვის ფრეკენი, ჟანი  და კრისტინა ის პერსონაჟები აღმოჩნდნენ რომლებიც „დამპალ ხეებად“ გვევლინებიან და ახალ ხეებს ზრდის საშუალებას არ აძლევენ.

„სიძულვილის პირამიდის მოდელი, ზოგადად ყოველგვარი ძალადობა უთანასწორობაზე აგებული სტერეოტიპებიდან იწყება“- ავგუს სტრინდბერგი

bottom of page